სწავლა 38. თავი იგ [13]. მოთმინებისათვის
საყვარელო, რაჟამს გესმას, ვითარმედ: მეუფე ყოველთა შეკრული განისჯებოდა, ნურარად შეგირაცხიეს სოფლისა ამის საქმენი. უკეთუ ქრისტემან ესოდენი ვნებანი თავს იდვა და მოითმინა შენთვის და შენ სიტყვაცა არა თავს იდვაა მისთვის და მოითმინო სიხარულით?
არამედ ქრისტე თავს იდებს ნერწყვასა, და შენ იმკობი სამოსლითა შვენიერითა და ბეჭდითა აბრწყინვებ ჴელთა შენთა. ქრისტე იყვედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს იდებ, არამედ ეძიებ პატივსა.
რაჟამს ვინმე გაგინოს, საყვარელო, მოიხსენე ქრისტესი, ვითარ აგინებდეს. უკეთუ ვინ განგკიცხოს, მოიგონე, რამეთუ კიცხევით თაყვანის სცემდეს მას და ეცინოდეს. და არათუ ოდენ ბოროტი არა უყო, არამედ სიმშვიდით და ტკბილად თავს იდებდა ყოველსავე.
მას უკუჱ ვჰბაძვიდეთ, ჵ, ძმანო! და რომელი მან ჩვენთვის თავს იდვა, ჩვენ ჩვენთვისვე არა მოვითმინოთა? რამეთუ რად განრისხნები მაგინებელისა შენისათვის? უკეთუ უსამართლოდ გაგინა, არა ჯერ არს განრისხება, არამედ უფროსად წყალობა მისი, რამეთუ შეცთომილ არს. უკეთუ კულა სამართლად გაგინა, მაშინ ჯერ არს მყუდროებით მოთმენაჲ, რამეთუ სამართალსა იტყვის. რამეთუ უკეთუ მდიდარიმცა იყავ და გლახაკად ვინ გიწოდა, რადმცა დაგეთმინა შენ სიტყვა იგი, ანუ თუ გლახაკი იყო და გლახაკ გიწოდონ, ეგრეთვე არა განრისხნი, რამეთუ სამართალ არს.
ეგრეთვე უკუჱ გულისჴმა ჰყოფდი ყოველსავე და კეთილად მოითმინო. უკეთუ კულა სხვათა წინაშე გაგინოს და გრცხვენოდეს მათ ყოველთაგან, გულისჴმა ჰყავ, რამეთუ უფროსად კეთილ არს, რათა იხილონ მათ ყოველთა მოთმინება შენი და გაქონ და მას აბრალონ.
ხოლო უკეთუ არავინ იყოს მუნ ბრძენი, მაშინ უფროსად იხარებდ, რამეთუ ღმერთი ჰხედავს და წმიდანი ანგელოსნი მოთმინებასა შენსა და მუნ გაქებდენ. რამეთუ უმჯობეს არს ერთისა ანგელოსისა ქებაჲ, ვიდრე ყოვლისა სოფლისა. და რად ვიტყვი ანგელოსთა, რამეთუ თვით თავადმან ღმერთმან გაქოს წინაშე ანგელოსთა და ყოველთა კაცთა.
ამათ ესევითართა გულისსიტყვათა მოვიგონებდეთ, საყვარელნო, და მადლობით მოვითმენდეთ ყოველსავე. რამეთუ, უკეთუ გვაგინოს ვინ, იგი არს ბოროტ. არამედ უკეთუ შური ვიძიოთ მის ზედა და უკეთუმცა არა კეთილ იყო დუმილით თავსდებაჲ და მოთმინებაჲ, არამცა ეთქუა ქრისტესა, ვითარმედ: „უკეთუ ვინ გცეს ყურიმალსა მარჯვენესა, მიუპყარ მეორეცა”[მთ. 5,39; ლკ. ლკ. 6,29]. არამედ ყოველი ბოროტი ჩვენ ზედა ამისთვის არს, რამეთუ კაცობრივთა საქმეთა ვეძიებთ და არა ღმრთისათა.
გარნა ვისწრაფოთ ხსენება თვისთა ცოდვათა და ესრეთ შემუსრვილად წარვლოთ ცხოვრება ესე, რათა მივიწივნეთ ზეცად მცირედ მცირედ, ვითარცა კიბითა, რამეთუ ამას მოასწავებდა კიბე იგი იაკობისი – ამაღლებასა სათნოებითი სათნოებად.
აღვიდოდეთ უკუჱ, საყვარელნო, კიბესა მას, რათა მივიწივნეთ ცად და ვჰპოვნნეთ კეთილნი იგი საუკუნენი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.