სწავლა 39. მოთმინებისათვისვე

საყვარელნო, ვითარცა უფალმან ჰსძლო სოფელსა, შესაძლებელ არს უკუჱ ჩვენ მიერცა ძლევაჲ, უკეთუ გვენებოს სასოებითა წინამძღვრისა მის სარწმუნოებისა ჩვენისათა და ვიდოდეთ გზასა მას, რომელი მან წარვლო. ვსძლოთ უკუჱ სოფელსა, მივივლტოდეთ უკუდავებად, შევუდგეთ მეუფესა, შეურაცხ ვჰყოთ გულისთქმანი, მივსცვალნეთ ზეცად სულნი ჩვენნი! ესრეთ იძლიოს ყოველი სოფელი ჩვენ მიერ: უკეთუ შეურაცხ ვჰყოთ, იგი ძლეულ არს. უცხო ვართ ჩვენ და წარმავალ, ნუმცა რას უკუჱ ზედა მწუხარე ვართ სოფლისა საქმესა, არამედ სიხარულით მოვითმენდეთ და ვმადლობდეთ ღმერთსა. რამეთუ, დაღაცათუმცა მდიდარი იყავ და დიდებული, და წარხვედმცა ქვეყანასა უცხოსა, სადა არავინ გიცნობს და მუნმცა გაგინეს, არამცა გეტკინა შენ, ვითარ შენსა მას ქალაქსა შინა, უკეთუ გაგინოს ვინ. არამედ მას უცხოსა ქვეყანასა თავს იდებ: შიმშილსაცა და წყურვილსა და ყოველსავე ჭირსა. ეგრეთვე უკუჱ აწ მოიგონე, ვითარმედ უცხო ხარ და წარმავალი, და ნუმცა რაჲ შეგაწუხებს. არამედ ყოველივე მოითმინე, უცხოსა ამას შინა ქვეყანასა, რაჲცა მოიწიოს შენ ზედა, რამეთუ ქალაქი გაქუს, რომლისა ჴელოვანი და შემოქმედი ღმერთი არს, და მწირობა ესე მცირედ ჟამ არს. თავს იდებდე ულმობელად გინებასა და ცემასა და ყოველსავე ჭირსა, რამეთუ უცხოებასა შინა ვართ. ბოროტი იგი არს, უკეთუ ჩვენსა მას ქვეყანასა და ჩვენთა ქალაქთა წინაშე ვიყვნეთ შეურაცხ. იგი არს ფრიადი უშვერებაჲ და დიდი დაჭირვებაჲ. ხოლო სადა მეცნიერი არავინ ესვას, მუნ ყოველსავე ადვილად თავს იდებს. ამისთვის უკუჱ ნუმცა რად შეგირაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, არამედ მადლობით მოითმინე, რათა მუნ განსვენება ჰპოვო და ბრწყინვალითა გვირგვინითა იშვებდე. რამეთუ მრავალნი ცოდვისათვის ფრიადსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს იდებენ მას ყოველსა ეშმაკისათვის, ხოლო ჩვენ ღმრთისათვის არა თავს ვიდვათაა და სიხარულით მოვითმინოთ? და რამეთუ სათნოება სავსე არს ყოვლითა დაწყნარებითა, რამეთუ „ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება“(გალ. 5,22) და მსგავსნი ამათნი. არასადა გვიხმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყვედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ, დაღაცათუ სასმელი ერთი გრილი წყლისა წარვაგოთ ღმრთისათვის, სასყიდელი მისი არა დაგვჭირდების, არამედ გარდამატებულად მოგვეცეს და ღმერთი მადლიერ იყოს ჩვენდა. ხოლო ვინათგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყვა მიუგოთ ჩვენ უფალსა? უკეთუ ამას დავუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას ვსდევდეთ, და ნებსით ჩვენით შთავთხევდეთ თავთა ჩვენთა ცეცხლსა გეენიისასა. ამისთვის გევედრები, ძმანო, განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქვენნი სენისა მისგან სულიერისა და ნუ ვინ წარიკვეთს სასოებასა. რამეთუ შვილმან მანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ჰქმნა, არამედ, ვინათგან მოიქცა სახლადვე მამისა თვისისა, პირველივე პატივი მიეცა. და ჩვენცა უკუჱ, საყვარელნო, ვბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყვეობისა მისგან, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.