სწავლა 4. ეკკლესიასა შინა ლოცვისათვის

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ წმიდასა ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად სამღთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღმრთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ. ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა, ანუ სამთავროსა მოიღებდეს ჴელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაჲმე ვინმე, მსმენელსა ჰკითხავნ. ხოლო უკეთუ ქვეყნისა მთავრისა ესევითარი შიში არს თქვენ ზედა, რაოდენ უფროს აქა, ეკკლესიასა შინა? თვინიერ ცილობისა ჯერ არს სმენად თქვენდა, სადა შემოქმედისა ცათასა ძალსა გაზრახებთ ჩვენ ცოდვილნი. ვინაცა, გლოცავ თქვენ, მოსრულთა აქა! ასწავებდით მცონართაცა მოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ თქვენ გემო იხილეთ მოძღვრებისა სიტკბოებისა და მათ არასადა. ხოლო რომელიცა მცონარსა შიშად ღმრთისა მოიყვანებდეს, მიიღოს მრავალი სასყიდელი ღმრთისაგან. ხოლო ესენი უკუჱ აღმოვსთქვენ და კვალად ლოცვისათვისცა გასწავლნე, ამის მიერ სათნოებანიცა აღსრულდებიან. უკეთუმცა გულისაგან მდაბლისა და უმანკოჲსა შეიწირვოდეს ლოცვაჲ, ვითარცა საკმეველი ღმრთისა მიმართ აღვალს, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმანცა: „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე“(ფს. 140,2). ხოლო, ვითარცა საკმეველი არს სუნნელი, ოდეს დაისხნეს ცეცხლსა ზედა, ეგრეთვე ლოცვაჲ, ოდეს აღტყინებულისაგან გულისა იქმნებოდეს, შეიწირვის ღმრთისა მიმართ. მოვედით უკუჱ, ძმანო საყვარელნო, და ისმინეთ სწავლა ესე ჩვენი, რომელი არს ცხოვრებად სულთა თქვენთა. უკეთუ ჰქმნნეთ და არა თანა¬მდებ სასჯელისა იქმნეთ. ხოლო რომელნი ამათ მოძღვრებათა არა ერჩდეთ, ვითარ იქმნეთ თქვენ ეგოდენთა გზათა მსლველ, რაოდენსაცა მოვიდა დედოფალი სამხრისა სმენად სიბრძნესა სოლომონისსა? ხოლო აქა, ეკკლესიასა შინა, უფროს სოლომონისსა არს და არა გზათა გრძელთა და შრომად; არცა გარემოს ზღვისა მოვლად, არცა მონაგებთა წარგებად, არცა სალმობათა ქვეშე პყრობად, რამეთუ ეკკლესია არს ყოველთა სადგურ და ყოველნი ისწრაფდით მისსა. ხოლო უკეთუ ხარ მართალ, შევედ ეკკლესიად, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე. უკეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკკლესიადვე, რათა სცხონდე. ხოლო მე არა თავით თვისით გაიძულებ თქვენ საქმედ და მოსლვად ეკკლესიად, რამეთუ ვარ ყოველთა უცოდვილეს, არამედ რათა სწავლისა მსმენელთა იცხოვნნეთ სულნი თქვენნი. ხოლო არამსმენელმან წმიდისა მოძღვრებისამან, ვითარ ვინ შეუძლოს წარმართებად სულისა თვისისა, რამეთუ „ნათელ“ ეწოდების სიტყვასა ღმრთისასა, და უფროს ხილულისა ნათლისა არს და ფრიად განანათლებს სულსა, რომლისათვის სთქუა წინასწარმეტყველმან ისაია, ვითარმედ: „ერმან მსხდომარემან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი”[ეს. 9,2]. ესე იგი არს მოძღვრება ჭეშმარიტი. რაოდენნი უკუჱ მოხვიდოდეთ აქა ეკკლესიად, აიძულებდით სხუათაცა – არამომსლველთა, და ნუ ვინ იტყვით, ვითარმედ: უცოდველ ვართო. მოიგონე, ძმაო, წოდებულთათვის სამეუფოსა ზედა სერსა, რომელნი არა მივიდეს, რომელნიმე სთქუა: „უღლეული ჴართა ვიყიდე, სხუამან აგარაკი, და სხუამან ცოლი შევირთეო ”[ლკ. 14,18-20], და განრისხნაცა მხოლოდ მათ ზედა მეუფე, და თქვენ არა ძალგიძსთ ერთსა ჟამსა მიახლებად ღმრთისა, რამეთუ რაჲმე სიმსივნე არს ეკკლესიასა შინა სმენისაგან გალობისა. და მაშინ წარხვალთ საქმედ. უკეთუმცა იქმნეთ მოსარგებლე, ანუ მარა¬დღე განმყოფელ ვეცხლისა, გინა რვალისა, ანუ ღვინისა, ესრეთ არა თვით მიხვალთაა, არა მიწოდებულნი?! ხოლო აქა ეკკლესიასა შინა ჟამ ყოველ სიტყვანი ღმრთისანი განიცემიან, უმჯობეს ოქროჲსა და უძვირფასეს ქვისა მრავალსასყიდლისა და უტკბილეს თაფლისა. ხოლო თქვენ ამათ მოაკლდებით, ვინათგან არა მოხვალთ მარადის ეკკლესიად მცონარებისა თქვენისათვის, გიზრახავ ამას ძვირსა და გაბრალებ. და რაჟამს მოხვალთ ეკკლესიად უკრძალველად, მოხვალთ და თვით ნებსით დააკლდებით სულიერსა ამას სწავლასა, რომლისა მიერ იქმნების კეთილი ცხოვრება, სიხარული საუკუნო და დიდება გამოუთქმელი და ცხოვნება სულისა, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.