სწავლა 40. მოთმინებისათვის და მოწყალებისა

საყვარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ქრისტეს ვნებათა ვიხსენებდეთ და „ვჰხედვიდეთ წინამძღვარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩვენისასა იესოს“[ებრ. 12,2]. და ვითარმედ სახელისა მისისათვის არს ყოველივე, და უკეთუ ამას ვიხსენებდეთ, ყოველივე ადვილად აღგვიჩნდეს და სიხარულით მოვითმინოთ. რამეთუ, უკეთუ მეგობრისათვის იჭირვინ კაცი და უხარინ, ხოლო რომელსა ღმრთისათვის ევნებოდეს, ვითარ არა უხაროდეს? რამეთუ უკეთუ ქრისტე ჯვარცმასა ჩვენთვის დიდებად თვისსა უწესს, არა უფროსად ჩვენ მისთვის სიკუდილი დიდებად შევრაცხოთა და სიხარულით მოვითმინოთ? ხოლო უკეთუ ქრისტესთვის ტანჯვაჲ გვიღირს თავსდებად და თავთა თვისთა უგულებელსყოფა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, რომელნი არცათუ საფასეთა და ანგაჰარებასა უგულებელს ვჰყოფთ მისთვის? გვიღირს უკუჱ, ძმანო, რათა, რაჟამს ჭირი რაჲმე იყოს ჩვენ ზედა, არა ჭირსა მას გულისჴმა ვჰყოფდეთ, არამედ მისისა მოთმინებისათვის მომავალსა სასყიდელსა და გვირგვინსა, და სიხარულით მოვითმენდეთ. ვითარცა იგი ვაჭარნი არა გზათა სიშორეთა იგონებენ, არამედ შესაძინელსაცა, ეგრეთვე ჩვენცა გვიღირს, რაჟამს მოიწიოს რაჲმე განსაცდელი, ვიგონებდეთ სასუფეველსა ცათასა და ღმრთისა მიმართ კადნიერებასა და თავს ვიდებდეთ მოთმინებით. ეგრეთვე, უკეთუ გულისთქმა ცოდვისა მოგიხდეს რა, მოიხსენე სატანჯველი საუკუნო და მსწრაფლ წარხდეს შენგან. და კვალად უკეთუ ძნელ გიჩნდეს სათნოება, შემოსე პირსა შენსა საუკუნოსა მის განსვენებისა მოსაგებელი და ადვილად აღგიჩნდეს. ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუ შეურაცხ ვჰყოფთ ძმათა ჩვენთა, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს”(მთ. 7,2; მრკ. 4,24). ვიდრემდის, ჵ, კაცნო, მხეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩვენსა უმეცარ ვართ. გულისჴმა ვჰყოთ დღე იგი, რაჟამს წარვსდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა და შორის შემოიყვანნეს გლახაკნი ქრისტემან, რომელნი ჩვენ უგულებელს ვჰყვენით და არა ვჰყავთ წყალობა მათ ზედა; და გურქვას ჩვენ, ვითარმედ: „რაჲ იგი არა უყავთ ერთსა ამათ ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ”[მთ.25,45]. რამეთუ მაშინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყვასა, არამედ მათ წილ ქრისტე გვეტყოდეს. ვითარცა იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ აბრაჰამ, ეგრეთვე ჰყოს გლახაკთათვის ქრისტემან. რომელთა ჩვენ აწ შეურაცხ ვჰყოფთ, აწ იგინი არიან გლახაკ, და მაშინ ჩვენ ვიყვნეთ გლახაკ და საწყალობელ; და ვითარცა აწ ჩვენ არა ვისმენთ ჴმასა გლახაკთასა, არცა მაშინ ქრისტემან ისმინოს ვედრება ჩვენი. და რაჲმე სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რომელმან იგი ჩვენ ცად აღმიყვანნა? ხოლო ჩვენ სახლთაცა შინა არა შევიყვანთ მას. რამეთუ ქრისტე პატიოსანსა ჴორცსა მისსა მოგვცემს, ხოლო ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მას. ქრისტე უხრწნელსა სისხლსა მისსა გვიწდევს, ხოლო ჩვენ არცა სასმელსა ერთსა მიუპყრობთ მას. არა ჰხედავაა, ვითარმედ ღმერთმან ყოველივე ზოგად მოგვცა? და უკეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათვის არს, რათა მოწყალებითა გლახაკთათა აღიძარცონ ცოდვანი მათნი. ხოლო შენ, რომელსა ეგე არარაჲ გაქუს და ესრეთ უწყალო ხარ, საცნაურ არს, ვითარმედ, უკეთუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფება გაქუნდა, ბევრეულნიმცა კაცის კლვანი ჰქმნენ და ნათელიცა და ცხოვრება დაიშურვე სხუათათვის. ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ? ვიდრე მწუხრამდე, რომელ არს სიკუდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოჲ არს ცხოვრება ესე და სიკუდილი კართა ზედა არს. რაჲ სარგებელ გვეყოფის მრავალთა მათ საუნჯეთა და მონაგებთაგან? რად არა არიან ბევრეულნი ქადაგნი მოწყალებისა შენისანი? რამეთუ საფასეთა ეგე საუნჯენი მტერთა განგიმრავლებენ. ხოლო რომელი გლახაკთა მისცე, იგი ღმრთისა ჴელთა მიიწიოს, და ცოდვათა დამხსნელ გექმნას და ღმრთისა მიერ დიდება და კაცთაგან პატივი მოგეტყვას. რაჲსათვის უკუჱ ესრეთ ავნებ თავსა შენსა? რამეთუ მოწყალებითა თავსა შენსა არგებ უფროსად, ვიდრეღა გლახაკთა. რამეთუ მათ ჴორციელად არგებ, ხოლო თავსა შენსა სულიერად, და საუკუნესა დიდებასა და კადნიერებასა მოატყვებ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.