სწავლა 41. თავი იდ [14]. არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, ქრისტეანეთა, რათა არა ძვირსა ვიხსენებდეთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთათვის, არამედ უფროსად ვსწუხდეთ მათთვის, რამეთუ ევნების უფროსად ბოროტისმყოფელთა და იგინი არიან ღირს ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა რომელთა უყონ ბოროტი. რამეთუ ანგაჰარიცა და ცილისმწამებელი თავთა თვისთა ავნებენ დიდად, ხოლო ჩვენ, ფრიად გვარგებენ, უკეთუ ოდენ ჩვენ გვინდეს. რამეთუ უკეთუ ვინ მიიტაცოს შენი და შენ მადლობდე ღმერთსა, მრავალი სარგებელი მიგიღებიეს, მადლობისა მიერ, ხოლო მან მრავალი სასჯელი და ბრალი მოიგო. რამეთუ, დაღაცათუ უძლურ იყო შენ და ვერ ძალგედვას ბოროტის ყოფად ბოროტისმყოფელისა შენისა, არამედ ძალგიძს განრისხებად და წყევად მისდა და ძვირისხსენებად. და უკეთუ არა ჰქმნე ესე, არამედ უფროსად ულოცო მას და აკურთხო იგი, მიიღო სასყიდელი და ამის მიერ საცნაურ იქმნნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელგეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არა ავნებდი. რამეთუ, უკეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე ბოროტისმყოფელსა შენსა, მიემსგავსები ღმერთსა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქვენთა, რათა იყვნეთ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათასა”[მთ.5,44-45]. ხედავაა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკეთუ ვინებოთ ბოროტისმყოფელთა ჩვენთა მიერ? რამეთუ არარაჲ ესრეთ მხიარულ ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ არა მიგებაჲ ბოროტისა ბოროტისა წილ! რამეთუ არათუ ბოროტისა ოდენ არა ყოფაჲ, არამედ უფროსად ლოცვაცა და კურთხევა ბოროტისმყოფელთა ჩვენთა ბრძანებულ არს ჩვენდა. რამეთუ ქრისტემან იხილე რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თვისსა იუდას: ფერჴნი დაბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თვისსა ზიარ ჰყო, ამბორისყოფა მისცა და იგი არავე მოიქცეოდა. არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილისყოფად არა დასცხრებოდა. არამედ გასწავო ძველისაცა სჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა. იხილეთ ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა და უფროს სულგრძელებითა. რამეთუ განიყიდა უბრალოჲ, რომელი იგი ჰმსახურებდა ძმათა თვისთა და კეთილსა უყოფდა; და შეასმინეს იგი ძმათა და იოსებ მერმეცა წარვიდა უდაბნოს, და მიართუა ძმათა თვისთა საზრდელი და ვერ ჰპოვნა რა ეძიებდა, და არა მოიწყინა, და ვითარცა ძმაჲ იყო. ხოლო უწყალოთა მათ ძმათა ამას ყოველსა ზედა განჰყიდეს იგი, და დაემკვიდრა იოსებ მათ მიერ საპყრობილესა შინა და არავე რაჲ სთქუა ბოროტი ძმათათვის. და ამისა შემდგომად, მიიღო რა უფლებაჲ იოსებ, გამოზარდნა ძმანი თვისნი და მრავალთაგან ბოროტთა იხსნნა იგინი. ეგრეთვე, უკეთუ ჩვენ გვენებოს მოყვსისა ბოროტი, ვერ დაგვახრწევს სათნოებასა; გარნა მათ არა ესრეთ ჰყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს იოსებს, და ჩვენებისა მისთვის აყვედრებდეს და შთააგდეს მღვიმესა და იგინი სჭამდეს მის მიერ მოღებულსა საზრდელსა, ხოლო ძმასა თვისსა იოსებს ხედვიდეს მღვიმესა მას შინა შიშველსა და არა ეწყალოდა. რაჲმცა იყო ამის საქმისა უძვირეს, ანუ რომელთა კაცის მკვლელთასა არა იყვნეს უბოროტეს? და მერმე აღიღეს და მისცეს კაცთა უსახურთა ბარბაროსთა. გარნა იოსებ იქმნა მეფე, არათუ ოდენ ბოროტი იგი შეუნდო, არამედ ცოდვისა მისგანცა ძალისაებრ თვისისა განათავისუფლნა, და „განგებულებად ღმრთისა უწოდა საქმესა მას“[დაბ. 45,5-8], და არა მათდა უკეთურებად. და რაჲ იგი უყო არათუ ძვირისხსენებით, არამედ ძმისათვის თვისისა სიყვარულით. და მერმე მოეხვია ძმათა თვისთა და ტიროდა მათ ზედა, მათ მიერ მოკლული იგი იოსებ, და ყოველნი იგი ეგვიპტედ შთაიყვანნა და ბევრეული კეთილი უყო მათ. ხოლო რაჲ სიტყვა გვაქვნდეს, რომელნი შემდგომად სჯულისა და ქრისტეს მოსლვისა, და უწინარეს სჯულისაცა ყოფილთა არა ვჰბაძვიდეთ? ვინ მიხსნეს ჩვენ სატანჯველთაგან? რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს ძვირისხსენებისა და ნაცვლისა მიგებისა ბოროტის მყოფელთა, და ამას გამოაჩინებს თანამდები იგი ბევრეულისა ტალანტისა, რომელსა შეენდო და მერმე მიეხადა. რამეთუ შეენდო ღმრთისა კაცთმოყვარებისათვის და მიეხადა თვისისა უკეთურებისათვის. ხოლო ჩვენ, საყვარელნო, მოყვასთა ყოველივე ცთომა შეუნდოთ ყოვლითა გულითა ჩვენითა და კეთილიცა უყოთ მათ, რათა მივემთხვივნეთ ღმრთისა კაცთმოყვარებასა და ჩვენცა მოგვიტევნეს ყოველნი თანანადებნი ჩვენნი, და საუკუნენი კეთილნი მოგვეცნენ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.