სწავლა 42. არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა

საყვარელნო, აღმოვიკითხვიდეთ რა ქრისტეს ვნებათა, გონებათაცა შინა ჩვენთა დავნერგოთ გვირგვინი ეკლისა, სამოსელი კიცხევისა, ლელწამი იგი და ყურიმლის ცემაჲ, ნერწყვა და კიცხევა, ფრიად სარგებელ გვეყოს, და არა განვრისხნეთ, რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩვენ ზედა, რამეთუ „არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა”(იო. 13,16; 15,20). ვითარ ეტყოდეს ქრისტესა ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელი ხარ და ეშმაკი არს შენთანა“(იო. 8,48) და სხუანი მრავალნი ესევითარნი. და ამისთვის თავს იდვა ესე ყოველი მეუფემან, რათა ჩვენცა კუალსა მისსა შეუდგეთ. რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა და ჩვენ ყოველთა. მოვიგოთ უკუჱ საქმე ესე, საყვარელნო, რამეთუ არარაჲ ესრეთ მოწყალე ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ სიყვარული და მოთმინება და არა ბოროტის ყოფა მტერთა. რაჟამს ვინმე გაგინოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი. ხოლო მას უფროსად სწყალობდე, რამეთუ ქრისტეცა შესწუხნა იუდასთვის. რაჲსათვის შესწუხნა? მისისა წარწყმედისათვის. ამისთვის ქრისტესა ჩვენცა ვჰბაძვიდეთ, რამეთუ უკეთუ მას არა ვბაძვიდეთ, „უმჯობეს იყო არა თუმცა შობილ ვიყვენით“[მთ. 26,24]. რამეთუ „სარწმუნოება ოდენ თვინიერ საქმეთასა, არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად ჩვენდა“[იაკ. 2,20], არამედ უფროსად დასასჯელ იქმნების. „რამეთუ მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა იქმოდეს, იგვემოს ფრიად“[ლკ. 12,47]. რაჲ უკუჱ სიტყვა მიუგოთ მეუფესა? რომელნი ესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ, და უხილავნი გვიხილავან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძვირეს წარმართთასა ვიყვნეთ. რამეთუ, უკეთუ მათ დიდებისათვის ამაოსა მოღვაწება აჩვენეს, ხოლო ჩვენ სასუფეველისათვის და ღმრთისათვის, და უფროსღა სულთა ჩვენთათვის არა ვაჩვენოთაა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათვის სულნიცა თვისნი შეურაცხ ჰყვნეს, ხოლო ჩვენ მცირედისა ოქროჲსთვის სულსა წარვიწყმედთ, და არა შეურაცხ ვჰყოფთ ოქროსა ქრისტესთვის. და ამისთვის მრისხანენი ვართ და საქმენი საძაგელნი გვიყვარან. არამედ ნუმცა არს ესე ჩვენ ზედა! და განვაგდოთ უღელი ანგაჰარებისა ჩვენგან, უფროსღა მიუტევნეთ შემცოდეთა ჩვენთა და ვაკურთხევდეთ მწყევართა ჩვენთა [მთ. 5,44; ლკ. 6,28], რათა ესრეთ კადნიერად წარმოუდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.