სწავლა 43. არა ბოროტის ყოფისათვის
ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნუმცა ოდეს განიზრახავთ ბოროტსა სხვისათვის, რამეთუ გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდეთ, თავთა თვისთათვის ჰლესთ მახვილსა და უბოროტესად მოიწყლვით ჴელითა თქვენითა.
არამედ, უკეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვლის მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს; უკეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყვი სიტყვასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკეთუ იტყვი: „თუ ვითარ იყოს ესე“, ისმინე თუ ვითარ:
რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების მიმგებელ ბოროტისმყოფელისა მის შენისა. ხოლო რაჟამს შენ თვით იწყო ბოროტის ყოფად მისდა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰხსენ სიტყვა იგი წერილისა, რომელი იტყვის: „ჩემი არს სასჯელი და მე მივაგო, იტყვის უფალი”[ებრ. 10,30].
რამეთუ, უკეთუ მონანი იყვნენ ჩვენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩვენდა მოვიდენ სამართლისა სასჯელისა ყოფად, არამედ თვით იგინი განსჯიდენ, არა შევსწუხნეთა? ხოლო უკეთუ ჩვენ ესრეთ ვართ, არა უფროსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე სასჯელისა მისდა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკეთუ ესოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩვენ ღმერთსა არა ვაჩვენებდეთ, რაოდენსა ჩვენ მონათა ჩვენთაგან ვეძიებდეთ?
ხოლო ამას ვიტყვი ჩვენთვის, რომელნი ესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის ყოფად, თუ არა ჭეშმარიტი ესე არს, რათა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ, რათა ჩვენცა მოგვეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისა, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.
რამეთუ მითხარღა, უკეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რადღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთავარდები? რამეთუ, უკეთუ გაგინა, შენ ნუღარა აგინებ მას; თუ არა – თავსა თვისსა აგინებ. უკეთუ შეგაწუხა შენ, ნუღარა შეაწუხებ; თუ არა – არღარა გაქუს განყოფილება მისგან. უკეთუ რაჲმე გავნო, შენ ნუღარა ავნებ; თუ არა – სარგებელი არღარა იყოს შენდა, არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისსა.
ესრეთ შემძლებელ ხარ შერცხვინებად მისა, უკეთუ ყოველივე სიმშვიდით თავს იდვა და მოითმინო. ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულისწყრომასა მისსა; მასცა დიდად არგო და თავსა შენსა უმეტესი სასყიდელი მოატყვა. რამეთუ ვერვის ძალუძს ბოროტითა ბოროტისა განკურნებაჲ, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი.
ესრეთ ყოველთა მიმართ კეთილსა ვიქმოდეთ, საყვარელნო, რომელთა სული წმიდა მოგვიღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთადა ბრძანებულ არს ანგელოს ყოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარი საიდუმლონი.
ამისთვის გევედრები, ძმანო, აღმოვფხვრათ ჩვენგან გულისწყრომა და მრისხანებაჲ და მიუტეოთ შემცოდეთა ჩვენთა და უფროსღა კეთილსა უყოფდეთ მათ, რათა ჩვენცა მოვიღოთ მოტევება ცოდვათა ჩვენთა და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.