სწავლა 45. სიმდაბლისათვისვე

საყვარელნო, შევიმოსოთ სიმდაბლე, რათა ლოცვა ჩვენი ფრთოვან იყოს. გულისჴმა ვჰყოთ წერილი იგი, ბრძანება უფლისა, ვითარ იტყვის: „რომელსა უნდეს დიდ ყოფა, იყოს ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა“[მრკ. 10,43-44], რათა დიდ იქმნას. ესერა გესმოდეს, საყვარელო, ყოვლითა ძალითა შენითა ისწრაფე მოგებად სიმდაბლისა; ნუ გეშინინ, თუმცა პატივსა შენსა რაჲმე ევნო სიმდაბლისაგან. რამეთუ, რაოდენცა დამდაბლდე, ვერ ძალგიძს ესოდენ დამდაბლებად, ვითარ იგი მეუფე ჩვენი დამდაბლდა. გარნა გარდამოსლვა იგი მისი, ჩვენ ყოველთა აღსლვა გვექმნა და მისიცა დიდება გამოაბრწყინვა კაცთა შორის, რამეთუ პირველ განკაცებისა, ანგელოსთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა წმიდათა მათ წინასწარმეტყველთა და მამათმთავართა. ხოლო განკაცნა რა და ჯვარს ეცუა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი და არარაჲ დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროსად შეიძინა ცხოვრება კაცთა. ხოლო შენ, კაცო, რაჲსა გეშინის და ჰგონებ, თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროსღა უწყოდე, ვითარმედ: „რაოდენცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროსად ამაღლდების დიდება შენი“[ლკ. 12,11]. ესე სიმდაბლე არს კარი სასუფეველისა. უკეთუ გვენებოს მუნ შესლვა, ესე გზაჲ ვიპყრათ სიმდაბლისა, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა შესლვად, შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროს ყოველთა შეურაცხ და წარწყმედულ. და ვითარცა სხუასა ადგილსა ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის აჩვენებ კაცთა ქველისსაქმესა შენსა? რათა იდიდოა და საქებელ იქმნა? აწ უკუჱ ნუ ესრეთ იქმ, და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი დიდება და ქებაჲ. კვალად ვიტყოდით, ვითარმედ: რაჲსათვის იუნჯებ, კაცო, რათა სიმდიდრე გაქუნდესა? აწ უკუჱ ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოვო ჭეშმარიტი სიმდიდრე. ეგრეთვე აქა ვიტყვი: რაჲსათვის გიყვარს დიდებაჲ და ზუაობაჲ? რათა პირველ სხუათასა და უდიდეს იყოა? აწ უკუჱ შეიმოსე სიმდაბლე და იყავ ყოველთა უდარეს, და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდ და ყოველთა პირველ. ხოლო იყო თუ აქა ზუავ და ამპარტავან, იყო ყოველთა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყვა არა ჩემი არს, არამედ ქრისტესი, ვითარცა იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს”[მთ. 23,12; ლკ. 18,14]. აწ უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე შევიტკბოთ, სიმდაბლე შევიყვაროთ, სიმდაბლე შევიმოსოთ, რათა ქრისტე შევიმოსოთ და აქაცა კეთილი გვეყოს და წარუვალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.