სწავლა 46. სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა
საყვარელნო, ესე უპირატესნი სათნოებანი, სიმდაბლე და სიმშვიდე აქუნდეს სანატრელსა მახარებელსა იოანეს და მისთვის უყვარდა იგი უფალსა. რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზესთაეს? გარნა ნუმცა ოდენ ვნატრით მოციქულსა მას, ძმანო, არამედ ვისწრაფოთ ჩვენცა, რათა მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა საყვარელსა მას იოანე ღმრთისმეტყველსა, და ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათვის უფროს ყოველთასა უყვარდა იგი უფალსა. უკეთუ დაუტევა მამა თვისი და შეუდგა უფალსა და ამას საქმესა ძმაცა თვისი ზიარ ჰყო, და პეტრეცა და ანდრია, გარნა ესე რაჲსათვის უყვარდა უფროს ყოველთასა? რამეთუ თვით არა სთქუა სიმდაბლისათვის მიზეზი იგი სიყვარულისა, არამედ მე ამას გულისჴმა ვჰყოფ; ამისთვის, რამეთუ ფრიად აქუნდა სიმშვიდე და სიმდაბლე და სიწრფოება. და მისთვის უყვარდა იგი უფალსა უმეტეს სხუათასა, რამეთუ თავადსა ჰბაძვიდა სიმშვიდით და სიმდაბლით, ვითარცა იტყვის: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29).
ხოლო ესევითარი სათნოება მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ მოსე დიდსა საზომსა ამან სათნოებამან მიაწია, და არარაჲ არს სწორ სიმშვიდისა და სიმდაბლისა. ამისთვის ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ, ვითარცა საფუძველი სათნოებათა სიმდაბლე ახსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა”(მთ. 5,3). ესე არს სიმდაბლე და შეუძლებელ არს თვინიერ სიმდაბლისა ცხოვნებაჲ.
გინათუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რაჲსაცა იქმოდეს ზუაობით, საძაგელ არს წინაშე უფლისა; არამედ უკეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმე მისი პატიოსან არს და შეწირულ წინაშე უფლისა.
მოვიგოთ უკუჱ, საყვარელნო, სიმდაბლე; რამეთუ, უკეთუ გვინდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათვის ზუაობ, ჵ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა, გონებისა ცთომილებასა?! მოიხსენენ ცოდვანი შენნი; უკეთუ კულა სათნოებანი გქონან და მისთვის ზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე; რამეთუ, უკეთუ გლახაკთა მისცემ და მისთვის ზუაობ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა. და უფროსად სიმდაბლე გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვიდე და გულისჴმა ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა.
რამეთუ უკეთუ დღეს მდიდარ ვართ და ხვალე შიშველნივე განსლვად ვართ, ანუ რაჲ არს სიმდიდრე? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი თივისა და ყუავილისაცა უუძლურესი. რაჲსა უკუჱ ზუაობ, ჵ, კაცო, თივასა ზედა? ანუ არა მეძავნიცა და ავაზაკნი მოიგებენა სიმდიდრესა?!
უკეთუ კულა პატივი და დიდება გიყვარს, ღმრთისამიერი მოიძიე, რომელი იგი არა ოდეს განქარდების. სიმდაბლე მოიგე და ამპარტავანება განაგდე, რათა, ესრეთ სათნოებითა შემკობილი, საუკუნოსა მას დიდებასა ღირს იქმნე, რომელსა ღირსმცა ვართ დამკვიდრებად ყოველნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.