სწავლა 47. თავი ივ [16]. ამპარტავანებისათვის

ამპარტავანებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავანება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა და ვედრება ამპარტავანისა განარისხებს ღმერთსა. ვითარცა სიმძიმე ნაყოფისა დასცემს რტოსა, ეგრეთვე ამპარტავანება წარსწყმედს სათნოებასა; ვითარცა ხე უფესო მოსწრაფედ დაეცემის, ეგრეთვე კაცი ამპარტავანი ადვილად ჯოჯოხეთისა ნახეთქსა შთავარდების. ვითარცა ნერგსა განუწმედელსა კუროსთავთაგან არა ძალუძს აღორძინებად, ეგრეთვე კაცსა ამპარტავანსა არა ძალუძს წარმართებად კეთილის ცხოვრებად, უკეთუ არა სიმდაბლითა ამპარტავანება განიოტოს დამორჩილებითა სინანულისათა, რამეთუ მაღლად ჰრბის სული ამპარტავანისა და მუნითგან სიღრმესა შინა ჯოჯოხეთისასა შთაიჭრების. ვითარცა ნაყოფი განრყვნილი უხმარ არს მუშაკისა, ეგრეთვე ლოცვაცა ამპარტავანისა არა შესაწყნარებელ ღმრთისა. სულსა ამპარტავანისასა არა აქუს ნაწილი ღმრთისა თანა, არამედ ეშმაკთა სახარულევან იქმნების. რად მაღლოჲ, ჵ, კაცო? მიწა ხარ და ნაცარი და რად ამპარტავნებით მოიწყვლები, ჵ, უგუნურო! უკეთუ დიდ ვინმე ხარ, რომლისამე წესითა გაქუნდინ სიმდაბლე და არასადა იგმოს დიდება შენი. სხუათა ცოდვათა ნუ გამოეძიებ, რათა დიდებულ იქმნე დღესა მას სასჯელისასა. ნუ დაუტეობ შეჭირვებულსა მტირალსა და არა უგულებელს იქმნეს ლოცვა შენი. ჵ, გლახაკო კაცო! ვინ შეგქმნა შენ ანუ სადათ აღგიღო მიწაჲ? რაჲსა ესავ სიმდიდრესა და არა გეშინის ღმრთისა, რომელი მიწადვე მიქცევად ხარ, რად ამაოდ ჰშვრები და ამპარტავნებ და მოქადულობითა ცუდითა ბოროტად წარსწყმდები? და რად განიბერები ვითარცა პერეული წყლისა? ვითარმედ მიწა ხარ და არა მრავლისა შემდგომად მიწადვე შთახვიდე აწ ამპარტავანი და შემდგომად მცირედისა მატლთა თანა განისვენო. ჵ, კაცო, გულისჴმა ჰყავ შენი უძლურება და ნუ ამპარტავნებ, რამეთუ დაბადებული ხარ ღმრთისა. ნუ უარ ჰყოფ დამბადებელსა შენსა, მიხედენ ბუნებასა შენსა და იხილენ თანამონათესავენი შენნი, რამეთუ იგინიცა მისვე ბუნებისანი არიან და ნუ განაგდებ ამპარტავანებისათვის შენისა ბუნებასა შენსა. უკეთუმცა დღეს შენ მდიდარ ხარ და იგი გლახაკ, არამედ წინაშე ღმრთისა იგი უფროს არს შენსა. ჵ, კაცო ამაოო, ნუ ამპარტავნებ მრავლისათვის სიმდიდრისა, რამეთუ მწუხარება მისი განგყოფს ღმრთისაგან, და ცხოვრებასა მდიდართასა ნუ ნატრი, რამეთუ ძლიერნი ძლიერად გამოიძინეს. ვითარცა ფერჴშეკრულისა არა იქმნების სლვაჲ, ეგრეთვე მწუხარებით შეპყრობილისა ცად აღსლვაჲ. ჵ, მდიდარო, ნუ ამპარტავნებ მონაგებთათვის შენთა და განხრწნადითა ნუ იქადი. ღმერთი არს მხოლოდ მდიდარი, რომელსა აქუს უხრწნელი სიმდიდრე, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.