სწავლა 49. კვალად ამპარტავანებისათვისვე
საყვარელნო, უკეთუ იოანე ნათლისმცემელი არა ღირს იყო საბელთა ჴამლთა ქრისტესთა განხსნად, „იოანე, რომლისა უზესთაესი ნაშობთა შორის დედათასა არავინ აღდგომილ არს“[მთ. 11,11], ჩვენ სადა დავაწესოთ თავნი ჩვენნი?
უკეთუ რომელი იგი უზესთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან სთქუა, ვითარმედ: „უკანასკნელთაცა მონათა მისთა შერაცხვად არა ღირს ვარო“[ლკ. 3,16; საქ. 13,25]. რაჲ ვსთქუათ ჩვენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ. რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელ ცაჲ ქვეყანისაგან არა არს ესრეთ შორს. და მან სთქუა, ვითარმედ: „საბელსა ხამლთა მისთასა განხსნად არა ღირს ვარო“[მრკ. 1,7].
ხოლო ჩვენ, რომელნი ამპარტავანებითაცა ძლეულ ვართ, რაჲმე ვსთქუათ? არა უწყი. არამცა გარდმოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკეთუმცა არა ამპარტავანებითა შეპყრობილ იყო. ამან შთახადა იგი გეენიად. ამპარტავანება იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყვნად, რამეთუ: „მაღალი იგი წინაშე კაცთა, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა”[ლკ. 16,15].
არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ამპარტავანებაცა, რამეთუ სიძვასა, დაღაცათუ ბოროტ არს, აქვს მიზეზად გულისთქმაჲ ჴორცთა, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისა, უგულისჴმოებისაგან შობილი, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა. დაღაცათუ ფრიად მდიდარი იყოს, არარაჲ არს უგლახაკეს მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთა ესწავოს და ყოველი ძალი მისი აქუნდეს.
რამეთუ უკეთუ, რომელი სათნოებასა და მოღვაწებასა ზედა ზუაობდეს, ყოველსა მას სასყიდელსა თვისსა წარსწყმედს. ხოლო უკეთუ რომელი სიზმართა და აჩრდილსა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთვის რაჲ ვსთქუათ? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიგლახაკითა და სიყმილითა მოკუდებოდეს, და უკეთუ სადა იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი და მას ზედა მაღლოოდეს.
ჵ, უბადრუკო კაცო! სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს და შენ, რომელ ოქრო და ვეცხლი გაქვს, ამისთვის გონება ღრუბელთა უმაღლეს გიპყრიეს. არამედ სიმდიდრე ეგე არა შენი არს და უკეთუ ჩემი არა გრწამს, თვით საქმენი იხილენ. და უკეთუ ჯერეთ გთრავს და არა გულისჴმა ჰყოფ სხუათა ზედა მოწევნულთა საქმეთაგან, მცირედ ელოდე და შენ ზედა მოწევნულისაგან სცან, ვითარმედ ესე ყოველი არას გერგების, რაჟამს იგი მოიწიოს სიკუდილი და ერთისაცა ჟამისა უფალ არა იყო, არამედ უნებლიეთ ყოველივე დაუტევო. და ნუუკუჱ ვიეთთა შენ არა გინდეს, მათ წარიღონ, რამეთუ მრავალთაცა სიტყვისა თქმად ვერ ჴელეწიფა.
არამედ ესე რათა არა მოიწიოს ჩვენზედაცა, ამისთვის, ვიდრეღა ცხოვრებასა ვართ, ჴელითა ჩვენითა წარვსცეთ ყოველი ჩვენი მონაგები მას ქალაქსა, რათა მუნ ვჰპოვოთ ყოვლითურთ. და მუნ არა არს შიში წარწყმედისა, არცა სიკუდილისამიერი, არცა სხუა რაჲმე განსაცდელისა, არამედ თვითოეული უკუნისამდე იშვებდეს თვისსა მას სიმდიდრესა ზედა.
მივსცვალოთ უკუჱ, საყვარელნო, სიმდიდრე ჩვენი ამიერ მუნ, რამეთუ არა სახმარ არიან ჩვენდა ამის მიცვალებისათვის კარაულნი, ანუ აქლემნი, ანუ ნავნი, არამედ გალახაკთა მიერ იქმნების საქმე ესე კეთილად, უძლურთა მიერ და მკელობელთა და ბრმათა; იგინი წარიღებენ მას ყოველსა მუნ ამიერ. იგინი მოწყალესა მას თანა შეგვიყვანებენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.