სწავლა 50. თავი იზ [17]. ცუდად მზუაობრობისათვის

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრობისაგან, რომელი ესე უძვირეს არს ყოველთა ვნებათასა. ცუდად მზუაობრობისაგან იშვების ანგაჰარება და სახმართმოყვარებაჲ. ცუდად მზუაობრობისა მიერ იქმნების სიძულილი და ბრძოლანი და შფოთნი. რამეთუ რომელი უმეტესსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს და ვერაოდეს ჰპოვებს გულისთქმისა თვისისა დასასრულსა. ხოლო ესე ყოველი ცუდად მზუაობრობისაგან არს. რამეთუ რაჲსაგან არს სიმრავლე სამკაულთა, მონათა და ტაძართა, რომელ ჰქონან მრავალთა? არათუ სახმარ მათდა არს იგი ყოველი, არამედ რათა ამპარტავნებისა და ზუაობისა მათისა მოწამენი მრავალნი იყვნენ. ხოლო უკეთუ ცუდად მზუაობრობასა ვსძლოთ, სხუანი მრავალნი ვნებანი უჩინო ვჰყვნეთ მისთანა და არღარა იყოს დამაყენებელ, რათა ესრეთ ვიყოფოდეთ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნება არათუ ცოდვათა ოდენ შინა არს, არამედ სათნოებათაცა შეერთვის და განმრყვნელი არს სათნოებისა ყოვლისა, რომელსაცა თანა იყოს. რამეთუ შრომათა თავსდებად გვაიძულებს და ნაყოფსა მოკრებად არა შეგვინდობს; რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისა ცუდად მზუაობრობართა. და რაჲმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელეს? რამეთუ შეუ­ძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდით და ღმრთისასაცა, და ორივემცა ვჰპოვეთ. არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვოთ ორივე, რაჟამს ერთსა ვეძიებდეთ ოდენ ღმრთისამიერსა. და ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა ვივლტოდეთ დიდებისაგან კაცთასა და ვეძიებდეთ დიდებასა ღმრთისაგან, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.