სწავლა 52. ცუდად მზუაობრობისათვისვე
ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზუაობრისა მხეცისაგან მარადის, რამეთუ მზაკვარი არს და მრავალფერი, და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თვისსა გესლსა და სახესაცა შინა და შვებასა და შვენიერებასა ჴორცთასა.
ცუდად მზუაობრობისათვის უმეტეს სახმართასა ვეძიებთ, ცუდად მზუაობრობისათვის არს შვენიერება სამოსელთა საძიებელ, ცუდად მზუაობრობისაგან გარდაემატა ჩვენ შორის ანგაჰარებაჲ.
არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჵ, ძმაო, და უკეთუ გნებავს, რათა დიდება გაქუნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა. მაშინ გაქონ შენ ანგელოსთა და კაცთა და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს.
რამეთუ ვიდრემდის ჴორცთა ამკობდე, ამაო არს შრომა შენი და ხარ ცუდად მზუაობრობასა შინა. ხოლო უკეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ ჰყო ქება შენი.
რაჲსათვის ამკობ ჴორცთა შენთა, ჵ, კაცო, ცუდად მზუაობრობითა და სული შენი უდებ გიყოფიეს და არაწმიდებითა სავსე არს? რამეთუ უმეტესი მოსწრაფება სულისა შემკობისათვის ჯერ იყო ქმნად, ხოლო ჩვენ დაღაცათუ უმეტესი არა ვჰყოთ, გარნა სწორად ჴორცთა ვიღვაწოთ სულიცა.
მოაქციე, ძმაო, ესე სამკაული შინაგან და შემოსე სულსა, რამეთუ ჴორცთა არას არგებენ ძოწეულნი და პორჶირნი; არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შვენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშვერსა ვერ განაშვენებს. ხოლო სულსა, უკეთუ შემოსო, მეყსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს და უკეთუ უშვერი იყოს, განაშვენებს. რამეთუ იტყვის უფალი: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი გავასპეტაკო”[ეს. 1,18].
„მიეც უკუჱ, ძმაო, მოწყალება და აჰა, შენი ყოველივე წმიდა იყოს“[ლკ. 11,41], და შვენიერ და კეთილ, რათა ესრეთ შემკობილი პორჶირითა გვირგვინოსანი იქცეოდე სავანეთა მათ ზეცისათა, კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი პოვნად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.