სწავლა 54. ვეცხლის მოყვარებისათვისვე
ძმანო, ისმინეთ ჩემი, რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყვარება ბოროტი. და თუალთა და ყურთა დაუყოფს, და მხეცისა უფიცხეს ჰყოფს კაცსა: არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრობასა, არცა თვისისა სულისა ცხოვნებასა უტევებს გულისჴმისყოფად, არამედ ვინათგან სძლოს კაცსა ვეცხლისმოყვარებამან, სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რათა მადლიერცა მისდა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესზომცა აღორძინდების გულისთქმა მათი და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მხეცი იგი უბრძოლველ.
ვეცხლისმოყვარებამან გეეზი განაკეთროვნა, ამან ანანია და საჶირა წარწყმიდნა, ამან იუდა ქრისტეს განმცემელ ჰყო, ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს.
ვეცხლისმოყვარებამან აღავსო სისხლითა გზანი, ვეცხლისმოყვარებამან აღავსო გლოვითა და გოდებითა ქალაქნი, ვეცხლისმოყვარებამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისა დააგო და სანოვაგები უსჯულოებისა. ამისთვის ვეცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებად უწოდა პავლე.
ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ, რომელთამე აქუს საფასე და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვითარცა სიწმიდესა რასმე, რომლისა ვერ იკადრებენ კაცნი მიახლებად. და უკეთუ ოდესმე იიძულნენ მიახლებად მათდა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ – ბოროტი რაჲმე ჰქმნეს. და ვითარცა კერპთა, ესრეთ ჰმარხვენ საფასეთა შეწყვდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა. და ტაძრისა წილ, აქუს მათ კიდობნები და ჰმარხვენ ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.
რაჲსა იქმ, ჵ, ვეცხლისმოყვარეო? არა თაყვანის ჰსცემაა ოქროსა მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ, დაღაცათუ არა თაყვანის სცემ, არამედ ყოვლით კერძო მას პატივ სცემ. და ვითარცა კერპთმსახურსა ურჩევიეს სულისა თვისისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თვისისა წარგებაჲ, ეგრეთვე შენ, ვეცხლისმოყვარეო, გირჩევიეს სულისა აღმოსლვა, ვიდრე საფასეთა შენთა შეხებაჲ.
ხოლო ამას თუ იტყვი შენ, კაცო, ვითარმედ: „არა თაყვანის ვსცემ მე ოქროსაო“, არაცა იგი კერპსა თაყვანის სცემს, არამედ მას შინა დამკვიდრებულსა ეშმაკსა. ეგრეთვე შენ, დაღაცათუ ოქროსა მას არა თაყვანის სცემ, არამედ ეშმაკსა მას თაყვანის სცემ, რომელი ოქროჲსა მისგან და გულისთქმისა მისისაგან სულსა შინა შენსა შემოვალს. რამეთუ ყოვლისა ეშმაკისა უბოროტეს არს გულისთქმა ვეცხლისმოყვარებისა, რომელი გასწავებს ყოველსა ბოროტსა და გეტყვის, ვითარმედ: მარადის მბრძოლ ექმენ ყოველთა კაცთა და მტერ. უცხო ექმენ ბუნებასა შენსა, შეურაცხ ჰყავ ღმერთი, შემოსწირე თავი შენი ჩემდა! კერპთმსახურნი კერპსა უზორვენ და ცხოვარსა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყვარება იტყვის: „შემოსწირე სული შენი ჩემდაო“ და ისმენ მისსა.
ჰხედავა, ვითარნი ბომონნი ჰქონან, ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ვერ დაიმკვიდრებენ ანგაჰარნი”[1 კორ. 6,9-10] და არავე ეშინის. და ესე გულისთქმაჲ უუძლურეს არს ყოველთა გულისთქმათასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ არს, თუ არა პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქრო და ვეცხლი არა იყო, არცა ვის უყვარდა.
არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თვითეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად და ესრეთ განეფინა სენი ესე. რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი, და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხვა ყოველივე სიმდიდრე, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რათა მათ წარხდენ და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა.
გარნა არცა ესრეთ აქუს სიტყვა ვეცხლისმოყვარეთა წინაშე ღმრთისა. რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთა შინა და უდაბნოთა. დაღაცათუ უპოვარება ვერ ძალგიძს, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებ. რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნი არიან, რომელნი არა იტაცებენ, არამედ სამართლითა მოგებული აქუს და მისგან ჰყოფენ მოწყალებასა.
რად არა უკუჱ მათ ვეშურებით და ვჰბაძავთ? მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი კაცნი. არა ცალიერნი სდგანანა ტაძარნი და აგარაკნი მათნი? და ოდენ სახელი მათი ეწოდების, ვითარმედ მის ვისიმე სახლი და მის ვისიმე სოფელი, არა სულთ ვითქვამთაა? ვიხილნეთ რა, თუ რაზომნი შრომანი და ჭირნი თავს ისხნა, რაზომნი ტაცებანი ჰქმნა მისთვის, და აწ არღარა სადა ჰსჩანს, არამედ მისთა ნაშრომთა შინა იშვებენ სხვანი, რომელთასა არა ჰგონებდა. და ნუუკუჱ მტერნიცა მისნი იყვნენ მას შინა და იგი ბოროტითა სიკუდილითა მომკვდარ არნ.
და ესევე ჩვენ წინა გვიძს, რამეთუ უეჭველად მოკდომად ვართ, უეჭველად იგივე აღსასრული მოსლვად არს ჩვენ ზედა. რამეთუ, რაოდენნი მტერობანი სხუათანი ჰქმნეს მაშენებელთა ამის ტაძრისათა, რაოდენნი მიხვეჭანი, რაოდენნი წარსაგებელნი, და რაჲ იქმნა მის ყოვლისა სარგებელი? სატანჯველი საუკუნო და არცა ერთისა ნუგეშინისცემისა პოვნაჲ. და აქაცა, აწ ყოველნი უზრახვენ ძვირსა.
ანუ არა მრავალთა კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები სახლთა შინა მათთა, რაჟამს ვიხილნეთ, არა უფროსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად სთქუა წინასწარმეტყველმან, ვითარმედ: „ამაოდ ჰშფოთებს ყოველი კაცი”[ფს. 38,6]. რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ.
არამედ სავანეთა მათ საყოფელთა ზეცისათა ჯერ არს მოგებაჲ; რამეთუ აქა სხუამან შვრის და სხუა განისვენებნ მას შინა. ხოლო მუნ თვითოეული თვისსა ნაშრომსა ზედა უფალ არს და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, ძმანო! მუნ ვიშენოთ სახლები, რათა განვისვენოთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.