სწავლა 55. ვეცხლის მოყვარებისათვისვე
ვინათგან უკუჱ იუდასთვის გვასმიეს, ვისწრაფოთ ჩვენცა, ძმანო, განფრთხობად და მღვიძარე ყოფად მარადის. რამეთუ, უკეთუ რომელი იგი წმიდასა მას მოციქულთა კრებულსა შინა იყოფოდა, ესოდენნი ნიჭნი მოეხვნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იყო ათორმეტთა მოციქულთაგანი, რომელნი წარავლინნა იესო მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად.
ვინათგან უკუჱ ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყვარებისათა და მოძღვარი თვისი განჰყიდა. და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, და არცა დაბანნაჲ იგი ფერჴთა, არცა ზიარება იგი ტაბლისა მისისა, არცა ტვირთვა იგი გვადრუცისა, არამედ უფროსად დასასჯელ ექმნა მას ესე ყოველი.
ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა შევიშინოთ ჩვენცა, ნუუკუჱ მივემსგავსნეთ იუდას ვეცხლისმოყვარებითა. დაღაცათუ ქრისტესა არა განვსყიდით, არამედ, რაჟამს ვიხილოთ გლახაკი სიყმილითა მომწყდარი, ანუ სიცივითა შეჭირვებული და სიკუდილად მიახლებული და შეურაცხ ვჰყოთ იგი, მითვე სასჯელითა დავისაჯებით.
და კვალად ოდეს უღირსებით მოუხდეთ ზიარებად, წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, ესრეთ წარვსწყმდებით, ვითარცა ქრისტეს მკულელნი.
და კვალად, რაჟამს მოვიტაცებდეთ და ვაჭირვებდეთ ქვრივთა და ობოლთა, ფრიადსა სასჯელსა მოვაწევთ თავთა ზედა ჩვენთა და სამართლადცა.
ვიდრემდის შეუპყრიეთ ჩვენ ტრფიალებასა ვეცხლისმოყვარებისასა, ვიდრემდის შემსჭვალულ ვართ ამაოებისადა, ვიდრემდის არა მივხედავთ საქმეთა მათ ზეცისათა, არა განვიფრთხობთ, არცა განვიღვიძებთ საქმეთა ამათგან ქვეყანისათა.
მოვიხსენოთ უწინარეს ჩვენსა განმდიდრებულნი იგი: არა ყოველივე დიდება მათი სიზმარ იქმნაა? არა აჩრდილ და ყუავილ დაჭნობილ იქმნაა? არა ზღაპარ და ამბავ იქმნაა ყოველივე, ვითარმედ: „იგი ვინმე განმდიდრდაო“, და აწ სადა არს სიმდიდრე მისი? წარწყმდა და განიხრწნა და ცოდვანი იგი, რომელნი მის სიმდიდრისა მიერ ექმნნეს, ჰგიან და ცოდვათა მისთათვის სატანჯველი არს უფროსად, დაღაცათუმცა არცა სატანჯველი, არცა სასუფეველი წინამდებარე იყო, არამედ ბუნებისა მისგან ნათესავისა ჩვენისა სირცხვილი ჯერ იყო, რომელ არიან გლახაკნი.
ხოლო აწ ჩვენგანნი მრავალნი ძაღლთა და ქორთა და ავაზათა და სხუათა თითოსახეთა მხეცთა ჰზრდიან და კაცთა გლახაკთა შეურაცხ ჰყოფენ, შიმშილითა შეჭირვებულთა, რომელ არს ქრისტე.
გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო ვეცხლისმოყვარეო, ვითარმედ მაშინ ფრიად გევნოს, რაჟამს შემასმენელ შენდა იყვნენ გლახაკნი დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ შენ ოქროჲთა შემოსილ ხარ და გლახაკსა, რომელ არს ქრისტე, არცა მცირე სამოსელი აქუს. შენ სანოვაგისა სიმრავლითა განსქდები და ქრისტე მშიარი მიმოვალს.
ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ უგულისჴმო ვართ, არამედ ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რომელთა ქრისტე მიითვალავს და მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა მის საუკუნესასა.
ბერნი ვიგონებდეთ, ვითარმედ: აჰა, ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი ვგონებდეთ, ვითარმედ: უცნაურ არს ჟამი სიკუდილისა და ვითარცა მპარავი ღამისა, ესრეთ მოიწიოს დღე იგი სიკუდილისა.
ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, ვეკრძალნეთ ყოველნი და ვისწრაფდეთ შეურაცხყოფად წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზეცისათა ვეძიებდეთ, რათა ღირს ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.