სწავლა 58. მრისხანებისათვისვე
ვისწავოთ უკუჱ, ძმანო, უფლისა მიერ, სახიერება და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). ესრეთ ვისწავოთ და აღვირ ვასხნეთ ყოველსავე უკეთურებასა. უკეთუ ვინ ამაღლდეს ჩვენ ზედა, ხოლო ჩვენ დავმდაბლდეთ და ნუ შურის მეძიებელ ვართ და ნუცა მოვიკლავთ სულთა ჩვენთა.
რამეთუ მრისხანება მხეცი არს, მხეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდეთ უკუჱ თავთა ჩვენთა, ჟამსა მას რისხვისასა სიტყვათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარი”[დაბ. 18,27]. და კვალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისა დაცემა მისდა“(ზირ. 1,22). და ვითარმედ კაცი მრისხანე უშვერ არს, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშვერეს. ხოლო უკეთუ პირისა უუშვერეს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშვერეს რაჲმე იყოს? რამეთუ, ვითარცა სკორესა რა ურევნ ვინ, უფროსად აღიძრის სუნი სიმყრალისა მისისა; ეგრეთვე სული, გულისწყრომისა მიერ რა შეშფოთებულ არნ და ზამთარი ფრიადი არნ შორის მისსა.
ანუ იტყვი, თუ: „ვერ თავს ვიდებო, რაჟამს სხვა მაგინებდეს“. გარნა რაჲსათვის ვერ თავს იდებ? რამეთუ უკეთუ ჭეშმარიტსა გეტყვის სიტყვათა მათ გინებისათა, თვით მისსა პირველცა თანაგაძს უფროსად ბრალობაჲ თავისა შენისა. ხოლო უკეთუ კულა სტყუის, ნუ განრისხნები, არამედ უფროსად ეცინოდე და სულთ ითქუჱნ მისთვის, რამეთუ: „რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს გეენიისა”(მთ. 5,22).
რამეთუ, რაჟამს გაგინოს, გულისჴმა ჰყავ სატანჯველი იგი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთვის და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთვის. რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა მოწყლულისა არავინ განრისხნების, არამედ უფროსღა ეწყალის იგი. და სულიცა განრისხებული ესრეთ არს.
დაღაცათუ ბოროტის ყოფა მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, ვითარმედ მოგიწყლავს იგი ძლიერად. უკეთუ კულა გინება გინებასა ზედა დართო, უფროსად ცეცხლსა მას აღატყინებ. ნუ იტყვი, ვითარმედ: „უკეთუ დავიდუმო, მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ“. გარნა გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ: არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყვიან შენთვის და განკვირვებულ იქმნებიან.
უკეთუ კულა იგინო რა, განრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თვით, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყვანი იგი გინებისანი, რომელნი მან გრქუა, ჭეშმარიტ არიან, რამეთუ უკეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა განრისხენ? რამეთუ მდიდარსა უკეთუ ვინ ჰრქუას, თუ: „გლახაკ ხარ“, რად არა განრისხნების? არამედ უფროსად ეცინის, ამისთვის, რამეთუ იცის, ვითარმედ: არა გლახაკ არს. აწ უკეთუ ჩვენცა ვიგინნეთ რა, ვიცინოდეთ გინებასა მას ზედა, დავამტკიცებთ, ვითარმედ: არარაჲ იპოვების ჩვენთანა სიტყვათა მათგანი.
და კვალად, დაღაცათუ ესე არა ესრეთ არს, ჩვენ ვიდრემდის გვეშინის სიტყვათაგან კაცთასა? ვიდრემდის შეურაცხ ვჰყოფთ მეუფესა მას ყოველთასა და შემსჭვალულ ვართ ქვეყანისადა. რამეთუ, ვინათგან არს ჩვენთანა შური და ხდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელ ვართაა? ვიქმნეთ უკუჱ სულიერ და აღვირ ვასხნეთ ბოროტსა მას მხეცსა მრისხანებისასა. რამეთუ არარაჲ არს განყოფილება მრისხანებისა და სიცოფისა, არამედ ეშმაკი არს ესე მძვინვარე და უფროსად ეშმაკეულისა უვარეს ჰყოფს კაცსა.
რამეთუ ეშმაკეული საწყალობელ არს, ხოლო მრისხანე ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს. რამეთუ ნებსით შთააგდებს თავსა თვისსა მთხრებლსა მას წარწყმედისასა და უწინარეს საუკუნოსა მის გეენიისა, აქავე დასჯილ არს. რამეთუ ამბოხებასა და შფოთსა ბოროტსა, ღამე და დღე მოაწევს თუალთა ზედა სულიერთა.
აწ, უკუჱ, ძმანო, განვსდევნოთ ჩვენგან ბოროტი ესე ვნებაჲ მრისხანებისა და ვაჩვენოთ ყოვლით კერძოვე სიმშვიდე, რათა ამასცა საწუთოსა ვიხსნნეთ თავნი ჩვენნი ბოროტისაგან და მას საუკუნესა სატანჯველთა მათგან მწარეთა განვერნეთ და ვჰპოვოთ აქაცა განსვენება სულისა და მერმესა მასცა საუკუნესა, სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.