სწავლა 59. თავი კ [20]. შურისათვის
იხილეთ უკუჱ, ძმანო, ვითარ ბოროტ არს შური და ვითარ თუალთა დაუბრმობს მის მიერ ძლეულთა, რამეთუ, ვითარცა განცოფებულნი, მრავალგზის თავთა თვისთა მოიკლვენ, ეგრეთვე მოშურნე თვისსა ცხოვრებასა წარსწყმედს.
კაცი მოშურნე უბოროტეს მხეცისა არს: რამეთუ მხეცნი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო მოშურნე კეთილისა წილ იქმს ბოროტსა. და ესრეთ მხეცთაცა უძვირეს არს და სწორ ეშმაკთა. და ნუუკუჱ ეშმაკთაცა უძვირეს, რამეთუ ეშმაკთა ჩვენდა მომართ დაუგებელი ბრძოლა აქუს, ხოლო ურთიერთას არა იბრძვიან. არამედ მოშურნე არა ერიდების ზიარებასა ბუნებისასა, და არა აქვს სიტყვაჲ ამის ბოროტისა მოქმედსა, რამეთუ წუხილი გვიხმს ჩვენ ბოროტთათვის და არა სხვისა კეთილისათვის.
მეძავსა აქვს მიზეზად გულისთქმაჲ, და მპარავსა – სიგლახაკე, და კაცის მკულელსა – გულისწყრომაჲ. დაღაცათუ ცუდ არიან მიზეზნი ესე, გარნა არიან რაჲმე მიზეზ. ხოლო შენ, ჵ, მოშურნეო, მითხარ, თუ რომელ მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქვს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლე.
რამეთუ უკეთუ მტერთაცა სიყვარული ბრძანებულ არს ჩვენდა, ხოლო რაჟამს მოყვარენიცა გვძულდენ, რაჲ სიტყვა მიუგოთ? და ვითარცა უფალი იტყვის, ვითარმედ: „რომელი მეგობართა ოდენ ჰყვარობდეს, არარაჲთ უმჯობეს არს წარმართთასა”[მთ. 5,47]. მაშა რომელი კეთილის მყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი სასჯელი მიიღოს მან?
ესე ვნება შურისა, სიძვისაცა უძვირეს არს და მრუშებისა. რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა სიბოროტემან ეკკლესიანი დიდნი დააქცივნა და სოფელი განხრწნა; შურისა მიერ მოკლა კაენმა აბელი, შურისა მიერ ეძიებდა მოკლვად ესავ იაკობს, შურისა მიერ განჰყიდეს იოსებ ძმათა, შურისა მიერ ჰბრძავს ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძვირესი ესე არს, რომელ ცოდვა ესე ბოროტი მსუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს.
დაღაცათუ იტყვი, ჵ, მოშურნეო, თუ: „მე არა მოვკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა“. გარნა უკეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.
არამედ იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა და შერისხეს მას და მოიქცა სინანულად. ხოლო ეშურებოდა აბელს კაენი და არა მიიღო კურნება, არამედ ღმერთი ზედას ზედა ეტყოდა, და იგი უმეტესად განძვინდებოდა. ესრეთ უძვირეს არს შური და ძნიად საკურნებელ, უკეთუ არა ვისწრაფოთ სრულიად ძირითურთ აღმოფხვრად მისა.
ხოლო აღმოვფხვრათ ესრეთ, უკეთუ ვიგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკეთუ ვეშურებოდეთ მოყვსისა კეთილსა. ხოლო ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩვენზედა, უკეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყვსისასა. ამისთვის პავლე გვამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა მტირალთა თანა, რათა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა. დაღაცათუ ჩვენ არა დავშვრეთ, თანაზიარ შრომისა მათისა ვიქმნეთ, რომელთათვის გვიხაროდეს.
ესრეთ უკუჱ ვიღვაწოთ, ძმანო, აღმოფხვრად ჩვენგან შურისა, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.