სწავლა 63. ნაყროვანებისათვის და მთვრალობისა

ჵ, ძმანო ჩემნო, რაჲმცა იყო ბოროტი, რომელი არა იქმნებოდის ნაყროვანებისაგან და მთვრალობისა?! რამეთუ კაცსა უძვირეს ღორთასა გამოაჩინებენ: ღორი მწვირესა შინა ინწუპების და საჭმელ მისა არიან სიმყრალე, ხოლო მომთვრალე და ნაყროვანი უძვირეს მისა არს. რამეთუ გულისთქმათა მოიპოვებს უცხოთა ბუნებისაგან და ტრფიალებათა უსჯულოთა ფრიად საძაგელთა. და უფროსღა ვსთქუა, თუ ეშმაკეულთაგან არარაჲთ განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე ყოველთა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწვირისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი, ვითარცა იგი ზამთარსა შინა და ნეფხვასა ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა კეთილსა. ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ – მხურვალე და მოსწრაფე. მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონიო”. ჵ, უგუნურება ესე! სხუანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღმრთისათა აბრალებაა? კაცო უგულისჴმოო, არათუ ღვინომან ჰქმნა უჯეროებაჲ, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: „ნუმცა არს მთვრალობაჲ, ნუმცა არს უძღებებაჲ”. ხოლო უკეთუ იტყვი: „ნუმცა არს ღვინოჲ, რამეთუ მისგან იქმნების მთვრალობაჲ”, კვალად სხუასა ჟამსა სთქუა: „ნუმცა არს რკინაჲ, რამეთუ მით იქმნებიან კაცის კულანი; ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი; ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი”. და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დაჰხსნა სთქუა შენ. გარნა ნუ ესრეთ იქმ შენ, რამეთუ ესე საქმე საეშმაკო არს. ნუმცა აბრალებ ღვინოსა, არამედ მთვრალობასა, რამეთუ ღვინოჲ მოგვეცა სიხარულად წესიერად, არა უშვერებად და უწესოდ. ღვინოჲ მოგვეცა სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ღვინოჲ მოგვეცა ჴორცთა განმაძლიერებელად, არათუ ჴორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რაჲსა ეტყვის პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომანქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა”(1 ტომ. 5,23). ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაჲ ღვინისა, ვიდრემდე უბრძანა მოძღვარმან, რაჲმცა სიტყვა მიუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითვრებით? ღვინოჲ სიხარულად მოგვეცა. ვითარცა იტყვის დავით: „ღვინომან ახარის გულსა კაცისასა”[ფს. 103,15]. ხოლო შენ, ჵ, მომთვრალეო! ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ; და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა. არამედ გევედრები, მორწმუნენო, ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან და მთვრალობისა და ვზრუნვიდეთ წესიერებისათვის, რათა ჴორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩვენნი ვიხსნნათ ნაწილისა მისგან მდიდრისა, რომელი დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფროსღა ვიღვაწოთ, ძმანო, ლაზარესთანა გლახაკისა, წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისლვად და საუკუნეთა კეთილთა მკვიდრ ყოფად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.