სწავლა 64. მთვრალობისათვისვე
იტყვის მოციქული პავლე: „ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე”(ეფეს. 5,18). რამეთუ მომთვრალენი დაითვრნენ რა, იმწუპებიან, ვითარცა ღორნი სიმყრალესა შინა და გარდააბნევენ, რაჲცა აქუნდეს კეთილი: გინათუ სიწმიდე ჴორცთა, გინათუ კრძალულებაჲ, გინათუ გონიერება, გინათუ სიბრძნე, ანუ თუ სიმშვიდე, გინა სიმდაბლე.
ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ: „მთვრალობითა სასუფეველი ცათა ვერვინ იხილოს”, ვითარცა იტყვის: „ნუ ჰსცდებითო, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა ჩუკენთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰართა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ”[1 კორ. 6,9-10).
აჰა, ესერა იხილეთ, რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მოციქულმან მთვრალობაჲ, რამეთუ ნამდვილვე მათ ყოველთა მოყვასი არს და მიზეზი.
აწ უკუჱ, ჵ, კაცო! გულისჴმა ვჰყოთ და არარაჲსა ამის და უსარგებლოჲსა საქმისათვის ნუ მივსცემთ თავთა ჩვენთა ესევითართა ბოროტთა სულისა წარმწყმედელსა. არამედ გევედრები, ძმანო, განვეშორნეთ შვებისაგან და მთვრალობისა, და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისათა აღვასრულნეთ დღენი ჩვენნი, რათა ვჰპოვოთ მოტევება ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.