სწავლა 65. თავი კბ [22]. მარხვისათვის
საყვარელნო, მარხვა სამოთხესა შინა განიწესა. რამეთუ ადამ არა დააკლო ღმერთმან მარხვასა, რომელსაცა ჰრქუა: „ყოვლისაგან ხისა, რომელ არიან სამოთხესა შინა, სჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, რომელ არს ცნობად კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან”[დაბ. 2,16-17]. და ესე არს სახე მარხვისა.
ხოლო უკეთუ სამოთხესა შინა იყო მარხვაჲ, რაბამ უფროს გარე სამოთხისა სარგებელ არს? უკეთუ პირველ წყლულებისა იყო წამალ, რაბამ უფროს წყლულებასა ზედა? უკეთუ არღარა შემოსრულ იყო ჩვენ ზედა ბრძოლა გულისთქმისა და სახმარ იყო საჭურველი მარხვისა, რაბამ უფროს აწ შორის ბრძოლათა გულისთქმათასა მდგომარეთა საჭირო არს მარხვაჲ.
ხოლო ესეცა სცანით, თუ ვითარ განურისხნების ღმერთი შეურაცხისმყოფელთა მარხვისათა და რაბამ უფროს უყვარს მისი პატიოსან ყოფაჲ? არა პატივ სცა ადამ მარხვასა, ვინაცა ესმა ჴმაჲ უფლისა მეტყველი, ვითარმედ: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც”[დაბ. 3,19]. ხოლო ამის მიერ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარ არა სათნო უჩნს ღმერთსა, ვინ მარხვასა ჰგმობდეს, რამეთუ მუნვე მეყსეულად სიკუდილსა შეიმოსს შეურაცხისმყოფელი მარხვისა.
და გულისჴმა ჰყავთ ძალი მარხვისა, რამეთუ მარხვა გვასწავებს ჩვენ მოქცევასა სინანულად, ვითარცა დიდი იგი ქალაქი ნინევისა წარწყმედისაგან იხსნა მარხვამან და სინანულმან და ცხოვრებად მოაქცივნნა.
ხოლო მოსეს და ილიას ოდეს უნებდათ მიახლება ღმრთისა მიმართ და ზრახვად, პირველ უკუჱ მარხვისა მიმართ მიივლტოდეს და ლოცვითა მარხვისათა მიახლებულ იქმნებოდეს მისსა.
ხოლო იმარხა თვით თავადმანცა ღმერთმან და უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ორმეოცი დღე, არა მოხამსემან მარხვისამან, არამედ სახედ მოგვცა ჩვენ და სძლო ყოველსა ძალსა ეშმაკთასა. და ჩვენცა გვამცნებს მარხვასა მეტყველი, ვითარმედ: „არარაჲთ განვალს ნათესავი ეშმაკისა, გარნა ლოცვითა და მარხვითა”[მთ. 17,21].
ამისთვის ვიმარხვიდეთ, საყვარელნო, რათა განვერნეთ ბრძოლათა ეშმაკისათა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ზეცისათა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.