სწავლა 67. მარხვისათვისვე
საყვარელნო, მარხვა დედა არს სიწმიდისა და წინამძღვარი ლოცვისა. მარხვა ცხადმყოფელი არს სინანულისა და ყუავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა.
მარხვა არა ჭამადთა ზედა ოდენ გამოისახვის, არამედ ყოველთა ვნებათაგან ჯერ არს მარხვაჲ. და უფროსად ჭეშმარიტი მარხვა ესე არს, და სათნო ღმრთისა, რათა მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მშიართა და შევმოსდეთ შიშველთა, რათა მუნ გამოგვზარდნეს ჩვენცა ქრისტემან და შეგვმოსოს სამოსელი უხრწნელებისა.
უკეთუ აქა დავიმარხნეთ ქრისტეს მცნებანი და ვასვათ წყურიელსა, მუნ არღარა ვსთქუათ, ვითარცა მან მდიდარმან, შვებასა შინა მყოფმან, თუ: „მოავლინე ლაზარე, რათა განმიგრილოს სასაჲ ჩემი”[ლკ. 16,24].
უკეთუ აქა შევიწყნაროთ უცხოჲ, მუნ ქრისტე სავანეთა მრავალთა განგვიმზადებს.
უკეთუ მივიდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, ქრისტემანცა გვიხსნნეს საპყრობილისაგან საუკუნოჲსა.
უკეთუ უცხოჲ შევიწყნაროთ, ქრისტემანცა შეგვიწყნარნეს უცხო ქმნილნი ესე სასუფეველისაგან ცათასა.
უკეთუ უძლური ვიხილოთ, ქრისტემანცა ადრე განგვათავისუფლნეს უძლურებისაგან ჩვენისა.
და ამისთვის, გევედრები, საყვარელნო ძმანო, აქა მივსცეთ მცირედნი დიდთა მათ ნიჭთათვის, ვიდრეღა ჟამი გვაქუს. ვსთესოთ ცრემლითა, რათა მოვიმკოთ სიხარულითა. რამეთუ აწ არს ჟამი თესვისა და რომელმან არა სთესოს, საწყალობელ არს იგი.
ნუმცა უკუჱ უდებ ვიქმნებით, ძმანო, არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი და შევინანნეთ ცოდვანი ჩვენნი; ვსთესოთ თესლი მოწყალებისა ჴელთა შინა გლახაკთასა, რათა მოვიღოთ ნაყოფი მდიდრად და გვირგვინი ჴელისაგან ქრისტესისა. და ესრეთ ბრწყინვალებითა სასუფეველსა ცათასა მკვიდრ ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.