სწავლა 7. ლოცვად აღდგომისათვის

მიიღე ფარი სიმტკიცისა, ჵ, ძმაო, საყვარელო, ესე იგი არს წმიდანი ლოცვანი და მით შეზღუდვილ იქმენ. აღსდეგ ძილისაგან და იხადე მახვილი ესე ლოცვისა და დასდეგ მტკიცედ ძალისაებრ შენისა და ევედრე ღმერთსა სურვილით, ყოვლითა სულითა შენითა და შეგეწიოს შენ ღმერთი მოს¬წრაფედ, და მოგცეს შენ ძალი და ძლიერება ძლევად უხილავისა მტრისა შენ ზედა კადნიერისა. რამეთუ არა მისთვის არს, ძმანო, ღამე ქმნილი , რათა მარადის გვეძინოს და უქმად ვიყვნეთ, არამედ ჯერ არს განყოფად ღამე, რომელნიმე უკუჱ საქმედ, ხოლო რომელნიმე განსვენებად. იხილეთ უკუჱ, ვითარ აღსდგებიან ჴელთმოქმედნი შუა ღამესა, მხუნელნი და ვაჭარნი. ამისთვის გევედრები თქვენცა, ყოველნი აღსდგებოდეთ კაცად კაცადი ღამე და პირველ ყოველთა საქმეთა ჰყოფდეთ ლოცვასა ღმრთისა მიმართ, რათა მოწყალება თვისი მოგანიჭოს თქვენ. და ოდეს დასწვებოდეთ ძილად, ნუ უტევებთ ნუცა ერთსა ღამესა, რომელ არა თაყვანის სცემდეთ ღმერთსა. არამედ რაოდენი უკუჱ ძალგედვასთ ძალისაებრ თქვენისა, ჰყავთ თაყვანისცემაჲ, რამეთუ ლოცვითა და თაყვანისცემითა სძლევს კაცი ძალსა ეშმაკისასა და ლოცვისა მიერ იხსნები ცოდვათაგან , რომელი ჰსცოდე მას დღესა. რამეთუ ღამით გონებაცა შენი უმსუბუქეს არს და მიახლებულ ღმრთისა მიმართ და ძალუძს შენი სინანულად მოქცევაჲ. ლოცვასა ღამისასა და ღამეულთა ლოცვათა უფროს ისმენს ღმერთი, რამეთუ მაშინ სულიცა შენი უპატიოსნეს არს მყუდროებითა და გონება შენი დაწყნარებულ ვედრებად ღმრთისა. ვინაცა , საყვარელო, აღსდეგ ღამე და მოიდრიკენ მუხლნი და შეუვრდი ღმერთსა მვედრებელი: „მოყოს ყური თვისი ღმერთმან და ისმინოს ვედრება შენი“[ფს. 87,2]. მოიხსენე უკუჱ დავით მეფისა, ვითარ იტყოდა: „შვიდგზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო”[ფს. 118,164], და კვალად: „შუაღამე აღვსდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლეთა შენთასა. და დავშვერი მე სულთქმითა ჩემითა, ღამე ყოველ ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტე”(ფს.118,62); [ფს. 6,6]. გულისჴმა ვჰყოთ, ძმანო, უკეთუ მეფედ მყოფსა ესოდენი აქუნდა მწუხარება და ესრეთ ჰყოფდა ღამე ყოველ. ხოლო ჩვენ ვითარი პასუხი მივსცეთ ღმერთსა უდებებასა შინა მყოფთა? გევედრები თქვენ, ძმანო, აღვსდგეთ ვედრებად ღმრთისა ცოდვათათვის ჩვენთა და აღსაარებად მისა, რამეთუ ღამესა შინა არცა ცუდად მზუაობრობა აღსძრავს გონებასა და არცა ვის ეკდიმებინ – რამეთუ არავინ გავნებს, არცა გქენჯნის. იყავნ სახლი თქვენი, ვითარცა ეკკლესია ღამე ყოველ, ქმარნი ცოლთა თანა დადგინებულ ლოცვად, რამეთუ სთქუა უფალმან: „სადაცა არიან ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა”[მთ. 18,20]. კეთილ არს ღმრთისა ნებისა ყოფაჲ. უკეთუ თქვენგანთა ვისთანამე შვილნიცა არიან , განაღვიძეთ იგინი ვედრებად ღმრთისა და ასწავეთ მათ, რათა ილოცვიდენ ღამე და დღე. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ კეთილი სახლეულისა, ვითარ ღამე და დღე ლოცვა და ხსენება ღმრთისა. ისმინეთ რაჲსა იტყვის წინასწარმეტყველი: „უკეთუმცა მოგიხსენო შენ სარეცელსა ზედა ჩემსა და ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, უფალო”(ფს. 62,7). ვისწრაფოთ უკუჱ, ძმანო, ღამე ყოველ, რათა განვიხსნნეთ საკრველნი ცოდვათა ჩვენთანი ლოცვითა. გეტყვი თქვენ – აღსდეგით ღამე; უკეთუ არა შუაღამ, მაშა განთიად ევედრებოდეთ ღმერთსა. რამეთუ ღამე ორად განყოფილ არს – ჴორცთა განსვენებად და სულისა ცხოვნებად ლოცვისა მიერ. აღსდეგ უკუჱ ღამე და ევედრე ღმერთსა, შეუვრდი სულთქმით დამბადებელსა შენსა ცოდვათა მოტევებისათვის და საუკუნოსა დიდებისა პოვნისათვის, რომლისა მიმთხვევად ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.