სწავლა 70. კვალად სინანულისათვისვე

სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმედელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკუჱ ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან. უკეთუ გვენებოს, რამეთუ ჯერეთ სავაჭრო სდგას, და ქადაგება სინანულისა იქადაგების, ვითარმედ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა”(მთ.3,2; 4,17). უკეთუ დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკუდილისათა, ნუ ჰგონებ თუ განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასოებასა შენისა ცხოვნებისასა. არამედ გულისჴმა ჰყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯვარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსა ზედა, არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლდა ცოდვათაგან. უკეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდობი სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმედ: „შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაო“, „რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა მოიწიოს“[1 თესალ. 5,2]. ამისთვის უცნაურ ჰყო ჟამი აღსასრულისა ჩვენისა უფალმან, რათა საცნაურ და ჭეშმარიტ ვჰყოთ მოსწრაფება ჩვენი, და მოქცევა ცოდვათაგან არა ვადროოთ. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩვილნიცა წარიტაცებიან სიკუდილისაგან და ჭაბუკნი უცნაურად მოსწყდებიან? ამისთვის წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა ჰსდროებ დღითი დღედ, ნუუკუჱ ვიდრე იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელისათა”[ზირ. 5,7]. ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა ისწავენ კაცად კაცადმან მოძღვრება ესე, რათა არცა ვინ ჭაბუკი უზრუნველ იყოს, არცა ბერი სასოწარკვეთილ. რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენნი, არამედ უკეთუ შევინანოთ ღირსად, არა მოტევება ხოლო ვპოვოთ, არამედ ცხოვრებაცა საუკუნო დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველსა მოგვეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთმოყვარე არს. უკეთუ შევინანოთ, ყოველივე აღგვიხოცოს ცოდვანი ჩვენნი. ამისთვის გევედრები, ძმანო, პირველნი ცოდვანი ჩვენნი შევინანნეთ ჯეროვნად და მომავალთაგან დავიცვნეთ თავნი ჩვენნი, რათა საუკუნეთა მათ სატანჯველთა განვერნეთ და გვირგვინი დაუჭნობელი მოვიღოთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.