სწავლა 73. საქმეთათვის კეთილთა
საყვარელნო, ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა და ვადიდებდეთ ძესა ღმრთისასა მხოლოდშობილსა; არა ოდენ მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა. რამეთუ: „მართლმორწმუნოება ოდენ, თვინიერ საქმეთა კეთილთა, არარად სარგებელ არს“[იაკ. 2,26]. რამეთუ: „უკეთუ შენ ჰურია გეწოდების და განისვენებ სჯულსა ზედა, და იქადი ღმრთისა მიერ, აწ უკუჱ რომელი ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავებაა? რომელი ეგე, სჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა სჯულისათა ღმერთსა შეურაცხ ჰყოფ“[რომ. 2,17-23].
აწ უკუჱ, ძმანო, ვიხილოთ ჩვენცა, ნუუკუჱ სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდეთ და არა ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა, რომელნი სარწმუნოებასა ამას ჩვენსა შეეტყვებოდენ და ამისთვის განვარისხებდეთ ღმერთსა ჩვენ ზედა და ჩვენ მიერ იგმობოდეს სახელი მისი წმიდა.
რამეთუ ჯერ არს, რათა ქრისტეანე მოძღვარი იყოს ყოვლისა სოფლისა და ნათელ და მარილ და საფუარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყვის. ხოლო რაჲ არს ნათელ ყოფაჲ? ესე იგი არს ცხოვრება ბრწყინვალე და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იყოს სიბნელე, რამეთუ ნათელი არა თავისა თვისისა სახმარ არს, არცა მარილი, არცა საფუარი, არამედ სხუათა მიერ გამოაჩინებენ სახმარობასა თვისსა. ეგრეთვე უკუჱ ჩვენცა, არა თავთა ჩვენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა. „რამეთუ მარილი უკეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ“[მთ. 5,13; მრკ. 9,50; ლკ.14,34].
და კვალად ესეცა გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: უკეთუ ჩვენ წარვმართოთ კეთილი საქმე, მოსლვად არიან სხუანიცა ჩვენსა მას კეთილსა საქმესა ზედა. ხოლო უკეთუ ჩვენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?
ნუმცა არს უკუჱ ჩვენ შორის, ჵ, ძმანო, დრკუ რაჲმე და დახსნილობისა და სიცოფისა სახე, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი და ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოსა ამის ცხოვრებისანი. ამისთვის ეწოდა ქალწულთა მათ „ცოფ“, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ იყო შეკრებაჲ; და სადა სიმდიდრე კეთილ იყო, მუნ გლახაკ იყვნეს.
შიშ არს უკუჱ და ძრწოლა, ნუუკუჱ წარვიდეთ ჩვენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებულები სამოსლები.
არარაჲ არს ცოდვისა უბილწეს და უსაძაგელეს. ამისთვისცა ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმანებდა წინასწარმეტყველი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).
ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვეყენნეთ ცოდვასა და ბოროტთა საქმეთა და მარადის ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა, რომელნი ნათელ გვყოფენ ამას სოფელსა წინაშე კაცთა, ვითარცა იტყვის: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი”(მთ. 5,16). ხოლო მას საუკუნესა „ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ღმრთისასა”[მთ. 13,43], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.