სწავლა 74. თავი კე [25]. გლახაკთ მოყვარებისათვის
საყვარელნო ძმანო ჩემნო, შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღმრთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდშობილსა ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა?
რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაჲ და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის თავსდებაჲ ჭირისა; და ყოველი ჩვენი მისა მინიჭებად არა გვშურს. ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია, რომელნი ესე მტერ მისა ვიყვენით და საუკუნოჲსა სატანჯველისაგან გვიხსნნა და ჩვენ აწ არცათუ უნდოსა სახმარსა მივსცემთ მას, ვინ მიხსნნეს ჩვენ საუკუნოსა ცეცხლისაგან!
არა ჩვენ თვით დავსჯითა თავთა ჩვენთა? არა საუკუნოსა გეენიასა ნებსით მივეცემითა? რამეთუ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ არა საფასენი, არამედ სულიცა ჩვენი თუ მიგვეცა, არამცა ღირსვე იყო ქველისმოქმედებისა მისისა. არამედ არა გულისჴმა ვჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ.
რამეთუ მონათა და ცხენთა ოქროჲთა შევამკობთ, ხოლო ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, არცათუ პურსა მივსცემთ მრავალგზის; და შიშველი თუ იყოს, არა შევმოსთ და უფროსად რისხვით განვსდევნით. და იგი სახიერი სიგლახაკესა თავს იდებს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩვენზედა მოფენად. და შიშველი მიმოვალს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვსცეთ შემოსად ჩვენდა სამოსელი უხრწნელებისა.
გარნა შენ, ჵ, კაცო, სამოსელნი შენნი, რომელნიმე მღილთა მიერ შეჭმულ არიან, რომელნიმე ამაოდ სხენან და რომლითამე შენ იმკობი, რათამცა უბნისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაჲ არა გნებავს. რასა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაჲ კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკობიან და უმეტესცა. არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოება არს, რომელი შვენიერ ჰყოფს სულსა.
ამას მარადის ვიტყვი და თქმად არა დავსცხრები, რამეთუ არა ესეზომ მიყვარან და მეწყალვიან მე გლახაკნი, რაზომ თქვენი სული. იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს, ანუ თვით მას მდიდარსა. ეგრეთვე თქვენ უმეტესი გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა და მათვე სიტყვათა მდიდრისათა იტყოდეთ ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოვოთ წყალობაჲ.
არამედ ნუმცა ვის ასმია ჴმა იგი! გარნა შევიყვაროთ, ძმანო, გლახაკი, რომელ არს ქრისტე და ვაჩვენოთ წყალობაჲ, რათა წიაღთამცა აბრაჰამისთა მივიწივნეთ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.