სწავლა 75. გლახაკთ მოყვარებისათვისვე
ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, საყვარელნო, რათა სრულ იყოს კაცი ღმრთისა ყოვლისა კეთილისა მიმართ, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკეთუ ილოცვიდეს ფრიად, ხოლო მოწყალება არა აქუნდეს; ანუ მოწყალება აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან იქმოდეს, ანუ მაჩვენებლობით კაცთათვის; ანუ კეთილად იქმოდეს მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს; ანუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყვარება აქუნდეს. დედა იგი ყოველთა ბოროტთა ვეცხლისმოყვარება არს, რომელი მოაძულებს გლახაკთა.
ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ბოროტისა მისგან ვეცხლისმოყვარებისა, რამეთუ ამან სოფელი ყოველი დაუწყნარებელ ჰყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგვაშორებს, რამეთუ: „შეუძლებელ არს მონება ღმრთისა და მამონასი“[მთ. 6,24; ლკ. 16,13].
რამეთუ ქრისტე გვამცნებს გლახაკთ მოყვარებასა და მოწყალებასა, ხოლო იგი – მტაცებლობასა და უწყალოებასა. ქრისტე გვიბრძანებს, რათა შეუნდოთ თანამდებთა ჩვენთა [მთ. 6,12], ხოლო იგი – რათა რომელთა არა ევნოს ჩვენდა, მათცა ვავნებდეთ.
ქრისტე იტყვის, ვითარმედ: „მოწყალე იყავ”[ლკ. 6,36], ხოლო იგი იტყვის, ვითარმედ: „უწყალო იყავ და გულფიცხელ და ნურად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთანი, რათა დღესა მას სასჯელისასა უწყალო იყოს უფალი ჩვენ ზედა“.
რამეთუ მაშინ ყოველი საქმე ჩვენი წინაშე თუალთა ჩვენთა წარმოგვიდგეს და ჩვენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძვირხილულნი და ყოველსა სიტყვასა ჩვენგან მიგვიღებდენ. რამეთუ, უკეთუ ლაზარეს არარაჲ ვნებოდა მდიდრისაგან, გარნა ოდენ მის მიერ მოწყალება არა მიეღო, და იყო იგი შემასმენელ მისა და პირის დამყოფელ. ხოლო რაჲმე ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ?
უკეთუ რომელთა მშიარი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცვივნეს. ხოლო რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცონ, იგინი რაჲსა ღირს იქმნენ? ანუ რაჲ ნუგეშინისცემა ჰპოვონ?
ვივლტოდეთ უკუჱ, ძმანო, ამის ბოროტისაგან. მოვიხსენნეთ პირველ ჩვენსა ყოფილნი ანგაჰარნი. არა საფასენი მათნი აწ სხუათა ჰქონანა? ხოლო იგინი ცეცხლსა შინა იგვემებიან. ვითარ უკუჱ არა სიცოფე არს ესევითარი უბადრუკებაჲ, რომელ სიცოცხლესა, შრომასა და ბოროტსა შინა ვიყვნეთ და წარრავიდეთ ამიერ საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ.
გევედრები, საყვარელნო, შევიყვაროთ გლახაკი და ვსწყალობდეთ მათ, რომელი ქრისტესდა მიიწევის. რამეთუ იტყვის: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ”[მთ. 25,40]. რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ. რამეთუ ვითარცა ცოდვა, პირველ გეენიისაცა აქავე ჰსტანჯავს, მხილებითა მით გონებისათა, მოქმედთა მისთა; ეგრეთვე, სათნოება პირველ სასუფეველისაცა აქავე მოქმედთა მისთა სასოებითა კეთილითა ახარებს.
ვიღვაწოთ, ძმანო, რათა ჩვენცა ესევითარი მოქალაქობა გვაქვნდეს, რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.