სწავლა 82. კვალად სიმართლისათვისვე

საყვარელნო, ქრისტემან ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ მოსლვად”(იო. 7,34). ხოლო მეშინის ნუუკუჱ ჩვენდა მომართცა ითქუას ესე ცხოვრებისა ამის ჩვენისთვის, სავსისა ცოდვითა და სიცრუვითა. რამეთუ, ვინათგან არა გვაქვს ჩვენ სიმართლე, ვერ მივიდეთ სადა იგი არს, რამეთუ მოწაფეთათვის იტყვის, ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ”(იო. 17,24). ხოლო მეშინის ჩვენთვის, თუ წინააღმდგომი ითქუას. ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალგიძსთ მოსლვად”. რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად, რამეთუ ამასცა სოფელსა მხედარი, რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. ხოლო ქრისტე გვამცნებს სიმართლესა და ჩვენ ცრუ ვიყვნეთ და მტყუარ; ქრისტე გვამცნებს მოწყალებასა და ჩვენ მტაცებელ ვიყვნეთ და ანგაჰარ; ქრისტე გვიბრძანებს სიყვარულსა და ჩვენ მოძულე ვიყვნეთ და უწყალო; – ვითარ შეუძლოთ მუნ მისთანა შესლვად. და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელეწიფა შესლვად, სადა იგი სიძე იყო, რომელთა დაეხშა კარი წყალობისა. არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ჴმისა მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქვენ”(მთ. 25,12). ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისა მის, თუ: „არა გიცნი თქვენ”? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რა გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არარაჲ გვეხილვა. და რაჟამს ჩვენ არა გვეწყალოდეს გლახაკი და მშიარი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვითარ შეგვიწყალნეს ჩვენ, რაჟამს წყალობა გვიხმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ ჰყოს ჭირვეული და არა მისცეს თვისისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არა თვისი იგი? ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა ყოვლით კერძო ვიქმოდეთ სიმართლესა და სიმართლისა მიერ მონაგებისა მოწყალებასა, რათა არა მოგვაკლდეს ჩვენ ზეთი იგი, არამედ შევამკოთ ლამპარი ჩვენი ბრწყინვალედ, და შევიდეთ სიძესა მას თანა, უკუდავსა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.