სწავლა 83. თავი კჱ [28]. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა
საყვარელნო, ნუმცა უკუჱ ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების, რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: „თქვენ ქრისტესნი ხართ”(გალ. 3,29).
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე მეფისად, ანუ ერისთავისად ეწოდებოდეს, დიდად აქუს პატივად, რომელ მისდა ეწოდების. მაშა ჩვენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა მთავარანგელოსისა, ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა – ყოველთა მეუფისა ღმრთისა, არა დავსდვათა სული ჩვენი სიკუდილად, რათა არა შეურაცხად გამოსჩნდეს ჩვენი ესე სახელი?!
არა ჰხედავთაა მხედართა მათ გარემოს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩვენ ღირს ქმნულ ვართ მახლობელ ღმრთისა ყოფად, არა ვითარცა იგინი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავისა, და არა ყოვლით კერძო ჯერ არსაა მოსწრაფება, რათა მსგავს ქრისტესსა ვიქმნეთ?
ხოლო უკეთუ ქრისტეს ბაძვაჲ გვნებავს, ისმინეთ, რაჲსა იტყვის იგი, ვითარმედ: „მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა – სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს”(მთ. 8,20; ლკ.9,58). რამეთუ ჯერ იყო ჩვენდაცა ესრეთ ყოფაჲ. არამედ რათა ესე დაუტეოთ თქვენისა უძლურებისათვის, და ვითხოვო თქვენგან მსუბუქი საქმე, რათა არა ესრეთ ფრიად მოყვარე იყვნეთ საფასეთა მაგათ. და, ვითარცა უძლურებისა თქვენისათვის, სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქვენგან, ეგრეთვე თქვენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა. და ნუ მონა მონაგებთა თქვენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იყვენით. რამეთუ სახმარ ამისთვის ეწოდების საფასეთა, რათა ვიხმარებდეთ და არა ვმარხვიდეთ. რამეთუ დამარხვა მონისა არს, ხოლო ხმარებაჲ უფლისა.
არათუ ამისთვის მოგვეცნეს საფასენი, რათა დავფლათ ქვეყანასა შინა, არამედ, რათა განუყოთ, რომელთა უხმდეს. და უკეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსა, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქვეყანისათა.
ხოლო მოგვცა იგი, რათა ურთიერთას მივსცემდეთ. უკეთუ კულა ვმარხვიდეთ ოქროსა, არღარა უფალ მისსა ვართ, არამედ მონაჲ. და უკეთუ ამისთვის ჰმარხავ, რათა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რათა უმეტესი შემოიკრიბონ; და ნავად შევლენ და შორთა ქვეყანათა წარვლენ, რათა განაბნიონ ოქროჲ მათი და უმეტესი შეიძინონ. და მუშაკნიცა განაბნევენ იფქლსა მიწასა შინა, რათა მრავლად მოიღონ, და ჰშვრებიან მას ზედა მრავალჟამ.
ხოლო შენდა, ძმაო, არცა ნავი სახმარ არს, რათა უცხოთა ქვეყანათა წარხვიდე, არცა შეუღლება ჴართა, მოხვნად ქვეყანისა, არცა ზრუნვად წვიმისათვის, ანუ შიში სეტყვისა, გინა აღძვრისა ზღვისა, ანუ შიში კლდეთაგან ზღვისათა, არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უხმს: „რათა განაბნიო საფასე შენი ჴელთა შინა გლახაკთასა“ და სხუა ყოველივე მან მუშაკმან ჰქმნას, რომლისათვის იტყვის ქრისტე, ვითარმედ: „მამა ჩემი მუშაკი არს”[იო. 5,17; 14,10; 15,1].
ვითარ უკუჱ არა ბოროტ არს, უკეთუ – სადა ესრეთ უშრომელად მოგვეცემის ყოველივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, და უცნაურ არს, თუ ჰქმნას თუ არა, და მუნ ყოველსა მოსწრაფებასა ვაჩვენებთ.
ნუ, გევედრები, საყვარელნო, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩვენისა ცხოვრებისათვის. არამედ სადა ესე შრომა არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რათა საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.