სწავლა 85. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ჵ, კაცო ამაოო, წარმავალთათვის გსურის და წარუვალთა არა ეძიება? და შენ, უკეთუ ვინ იხილო, ვითარმედ: დრაჰკანსა ოქროსასა დააგდებდეს და ტყვივისასა აღირჩევდეს, ფრიად აბრალებ მისსა უმეცრებასა. ხოლო შენ ამისსაცა უუნდოესსა შეჰკრებ და გგონიეს, ვითარმედ სიმდიდრე გაქვს. არამედ მე მდიდრად მას ვიტყვი: „რომელსა სოფლისა საქმენი შეურაცხ ექმნენ“. რამეთუ არავინ შეურაცხ ჰყოფს უნდოთა მათ საქმეთა, უკეთუ სურვილი უზესთაესისა მის არა აქუნდეს, ვითარცა ტყვიასა არა ვინ უგულებელს ჰყოფს, უკეთუ არა იცნას ოქროჲ. და შენცა, უკეთუ იხილო კაცი, რომელი ყოველსა სოფელსა თანა წარვლიდეს, სცან, ვითარმედ: საუკუნოსა მის სურვილი დამკვიდრებულ არს მისთანა. ეგრეთვე მუშაკი მცირესა იფქლსა შეურაცხ ჰყოფს, რაჟამს უმეტესსა მოელოდეს ნაყოფსა. და უკეთუ სადა ესე უცნაურ არს, თუ მოვიღოთ ნაყოფი, ანუ არა, და ესრეთ შეურაცხ ვჰყოფთ მონაგებსა ჩვენსა, არა უფროსად, სადა იგი მტკიცე არს და უეჭველი მოღება ნაყოფისა, დავთესოთა თესლი მოწყალებისა?! ამისთვის გევედრები, ძმანო, ნუმცა დავიმჭირვებთ კეთილთა მათ ზეცისათა. მოვიხსენოთ სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა, ვითარმედ: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღიხოცენ”[დან.4,27], არამედ ნუ ესრეთო, რათამცა: „დღეს ჰქმნეო და ხუალე დასცხრე“. რამეთუ ვითარცა ჴორცთა ამათ მარადღე საზრდელი უხმს, ეგრეთვე არს სულიცა. რამეთუ უფროსად სულსა ეხმარების და უკეთუ არა მივსცეთ – მოუძლურდების. და ნუმცა უკუჱ შეურაცხ ვჰყოფთ, რამეთუ ჭირსა შინა მოიშთობის მარადღე, და მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქმათაგან, გულისწყრომისაგან, ძვირისზრახვისა, უდებებისა, ძვირისხსენებისა და შურისა. ჯერ არს უკუჱ, რათა წამალნიცა დავასხნეთ მას ზედა. ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისა, ყოველთათვის წყლულებათა, რამეთუ იტყვის: „მიეცით მოწყალება და ყოველივე თქვენი წმიდა იყოს”[ლკ. 11,41]. მოწყალება დასდევით თქვენ ზედა, საყვარელნო, და ნუ ანგაჰარებასა დასდებთ. ხოლო მოწყალება ჯერ არს, რათა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკეთუ არა, მოწყალება ანგაჰარებისაგან ქმნილი, არად სარგებელ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შვენიერ ჰყოფს და განაპოხებს. ვიცხოთ უკუჱ, ძმანო, ესე ზეთი ჴელთა ჩვენთა, რათა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნება დაიხსნების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდეს, დამდაბლდების, უკეთუ გულისჴმა ჰყოფდეს ბუნებასა მას კაცობრივსა. ეგრეთვე ჩვენ, უკეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდეთ და ვსწყალობდეთ მარადის, ფრიადი სიბრძნე მოვიგოთ ამის საქმისაგან, და ყოველი სოფელი შეურაცხ ვჰყოთ, და ავმაღლდეთ ზეცად და მუნ ანგელოსთა თანა ვიშვებდეთ და ყოველთა მეუფესა ვადიდებდეთ საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამასა და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.