სწავლა 86. თავი კთ [29]. სასუფეველის დიდებისათვის
საყვარელნო, ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის, ვითარმედ: „მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა”[იო. 17,24]. რამეთუ, უკეთუ აქა დიდება მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რომელ მთასა თაბორსა მოციქულთა თუალთშედგმად ვერ იკადრეს, რაჲ ვინ სთქუას მერმისა მისთვის დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ესოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყვით ვერვინ გამოაცხადებს.
ჵ, სანატრელნი სამგზის და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს დიდებისა მისისა ხილვად. ამისთვის იტყვის წინასწარმეტყველი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს მან დიდება იგი ღმრთისა”[ეს. 26,10]. არამედ ჩვენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს. ჵ, უფალო, უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან.
რამეთუ უკეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩვენთვისცა თქმად, ვითარმედ: „უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით“[მთ. 26,24]. და რაჲსათვის ცხოველ ვართ, ანუ რაჲსათვის ვიქცევით, უკეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩვენსა ვერ ვიხილავთ.
რამეთუ, უკეთუ რომელნი ამის მზის ნათელსა ვერ ხედვენ, მწარესა ცხოვრებასა შინა არიან, რაჲ ყოფად არს მათდა, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი ნათელი ამის მზისა უბრწყინვალეს არს ბნელისა შეუმსგავსებელად. და კვალად ესეცა არს, რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენა კბილთა.
ნუმცა უკუჱ შთავცვივით მწარითა მით სულმოკლებითა საუკუნოსა მას სატანჯველსა. არამედ განვიფრთხოთ და ვიღვაწოთ, რათა განსვენებასა მას მივემთხვივნეთ, და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ჰსდიოდის, საშინელითა ოხრვითა, წინაშე საყდრისა მის დიდებისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, ვერღარავინ იხსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმაჲ, ვითარცა წინასწარმეტყველნი ღაღადებენ, რამეთუ დავით იტყვის: „ძმამან ვერ იხსნას, კაცმან იხსნასაა?”[ფს. 48,7] ხოლო ეზეკიელ ამისსა უმეტესიცა სთქუა, ვითარმედ: „დასდგენ ნოე და იობ და დანიილ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იხსნენ”[ეზეკ. 14,14-18], რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნა არს ჩვენი (საქმეთა ჩვენთა მიერ კეთილთა) და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუა არარაჲ ეპოების მას.
ამას უკუჱ ვიხსენებდეთ მარადის, საყვარელნო, და განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი, რათა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნო იგი დიდება დავიმკვიდროთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.