სწავლა 88. სასუფეველის დიდებისათვისვე

ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად. და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ. ხოლო ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომელი „თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”(1 კორ. 2,9), რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, შევიტკბოთ სათნოება და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვსჩნდეთ, რათა ზეცისა იგი დიდება დავიმკვიდროთ. ნუ დიდებისა ამის წარმავალისა მოყვარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ, რომელთა აქა მონაგებთა თვისთა მონებაჲ მოუგიესთ და მუნ სიგლახაკე ბოროტი, და ბნელსა შინა გარესკნელსა ყოფაჲ. ნუ ვჰხედავთ მათ, რომელნი შვებასა შინა არიან და განცხრომასა და გულისთქმათა ბოროტთა აღასრულებენ, არამედ იგი მოვიხსენოთ, თუ რაჲ არს აღსასრული მათი. აქა სიზრქე ჴორცთა და სიმყრალე და მას საუკუნესა ცეცხლი და მატლი დაუსრულებელი და სხუანი იგი სატანჯველნი. კვალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისჴმა ვჰყოთ: აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი და მუნ საკრველნი განუხსნელნი. უკეთუ ამას ესევითარსა ვიხსენებდეთ და წინა აღუდგებოდეთ ბოროტთა მათ გულისთქმათა ჩვენთა, ადრე მძლე ვექმნეთ მათ მადლითა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი საუკუნოჲსა მის დიდებისა. ჰე, გევედრები, საყვარელნო, დიდებისა მის სურვილი მოვიგოთ, რამეთუ ხსენებაცა მისი მებრ სახარულევან არს. ხოლო მიმთხვევაჲ მის დიდებისა რომელმანმე ენამან გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაზომ ტკბილ არს და საწადელ. განვეყენნეთ აქა, ძმანო, ცუდისა დიდებისაგან და ნუ ვიჯმნით ქრისტესმიერისა სიგლახაკისა, რათა სასუფეველისა დიდება დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.