სწავლა 89. თავი ლ [30]. ქრისტეანეთათვის ჭეშმარიტისა

ქრისტეანესა უხმს, საყვარელნო, რათა იყოს ნათელი სოფლისა და მარილ, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „თქვენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი”[მთ. 5,13-14]. ქრისტეანე იცნობების საქმეთაგან კეთილთა, რათა აღიძარცვოს ძველი იგი კაცი ცოდვისა და შეიმოსოს ახალი მადლი და მოიგოს ცხოვრება განათლებული და სხუათაცა ანათლებდეს, ვითარცა ნათელი. ხოლო უკეთუ კულა ვერცა თავსა თვისსა უნათობდე, ჵ, ქრისტეანეო, ვინა გიცნა, თუ ქრისტეანე ხარ ჭეშმარიტი? ვინაჲ გულისჴმა ვჰყო, თუ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოსასა? რამეთუ უკეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდე, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამეთუ სიმაღლე პატივისა მაგის შენისა ფრიად არს. ქრისტეანესა უხმს, რათა ყოვლით კერძო საიდუმლოდ ღმრთისა იყოს და სარგებელ ეყოს ყოველთა საქმით, სიტყვით, ხედვით, სლვით და ყოვლითავე სახითა. ხოლო ესე ვსთქუ, არათუ რათამცა მაჩვენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა, არამედ რათა ყოველი ცხოვრება ჩვენი სახილველად ღმრთისა და სათნოყოფად მისა შევმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვეყოფოდეთ და ვანათლებდეთ, ვითარცა ნათელი. არა თავთა თვისთა ოდენ არს ნათელი, არამედ ყოველთა მიმართ. ქრისტეანისა ჯერ არს, რათა ჰბაძვიდეს ქრისტესა, ვითარცა იგი არა თავსა თვისსა სათნო ეყო, არამედ ყოველთა. და პავლეცა არა თავისა თვისისათვის ოდენ ზრუნვიდა, არამედ „ყოველთა ექმნა ყოვლად, რათა ყოველნი აცხოვნნეს“[1 კორ. 9,22] და იტყვის: „მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი”(1 კორ. 11,1). და უფროსღა მაშინ ზრუნავს კაცი თავისა თვისისასა, ოდეს მოყვასთათვის ზრუნვიდეს, რამეთუ: „მოყვსისა ყოველივე ჩვენი არს“ და თანა­გვაძს „შეყვარებად მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“[მთ. 22,39; მრკ. 12,31]. ამისთვის გევედრები, საყვარელნო, თავთა თვისთა განვანათლებდეთ საქმეთა მიერ კეთილთა და სხუათაცა სარგებელ ვეყოფოდეთ, რათა მივემთხვივნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.