სწავლა 90. ქრისტეანეთა ქცევისათვის

გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, ვაჩვენოთ მოქალაქობა კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რათა უფროსად იდიდოს ღმერთი ჩვენ მიერ, რამეთუ ესრეთ ჰშვენის ქრისტეანეთა; და სათნო ვეყოფოდეთ ქრისტესა, რამეთუ სათნოება მარადის უბრწყინვალეს მზისა არს. მოვიგოთ უკუჱ, ძმანო, სათნოება. ვიქმნეთ მშვიდ და მდაბალ სულითა, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობისმყოფელ ყოველთა მიმართ. უკეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა სასწაულთა საქმისა მრავალნი მოვიდენ ჩვენ მიერ დიდებად ღმრთისა. დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებელ ჩვენდა იქმნან, ვერარაჲ გვავნონ, არამედ უფროსად იგინიცა გულთა შინა მათსა მაქებელ ჩვენდა იქმნენ ჭეშმარიტებისათვის. იხილეთ, ვითარ ნაბუქოდონოსორ, მტერი იგი და მბრძოლი, სამთა ყრმათა მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რა იგინი ახოვნად სიყვარულსა შინა ღმრთისასა. გლოცავ, საყვარელნო, და გევედრები, მტკიცე იყავნ და აღუხოცელ გულთაგან ჩვენთა სამღთონი წერილნი. მივემსგავსნეთ მცირეთა ყრმათა, ვითარცა მათ პირველ იწყიან ანბანი, მერმე აღმოკითხვაჲ ასოეულად და შემდგომად წარემართნიან კეთილად კითხვასა, და ესრეთ იწყიან სწავლად სიბრძნისა და მცირედ მცირედ იქმნიან ჶილოსოჶოს. ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ, ძმანო, განვჰყვნეთ სათნოებანი: პირველად უკუჱ ვისწავოთ არა ტყუილი, არა ფიცი, არა ძვირისხსენება. მერმე კვალად სხვასა მუხლსა ჴელ ვჰყოთ წურთად, აღმოვფხვრნეთ გულისსიტყვანი და გულის­თქმანი ბოროტნი. აღმოვფხვრათ შური, ჴდომა, დიდების მოყვარება; მოვიძულოთ ნაყროვანებაჲ, მთვრალობაჲ და უდებებაჲ, რათა ამიერ კვალად სიმაღლეთა მიმართ საქმეთასა სწავლად აღვიდეთ მარხვისა და სიწმიდისა, სიმართლისა და სიმდაბლისა. მერმე შეუძლოთ ლმობიერად ლოცვაჲ, მდინარენი ცრემლთანი, „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება“[გალ. 5,22]. მერმე შეუძლოთ მადლითა და შეწევნითა უფლისათა ჯვარცმად ჴორცთა ჩვენთა, ვნებითურთ და გულისთქმით და ცხოველ ვიყვნეთ სულითა და სულითაცა ვეგნეთ. და ესრეთ ვიქმნნეთ იფქლ წმიდა შესაკრებელ საუნჯეთა მათ ზეცისათა და მოქალაქე ზეცისა იერუსალიმისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი ქრისტეანენი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.