სწავლა 93. მიცვალებულთა პატივისათვის
საყვარელო, უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, აღასრულენ მისთვის ვედრებანი და ლოცვანი. მიეც გლახაკთა და ჭირვეულთა, დაასხი წყალი მოწყალებისა ცეცხლსა გეენიისასა, შემოჰკრიბენ გლახაკნი, არქუ სახელი მის მიცვალებულისა, აღადგინენ მრავალნი მეხვაიშნენი, და ისმენს უფალი მათსა ვედრებასა.
და ესეცა მისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისა საქმე არს, რომელ ლოცვითა და ვედრებითა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთათა ულხენს შესვენებულთა მათ, რათა უმეტესი პატივი ჰპოვონ ცხოვრებასა მას.
ნუ იტყვი, თუ: „გლახაკი ვარ და არა მაქვს საფასე“. მრავალგზის მითქვამს, ვითარმედ მოწყალებასა არა საზომისა მისებრ მიცვალებულისა შერაცხავს ღმერთი, არამედ ძალისაებრ და გონებისა მიმცემელისა. ძალისაებრ შენისა ჰქმენ, ძმანო, მოწყალებაჲ, მოუწოდე მღუდელთა, რათა აღასრულონ მისთვის უსისხლო იგი მსხვერპლი.
არათუ ცუდად აღესრულების წმიდა ჟამისწირვაჲ შესვენებულთათვის, ანუ ვედრებანი და მოწყალებანი მათთვის ქმნილნი, არამედ ესე ყოველი სულმან წმიდამან განაწესა, რათა ურთიერთას სარგებელ ვეყოფოდეთ. მიცვალებულსა შენ მიერ სარგებელ ეყოფის და შენ მის მიერ, რომელ წესსა და მცნებასა სიყვარულისასა აღასრულებ.
ამისთვის ღაღადებს დიაკონი და იტყვის: „ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და რომელნი ხსენებასა მათსა აღასულებენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ“. არა დიაკონი ღაღადებს ამას, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისა.
წინამდებარე არს მსხვერპლი იგი დიდებული. მუნ მდგომარე არიან ანგელოსნი და მთავარანგელოსნი, წინაშე ძისა ღმრთისა ძრწოლით ჰმსახურებენ. და მაშინ ღაღადებს დიაკონი ამას ვედრებასა, და ყოველივე ჭეშმარიტ არს და სარწმუნო, რამეთუ დიდი პატივი არს ესე მსხვერპლი ქრისტეს მიერ შესვენებულთათვის და ჰპოვებენ ლხინებასა.
აწ უკუჱ, საყვარელნო, სარწმუნოებით აღვასრულებდეთ ხსენებასა შესვენებულთათვის, და ამით სახითა ნუგეშინის ვსცემდეთ მიცვალებულთა მათ ჩვენთა. უწესოთა გლოვათა და უსარგებლოთა ცრემლთა და სამარეთა შემკობისა წილ, აღვასრულებდეთ მათთვის სამღთოსა წირვასა, ლოცვასა და მოწყალებასა გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა იგინიცა და ჩვენ ყოველნი ღირს ვიქმნეთ საუკუნესა ცხოვრებასა მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.