სწავლა 94. რათა არა უზომოდ ვიგლოვდეთ მიცვალებულთათვის

გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო ძმანო, რამეთუ ჩვენთა ცოდვათა თანა ესეცა ბოროტი არს უზომოჲ იგი გლოვაჲ მიცვალებულთა ზედა. რამეთუ რომელნიმე ჰგოდებენ ჴმითა და დაიბძარვენ პირსა და იფხვრიან თმათა, და შეეყენებიან სახლსა ბნელსა, რომელნიმე გოდებისათვის და რომელნიმე მაჩვენებლობისათვის. რაჲსა იქმ, ჵ, კაცო მორწმუნეო, საქმესა ურწმუნოთასა? რამეთუ მწყობრთა შემოჰკრებ და განწესებულად იქმ ტირილსა და დედათა ჴმითა და კილოჲთა მტირალთა მოიყვანებ. არა სიცოფე არსა ესე ყოველი? ანუ არა გვეცინოდიანაა წარმართნი და ყოველი საიდუმლო ქრისტეანობისა ზღაპრად შეჰრაცხონ?! ხოლო უფალი იტყვის, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენიო”(მთ. 5,4). და მას გლოვასა არავინ იგლოვს თვისისა სულისა ცხოვნებისათვის, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩვენდა, მას ვიგლოვთ. არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ვის ძალუძს კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თვისისათვის, ანუ სხვისა რაჲსამე ესევითარისა“. გარნა არათუ მეცა ამას ვის ვაყენებ, ანუ თუ ვიტყვი, ვითარმედ: არა ჯერ არს, რათა ელმოდეს, არამედ უშვერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მხეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ; ვიცი, რამეთუ ბუნება იიძულების და არა ეგების არა შეწუხებაჲ, რამეთუ ესე ქრისტემან აჩვენა, ჰსცრემლეოდა რა ლაზარეს ზედა. და შენცა უკუჱ, საყვარელო, სცრემლეოდე შიშითა ღმრთისათა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკეთუ ესრეთ სცრემლეოდე, არა უწესოებისა სახე არს ესე და არცა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისა იგლოვ, არამედ ვერ იტვირთავ განყოფასა მას საყვარელისა შენისასა, რამეთუ, რაჟამს გზასაცა წარვიდიან თვისნი ჩვენნი, მწუხარე ვიყვნით. ეგრეთვე შენ სცრემლეოდე, ძმაო, ვითარმცა შორსა გზასა წარგზავნიდე. და ამასცა არათუ სჯულსა დაგიდებ, არამედ შეგინდობ და ვიტყვი, ვითარმედ: არა ბრალი არს, თუ იქმოდე ამას საქმესა ესრეთ წესიერად. არამედ, უკეთუ ცოდვილი იყო, რომელი აღესრულა, მისთვის ჯერ არს წუხილი და ტირილი, – და უფროსად არა ტირილი ოდენ, რამეთუ ესე არას ერგების მას, არამედ რათა ვიქმოდეთ მისთვის მოწყალებასა და შესაწირავთა, და ჟამის წირვათა. და რათა ვჰმადლობდეთ ღმერთსა, რომელმანცა იცოდა, ვითარმედ არა მოვალს იგი სინანულად და მისთვის ადრე წარიყვანა, რათა არღარა ჰსცოდვიდეს. და უკეთუ მართალი იყო, ეგრეთცა ჯერ არს სიხარული, რამეთუ განერა საბრხეთაგან სოფლისათა და შევიდა ნავთსაყუდელსა დაუნთქმელად. და უკეთუ ჭაბუკი იყოს, ესრეთ ვიხარებდეთ, რამეთუ ადრე განეშორა ბოროტთაგან სოფლისათა. და უკეთუ მოხუცებული იყოს, რამეთუ მოსცა ღმერთმან ჟამი ფრიად კეთილისყოფად და ესრეთ წარიყვანა. ხოლო შენ ამას ყოველსა არა იგონებ, არამედ მტირალთა შემოჰკრებ, ვითარმცა მიცვალებულსა მას პატივ სცემდი, რომელ ესე უკანასკნელი უპატიოება არს. რამეთუ შესვენებულისა პატივი არა ცრემლნი არიან და მტირალთა ჴმანი, არამედ გალობანი და ლოცვანი და ფსალმუნებანი. და უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივისცემაჲ, სხვითა სახითა პატივ-ეც: მოწყალება ჰქმენ, მშიართა პური ეც, შიშველთა – სამოსელი და ყოველი სახე მოწყალებისა ჰყავ მისთვის, თუ არა, ესოდენისა გოდებისა მიერ, რაჲ სარგებელი იქმნების? ვიდრემდის ვართ მიწა და ნაცარ, ვიდრემდის ვართ სისხლ და ჴორც, აღვიხილნეთ ზეცად, გულისჴმა ვჰყოთ საქმე სულიერი. ვითარ ნუგეშინის ვსცეთ წარმართთა? ვითარ ვეტყოდეთ აღდგომისათვის მკუდართასა? რაჟამს ჩვენ ესრეთ ვიყვნეთ, ანუ ჩვენ თვით ვითარ ვიყოფოდეთ? რამეთუ უზომოჲ მწუხარება დააბნელებს თუალთა სულისათა და არარას უმჯობესსა შეუნდობს ხილვად და ღმერთსა შევაწუხებთ უთმინოებითა, და მიცვალებულსა მას ვერას ვარგებთ და თავთა ჩვენთა დიდად ვავნებთ. ხოლო ესრეთ თუ ვიქმოდეთ, ვითარ ვსთქუთ, ღმერთსაცა მოვიმადლებთ და მიცვალებულსა მას ზედა სიყვარულისა წესსა აღვასრულებთ და ჩვენთაცა თავთა ვარგებთ. და უკეთუ ვინ იტყოდეს: „ვითარ არა შევსწუხნეო შვილისა, ანუ მამისათვის?“ არამედ არა ვიტყვი მე, ვითარმედ: ნუ შესწუხდები, არამედ ნუ უზომოდ ჰგოდებ, და უშვერად იგლოვ. რამეთუ უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ, ვითარმედ: ღმერთმან მიგვიღო და ვითარმედ მოკუდავ იყო მამაცა და ძეცა ჩვენი, ესრეთ ვჰპოვოთ განსვენებაჲ. რამეთუ კაცი იშვა მოკუდავი, და მოკუდავი იგი მოკუდა. რად უკუჱ მწუხარე ხარ ბუნებითისა საქმისათვის? ნუუკუჱ მწუხარე ხარაა, რომელ სჭამს შვილი შენი? რომელი იგი ბუნებითი საქმე არს, ეგრეთვე უკუჱ არს სიკუდილიცა. ნუ ეძიებ უკუდავებასა მოკუდავისა მის თანა, ნუცა ჰგოდებ, არამედ თავს იდევ სჯული ბუნებასა ზედა კაცობრივსა დადებული და ჰგოდებდე ცოდვისათვის. ესე გლოვა კეთილ არს, ესე სახე არს სიბრძნისა ფრიადისა. ესე გლოვაჲ მოვიგოთ, საყვარელნო, რათა მუნ სიხარული საუკუნო ვჰპოვოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითუ უკუნისამდე. ამინ.