სწავლა 96. შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის

საყვარელნო, მოწყალება ჩვენი, ოდეს მოვჰკუდეთ, მაშინ გამოჩნდების და წარმოდგების ბრწყინვალედ და ჴელთაგან წარწყმედისათა გვიხსნის და საუკუნესა მას ცხოვრებასა შეგვიყვანებს და აღგვიშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა ცათა შინა. ლამპართა ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსელთა ხენეშთა შეგვინდობს შემოსად და შესლვად სასძლოსა მას, არამედ განგუბანს და უფროს თოვლისა განგვასპეტაკებს. არა შეგვინდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა. აწ უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ მოწყალებაჲ, ვიდრე სიკუდილადმდე, რამეთუ უმჯობეს არს ამის წარმართებაჲ, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და ასწავებს მოყვარეთა თვისთა, თუ ვითარ განერნენ უკუდავისა მისგან სიკუდილისა და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა ჰყოფს სულსა ყოვლისა შეგინებისაგან. და რად სახმარ არს თვითოეულად წარმოთქმაჲ საქმეთა მოწყალებისათა? არამედ ერთიღა მიგითხრა და კმა არს: მოწყალება გასწავებს, თუ ვითარ იქმნა მსგავს ღმრთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთა. არა უხმს მოწყალებასა შრომაჲ, არცა სიგრძე ჟამისა, არცა სხუა რაჲმე სიძნელე. არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების კეთილად, და თუ დაჰბერდე ეგრეთვე. და განრახვიდე სოფლით, თანამოგზაურ გექმნების, და არაოდეს დაგიტევებს და შეგიყვანებს წინაშე საყდარსა ქრისტესსა და თანაშეგეწევის და განგამართლებს. დაღაცათუ ფრიად შეცოდებული იყო, მოწყალება შენი ღირს გყოფს წყალობასა და გვირგვინოსნობასა. და უკანასკნელსა მას დღესა, სიხარულით აღგადგინებს და მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დაგადგინებს, და წინაშე მსაჯულისა შენთვის მეოხი არს დიდი. და მოწყალებისა მიერ ისმენ ჴმასა მას სანატრელსა მეუფისასა, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი და წყურიელსა მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, და საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა”[მთ. 25,34-36]. ესე ყოველი მოწყალებისა მიერ იქმნებიან, ძმანო. შევიტკბოთ მოწყალება და ვიქმოდეთ მარადის ცხოვრებასა შინა ჩვენსა, და შემდგომად სიკუდილისაცა იქმნებოდეს ჩვენთვის ქველისსაქმეჲ, რომელი ესე ფრიად კეთილ არს, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნი სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.