სწავლა 97. შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის
საყვარელნო, მივემსგავსნეთ მენელსაცხებლეთა დედათა და ნუ დაუტეობთ იესოს ჟამსა განსაცდელისა. და შემდგომად სიკუდილისაცა, მათ სული თვისი დასდვეს ქრისტესთვის, და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს მას. ხოლო ჩვენ, არცათუ მშიარი, რა ვიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა. და რაჲმე იყოს შემწე ჩვენდა, ჟამსა მებრ სიკუდილისასა და შემდგომად სიკუდილისა, ვინათგან არა გვაქვს წყალობაჲ?
ვიცი, იტყვის კაცად კაცადი ჩვენ შორის, ვითარმედ: „უკეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემიო?“ და არა იციან, ვითარმედ: აწცა მას თავადსა ვხედავთ, რამეთუ მან სთქუა, ვითარმედ: „მე ვარ“(იო. 10,9; 11,25), და „რაოდენი უყოთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთო”[მთ. 25,40]. აწ უკუჱ რად არა მისცემთ მონაგებთა თქვენთა?
უკეთუ შეიწყალო გლახაკი, ჵ, კაცო, და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათდა.
ამისთვის, ძმაო, იხილო რა გლახაკი, მოიხსენენ სიტყვანი უფლისანი, რომელ სთქუა, ვითარმედ: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“ და შემდგომი ამისი. და მოსწრაფებით ჰქმენ ქველისსაქმე. ხოლო უკეთუ არა გრწამს აწ ჩემი, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“[მთ. 25,45].
გარნა ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგვეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩვენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა მწოდებელსა ჩვენდა სასუფეველად.
ჰე, გევედრები საყვარელნო, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რათა ჩვენცა მივემთხვივნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახვეჭისაგან და ნატაცებისა ვიქმთ, რამეთუ იტყვის წინასწარმეტყველი: „ვითარცა ვინ მოკლას ძე წინაშე თუალთა მამისა თვისისათა, ეგრეთვე, რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთასა”.
ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27], რათა სიმართლით მონაგებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა მარადის. და შემდგომად სიკუდილისაცა იყვნენ მრავალნი გლახაკნი მლოცველ ჩვენთვის.
და ესრეთ, მოწყალებისა მიერ განბრწყინვებულნი, წარვსდგეთ კადნიერებით წინაშე საშინელსა მას საყდარსა ქრისტესსა და მართალთა თანა გვესმას ტკბილი იგი და ყოვლადსაწადელი ჴმაჲ კურთხევისა და გვირგვინითა შემკობილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.