სწავლა 98. თავი ლგ [33]. მეორედ მოსლვისათვის და სასჯელისა
საყვარელნო, ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდეს დიდებითა მამისათა, ურიცხვთა ზეცისა მხედრობათა თანა – ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, ხერუვიმთა და სერაჶიმთა და სხუათა მათ დასთა თანა, ცანი განეხვნენ და „დასჯდეს საყდართა დიდებისათა და ყოველი ბუნება კაცთა წარმოსდგეს წინაშე მისსა“[მთ. 19,28].
ვინმცა უძლო მითხრობად, ანუ გონებითაცა მიწდომად მაშინდელსა დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოსნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა და რომელთამე ეტყოდეს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო”(მთ. 25,34), და სხუათა ჰრქუას: „ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ”(მთ. 25,21; 25,23).
და კვალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს „ცეცხლად საუკუნოდ“[მთ. 25,41], და რომელსამე უწოდდეს: „მონად ბოროტად, უკეთურად და მედგრად“[მთ. 25,26]. სხუათა ნაწილსა: „ორგან განკვეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს“[მთ. 24,51; ლკ. 12,46]. სხუათა კვალად უბრძანებდეს: „შეკრვად ჴელით და ფერჴით, და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა“[მთ. 22,13]. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდეს ჟამისა მისგან?
„მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე”(მთ. 13,43) და ფრიად უბრწყინვალეს მზისა! არამედ არარაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალეს მზისა. ამისთვის მას მოვიღებთ სახედ მაშინდელისა მის მართალთა ბრწყინვალებისა.
რამეთუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ სთქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე”(მთ. 17,2). ამისთვის ესრეთ სთქუა, რამეთუ: არარაჲ იპოვა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალეს მზისა, რათამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკეთუ არა ესე ცხად არს, თუ რაზომ უმეტეს იყო ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა, ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა. რამეთუ მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალება იგი ნათლისა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტვირთეს მოწაფეთა, არამედ დაცვივნეს პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუჱ გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს მზისა.
ხოლო, ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლა შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ რად სახმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ? რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან.
ყოველივე შიშველ და ქედდადრეკილ იყოს წინაშე მისსა. არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი და უძლური, არამედ ესე წესნი და სახენი დაიხსნებიან, და გამოძიება საქმეთა თუალუხუავი იხილვების და მოქმედნი უსჯულოებისანი სირცხვილეულნი გამოსჩნდებიან.
ამისთვის, საყვარელნო, გევედრები: აღვიძარცვნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, რათა დიდება უფლისა გამობრწყინდეს ჩვენ ზედა. ჴელ ვჰყოთ მცნებათა უფლისათა აღსრულებად, რამეთუ არარაჲ შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველივე მცნება მისი ადვილ და შესაძლებელ არიან.
ისმინე, რაჲსა იტყვის: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა”(მთ. 25,35-36). არცა ერთი არს ამათგანი შეუძლებელ, უკეთუ ოდენ ვინებოთ.
აწ უკუჱ გევედრები, ძმანო, მოვიწყვიდნეთ ბოროტნი ჩვეულებანი, განვდევნოთ ანგაჰარებანი, განვჰხსნათ ყოველი კრულება სიცრუვისა, განვხეთქოთ გულარძნილებაჲ ყოვლისავე ცოდვისა, განუტევნეთ პყრობილნი მიტევებითა და ყოველი ჴელით წერილი სიცრუვისა განვხეთქოთ. ვსცეთ მშიარსა პური და გლახაკნი უსართულონი შევიყვანნეთ სახლად ჩვენდა. ვიხილოთ თუ შიშველი, შევმოსოთ იგი, და თვისი ნათესავისა ჩვენისა არა უგულებელს ვჰყოთ. ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა მიერ წმიდისა ნათლისღებისა ძმანი ჩვენნი.
მოვიგოთ სიყვარული, სახიერება, კაცთმოყვარება, სიწმიდე, სიმდაბლე და ლმობიერება. უცხო ვჰყვნეთ თავნი ჩვენნი ყოველისავე ცოდვისაგან, შევინანნეთ პირველ ქმნულნი უსჯულოებანი, „მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიქმოდეთ კეთილსა“[ფს. 36,27] .
ესრეთ თუ ვჰყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „ნამდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურება უნაკლულოებით, რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; სჩანს, რამეთუ არცა განღებად რაჲ ჴელგვეწიფების, გარნა საქმენი ჩვენნი, გინათუ კეთილნი, გინათუ ბოროტნი”(1 ტიმ. 6,6-7);[2 კორ. 5,10].
აწ უკუჱ, საყვარელნო, კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რათა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად შვენიერებასა მას უფლისასა, მორავიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თვისითა განკითხვად ყოველთა კაცთა. და დავსდგეთ მარჯვენით მისსა და გვესმას ჴმა იგი კურთხევისა. და მივემთხვივნეთ მკვიდრობასა სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.