სწავლა 99. საშინელისა მისთვის სასჯელისა

გულისჴმა ვჰყოთ, ჵ, საყვარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომა გვიხმს წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესსა და სიტყვის მიცემაჲ საქმეთა ჩვენთათვის. გამოვისახოთ გონებათა ჩვენთა იგი სამსჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყვისგება თანაგვაძს. შევედინღა კაცად კაცადი გონებასა თვისსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდითაა თითოეული? არა განცვიფრდითაა? „მე მოვიხსენე და ძრწოლა შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა“[ფს. 54,4-5]. ხოლო უკეთუ აწ ხსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲმე ვჰყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოსნი და ანგელოსთ მთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყვირთა მათ საშინელთა სცემდენ და მკუდარნი აღსდგებოდენ, რომელნიმე აღიტაცებოდენ ღრუბლითა და რომელნიმე დაშთებოდენ! ოდეს წიგნი იგი მატიანენი განეხმოდენ და საქმენი კაცად კაცადისანი წამოდგებოდენ და მდინარე ცეცხლისა დიოდეს, ვითარცა პეტრე მოციქული იტყვის: „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწვნენ და დაზულენ და ქვეყანა და მას შინა საქმენი დაიწვნენ”(2 პეტ. 3,11). მაშინ მეუფე ყოველთა და ღმერთი იესო ქრისტე დიდებითა დიდითა დასჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა და მართალნი დასდგენ მარ­ჯვენით მისსა და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ჰხუდეს. და მერმე დასჯილნი წარივლინნეს ცეცხლად საუკუნოდ. ვაჲმე! ვაჲმე! დაღაცათუმცა ცეცხლად არა მივივლინებოდეთ: ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცვივენით შეურაცხად, რაზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს. ხოლო ოდეს ამას ყოველსა ზედა, ბნელსაცა მივეცემოდეთ გარესკნელსა და ღრჭენასა კბილთასა და საკრველთა განუხსნელთა და მატლსა დაუძინებელსა და ცეცხლსა დაუშრეტელსა და ჭირსა მიუთხრობელსა. ვაჲმე! ვაჲმე! რაჲ ვჰყოთ, ოდეს ენანი ჩვენნი შეიწვებოდენ, ვითარცა მდიდრისა მის? ვჰგოდებდეთ და არავინ ისმენდეს, სულთ ვითქმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა და არავინ მოგვხედვიდეს, აქა და იქი ვხედვიდეთ და ნუგეშინისცემაჲ არასადა იყოს. ჵ, გლახაკთა და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მივეცნეთ. აჰა, საყვარელნო, გევედრები და გლოცავ, პირველ დღისა მის მოწევნადმდე, შევიწყალნეთ სულნი ჩვენნი, რამეთუ აწ გვაქვს ჟამი სინანულისა, დავსცხრეთ ცოდვისაგან და ვიქმოდეთ სათნოებასა. მოვიძულოთ ანგაჰარებაჲ და შევიყვაროთ მოწყალებაჲ, ვისმინნეთ ჴმანი გლახაკთანი, რათა შესმენილ იქმნეს ვედრებანიცა ჩვენნი წინაშე ღმრთისა. და ნუ უგულებელს ვჰყოფთ ქვრივთა და ობოლთა, რათა არცა ჩვენ უგულებელს ვიქმნეთ მსაჯულისა მიერ მართლისა. და, ესრეთ აქა სათნოებითა შემკობილნი, მუნ წარმოუდგეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა წინაშე საყდარსა ქრისტესსა და გვესმას ჴმა მისი ტკბილი და ყოვლად საწადელი, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი”[მთ. 25,34], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.