შესავალი
თითქმის სამი ათეული წელი გავიდა თემის - „ჩვენთაობელ პოეტთა ლიტერატურული მემკვიდრეობა“დამუშავების ჩანაფიქრიდან.
„ჩვენთაობელები“ პირობითი სახელწოდებაა ქართველი პოეტების იმ თაობისა, რომელიც სამწერლო ასპარეზზე 1930-იან წლებში გამოვიდა და რომლებიც ყოვეთვიურ ჟურნალ „ჩვენ თაობასთან“ (გამოდიოდა 1935-1941 წლებში) თანამშრომლობდნენ. ამ თაობის წარმომადგენლების (ლ. ასათიანი, მ. გელოვანი, ა. საჯაია, გ. ჯაბუშაური, გ. კალანდაძე, რ. მარგიანი, ს. ისიანი, ა. შენგელია, შ. ამისულაშვილი, გ. აროსია, ბ. უბილავა და სხვანი) ერთ ნაწილს მტკიცე მეგობრობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. „მე თუ გნებავთ, ბრიყვი მიწოდეთ, მაინც მჯერა, რომ უამხანაგოდ არ არის ბედნიერება“. ეს სიტყვები ალექსანდრე საჯაიას ეკუთვნის. ასეთივე იყო მისი მეგობრების მრწამსიც. ამ თაობამ ახალი, უშუალო, ვაჟკაცური და ამავ დროს ემოციური ჟღერადობა შეიტანა იმდროინდელ ქართულ მწერლობაში.
ზემოთ ნახსენებ ჩანაფიქრზე მუშაობა მხოლოდ რამდენიმე წელიწადი მოხერხდა (1986-1989): ცალკე ბროშურებად გამოქვეყნდა ექვსი პოეტის ბიობიბლიოგრაფიული ცნობარები (იხ. „გამოყენებული ლიტერატურა“), აგრეთვე მომზადდა წინამდებარე კრებულში შემავალი ლიტერატურული პორტრეტები. მათში უფრო მეტად ფაქტობრივი მასალაა თავმოყრილი პოეტთა ძირითადი შემოქმედებითი ტენდენციების გამოსავლენად.
დიდად მოხარული ვიქნებით თუ ეს გამოცემა, ასევე ნახსენები ბიობიბლიოგრაფიული ცნობარები ხელს შეუწყობს ლიტერატურის მკვლევარს „ჩვენთაობელთა“ შემოქმედების კომპლექსურ, მონოგრაფიულ შესწავლაში.