გაბრიელ ჯაბუშანური

გაბრიელ ჯაბუშანური ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი პროფესიონალი პოეტი იყო ფშავ-ხევსურეთიდან. მან თავისი მშფოთვარე ცხოვრების მანძილზე მრავალი მაღალმხატვრული ნაწარმოები შექმნა. გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელში („ახიელი“ თურმე ქისტურად საჯიხვეს ნიშნავს). ა. არაბულის ცნობით (10, გვ. 3) გაბრიელის მამა - ლუკა (უნცრუა) ქორიას ძე ჯაბუშანური განათლებული კაცი ყოფილა; ზედმიწევნით სცოდნია ხევსურული რჯულ-სამართალი, მოსწრებული კაფია და ექსპრომტი ემარჯვებოდა. ხოლო დედა - თამარ აბას ასული არაბული - ხალხური პოეზიის კარგი მცოდნე და ნიჭიერი მელექსე ყოფილა. პოეტური ნიჭი მომადლებული ჰქონია ჯაბუშანურების გვარს. გიორგი კალანდაძის ცნობით, სწორედ „ჯაბუშანურების გვარშია შექმნილი გენიალური ხალხური საგმირო ბალადა „მოყმე და ვეფხვი“, რომლის მეორე ნაწილის (ე.წ. „დედის დატირების“) შესახებ აკაკი შანიძე ამბობს, რომ იგი ბალადის პირველ ნაწილთან („ძველი სიმღერები“) შედარებით, ძალზედ ახალია; მე-20 საუკუნეშია შექმნილი – გიორგი უთურგას ძე ჯაბუშანურს უთქვამსო (აკ. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1. 1931 წ, გვ. 55). ბალადის ტექსტი აკაკი შანიძეს გიორგის ძმის, უნცრუა (ლუკა) ჯაბუშანურისგან ჩაუწერია 1925 წელს. უნცრუა ჯაბუშანური გაბრიელის მამა იყო. ასეც ეძახდნენ მას შინაურები: „უნცრუათ გაბრიელი“. გიორგი ალალი ბიძა ყოფილა გაბრიელისა“ (12). გაბრიელმა ჯერ მშობლიური სოფლის დაწყებითი სკოლა დაამთავრა. აქ მისი პედაგოგი ფშავ-ხევსურული ფოლკლორული მასალების შემკრები ალექსი ოჩიაური იყო. 1925 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად მამამ თბილისში, მთიელთა­თვის გახსნილ საბავშვო სახლში მიაბარა. აქ მას ცნობილი ქართველი მწერალი და ჟურნალისტი მარგო თომაძე მზრუნ­ველობდა. მისივე ინიციატივით დაიბეჭდა გაბრიელის პირველი საბავშვო ლექსები 1927 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი მხოლოდ 13 წლის იყო. მარგო თომაძე გაბრიელის პირველი საბავშვო ლექსების გამოქვენებასთან დაკავშირებით იგონებს: „ვიცოდი, რომ ლექსებსა წერდა. ერთხელ ვუთხარი – გაბრო მოიტანე შენი ლექსების რვეული, იქნებ რამე შევარჩიოთ და დავბეჭდოთ მეთქი. სახეზე ალმური მოედო, გაწითლდა, თვალები კი, ის დიდრონი, ჭკვიანი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა (17). გაბრიელ ჯაბუშანურს ბავშვობიდან ჰქონდა არჩეული პოეტის ძნელსავალი გზა და ამდენად – შემდგომი სწავლა განათლების მიმართულებაც. „საშუალო სასწავლებელი 1934 წელს დავამთავრე, – ვკითხულობთ მის მოკლე ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში, – ამ წელსვე ჩავაბარე მისაღები გამოცდები თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლის გაგრძელება არ დამცალდა. 1933 წელს ჩვენი ოჯახი ხევსურეთიდან კახეთში გადმოსახლდა; ბარში ჩამო­სვლასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა ოჯახის მატერია­ლური სივიწროვე გამოიწვია და რომ ჩვენებს მივშველებოდი, მე, დროებით სწავლის გაგრძელებაზე ხელი ავიღე. ორი წლის განმავლობაში თელავის რაიონში, ჩვენსავე სოფელ ინგეთში ვმასწავლებლობდი, დაწყებით სკოლაში. ამავე დროს, ვმუშაობდი კოლმეურნეობის მოანგარიშედ. 1936 წელს სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიური ფაკულტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის სექციაზე, გერმანული ენის განხრით“ (13). 1935 წელს ჟურნალ „ჩვენი თაობის“ თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა გაბრიელის ლექსი – „ცხენი“. პოეტი თვლის, რომ აქედან დაიწყო მისი სამწერლო გზა (13, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი). 1939 წელს გაბრიელმა ხელმოკლეობის გამო კვლავ დაანება უნივერსიტეტში სწავლას თავი. თბილისში მუდმივი საცხოვრებელი აღარ ჰქონდა, ძირითადად ინგეთში ცხოვრობდა და ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. ამ წელსვე მიიღეს იგი მწერალთა კავშირის წევრად. 1940 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ დასტამბა ჯაბუშანურის პირველი პოეტური კრებული „არაგვიანი“, რომელსაც ძირითადად დადებითად გამოეხმაურა ლიტერატურული კრიტიკა. „ომის დაწყებამ თბილისში მომისწრო, – განაგრძობს ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში პოეტი, – ფრონტზე არ წამიყვანეს; ჯარგავლილი არა ხარ და ჯერ-ჯერობით მოიცადეო. მე, როგორც სტუდენტს, სამხედრო სამსახურის გავლა განვადებული მქონდა 1941 წლის პირველ სექტემბრამდე. 1941 წლის ზაფხულში ჩვენი ოჯახი ისევე ხევსურეთში, არხოტში გადასახლდა და ამის შემდეგ 1962 წლამდე, სულ მთაში ვცხოვრობდი. ვმუშაობდი მასწავლებლად, სამკითხველოს გამგედ, საბჭოს მდივნად, და ერთ დროს – კოლმეურნეობის თავმჯდომარედაც. ისე კი, შინ ვაკეთებდი ყველა იმ საქმეს, რასაც ყოველი ხევსური გლეხი: ვხნავდი, ვთესავდი, ვთიბავდი და ვმკიდი“. 1944 წელს არხოტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქისტების სოფელ ღილღოში ჩაასახლეს. თვით სოფელ ღილღოს მოსახლეობა 1944 წლის 23 თებერვალს ძალით აჰყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. სხვა ნათესავებთან ერთად, გაბრიელმა ღილღოში ერთ ათეულ წელზე მეტ ხანს იცხოვრა. 1961 წლის 17 აგვისტოთი დათარიღებულ მის დღიურში ვკითხულობთ: „30 ივლისს უკანასკნელად დავთვერი ხამხში (ღილღო), ხანჯლით ვეტიე მეზობელს და 31 ივლისს, ალბათ სამუდამოდ, მივატოვე ღილღო... ღილღოს დამრჩა: დედის, მამის, ლეოს და მზექალას საფლავები...“ (13).… გაბრიელმა ტრაგიკულად განიცადა ახლობლების გარდაცვალება. იგი თან უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში იმ­ყოფებოდა. ამასთანავე, წარმოსადგენია, თუ როგორი ტანჯვა იყო მისთვის იმ სამუშაოთა კეთება, რომელსაც სიცოცხლის შენა­რჩუნებისთვის, ელემენტარული არსებობისათვის ასრულებდა. ,,ჩემო ვახტანგ, – წერს პოეტი ერთ პირად წერილში ვახტანგ ბეწუკელს, – წიგნი და შენი წერილი მივიღე. ყველაფრისთვის დიდი მადლობელი ვარ. მაგ ფულს (500 მან.) რომ სასწრაფოდ გამომიგზავნიდე, დიდად დაგიმადლებდი; აქ ფული მმართებს და იმას მთხოვენ. მე კი კაპიკი არ გამაჩნია... კოლმეურნეობას ვერ დავანებე თავი და დროზე ვერ ჩამოვედი ქალაქს. ახლა რაიკომის ბიურომ ნება დამრთო წავიდე კოლმეურნეობის თავმჯდომარეობიდან“ (50). მართალია, ბედთან შეურიგებლობის განცდა აშკარად ჩანს ჯაბუშანურის ჩანაწერებში თუ პოეტურ მემკვიდრეობაში, მაგრამ მას უფრო და უფრო ეძალება სულიერი სიმარტოვისა და ტრაგიზმის, აქედან კი – საკუთარი თავის უსუსურობის განცდა. ,,გინება დავუწყე თავის თავს, – წერს პოეტი ერთ-ერთ პირად წერილში, – რომ არაფერი არ შემიძლია ამ დაბერებულ კაცს, ჩემიანს ვერ ვეხმარები და ცხოვრებაში ფეხი ვერ მოვიკიდე“ (13). არც გამომცემლობებისაგან იყო გაბრიელი განებივრებული. მუდმივ ზრუნვას ახალი ნაწარმოებების გამოცემისათვის მეტად განიცდიდა. ,,სწორედ იმიტომ, რომ ვერც ყაზახეთის ველებს ვუმღერე (სადაც არ ვყოფილვარ!), ვერც სამგორი შევაქე (სადაც ხევსურები ძალად ჩაასახლეს!) და ვერც სხვა აქტუალურ თემებზე დავწერე ღირსშესანიშნავი რამ, – ზურგი შემაქციეს და გვერდს მივლიან“, – აღნიშნავს პოეტი ერთ-ერთ პირად წერილში (13). მართლაც ,,კრძალვისა და თავმოყვარეობის რა შინაგანი ბარიერი უნდა გადაელახა პოეტს, რომ „საქლიტფონდის“ დირექტორის სახელზე შემდეგი განცხადება დაეწერა: ,,დუშეთის რაიონში საზამთროდ დავამზადებინე შეშა: არავითარი სახსარი არ მაქვს, რომ აღნიშნული შეშის დამზადებისა და ჩამოტანის საფასური გადავიხადო. დაბეჯითებით გთხოვთ, დამეხმაროთ, რათა ზამთარში უშეშოდ არ დავრჩე. შეშის დამზადებისა და ჩამოტანის ხარჯები შეადგენს 50 მანეთს“ (10, გვ. 5). გაბრიელი სმას მიეძალა. ,,სმის თაობაზე რომ იწერები, – აღნიშნავს პოეტი ერთ-ერთ პირად წერილში, – ეს ამბავი ჩემი მთავარი საწუხარია, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, მაგრამ ეს ოხერი, მაინც ვერ მივატოვე, ნებისყოფა არ მეყო და თანაც ჩემს მელანქოლიურ ხასიათში ამ წყეულს (სასმელს) ცოტა ხანს მცირე შუქი მაინც შეაქვს. თუმცა ამ შუქში ჩრდილი უფრო მეტია, რაც გამოფხიზლების შემდეგ მთელი სისაძაგლით საცნაურდება და ჩემს საქმესა და თავსაც მაზიზღებს“ (13). ნიკა აგიაშვილი იგონებს: „მახსოვს, იმ თხუთმეტიოდე წლის წინათ, როგორ იყო წვერმოშვებული, თითქოს უპატრონო, მიტოვებული, თითოოროლა შემორჩენილ მეგობარსაც აღარ ეკარებოდა... ერთხელ საშინელ გუნებაზე მყოფი, ჟურნალ „დროშის“ რედაქციაში გვეწვია და რაღაც გულდაჯერებით გვეუბნებოდა: სასიცოცხლო პირი აღარ მაქვსო. პირველი წიგნის შემდეგ წინ ვეღარ წავედი, შემოქმედების გზაზე გაბედული ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. რაღა სასიცოცხლო ვარ ამ ქვეყანაზეო. თანაც ეს საშინელი ავადმყოფობა შემომიჩნდა და მალე მომიღებს ბოლოსო. ცოტა ხანს ხევსურეთში ერთი პატარა საქმე მიძს გასაკეთებელი და მერე, მშვიდობით... მალე მიიღებ ცნობას, შენი გაბრიელი ცოცხალი რომ აღარ იქნებაო... ეს დაიბარა და წავიდა...“ (2, გვ. 7). მაგრამ ამ პერიოდში მოხდა ისეთი რამ, რასაც არცერთი მისი მეობარი თუ ნაცნობი არ მოელოდა. თითქმის ორმოცდაათი წლისამ ცოლი შეირთო, თბილისში გადმოსახლდა (1962 წლის დეკემბერში მწერალთა კავშირმა მისცა ბინა) და ახლებური ცხოვრება დაიწყო. ნიკა აგიაშვილის ცნობით, მისი ცოლი – სარა მეზვრი­შვილი „იყო მისი დიდი მოამაგე, მზრუნველი და ჭირისუფალი: მოახერხა პოეტის გადმოყვანა თბილისში, შეუქმნა მყუდრო და თბილი ოჯახი, დღენიადაგ ბავშვივით უვლიდა და თავს დაჰკანკალებდა“. მაგრამ გაბრიელს აღარ ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე. ჭლექი ნელ-ნელა უსწრაფებდა დღეს. იგი ჯერ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ სახლში გადაიყვანეს. 1968 წლის 23 დეკემბერს კი ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში დასრულდა მისი ცხოვრება, მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა სამუდამო ბინამდე – დიდუბის პანთეონამდე. გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადებიდან ორმოცდაათი წლისთავი არავის გახსენებია. უკვე გარდაცვალების შემდეგ კი მრავალი იგონებდა მას, როგორც ალალ, ვაჟკაცურ და ნიჭიერ პიროვნებას: „ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ჩვენს სიტყვაკაზმულ ლიტერატურას იგი მოევლინა სულიერი სამყაროს რაინდად, შემოქმედებითი ტაძრის კელაპტრად და ხალხის სამსახურშივე დაიშრიტა, როგორც პოეტი და მოქალაქე“ (46); „სიტყვაძუნწი და მოკრძალებული, მაღალი, დაუდეგარი სულის პატრონი იყო“ (4, გვ. 397); „როგორც მოქალაქეს, მას უსაზღვროდ მოსიყვარულე გული ჰქონდა, ხოლო ნამუსი სალოცავ ტაძრად ჰქონდა მიჩნეული“ (14). „არაგვიანიდან“ მოყოლებული გაბრიელ ჯაბუშანურის სიცოცხლეში გამოქვეყნდა მისი წიგნები: „ლექსები“, თბ., 1949 წ.; „ნათელი მთაში“, თბ., 1950 წ.; „ლირიკა“, თბ., 1956; „მზეთა ქვეყანა“, თბ., 1959; „მაღალი მთვარე“, თბ., 1962; „ჩრდილი და მზვარე“, თბ., 1963; „სიმღერა გაგა ნაროზაულზე“, თბ., 1964; „მოკრძალება“, თბ., 1967; „ლექსები“, თბ., 1967. გარდაცვალების შემდეგ კი – რამოდენიმე სხვა კრებული. მაგრამ ამ წიგნებში გამოქვეყნებული ნაწარმოებები გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილია. პოეტის პირად არქივში, რომელიც გიორგი ლეონიძის სა­ხელობის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული, ინახება არაერთი დაუსტამბავი ლექსი, პოემა თუ ბალადა. შეუსწავლელია მისი საბავშვო ლექსები, რომლებიც პოეტს გაუერთიანებია სათაურებით: „საბავშვო ლექსები“ და „საბავშვო წიგნი“ და რომელთა ძირითადი ნაწილიც კი არ არის გამოქვეყნებული. აქვეა დაცული მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები. „ვთარგმნიდი მხოლოდ იმას, რაც მომწონდა და რომ არ მეთარგმნა, არ შემეძლო. მათ დაბეჭდვაზე არც მიფიქრია“, – წერს პოეტი ერთ-ერთ პირად წერილში (13). მის არქივში ინახება: გოეთეს, ჰაინეს, თაგორის, ვერლენის, ჰაფეზის, პუშკინის, ლერმონტოვის, ბალმონტის, ბუნინის, ბლოკის, ბრიუსოვის, პასტერნაკის, ესენინის და სხვა პოეტთა ლექსების თარგმანები, რომელთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გამოქვეყნებული. ეს თარგმანები მაღალ ლიტერატურულ დონეზეა შესრულებული და უდაოდ იმსახურებს სათანადო ყურადღებას. პოეტის არქივში დაცულია მისი ლიტერატურული წერილები, მოგონებები, დღიურები და ჩანაწერები, რომლებიც საინტერესოა არა მარტო პოეტის შინაგანი სამყაროს გასაცნობად, არამედ იმდროინდელი ლიტერატურული ყოფის ისტორიი­სთვისაც. აქვე ინახება მისი პირადი წერილები, რომლებშიც ხშირად ეხება თანადროულ ლიტერატურულ ცხოვრებას, რაც საშური მასალაა იმდროინდელი შემოქმედებითი ცხოვრებით დაინტერესებულ მკვლევართათვის. გაბრიელ ჯაბუშანურის ცალკეული პოეტური ნაწარმოებებისა თუ კრებულების ირგვლივ შვიდ ათეულამდე ლი­ტერატურული წერილი, რეცენზია თუ მიმოხილვაა დაწერილი. შექმნილია მისი ლიტერატურული პორტრეტიც; მაგრამ ჯაბუშანურის საარქივო მასალის გამოწვლილვით გაცნობის გა­რეშე ვერ მოხერხდება პოეტის შემოქმედებითი მემკვიდრეობის საფუძვლიანად, მონოგრაფიულად შესწავლა. გაბრიელ ჯაბუშანურის პირველი ლექსი „ცხენი“ ახალი და ძველი ყოფის შეპირისპირებით გამოხატავს აზრს იმის შესახებ, რომ ძველი ყოფის შეცვლა ახლით გარდაუვალია. ლექსის ქვეტექსტში ამ მოვლენისადმი პოეტის უარყოფითი დამოკიდებულება იკითხება. ამავე თემას ეძღვნება ლექსი „ორნი“, რომელიც „ჩვენ თაობაშივე“ გამოქვეყნდა 1938 წელს (#6, გვ. 29-30) და რომელშიც უარყოფილია ე. წ. „ტექნიკის კულტი“. გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსთა კრებული „იმთავითვე შეიყვარა მკითხველმა, – აღნიშნავს გიორგი კალანდაძე, – ეს იყო ხმა, რომელსაც სიმტკიცესა და გამბედაობას აძლევდა, ერთის მხრივ, ფშავ-ხევსურული ზეპირსიტყვიერების მდიდარი ტრადიცია, მეორეს მხრივ, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული მემვიდრეობა. მაგრამ ჯაბუშანურმა თავიდანვე გაითვალისწინა ის უდაო ჭეშმარიტება, რომ პოეზიას არ უყვარს განმეორება. ის, რაც ერთხელ შესანიშნავად თქმულა, განმეორება-გადამღერებისას, მოხდენილადაც რომ იყოს შესრულებული, ღირებულებას კარგავს“ (19, გვ. 128). ამ კრებულში კარგად აისახა პოეტის შემოქმედებითი მიდრეკილებანი. თუმცა მასში შესულია ისეთი ლექსებიც, რომლებიც არ გამოირჩევა პოეტური ოსტატობით, წიგნი მოიცავს არაერთ ნაწარმოებს, რომელიც ორიგინალურია და ფასოვანი. მათ შორის გამოირჩევა ლექსები: „მშვიდობით“; „თისმარიანი“; „ღამე მწვერვალზე“; „გული“; „ვაჟასთან სათქმელი ლექსი“; „ზეცის საბოძვარი“; ლექსების ციკლი: „მთიბლური სიმღერები“ და ზოგიერთი სხვა. „გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია – აღნიშნავს გიორგი კალანდაძე, - საერთოდ არ გამოირჩევა მუსიკალობით, მაგრამ „არაგვიანში“ შეტანილი, ხალხურ კილოზე აჟღერებული ზოგიერთი ლექსი ამ მხრივ უდაოდ იპყრობს ყურადღებას: ასეთებია: „თავთავის საუბარი“, „მთიბლური სიმღერები“, „ლურჯაის თვალი“, „გველი“, „განშორება“, „მზესუმზირა“ და რამდენიმე სხვა. ამ ლექსებს თავის დროს ყურადღება მიაქცია სიმონ ჩიქოვანმა. მოიწონა ისინი, რითაც ერთგვარად გზა დაულო­ცა ქართულ პოეზიაში ახლად შემოსულ ჭაბუკ პოეტს. ეს გარემოება გასაგები ხდება, როცა ვიხსენებთ სიმონ ჩიქოვანის „ორკესტრალურ ლექსალობას“ და იმ დიდ გულისხმიერებას, რომლითაც უფროსი თაობის გამოჩენილი პოეტი ხვდებოდა ქართულ პოეზიაში ახალი ნიჭის გამოჩენას. დასახელებული ლექსები, მუსიკალურ კეთილხმოვანებასთან ერთად ღრმა შინაარსობრივი დატვირთვითაც ხასიათდებიან“ (12). ამის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება პოეტურ ციკლში: „მთიბლური სიმღერები“ შემავალი ლექსი – „გველი“: ცელსა მცურავი მოეხვია, ორტოლი ენით ითხოვს ზავსა; გაჰკვეთე, ცელო, მტერი ჰქვია, შემპარავია ჯადოს მსგავსად. პირისპირ ქველად მოგვექცევა, მწვანეზე იწყებს ნაზად სრიალს, მძინარეს ყელზე მოგეხვევა და შხამს ჩაგასხამს სასაშია. რა თქმა უნდა, ეს ლექსი მხოლოდ პირდაპირი გაგებით არ უნდა წავიკითხოთ. ნაწარმოებში: „ვაჟასთან სათქმელი ლექსი“ ავტორი თავს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის სულიერ მემკვიდრედ თვლის. მისი აზრით, მთიდან გამოსულ პოეტთათვის სწორედ ეს უდიდესი ხელოვანნი უნდა იყვნენ შემოქმედებითი წინაპრები. ვაჟა-ფშაველასთან პოეტის სულიერი ნათესაობა არაერთ­ხელ აისახა გაბრიელ ჯაბუშანურის კრებულებში. მისთვის სათაყვანებელია „ფშაველის სიბრძნე“ („სერობა“). „როგორც რუსთაველს თეიმურაზი, მეც რაზიკაშვილს შევეჯიბრები“ („ბინდდება“), – ამბობს პოეტი. მისთვის ვაჟა-ფშაველას შემო­ქმედება ის საზომია, რომელთან შეფარდებაშიც შეიძლება განისაზღვროს ლექსის ავ-კარგი. „ოღონდ წარვსდგე დიდ ფშაველის წმინდა ლანდთან პირმართალი“ („სიმღერა სანიაზო“), – ესაა ჯაბუშანურის ნატვრა: წმინდა, მაღალმხატვრული პოეზიის შექმნისა. ლექსში „მშვიდობით“, რომელიც „არაგვიანში“ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს, გამოხატულია გაბრიელის დაუოკებელი მისწრაფება მთათა წიაღიდან ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასვლისა, მისი შინაგანი ჰო­რიზონტის გაშლისა: მშვიდობით, მივალ, დე არხვატს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი, მწამს თავს გაიტანს და გაიმარჯვებს ფხა ვაჟკაცური, მიზანი სწორი. დაიქცნენ ძველი ადათის ბჭენი, ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით; გამყვება ქალაქს სურვილი შენი და დედაჩემის ჩემზე წუხილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსი საეტაპო ნაწარმოებია, რომელმაც პრაქტიკული ასახვა ჰპოვა გაბრიელ ჯაბუშანურის ცხოვრებაში. მართალია, გაბრიელი მშობლიურ კუთხესთან იყო დაკავშირებული თავისი შინაგანი სამყაროთი თუ პოეტური ხილვებით, მაგრამ თბილისიც იზიდავდა თავისი მჩქეფარე ცხოვრებით და ამასთანვე, ალბათ, როგორც კულტურის კერა, სადაც თავს იყრიდა იმდროინდელი შემოქმედებითი საზოგადოების ძირითადი ბირთვი. არხოტი და თბილისი იყო ის ორი ადგილი, საითკენაც გული უწევდა. თბილისში არხოტი ენატრებოდა და პირიქით. ლექსში „თბილისის მონატრება“ პოეტი მთიდან თბილისს, როგორც მაშველს, ნატრულობს. დედაქალაქის სიყვარულითაა დაწერილი ლექსები: „დილა თბილისში“, „თბილისი“, „სარკმლიდან – თბილისი ღამით“, „შავნაბადადან“, „ცისარ­ტყელა“, ***(„აღმოსავლის კლდე-ღრედან“), „მარტის კვიმატობა“, „გაუღეთ კარი“, „თბილისის დილა“ და სხვა. დედაქალაქისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებიდან გამოირჩევა ლექსების ციკლი: „თბილისის ჩუქურთმები“. თბილისი დარდს უქარვებს დიდხანს მთაში მყოფ პოეტს: ათასში ერთხელ, როგორც ფირალი, მე დავეცემი მკივან ქალაქსა, ნელდება ურვა გულში ფარული, მთებში რომ მთანგავს მთების მელექსეს. მე ვქრები ხალხში, როგორც ზღვის ქაფი, უცნობი, უცხო და უსახური, თან ვფიქრობ: მინდა რამდენი ჯაფა, რომ მოძმის ქება დავიმსახურო. („ათასში ერთხელ“) ამ სტრიქონებში ნათლად ჩანს ჯაბუშანურის აზრი იმის შესახებაც, რომ შემოქმედს უდიდესი შრომა და თავდადება სჭირდება, მისმა ნაწარმოებებმა ხალხის გულამდე რომ მიაღწიოს. ლექსში უდიდესი მოწიწებაა გამოხატული მკითხველისადმი. პოეტის აზრით, თბილისი და არხოტი, ეს ორი ადგილი, თითქოს აწონასწორებს მის პიროვნებას და რაღაც ცხოვრე­ბისეულ შუალედს აპოვნინებს: „დაკიდული ვარ ქარაფს ბეწვივით, მომიხმობს ბარი ბაღნარ-ედემით. მთაიც მეწევა... ბარიც მეწევა და მიწას მითაც აღარ ვეცემი“ („შენი ლექსის პასუხი“). ბარში მყოფს თითქოს თეთრი მთა ჩასჩურჩულებს: „ქალაქს დაეხსენ, ვერ შეეწყობიო“ („თეთრი მთა ჩამჩურჩულებდა“). ეს ჩურჩული შინაგანი ხმაა. „მგვემს თბილისი – ბარის დევი“ („მთების მონატრება“), – ამბობს პოეტი. გული კვლავ მთისკენ მიუწევს: „დიდხანს მხიბლავდა თელავ-პანკისი, მელ­ტვოდა ილტო ჭარმაგ ხევიდან, მაგრამ ისროლეს მთებმა ანკესი და დამიჭირეს კალმახივითა...“ („მთების ეჯიბი“). მთები ჯაბუშანურისათვის არა მარტო მშობლიური კუ­თხეა, არამედ სამყაროს გადმოსახედიც, სისპეტაკის, ვაჟკაცობის სიმბოლოც. მთების თემა ყველაზე უფრო ახლობელია გაბრიელ ჯაბუშანურისათვის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პოეტის ნაწარმოებთა უმრავლესობაში მთის ბუნებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი, ან მინიშნება მაინცაა მოცემული, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მთა მისთვის არ არის ეგზოტიკური კუთხე, არამედ მშობლიური სამყოფელია. კარგად აქვს შენიშნული ა. არაბულს: „გ. ჯაბუშანურის პოეზიაში ნაღვლიანი ტონის მო­მძლავრება, სხვასთან ერთად, არხოტის იმჟამინდელი სინამდვილის სავალალო მდგომარეობასთანაცაა დაკავშირებული. სიყმაწვილის უდარდელი დღეების მოგონებამ სევდიან ჰანგზე ააჩქამა პოეტის ჩანგი. წინაპართა სამკვიდრებლის მოშლის ღრმა ტკვილით დამუხტა ლექსთა სტრიქონები“ (7). 1962 წელს თბილისში დამკვიდრება პირველ ხანებში თითქოს დიდი ბედნიერებაც იყო გაბრიელისათვის, რადგან მას ბევრჯერ უოცნებია დედაქალაქში საკუთარი ჭერი ჰქონოდა. სულ რამოდენიმე ხნის შემდეგ მას კვლავ გაუწია მთისკენ გულმა, მაგრამ უკვე აღარ შეეძლო იქ დაბრუნება. მას ნელ-ნელა უახლოვდებოდა აღსასრულის ჟამი. ეტყობა, პოეტი გრძნობდა კიდეც მოახლოებულ შავ აჩრდილს: კვლავ არხოტს წავალ? – არ ვიცი, – ღირსღა ღონღილი ბერისა? ქალაქის ცოფი ავიცერ! – ბანგი და ბარგი ბარისა, ასე მგონია: – ლაფშია ურემიც ჩამრჩა, ხარიცა, ჩემთვის არც ცხენი ლაფშაა, აღარც კაშკაში ხმალისა, აღარ ვარ... „ბლოელ აფშინა მინდოდაურის გვარისა“. (*** „დავიწყევლე და დავიწვი“) მართებულად აღნიშნავს გიორგი კალანდაძე: „შეცდომა იქნებოდა, თუ მშობლიური კუთხისკენ მიზიდულობის ამგვარ განცდას პოეტის სულიერ შეზღუდულობად მივიჩნევთ. ვაჟა-ფშაველამაც ხომ სიკვდილის წინ მთის წყაროს წყალი და ბალახი მოითხოვა. ესაა უაღრესად ადამიანური განცდა, რომელსაც გრძნობს არა მარტო დიდი შემოქმედი, არამედ უბრალო მოკვდავი ადამიანიც. ამ განცდით იყო გამსჭვალული გაბრიელ ჯაბუშანურის დატირება დის მიერ, პოეტის დაკრძალვის დღეს დიდუბის პანთეონში: „დიდუბის მიწის პატიმარო, ჩემ უფროს ძმაო, ჩემ გაბრიელოო...“ (12). ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში ლექსში: „სამი“ გაბრიელ ჯაბუშანურმა თვალნათლივ წარმოაჩინა თავისი შინაგანი ბუნება და პიროვნებისეული მიდრეკილებანი, რაც მისმა ცხოვრებამ თვალნათლივ დაადასტურა: ყრმა რომ ვიყავ, განა ვიდექ მიწაზედა – დავფრინავდი ჩიტი ფრთამეწამული; მე ამქვეყნად სამი რამე მიტაცებდა: სიყვარული, სიმღერა და მამული! აწ ჭაბუკი ვიარები დავრიშივით, მაჟრიალებს ქართულ ლექსის სამუმი; მე ამქვეყნად სამი რამე ავირჩიე: პოეზია, სისკარი და მამული! გავლენ წელნი და ხმა უფრო გაბოხდება, დამიტკბება ქართლის დილა სისხამი; გულს უმალვე სამი სიტყვა აღმოხდება: საქართველო, შაირი და სისკარი! ეს მიდრეკილებები მძლავრი მოტივების სახეს იღებს გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი პოეტის შემოქმედების ძირითადი მოტივებია. საქართველო თავისი ბუმბერაზი წარსულით, ვაჟკაცი ხალხით და საუკეთესო მომავლისადმი რწმენით პოეტისა­თვის სალოცავია. მშანთავს არაგვი, მხიბლავს იორი, თან მწუხრის რეკვაც მიპყრობს ზარზმიდან: უტკბილესია ჩემი ივერი, სხვა, უკეთესი, ძმანო, არც მინდა!.. კავკასიონი – მეფის იერით, გელათი, მცხეთა – მტერთ რომ ზარავდა, უტკბილესია ჩემი ივერი, – სხვა უკეთესი, ძმანო, არ მინდა!“ (***„უტკბილესია ჩემი ივერი“) პოეტის ფანტაზია წარმოსახავს იდეალურ სამყაროს, სადაც „მარად მზე არი... ღამე არ იცის... მარად მოლი ბიბინებს... ქვიშა ოქროობს... ხალხი მარად ზეიმობს.. სად ტკბილი სიტ­ყვის თქმა არი... სადაც სიბერე არაა...“ რა თქმა უნდა, ასეთი იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის დედამიწაზე, მაგრამ რომც იყოს, პოეტს ასეთ ქვეყანას მაინც თავისი სამშობლო ურჩევნია („მზეთა ქვეყანა“). გაბრიელ ჯაბუშანურისთვის საქართველოს ყევლა მხარე ახლობელია და მშობლიური. პოეტი სამშობლოს საქარ­თველოს კუთხეთა ერთიანობაში, მთლიანობაში აღიქვამს და რაც არ უნდა მოხდეს მის პირად ცხოვრებაში, იგი, როგორც მშობლიური ქვეყნის დამცველი, მზადაა სამშობლოს სადარაჯოზე იდგეს და სიცოცხლეც გასწიროს, თუ მისთვის საჭირო იქნება („მისხალიც კი“). სამშობლოსათვის თავგანწირვის იდეით და ვაჟკაცური სულისკვეთებით გამოირჩევა ლექსი „სიმღერა არწივებზე“, რომელშიც მოყვასისადმი ღრმა სიყვარულია გამოხატული: დედა სამშობლოვ, შენი კარნახით და ჩემი გულის ძახილის ძალით, – მე მივალ: – ცათა კიდე დავლახო, და მივწვდე ნანატრს, გინდ გამსვან ძელზე. რომ მივწვდე ნადავლს ნასურვს და ნანატრს, ბრძანე და მოძმეს მტლედ დავედები, მზად ვარ დავეგო დუშმანის დანას, ოღონდ ჩემს მოყვასს ერგოს ედემი. ლექსში: „ორი ყორანი“ გამოხატულია აზრი იმის შესახებ, რომ მოყვასისა და ძმის გამყიდველს, გამცემელსა და მოღალატეს ყოველთვის ცუდი ხვედრი ერგება წილად, ხოლო ის, ვინც მოყვასისა და ძმის გულისათვის იბრძოლებს და დაიცავს მას, გინდ დაეცეს ბრძოლაში, მუდამ დაუვიწყარი იენება. კედელზე მსოფლიო რუკა კიდია. როცა პოეტი ამ რუკას შეხედავს, თითქოს ცხადად წარმოესახება ყოველი, რაც მასზე გამოხატულ ქვეყნებში თუ ქალაქებში ხდება. მას ესმის „დედამიწის კივილი“, იგი ხედავს მსოფლიოში მიმდინარე ათასგვარ უკანონობას. ამ რუქაზე ერთ პატარა წერტილად საქართველოცაა გამოსახული, რომლისადმი განსაკუთრებული გრძნობა აქვს პოეტს: ამ ეტრატებზე პატარა წერტილს – ქართლს მგოსნის გული მზემდე აღზიდავს, მისთა მიჯნათა ყოველი მეტრი მკერდზე მწერია სისხლის ხაზითა... („მსოფლიოს რუკა“) რუკა თითქოს პოეტს სთხოვს, ლექსით უწამლოს მას და ისიც იღებს ხეში კალამს და „ყოველღამ სანთელთან ჩუმად“ მჯდომარე წამლობს მას ლექსით. „ეს რომ არა ვქნა, – კედლიდან უმალ ზღვა გადმოსკდება და წარღვნა მელის“, – დასძენს პოეტი. გარდა საქართველოს დიდი სიყვარულის, ამ ნაწარმოებში მკაფიოდაა გამოხატული ჰუმანური განწყობილებანი და აზრი, რომ მსოფლიო დედამიწაზე არსებული ხალხებისათვის ერთი დიდი სახლია, რომ ამ სახლში მშვიდობა უნდა სუფევდეს, რომ პოეტი უნდა ეცადოს თავისი შემოქმედებით ხელი შეუწყოს მსოფლიოს უკეთეს მომავალს. საკუთარი ერის სახელოვან წინაპართა პატივისცემა და დაფასება პატროტიზმის ნათელი გამოვლინებაა. „თერგის ნაპირზე უხმოდ ვკოცნი თქვენს ნაფეხურებს: რაზიკაშვილო, ჭავჭავაძევ და წერეთელო“, – ამბობს პოეტი („ღამე დარიალის ხეობაში“). იგი ლექსებს უძღვნის: შოთა რუსთაველს, რომელშიც მას მიუღწეველ მწვერვალად, ბრძენად, „ახდენილ ზღაპრად და საოცრებად“ თვლის („საოცრება“); ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელსაც „რუსთაველის უჭკნობ ნერგს“ უწოდებს („ნიკოლოზ ბარათაშვილი მანანა ორბელიანის სალონში“); ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც „ქართველთა მამად“ თვლის („წიწამურის ტრაგედია“). გაბრიელ ჯაბუშანურის მიძღვნითი ხასიათის ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ლექსი „მზეწვია“, რომელიც ვაჟა-ფშაველას ეძღვნება: აქ, მთაწმინდაზე, ერთი მზეწვია ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის: – ადექი, ლუკა, მწვანე გეწვია, მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი! არაგვმა უკვე ლახტი აიღო, თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო, და დაგიბარეს: – კაცო, რა იყო ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო. ლექსი „მზეწვია“, – აღნიშნავს გიორგი კალანდაძე, – ვერსიფიკაციის მხრივ, არ ხასიათდება რაიმე განსაკუთრებული სიახლით. მაგრამ მომხიბლავია ინტიმურობამდე მისულ მინიშნებათა მისი სარბიელი. უპირველესი მინიშნება თვით ლექსის სათაურია – „მზეწვია“. „გველის მჭამელის“ გრძნეულ ავტორთან გასასაუბრებლად პოეტმა პატარა ჩიტს უხმო, რადგან ბუნებისა თუ ჩიტის ენა ვაჟასავით ამქვეყნად სხვას არავის სცოდნია. პოეტური მინიშნებებია აგრეთვე თერთ მთაზე თოვლის გახუნება და არაგვის მიერ ლახტის აღება. ორივე ეს პოეტური სახე – მინიშნება ვაჟას წარმოგვიდგენს, როგორც მშობლიურ ბუნებაზე შეყვარებულ ბრძენ მომღერალს. პატარა ჩიტსაც სჯერა, რომ მშობლიური ბუნების გახსენებით, მშობლიურ მთათა მომღერალს გული მთისკენ გაუწევს. ლექსის ბოლო ორ ტაეპში დიდი მგოსნის სიცოცხლის ტრაგიკული ფინალის გამო აღძრული მთელი გოდებაა ჩატეული. მთას როდი სჯერა ვაჟას სიკვდილი: იგი, ქალაქს გამგზავრებული, ბარში, ალბათ, სადმე თუ დაყოვნდა, მაგრამ რატომ ასე ხანგრძლივად?“ (12). გაბრიელ ჯაბუშანური ლექსებს უძღვნის თავის თანამედროვე პიროვნებებსა და მეგობრებს, რომელთა შორის აღსა­ნიშნავია: „მას მერე ქართლის გედგა უღელი“, (გიორგი ლეონიძის ხსოვნისადმი); „სამება“, რომელიც უდროოდ გარდა­ცვლილ მის მეგობარ პოეტებს: ლადო ასათიას, მირზა გელოვანს და ალექსანდრე საჯაიას ეძღვნება; „მირზა გელოვანისადმი“, რომელშიც იგი მძაფრად განიცდის მეგობარი პოეტის დაღუპვას; „კაცი და წიგნი“ (გიორგი შატბერაშვილისადმი); „სამება – ერთი“, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიასადმია მიძღვნილი. პატრიოტიზმის გამოვლინებაა გაბრიელ ჯაბუშანურის უდიდესი სიყვარული იმ კუთხისადმი, სადაც იგი დაიბადა და სადაც ბავშვობა გაატარა. აგრეთვე სიყვარული საქართველოს დედაქალაქისადმი, რომელსაც არაერთი ლექსი უძღვნა პოეტმა და რომლის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი. „ამქვეყნად რაც კი ლექსი თქმულა, – წერს გაბრიელ ჯაბუშანური, – ნახევარზე მეტი, უცილოდ, სამიჯნურო პოეზიას განეკუთვნება და მაინც თითქმის ყველა ჩვენგანი ამ უძველეს და მარად ახალ თემას ვალეწთ მელექსის ფარ-ხმალს“ (67). ჯაბუშანურის პოეტური ნაწარმოებების ნახევარზე მეტი სატრფიალო მოტივზეა შექმნილი. ა. არაბულის აზრით: „სატრფიალო პოეზია ძირითადად გ. ჯაბუშანურის პოეტური პოტენციალისა და ნიჭის სასინჯი ქვაა. ტკივილებით გასპეტაკებული ცალმხრივი სიყვარულის ტრაგიზმამდე ამაღლებული განცდა. სატრფოს სიკეთის სანაცვლოდ თავგამეტების პათოსი ცხოვლად ფეთქავს ლექსებში. დღემდე გამოქვეყნებულ ლექსთა 14 კრებული... აღნიშნული თემის ირგვლივ შეუწყვეტელი ღაღადისია!“ (6, გვ. 173). პოეტი თვლის, რომ „სიყვარული სიმღერათა დედაა“ („სიმღერა და ქორწინება“). მისთვის ეს გრძნობდა უმწიკვლოა და ლამაზი, ისევე, როგორც ბუნება („თისმარიანი“). გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიაში ვვხვდებით სამ სახელს, რომელთადმიცაა მიძღვნილი მისი სატრფიალო ლირიკა. „მგოსანს მარადჟამს მდაგავდნენ მნათნი: სისკარი, მარეხ, მერე მზექალი“, – ამბობს პოეტი. მათ შორის ყველაზე მეტი ლექსი, შეიძლება ითქვას, მისი სატრფიალო ლირიკის ძირითადი ნაწილი, მზექალს ეძღვნება. კრებული „მოკრძალება“, რომელიც მხოლოდ სატრფიალო თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს, სამი რკალისაგან – 1) სისკარი, 2) მარეხი, 3) მზექალი – შედგება. პირველ ორ რკალში სულ 7 ლექსი შედის, ხოლო მესამე დიდია და ორ ათეულამდე ნაწარმოებს შეიცავს. არსებობდნენ ეს ქალები რეალურად თუ არა? ზოგიერთი ლიტერატორი ამის შესახებ ეჭვს გამოთქვამს (59, გვ. 225; 40, გვ. 61). ეს ქალები რომ რეალურად არსებობდნენ, ამას თვით პოეტის ნაწარმოებები ადასტურებენ (იხ. ლექსები: „სისკარს – ზემო ქედში“, „თეთრი ოცნება“). ა. არაბულის გადმოცემით, სისკარი დედოფლის წყაროს (ყოფილი წითელწყარო) რაონის სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობდა. სისკარისა და მარეხისადმი მიძღვნლი ნაწარმოებები უფრო ადრინდელია, ვიდრე მზექალზე შექმნილი ლექსები და ისინი პარალელურად იწერებოდა. ლექსიდან „საბას იგავივით“ ვიტყობთ, რომ ორი ადამიანისადმი ტრფიალების გრძნობა მონაცვლეობდა პოეტის გულში. მზექალის სახე მეტად მკვეთრია და განსაკუთრებული სისადავით აღბეჭდილი არა მარტო გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში, არამედ მთელ ქართულ პოეზიაში. ამას თვით პოეტიც კარგად გრძნობს და გადმოსცემს ლექსში: „წაქეზება“, რომელიც მზექალზე შექმნილ ნაწარმოებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. იგი ორიგინალური გააზრებით და დიდ მგოსანთა მიმართ მოწიწების გრძნობით გამოირჩევა. პოეტის შთაგონება წარმოსახავს ოთახს, რომელშიც ნესტანი, თამარი, გრეტხენი და თინათინი არიან, სადაც „მზე – ოფელიას ახლავს შექსპირი, თამარს – შოთა და გრეტხენს – გოეთე“. პოეტი მიუთითებს მზექალს, შევიდეს ამ ოთახში: შედი თამამად! აგრე ძალიან ნუ კრთები მათ წინ, მზექალო ბროლო! რა ვქნათ თუ ზოგნი მეფექალნია და შენ, ძვირფასო, მწყემსი ხარ მხოლოდ!.. შედი თამამად! – მე გაბრიელმა, ღირსად გყავ: იჯდე, მათ შორის, მრწემი, როს ჩემმა სიტყვამ მეხად იელვა და ლექსად გათქვა ოცნება ჩემი! ზემოთხსენებულ ქალთა სახეები, რომლებიც მათთან ერთად მყოფ მგოსანთა კალმით არიან შექნილი მარად დაუვიწყარი იქნება ხელოვნების ისტორიაში. მაგრამ გაბრიელი იქვე მიმართავს მზექალს, რომ მათ ორივეს კდემა მართებთ: მზექალს – მეფექალთა, ხოლო მას – დიდ მგოსანთა წინაშე, ისევე როგორც „არწივთან – არწივის მართვეს, როგორც მტრედის ხუნდს – დედა-ფრთოსანთან!“ მზექალი, გვარად წიკლაური, სოფელ ამღიდან, ჭლექით ყოფილა დაავადებული და ახალგაზრდა გარდაცვლილა (1960-იან წლებში). იგი გაბრიელის ძმაზე – ლეო ჯაბუშანურზე ყოფილა დანიშნული. ლეოს 19 წლისას მოუკლავს თავი. „ციკლი „მზექალი“ 1951 წლის გაზაფხულზე დაიწყო... დღემდე დაწერილია 260 ლექსი თუ ბალადა...“ – წერს პოეტი პირად წერილში ნოდარ ანდღულაძესა და ალექსი ჭინჭარაულს (13). მზექალის სიყვარული პოეტისათვის სილამაზის, ბედნიერების სიმბოლოა, ცხოვრების მანათობელი და გამათბობელი მზეა. იგი ყოვლისმომცველია, თითქოს იმითაა მოცული მთელი სამყარო. ის მთაზე, ზღვაზე, გაშლილ ველზე უფრო დიდია და „სივრცეშიც ვეღარ თავსდება“ („სამყარო მევიწროვება“). პოეტისათვის ტრფიალების გრძნობა ლექსის და თვით სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია („სამი“). გაბრიელ ჯაბუშანური სატრფიალო პოეზიაში ქართული კლასიკური პოეტური ტრადიციის მემკვიდრეა. მართებულად აღნიშნავს თ. წიკლაური: ესაა „ტრადიცია, რომელიც ქალს არ ჰპირდება არც ბროლის კოშკებს და არც სამარყანდს, არ აჰყავს იგი ცაში დაკიდებულ ბაღებში. ეს ტრადიცია შეყვარებულთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო ნათელ, მიწიერ დამოკიდებულებას გულისხმობს და ამიტომაა ის უფრო მართალი. თუ არის მთვარე, დე იყოს სრული, არ ხამს სიმცირე და ფერმკრთალობა, თუ ჭრილობაა, დე ღირდეს წყლული, წყალობას ჰგავდეს, თუა წყალობა. აი, ასეთ „სრულ სიყვარულს“ აკანონებს ეს ტრადიცია და ასეთი სხივებითაა განათებული გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიის ის ნაწილი, რომელსაც პირობითად „მზექალი“ შეიძლება დაერქვას“ (59, გვ. 225). გაბრიელისათვის სიყვარული მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. ლექსების ციკლში: „ქვაკაცას ღამეები“ მძაფრადაა გამოხატული უარყოფილი სიყვარულის სევდა. პოეტი მზექალს თავისი მსხვერპლის სისხლს ხარბად დაწაფებულ ვეფხვს ადარებს („ვეფხვი“), მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მძაფრად განიცდის სატრფოს ავსა და კარგს. იგი „ქრთამით თუ ხერხით“ შეაღწევს უკვე ავადმყოფ სატრფოსთან და ფიქრობს: იქნებ მშობლიური არხოტის „უწმინდესმა ზეცამ“ არგოს, იქ­ნებ „მთების სუნთქვამ“ მოარჩინოს იგი („ქალაქის საავადმყოფოში“). როცა პოეტი ავადმყოფობით შეცვლილ მზექალის სახეს დაინახავს, ხვდება, რომ ახლოსაა მისი აღსასრული და იგი უდიდეს ტკივილს განიცდს: როგორ შეცვლილხარ, მართლა შენა ხარ ეს თუ მე ვხედავ უცნობის სახეს?.. ავახ, მზექალო, ასე შელახა შენი სიტურფე სნეულთა სახლმა?.. ღაწვები ალბათ წუხილმა დახრა. მზერაშიც მზეთა ჩამქრალან ალნი... ჰეი, ექიმი! მოუხმეთ ჩქარა! – მომეახლოს და დამთხაროს თვალნი!.. ადვილად წამოსადგენია გაბრიელ ჯაბუშანურის იმ გრძნობების სიწრფელე და შინაგანი ტკივილი, რომელიც ამ ლექსშია დატეული, თუ გავეცნობით მის მიერ 1952 წლის 24 ივნისს მზექალის ძმის ხვთისო წიკლაურისადმი გაგზავნილ წერილს (13, წერილიდან ირკვევა, რომ მზექალის მამა ყოფილა იმედა წიკლაური): „ეს წერილი შენდამი არის დაწერილი და მე მას ჩემი ლექსების რვეულს ვურთავ თან. ამ ლექსებიდან შენ რამდენიმე უკვე იცოდი და ახლა მთლიან რვეულს გაძლევ წასაკითხად. ეს ასთექვსმეტი ლექსი ყველა მზექალისადმია (ანუ იგივე ხორასადმი) მიძღვნილი. მე ამ ლექსებში შეძლებისდაგვარად გამოვთქვი ჩემი დიდი სიყვარული ხორასადმი და დავხატე ჩემი სულის მდგომარეობა. შენ მეორე კაცი იქნები, ვინც ამ ლექსებს წაიკითხავს; ჩვენ გარდა ძეხორციელმა არ იცის ამ წიგნის არსებობა და ჯერჯერობით არც საჭიროა ვინმემ გაიგოს. მოვა დრო და ეს ლექსების წიგნი მთელი საქართველოს კუთვნილება გახდება... მაგრამ ამჟამად მე ეს არ მაინტერესებს: შენ ხედავ, რომ ჩემი სიყვარული უცნაურია და ხევსურული ადათის მიხე­დვით შეუძლებელიც, მაგრამ სიყვარული უძლიერესი ძალაა ამ ქვეყანაზე და თავის ავანჩავანს არავის გვეკითხება, თანაც მე პოეტი ვარ და არ მევალება შევასრულო ყველა ის წესი, რაც რომელიმე კუთხეშია დაწესებული. საერთოდ, მწერლისათვის კანონი ძნელად იწერება, მით უმეტეს, რომ ამ სიყვარულში მე არა ვარ დამნაშავე: ეს რაღაც ჩემდაუნებურად მოხდა და როგორც მეხი, ისე დამატყდა თავზე... ეს ამბავი დღემდე გრძელდება და ამ თხუთმეტი თვის განმავლობაში ვერ გამოვარჩევ ვერც ერთ დღეს, ვერც ერთ ღამეს, რომ მე მზექალზე არ მეფიქროს, რომ მე მზექალზე არ მედარდოს, რომ მე მზექალის ნახვა არ მენატროს და მზექალზე თხოვნით ღვთისათვის არ მიმემართოს...“ წარმოსადგენია ის გულისტკივილი, რომელიც პოეტს მზექალის გარდაცვალებამ მოჰგვარა. მისთვის ყევლაფერმა დაკარგა აზრი („მიღმა სამყაროს“), იგი სინანულმა და წუხილმა მოიცვა. სანამ მზექალი ცოცხალი იყო, იგი მაინც ანათებდა მის ცხოვრებას, ახლა კი აღარაფერს აქვს ეშხი: ვსაუბრობთ. ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური, ლუდიან თასშიც ჩანს რბილი და მზისფერი დალალი. – ქალბნელო, ამ ჩემს გულს იქნება შენ დასცე დასტური: სად არის მზექალი? – მზექალი არ არის! არ არის! არ არის! აღარსად ქალები... აღარსად ვაჟები... აღაც მზე... დაიქცა სასმელი... დაბნელდა გარემო და მთები... დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე... ავაჰმე, გაბრიელ... ღამდების... ღამდების... ღამდების... („მზექალის მონატრება“) მზექალის სიყვარული გაბრიელისათვის მარადიული აღმოჩნდა. სატრფოს გარდაცვალების შემდეგ პოეტმა შექმნა მისადმი მიძღვნილი არაერთი ნაწარმოები. მათ შორის განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ „სიმღერა მაღალ აულზე“, რომელიც შვიდი თავისაგან შედგება. გიორგი კალანდაძე მას ლირიკულ პოემად მიიჩნევს (12). „მაღალი აული“ სიყვარულის ალეგორიული სახეა და არა რეალური სოფელი. პოეტი ისწრაფვის ამ აულისაკენ ვიწრო, საშიში და ძნელსავალი გზით. და აი, აულიც, რომელშიც სამი სასახლე და ოთხი-ხუთი ქოხი დგას. ამ საცხოვრებლებში სახლობენ ნაწარმოების მოქმედი გმირები: სიჩუმე, ოცნება, სიხარული, იმედი, სიბერე, ეჭვი, სევდა, მუზა, სიჭაბუკე და სიკვდილი. პოეტი წარმოსახვით ოცნების სასახლეში შედის, სადაც უამრავი ნახატი კიდია და ყველა მათზე მზექალია აღბეჭდილი. ოცნება არ არის სახლში. იგი მზექალთან წასულა. პოეტი ახლა სიხარულის სახლში აპირებს შესვლას, რომელიც მთლად უკაცური აღმოჩნდება. გზად შემოეყრება ოცნება, რომელიც თავის სახლში შეიპატიჟებს და შთააგონებს, რომ მზექალი ბოლოს მაინც მისი იქნება. იქიდან გამოსული იგი აულის უდაბურ უბანში გაივლის. აქ ერთი გაპარტახებული სახლია, სადაც ოდესღაც სიჭაბუკე ცხოვრობდა. მისი ნანგრევებიდან ვიღაც მოხუცი ლოდებს იპარავს. ეს მოხუცი სიბერეა. მას სურს, მოპარული ლოდებით სახლი აიშენოს. პოეტი მიატოვებს ამ ადგილს და ეჭვის ქოხში შედის. „იქ­ნებ გათხოვდა შენი სატრფო... იქნებ მოჰკალი იგი... მოდი, მომიყევი რამე“, – ხითხითით ეუბნება ეჭვი. პოეტი გარეთ გამოვა. აი, თითქმის გასცდება აულს, მაგრამ უეცრად მასთან გაჩნდება ოცნება და მასში ჩასახლდება. უცებ ქრება წამების ხიდი და აულში შვიდნი შედიან. ესენი მაყრები არიან, რომელთაც წინ პოეტი და მზექალი მიუძღვით. მათ მოსდევთ: მუზა და სიჭაბუკე, იმედი, ოცნება და სიხარული. ისინი გაანადგურებენ ეჭვს, სიბერესა და სიკვდილს და ამ აულს სახელს უცვლიან: ჩვენ მაღალ აულს სიყვარულს ვარქმევთ, ერთ სრაში ვსახლობთ შვიდივე მდგმური; მნათობი კოცნის ჩვენს მაღალ საკმელს, წყალთა წყევლასაც განეწყო ყური. მზექალიც ნანობს დანაშაულსა, რომ მისმა რისხვამ მოგვაგო ვნება და ჩვენ გუშინდელ თვალნას აულსა ვივიწყებთ, ნურცღა მოგვაგონდება! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ეჭვის თვალით უყურებდა პოეტის მიერ მზექალზე შექმნილ იმ ნაწარმოებებს, რომელიც პესიმისტური ჟღერადობისაა, ან რომლებიც მუქ, მკაცრ ტონებშია შესრულებული (27, გვ. 88; 22), რაც გაბრიელ ჯაბუშანურის ცხოვრების გზის არცოდნით, ან ამ ლექსების ესთეტიკური მხარის გაუგებრობით იყო გამოწვეული. „რამდენი ხმა არის! რამდენი სათქმელი! ეს გული ლექსებად მეცლება! მე მინდა: იდუმალს ავხადო სარქველი, ზეცაო, მომეცი შეძლება“ (***„რამდენი ხმა არის!..“) – ესაა პოეტის ღაღადისი ჯერ გაუკაფავი შემოქმედებითი გზების გასავლელად. იგი ოცნებობს, მის ლექსს ჰქონდეს „სიმტკიცე, სითბო და ეშხიც“ („ხევსური მელექსეები. მიძღვნა“). იგი არაგვს შესთხოვს, ასწავლოს მისი ტკბილი სიმღერა, რომ მისი სიტყვა იყოს „სადა და სრული“ („სათხოვარი არაგვისადმი“). პოეტი ისეთ ლექსს არად მიიჩნევს, რომელიც მარადისობას ვერ გაუძლებს. იგი ხშირად აღმაფრენას იმ სიწმინდეში, სიხალისეში და ენერგიულობაში ეძებს, რომელიც ბუნების მოვლენებს აქვს, რომელთაც მარადიული განახლება ძალუძთ, რომელთაც შეგრძნებული აქვთ მარადიულობა და თვითაც მარადიულნი არიან („წყაროსთან“). გაბრიელ ჯაბუშანურს სწამს რომ მას ბუნების მიერ აქვს მომადლებული შემოქმედის ნიჭი, რასაც არაერთ ლექსში ამჟღავნებს. მაგრამ ამას ერწყმის სახელოვან წინაპართა მიმართ უდიდესი მოწიწება და თავმდაბლობა: იცით მე ვინ ვარ? – რომ არ ვსთქვა ბევრი, – მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა, გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა... მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი, ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა: – ამიტომ მქვიან, ალბათ, პოეტი და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა... (***„იცით მე ვინ ვარ?“) აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ლექსის ქვეტექსტში კარგად მოჩანს გაბრიელ ჯაბუშანურის პატრიოტიზმი. „გურამიშვილის ცრემლი“, „ჭავჭავაძის სისხლის წვეთი“ და „ბარათაშვილის ოხვრა“ გამოწვეული იყო იმ უბედურებათაგან, რომელიც თავს დაატეხა საქართველოს ისტორიის ქარტეხილებმა. პოეტისა­თვის სისხლხორცეულია ეს ისტორია. პოეტის წარმოსახვით, მისი სული არის რვეული, რომელშიც ლექსებადაა ჩაწერილი მისი თითოეული დღის ნანახი, განცდილი თუ ნაოცნებარი („სული – ოქროს რვეული“). ის კი ამ რვეულში არსებული ლექსების მხოლოდ გადამწერია. პოეტი თვლის, რომ ამ რვეულიდან მხოლოდ უხეშ ასლებს იღებს, რადგან ხელშესახებად არ უნახავს იგი. პოეტი ოცნებობს ამ რვეულის პირდაპირ, გადაუწერლად ჩვენებას ხალხისათვის: ნეტავ შემეძლოს ხელი შევახო ჩემს სულს – ოქროს წიგნს წარმტაცს, ტიტანურს, მაღალი სიტყვის გავტეხო ახო და სამსჯავროზე გამოვიტანო! მაშინ დავდებდი უბირ კალამს და ვიტყოდი: – ძმანო, ჰა, ჩემი სული! ეგ იყო, რაიც აქამდე მკლავდა, აწ დავისვენებ დამშვიდებული. ამ სტრიქონებში იკითხება აგრეთვე საკუთარი ნაშრომით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რასაც არაერთ სხვა ნაწარმოებშიც ავლენს პოეტი. მართალია, მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს თავისი ნაშრომით და თუნდაც თავისი ცხოვრებით, მაგრამ ლექსი ხომ მისი იმედია. და თუ მისი პოეზია იქნება გულახდილი, წმინდა, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით გამთბარი, მას სწამს, რომ არ დაფარავს დავი­წყების ხავსი: მეგობრებო, შუქი დამაქვს იმედად: დღეს თუ ხვალე ბედისწერა მომხელავს; მჯერა: გავალ მშობელ მთების მღვიმედან და მომისმენს საქართველო მომღერალს, – რადგან მოძმეს გულის სიტყვას ვუთვლიდი და ამისთვის არ ვეძებდი სარგებელს; მართალი ხმა არის ხალხის კუთვნილი, წრფელი გული განა დაიკარგება! („თვითდაიმედება“) ამ ლექსში ვლინდება ჯაბუშანურის აზრი იმის შესახებაც, რომ პოეტი არ უნდა ჩაიკეტოს ვიწრო, კუთხურ ჩარჩოებში, რომ მისი შემოქმედება მასშტაბური უნდა იყოს, მთელი ერის კუთვნილება უნდა გახდეს. იქნებ სწორედ ამაშია საძებარი გაბრიელ ჯაბუშანურის მთიდან თბილისში ჩამოსვლის, დედაქალაქისაკენ სწრაფვის თუნდაც გაუცნობიერებელი სურვილი (თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პოეტი თბილისში მაინც ვერ ძლებდა დიდხანს, იგი თავს ობლად გრძნობდა თავისი მშობლიური კუთხის მუდმივად ხილვის, იქ ცხოვრების გარე­შე). გაბრიელ ჯაბუშანურმა კარგად უწყის, რომ მეტად რთულია შემოქმედი ადამიანის გზა და ისიც, რომ პოეტს უდიდესი მოვალეობა აკისრია თავისი მკითხველის წინაშე: მე პოეტობა სანუკვარი მადლი მეგონა და ახლა მივხვდი: ის უღელი თურმე ყოფილა, მარჯვე სტრიქონი, ყოვლისმზომი ადლი მეგონა, მაგრამ სამყარო მეტად ვრცელი თურმე ყოფილა. პირველი ლექსი ამაღლება ჩემი მეგონა, მცირე გორაკი მე მწვერვალის თხემი მეგონა, უწვერულ ჭაბუკს ვაჟა ჩემზე მრწემი მეგონა, ყრმობის ოცნება თვალუხელი თურმე ყოფილა... მე პოეზია მოუმკელი ყანა მეგონა, წვერი კალმისა მეტად მჭრელი დანა მეგონა, მოძმისთვის მღერა ასე ძნელი განა მეგონა, ტანჯვა მგოსნისგან განუყრელი თურმე ყოფილა. (***„მე პოეტობა სანუკვარი მადლი მეგონა...“) ტანჯვა რომ მგოსნის ხვედრია, ამის შესახებ აზრს ჯაბუშანური კვლავაც გამოთქვამს ლექსში „პოეტი“. ეს ტანჯვა არ უნდა გავიგოთ, როგორც ხელმოკლეობა ან რაიმე ცხოვრებისეული ტკივილი. გაუთვითცნობიერებელ პიროვნებას მიაჩნია, რომ ხელოვნების ნაწარმოები იოლი შრომით იქმნება, სინამ­დვილეში კი იგი ინტენსიური და დაძაბული მუშაობის შედეგია. მისივე მეგობრების გადმოცემით, გაბრიელ ჯაბუშანური ბევრს და გამუდმებით მუშაობდა. წერილში „უშქარი ფიქრის პოეტი“ შ. ამისულაშვილი გაბრიელის შესახებ წერს: „მახსოვს, მეუბნებოდა: პოეტი ლექსს ყოველდღე უნდა წერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნიჭიერება მიტოვებულ, მივიწყებულ ჭასავით ამოშრება, ამოიშრიტებაო. სხვათა შორის, გაბრიელ ჯაბუშანური არც საავადმყოფოს ჭერქვეშ ისვენებდა, იქაც ­მუშაობდა, იქაც წერდა, იქაც ანათებდა მისი ტალანტი“ (58). გაბრიელ ჯაბუშანური ჭეშმარიტ პოეზიას სიკეთის წყა­როდ თვლის. ამიტომ ფიქრობს იგი, რომ შემოქმედმა არასოდეს უნდა მიატოვოს თავისი საკეთებელი საქმე „სანამ ცოცხლობს პოეტური ალღოთი“ („არხოტის გარიჟრაჟი“). პოეტის ნაშრომს კი საბოლოოდ მკითხველი განსჯის, რომელიც მისი შემოქმედების საზომია. ეს აზრი თვალნათლივაა გადმოცემული ჯაბუშანურის ლექსში: „მოყვასთან შესიტყვება“, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს მის შემოქმედებაში. ამ ლექსში ნათლადაა გამოხატული პოეტის კრძალვა და პატივისცემა მკითხველისადმი. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს შემოქმედს წიგნის გამოქვეყნებისას. წიგნი ხომ უდიდეს გავლენას ახდენს მისი მკითხველის სულიერ სამყაროზე. ამიტომ არ შეიძლება ლექსს რაიმე შეღავათი გაეწიოს თუნდაც პოე­ტის ცხოვრებისეული დეტალებით პირობადებულ სისუსტეთა გამო: შენს სამსჯავროზე – ადგილზე თხემის – ეს წიგნი – გულის ჩემის ნაწური – წარმოდგა წყნარად მწირი და მსხემი, ასე უწურთნი ნაღვაწი ჩემი – ჩემივე სისხლით არის ნაწერი. აქ მქისედ გარქვი: ფიქრი, ქველობა, რადგან სიჩქარემ ლექსი დანასა, ვერ ვჭედე – მჭირდა მოუცლელობა: ვთიბდი თივას და ვთესდი ყანასა. მარქვი აშკარად, არსად დამინდო, დე, შენი სიტყვა – ლომისბრჭყალება – მსჯიდეს, – ცრუხოტბა მაინც არ მინდა, არც შენდობა მსურს, არც მოწყალება. ლექსი „დიდი მზე“ მითოლოგიური სიუჟეტების წარმოსახვითაა გააზრებული. ბნელი – ბოროტებაა, ნათელი – სიკეთე. პოეტმა ნათელის სუფევას უნდა შეუწყოს ხელი: ღამე ღრუბელთა ღალას თუ მზითევს მძღვნის და იღვრება ნამად თუ ოფლად; ქვესკნელს დანთქმული მზე ამოვზიდე და დამაშვრალი ვბრუნდები სოფლად. ჰაუ, რამდენი სისხლი და ჯაფა ვხარჯე, რომ ღამე მექცია დღედა; მიგლეჯდა ჯანღი საჯიქის ჯავშანს და მაგინებდა ცოლსა და დედას. ამ ლექსში გამოხატული აზრი შეიძლება გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებით დევიზად მივიღოთ, რაც თვალნათლივ ვლინდება მის ნაწარმოებებში. ვერ შევხვდებით მის შემოქმედებაში ჭეშმარიტი პოეზიის ვერცერთ ნიმუშს, რომელშიც სიკეთისკენ, სინათლისკენ ლტოლვა არ გამოსჭვიოდეს. „რა უდარდელად იმღერიან ჩემი ტოლები, ღმერთო, მე სევდა რად დამებედა“, – ამბობს პოეტი (*** „რა უდარდელად...“). გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში მკაფიოდ შეინიშნება სევდის მოტივები, რომელიც არ არის განპირობებული მხოლოდ ცხოვრებისეული ფაქტებით. ნაწილობრივ მართებულია ა. არაბულის მოსაზრება: „სულიერი სიმარტოვისა და შინაგანი ფორიაქის მძაფრი განცდა, რაც ასე თვალნათლივ იკითხება გ. ჯაბუშანურის მრავალ ლექსში, მისი მოუწესრიგებელი, მოუწყობელი, იმთავითვე ტრაგიკული დაღით დატვირთული ცხოვრების თალხი ფერებიდან მომდინარეობს. გ. ჯაბუშანურის მწერლურ გზას განგებამ განიადაგებული ღელვა და წუხილი, ბიოგრაფიული ფაქტებით პირობადებული სევდა და ნაღველი დაანათლა, რამაც მრავალმხრივ იჩინა თავი ცრემლის მძივებად აკინძულ მის თავისთავად პოეზიაში (9, გვ. 144-145). მამის, დედის, ძმის, ბიძისა და მზექალის გარდაცვალების შემდეგ გაბრიელი თავს უთვისტომოდ თვლის („უთვისტომობა“) და მას მარტოობის განცდა ეუფლება. ამ განწყობილებას ამძაფრებს ისიც, რომ ახლობლების გარდაცვალების შემდეგ მათი სახლი არხოტში მოუვლელი აღმოჩნდა, ჩაქრა მასში კერა („მამისახლი“). გაბრიელი მტკივნეულად განიცის იმასაც, რომ ვერც სატრფოს ღიმილი ეღირსა: გზად მიხვალ, ლეგა ნაგაზი მოგდევს და გელაქუცება, შორიდან გიმზერ, გავბრაზდი ამ ჩემ იღბალზე უცება. მე ვნატრობ მიწყივ შენს ახლო ყოფნას და შენთან მხარდამხარ სვლას, მაგრამ ბედი – ეს ძაღლი – მიყეფს და გვრიყავს ხანდახან... მიდიხარ... თქვენკენ ვაფრინე გული – გვემული ნაღვლითა... ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ, ბედით გჯობია ძაღლიცა. („ძაღლის ბედი“) უარყოფილ სიყვარულს, უთვისტომობის შეგრძნებასა და დუხჭირ ცხოვრებას ზოგჯერ უკიდურეს პესიმიზმამდე მიჰყავს პოეტი: „ვუყეფ არყოფნის ალაყაფს: – შამიშვი, შამრთე ღა­მეთა!“ („ავტობიოგრაფია“). ერთ უსათაურო ლექსში („მე მახსოვს ვიყავ ბავშვი პატარა...“) პოეტის ფანტაზია მის თავს ისე წარმოიდგენს, თითქოს აღარაფერი ახსოვდეს, დავიწყებისათვის მიეცეს განვლილი ცხოვრების მთელი გზა. თითქოს მას ბინდბუნდად ახსენდება წარსული და ვერ გარკვეულა მისი სიცოცხლე სიზმარი იყო თუ ცხადი: აქ აღარ ვმღერი, ბეცი და ყრუ ვარ, გული დავკარგე, წამერთო ხმა რა... ეს ოცნებანი ვინ გამომტყუა... ვიგონებ, მაგრამ არ მახსოვს, არა... ბინდბანდად მახსოვს თბილისის კარი, კახეთი, მთები, მთვარე ციერი... იყო ყოველი ესე სიზმარი თუ სინამდვილე... არ ვიცი, არა... ამ ლექსის შესახებ გიორგი კალანდაძე აღნიშნავს: „არის ეს პოეტის რაღაც უცნაური თავაზიანობა, არტისტიზმი, თუ რაიმე სულიერი დეპრესიის გამო აღძრული განწყობილება? ჩემის აზრით, ერთიც და მეორეც, უფრო კი – მეორე. ამ მოსა­ზრებას ერთი ნიშნეული გარემოება გვკარნახობს. ჯაბუშანურის არქივში დაცული მასალებიდან ჩანს, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში პოეტმა იგრძნო მოსალოდნელი კატასტროფის მოა­ხლოვება და ამ ნიადაგზე განუვითარდა სიკვდილის შიში“ (12). „ყრმობა დავკარგე მალხაზი, დავდივარ, მინდა მოვძებნო“ (***„ყრმობა დავკარგე მალხაზი“), – ამბობს პოეტი. მისთვის მტკივნეულია სიჭაბუკესთან გამოთხოვება: „ავახმე, მგონი ვბერდები, გულო, გოლგოთას ამოხველ... თითქოს არყოფნას ვბარდები, – საით გავექცე ამ ოხერს!“ (***„ავახმე, მგონი ვბერდები“). „ნეტავი შენ!“ – შესძახებს იგი ჭადარს და შენატრის ხეს, რომელსაც არ აკრთობს „წელთა ჭახანი, არც მომავალი სიბერე, არც „დაწყევლილი ჭაღარა“ („ჭადარი“). მაგრამ სიბერის ეს შიში არ არის გამოწვეული მხოლოდ ფიზიკურად დაბერების მოსალოდნელობით. პოეტი ფიქრობს, რომ ახალგაზრდობის გაქრობასთან ერთად, მას ლექსის წერის სურვილიც გაუქრება. ნაწარმოების „კიდევ ღილღური კატა“ (რომელშიც პოეტი თავისი აზრის გამოსახატად ფსიქოლოგიური პარალელიზმის მეთოდს იყენებს და რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება). პირველ ნაწილში პოეტი აღწერს დაბერებულ კატას, რომელსაც ისიც კი აღარ ესმის, თუ როგორ ხრავს თაგვი განჯინას. ერთ დროს მას პატარა ჩქამიც კი ესმოდა და მუსრავდა სამსხვერპლოს. ლექსის მეორე ნაწილში ავტორი დასძენს: ო, ნუთუ, ძმანო, მეც, შემდგომ წლების, უნდა დავჩლუნგდე, წამერთვას სმენა, და შეღონებულს სიბერის სნებით დამტოვებს ცეცხლი და აღმაფრენა? დღეს რომ მაღვიძებს თვით ლექსის ლანდი და მუზის ფრთხილი შეხება თითის. ნუთუ ვერ ვიგრძნობ – ბებერი, ზანტი, გვერდს რომ გამივლის სიმღერა დიდი. ჯაბუშანურის შემოქმედებაში აგრეთვე ხშირად იკითხება სასურველის მიუღწევლობით აღძრული სევდა, რაც ნათლადაა გამოხატული ლექსში „დოღი“. ცხოვრება ისედაც რთულია თავისი ძნელსავალი გზით, გაჭირვებით. პოეტი მოუწოდებს თანამოძმეთ, ჭორითა და შურით არ გაურთულონ მას ისედაც მძიმე ყოფა („ამქვეყნად ცოცხალს“). გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიაში გვხვდება რამოდენიმე ისეთი ლექსი, რომლებშიც ცხოველთა ან ფრინველთა ქმედების წარმოსახვით თუ მათი პოტენციური შესაძლებლობების ფანტაზირებით ახერხებს იგი პირადი განცდების გამოვლენას. ისინი ძირითადად სევდიანი განწყობილებისაა („ბუ“, „ფარეხთან“, „ძაღლის სიმღერა“). ასეთი ნაწარმოებები ინტიმურია და მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მიუხედავად გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში არსებული ღრმა სევდის გამომხატველი მოტივებისა, იგი არ არის პესიმისტი. „ეჰ, რარიგ მიყვარს მე ეს ცხოვრება – ამდენი სევდით და სიყვარულით“ („მთელ ღამეს...“), – ამბობს პოეტი. მან კარგად უწყის, რომ ცხოვრებაში სევდა და სიხარული ისევე მონაცვლეობენ, როგორც ჩრდილი და შუქი, რომ ეს ცხოვრების აუცილებელი პირობაა და რომ „მზიან სამყაროს ზოგჯერ ჩრდილიდან უნდა გახედო, რომ უფრო მეტად ის შეიყვარო“ („ჩრდილი და მზვარე“). ჯაბუშანურისათვის არ არის უცხო სიცოცხლით აღ­ფრთოვანება, დაუოკებელი მისწრაფება სიცოცხლისაკენ. სალამი ქარს! სალამი მზეს! სალამი მთებს! სალამი ჩემს მიერ წაუკითხავ წიგნებს! (***„სალამი ქარს!..“) პოეტის აზრით, ბედნიერია ადამიანი, რომელიც ყოველ დილას „სამყოფი იმედის შუქით“ ხვდება, რომელიც ეგუება „ჩვენი ცხოვრების მადლსა და ცოდოს“ („ბედნიერება“). იგი „სამარის საბნად“, არარაობად მიიჩნევს უმოქმედობას („წვეთი და საწუთრო“). მოქმედება, სწრაფვა კი ახალგაზრდობაშია. პოეტი ახალგაზრდობაში ხედავს სიხარულისა და მომავლის სათავეს. ლექსში „ახალუხლები“ (ხევსურულ კილოზე – ახალგაზრდები), რომელიც ტრიოლეტის ფორმითაა დაწერილი, მომავალი თაობის წინაშე ქედის მოდრეკა და ამავე დროს, სიცოცხლის დიდი სიყვარულია გამოხატული. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯაბუშანურის ზოგიერთ ნაწარმო­ებში მოსჩანს მისი სარწმუნოებრივი განწყობილებანი. ლექსში „გაზაფხულის სევდა“, რომელშიც გაზაფხულით გამოწვეული სიხარულია გამოხატული, პოეტი დასძენს: ჩემს გულში დიდი იმედის მსგავსი შუქი შეიჭრა შვებისმომცემი, დიდი სიმღერა დამადგა თავზე და ყელს მოაწყდნენ ჩუმი ლოცვები. გაბრიელ ჯაბუშანურს სწამს იმქვეყნიური ცხოვრება. „იქნებ მანდ იშვებ და მე ცრემლი რისთვის ვიდინო?“ – ასე მიმართავს პოეტი უკვე გარდაცვლილ მზექალს ლექსში „ვარაუდი“. ნაწარმოებში „სიმღერა მაღალ მოკეთეზე“ პოეტი დასძენს: არ ვიცი, ვინ ხარ: მამული, დედა, სატრფო, ან იქნებ მაღალი მუზაც; მე შენ თვალნათლივ ვერასდროს გხედავ, მაგრამ ვგრძნობ! – მხარში მიდგეხარ მუდამ. მეჩვენე! ცხადლივ რატომ არ ჩანხარ? ოღონდ ნუ დამთბობ სიკეთის მჩენი, ხოლო თუ შენი შეცნობა არ ხამს, – ჩრდილ დარჩი, – იყავ ნებაი შენი! ეს განცდა, რომელიც პოეტს წრფელად და უშუალოდ, შეულამაზებლად აქვს გადმოცემული, მიუთითებს არაამქვეყნიურის მძაფრ შეგრძნებაზე, რომელიც მისი შინაგანი სამყაროსათვის არ უნდა ყოფილიყო უცხო. „აზრი შემძინა ღმერთმა და მომცა სული – სანთელი... და მახლავს სასო – ღვთის ჟრუანტელი“ („პერიფრაზები“), – ამბობს პოეტი. მას წამს, რომ ადამიანის სული ისეთივე მარადიულია, როგორც დრო („დრო და სული“). პოეტი არ ისწაფვის ამქვეყნიური სიამეთაკენ, არამედ მისთვის მთავარია იმქვეყნიური ყოფა: „ღმერთო არ ვითხოვ რამ სიამეთა, ოღონდ მიღმა ცის ვნახო ციალი“, – შესთხოვს იგი უზენაესს ლექსში, რომლისთვისაც „საამაღლებო ლოცვა“ დაურქმევია. ამ სტრიქონებიდან თვალნათლივ ჩანს პოეტის, როგორც მორ­წმუნე ქრისტიანის მორალური სახე. გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში ცალკე უნდა გამოიყოს ქისტების სოფელ ღილღოში დაწერილი ლექსები, რომლებიც სხვა ნაწარმოებებიდან გამოირჩევა წარმოსახვის ახალ ფორმათა ძიებით. აგრეთვე აქამდე უჩვეულო განცდებით, რომელსაც მასში ქისტების გაპარტახებული აულები იწვევდა. გაბრიელი თავს ამ აულებივით გაპარტახებულად გრძნობს: მოვსულვარ შენთან ვინმე დევნილი, შენებრ პარტახი და მიგდებული, უმანკო ცრემლით ღაწვდათოვნილი, შენსავით მწარედ ჩაფიქრებული. („კენტი აული“) პოეტი სევდიან ფერებში ხატავს ღილღოს გაზაფხულს („კვლავ გაზაფხული“), გარიჟრაჟს („დასაწყისი გარიჟრაჟისა“) თუ ღამეს („ღამე მიტოვებულ აულში“). იგი აღელვებული დასცქერის უკაცრიელ სახლში ნაპოვნ ქისტი ქალის – ჰადიშათის სურათს („ქისტის ქალის – ჰადიშათის სურათზე“); მას „გული ენისლება“ დანგრეულ აულებში გავლისას („ნგრეულ აულებში გავლისას გულის გასამაგრებელი საგა“) და ცას მიტოვეულ აულთა დატირებას შესთხოვს: „ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ზეცავ, დააწვიმე მწირ აულებს უწმინდესი ცრემლი“ („ვედრება მიტოვებული აულისათვის“). პოეტი ცდილობს, ლექსში გააცოცხლოს მკვდარი მიტოვეული აულები. თითქოს ახლაც ჩქეფდეს აქ სიცოცხლე, ისე წარმოსახავს იგი აქაურ ყოფით სურათებს, აქაური ხალ­ხის მისწრაფებებსა და სურვილებს („აბრაგის ნატვრა“, „ქისტის ქალების საუბარი“, „ჰასანის ცოლები“, „ქისტის ქალის წყევლა“, „დაქვრივებული ქისტის ქალის ნანა“, „მომავალო ქისტის ქალო“ და სხვა). ღილღოში შექმნილი ნაწარმოებებდან ორიგინალური გააზრებითა და პოეტური ოსტატობით გამოირჩევა „ორი ძაღლი“, რომელსაც ა. არაბული ბალადად მიიჩნევს (8, გვ. 5). ამ ნაწარმოების შინაარსი ავტორის ბიოგრაფიულ ფაქტებზეა აგებული. პოეტი „თალხი განწყობილებით“ დადის ქისტების დაცარიელებულ აულში, თან ორი ძაღლი: ერთი – თეთრი, მეორე – შავი ახლავს და მიტოვებულ სახლებში ეძებს ლუკმა-პურს. მე – ვინც ახალი აფრა ავუშვი და შევაბრუნე ბედის ბორანი, ვინც მიტოვებულ ქისტის აულში დღეს დავთარეშობ, როგორც ყორანი... ვისაც მერჩივნა ალალი ოფლი საკუთარ თავს და საკუთარ ჯალაბს, – მე მიტოვებულ ქისტის სოფელში დღეს ორივ ხელით ვიხვეჭავს ალაფს... ვიხვეჭავ ალაფს...თან სინიდისი მქენჯნის და მტკივა გულის ფიცარი... ო, დღეს ყოველი სხვისი მაქვს... სხვისი... და ეს მყეფრებიც ქისტების არი... ძაღლები ურვით უვლიან აულს, ზოგჯერ მოწყენით წვანან, ზოგჯერ ერთმანეთს ებრძვიან, ისინი შორს იჭერენ თავს პოეტისაგან, თუმცა მან ბევრჯერ სცადა „თავისად ექმნა“ ისინი. გავიდა ხანი და შავი ნაგაზი ბოლოს მიენდო პოეტს, მის ეზო-კარს ეახლა და ლუკმაც მიიღო, თეთრმა კი – არ მიიკარა და არც საჭმელი მიიღო მისგან. ნაწარმოების ლირიკულ გმირს ეუფლება შეგრძნება, თითქოს მასაც უდევს წილი ამ აულების გაპარტახებაში. გამოხდა ხანი და შავ ნაგაზთან ერთად, თეთრიც დაიახლოვა პოეტმა. ახლა ისინი, სამივენი ერთდ დადიან ნადავლის შესაგროვებლად. მხოლოდ ნაგაზები არ აბიჯებენ მიტოვეული სახლების ზღურბლს. „ო, ძაღლზეც ძაღლი ხარ, უეჭველად!“ – დაიკივლებს პოეტის გული და იგი ფიქრებში საკუთარ თავს წყევლის, როდესაც ზურგზე გადაკიდებული ნადავლით უკან ბრუნდება. როცა დაღამდება, ძაღლები სახლს ერთგულად დარაჯობენ, ხოლო პოეტი „ფიქრების ნავში ქანაობს“. ეს ორი ძაღლი თითქოს „მისი იღბალის გაორებაა“: შავი – კაეშნის არის ნიშანი, რაც ჩემი ყოფნის გზაზე თანა მდევს, – არხოტშიც მახლდა თალხი მისანი და ახლაც მომყვა დაღესტანამდე. თეთრი ძაღლი კი – იმედის „თეთრი მირაჟია“. პოეტს აწუხებს აზრი თოფი დაახალოს და მოკლას შავი ძაღლი, მაგრამ მას შეაჩერებს განსჯა: მაგრამ მსჯის განსჯა დინჯადმყოფელი, რომ დაჰგმოს გული გაფოთებული, – მართლაც რა არის წუთისოფელი – თუ არ აული აქოთებული?! ხან დარი დარობს, ხან დელგმა ბღავის, ჰხამს უბედობა და ხან ბედიცა! ცოცხლობენ ძაღლნი: თეთრი და შავი – ნაღველიც მინდა და იმედიცა! დღეს ღილღოს მახლავს მე ორი ძაღლი. ერთი თეთრია, მეორე – შავი; თეთრი – იმედის და შავი – ნაღვლის მყავს ორი მოყმე და ნათესავი. ფილოსოფიური ჭვრეტით და განზოგადებით, დამაჯერებელი მხატვრული სახეებითა და მტკიცე ფორმით „ორი ძაღლი“ შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ჩაითვალოს ჯაბუშანურის შემოქმედებაში. გაბრიელ ჯაბუშანური რამოდენიმე პოემის ავტორია, მაგრამ მისი პოემების უმრავლესობა ვერ დგას იმ პოეტურ სიმაღლეზე, როგორც მისი ლირიკული ნაწარმოებები. გიორგი კალანდაძის აზრით, ეს მოვლენა „მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ჯაბუშანური თავისი მოწოდებით ლირიკოსია და მან თავისი შემოქმედებითი ტკივილების გამჟღავნება მხოლოდ პოეზიის ამ დარგში მოახერხა“ (12). 1949 წელს წიგნში: „ლექსები“ გამოქვეყნდა მისი პოემა – „სიმღერა გიგიზე“, რომელშიც მთაში კომკავშირის შემოჭრაა აღწერილი. 1950 წელს ერთ წიგნად დაისტამბა მისი ორი პოემა: „მანგია შუქიაური“, რომელიც ხევსურთა ძველ ყოფა-ცხოვრებას ეხება და „ნათელი მთაში“, რომელშიც ხევსურთა იმდროინდელი ყოფაა აღწერილი. 1964 წელს ცალკე წიგნად დაისტამბა მისი პოემა „სიმღერა გაგა ნაროზაულზე“, რომელშიც ბარისახოს სკოლა-ინტერნატის ახალგაზრდების ცხოვრებაა აღწერილი. ზემოთჩამოთვილი პოემები თანადროული მოთხოვნების შესაფერადაა დაწერილი. გაბრიელ ჯაბუშანურის პოემებიდან შინაარსობრივი თვალსაზრისით გამოირჩევა პოემა „ინვექტივა – მონუმენტი“, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ამ პოემის წერა გაბრიელს 1949 წელს დაუწყია. ამ წლითაა დათარიღებული მისი წერილი გიორგი ქავთარაძისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: „ეს პოემა („მონუმენტი“ ჰქვია) ივლისის შუა რიცხვებში დავიწყე. პირველად ას, ორას სტრიქონს ვწერდი (ზოგჯერ ორ თავს დღეში). მერე თანდათან მომბეზრდა და ძლივს მივაღწიე მეცხრე თავამდე. ჯერ მაინც ისე არა მაქვს საქმე, რომ თავი მივანებო (13). ამ წერილიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გაბრიელ ჯაბუშანური ლირიკოსი იყო. მისთვის დიდტანიანი, ეპიკური ნაწარმოების შექმნა მოსაბეზრებელი ხდებოდა. პოემაში – „მონუმენტი“ შემზარავი ფერებითაა დახატული სტალინის, როგორც ტირანის პორტრეტი: ჩაღრმავებული შენი თვალები ვულკანებია ჯოჯოხეთისა, – უცხოა მათთვის რამ შებრალება, უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა... მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას თვალები შენი ჩვეული გარყვნას, მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას. მაგ თვალებს ძალუძთ, რომ გადიტანონ სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი. ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს, – მისთვის უცხოა აზრი კეთილი. ამ სტრიქონებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გაბრიელ ჯაბუშანური რეალურად აღიქვამდა იმდროინდელ სიტუაციას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მას აქვს შექმნილი ნაწარმოებები, რომლებიც მართლაც ძალდატანებით, თანადროული მოთხოვნების შესაბამისადაა შესრულებული და რომელთაც ესთეტიკური ღირებულება არ გააჩნიათ. იქნებ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ კაცი, რომელმაც შეძლო ომში არ წასულიყო, გადარჩა ფიზიკურ განადგურებას. მართებულად აღნიშნავს ა. არაბული: „ყურს ნუ ათხოვებ უხამსთა ყეფას და მედროვეთა ხანმოკლე ხავილს...“ – უდავოა, რომ თავის შემოქმდებით ძალებში დაურწმუნებლობა მსგავს სტრიქონებს აგრე ადვილად ვერ დააცდენინებდა ბუნებით მოკრძალებულსა და უხინჯო, უზაკველი სულის კაცს“ (9, გვ. 142). ეს სტრიქონები ნათლად გამოხატავს გაბრიელ ჯაბუშანურის აზრს იმის შესახებ, რომ თანადროული მოთხოვნების შესაბამისად წერა რაც გინდა მკაცრი იყოს ეს მოთხოვნა, არ არის მიზანშეწონილი შემოქმედისათვის, რომ ასეთი ნაწარმოების სიცოცხლე ხანმოკლეა. გაბრიელ ჯაბუშანურის შემოქმედებაში უბრალო ყოფითი საგნები და მოვლენები პოეტურ ჟღერადობას იძენს, რადგან იგი ახერხებს სათქმელის განზოგადებას, ამასთანავე, იგი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ჩაღრმავებით ცდილობს გახსნას მოვლენათა თუ საგანთა არსი. პოეტი სიტყვის ეკონომიით და ორიგინალური მხატვრული ხერხებით აღწევს მისი მსჯელობა მკითხველამდე ცოცხლად, ემოციურად მი­იტანოს. ამასთანავე, მისთვის დამახასიათებელია მტკიცე და ვაჟკაცური ტონი, რაც ახლობელია და სასიამოვნო ქართველი მკითხველისათვის. ჯაბუშანური მტკიცედ დგას მშობლიურ ნიადაგზე. მისი შემოქმედება ქართული კლასიკური პოეზიითა და მდიდარი ქართული ფოლკლორით საზრდოობს. გაბრიელ ჯაბუშანურისათვის ნიშნეულია ლექსში ხევსურული კილოსათვის დამახასიათებელი ტერმინების, არქაიზმებისა და დიალექტიზმების გამოყენება. არქაიზმების ხმარება გარკვეულ ტონს აძლევს პოეტის შემოქმდებას და მას ორიგინალობას სძენს. არქაიზმებს პოეტი უხეშად, მექანიკურად როდი იყეებს, არამედ ლექსში გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვით, მოვლენათა არსის გახსნის მიზნით, ესთეტიკური ან ემოციური მხარის გაძლიერებისათვის. ამ მხრივ დიდია და მრავალფეროვანი პოეტის პალიტრა. არქაიზმებს განსაკუთრებით მაშინ იყენებს პოეტი, როცა ლექსი ხევსურეთის ძველ ყოფას ეხება, რითაც გარკვეულად აღწევს იმდროინდელი ყოფის გაცოცხლებას, ზოგჯერ კი წარმართული ხანის ილუზიას. „პოეტურ სარბიელზე გამოსვლის შემდეგ ჯაბუშანურმა მალე გამოამჟღავნა ლექსის ახალი ფრომის მაძიებელი ოსტატის თვისებები, – აღნიშნავს გიორგი კალანდაძე, – ხევსურუსლი ხალხური პოეზიის ტრადიციებს ნაზიარები, იგი პირველ ყოვლისა წინ აღუდგა ხალხური ლექსის სტილიზებას, მის მიბაძვას. მართალია, მან 1930-იანი წლების ქართულ პოეზიაში ხევსურული „მთიბლურის“ ფორმა თითქმის უცვლელად გადმოიტანა („ლურჯაის თვალი“, „ქუჩი“, „გველი“), მაგრამ ეს მოვლენა სტილიზირებად არ უნდა გავიგოთ, რადგან საერთოდ, იგი მაშინდელ ქართულ ლექსში ახალი მოვლენა იყო, ადრე ლექსის ეს ფორმა არ გვქონდა. „თითქმის უცვლელად-თქო“, რომ ვამბობთ, იმ გარემოებას ვგულისხმობთ, რომ ხევსურული მთიბლურისაგან განსხვავებით, ჯაბუშანურის ზემოთდასახელებული მთიბლური სიმღერები რითმიანი ლექსებია: მთიბელასა მთხოვენ მთის ყვავილნი, ხვალამდე მაინც დაგვაცალე, კიდენ გვალაღე მზისა ხილვით, მერე ადექ და გადაგვცელე... („ლურჯაის თვალი“) ხევსურული რვა თუ თექვსმეტმარცვლიანი ხალხური ლექსის ფორმის ნაცვლად ჯაბუშანურმა თანამედროვე მოდერნისტული ფორმა აირჩია და იგი თავისი მრავალზომიანობით (მრავალფეროვნებით) მშობლიური კუთხის ფოლკლორულ ტრადიციებს დაამყნო. ამ მოსაზრებას, ვფიქრობთ, დაზუსტება სჭირდება; ხევსურულ ფოლკლორულ ტრადიციებში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ ხალხური ლექსის ფორმალური მხარე (წარმოსახვის მხატვრული საშუალებანი), არამედ შინაარსობრივი და მსოფლმხედველობრივი მომენტიც, წარმართული რწმენის გადმონაშთები და ეთნიკურ-გეოგრაფიული გარემო, – რომლებიც ერთად აღებულნი, ქმნიან ხევსურული ფოლკლორული ტრადიციების რთულ კომპლექსს“ (12). გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია ხასიათდება მშობლიური კუთხის ბუნების თუ ცხოველთა სამყაროს განსულიერებული ხედვით, რაც ვაჟა-ფშაველას სულიერ მემკვიდრეობად უნდა ჩაითვალოს („იხდიდნენ წელნი წელთა წინ ჩალმებს“ ­(„უეცარი მოგონება“); „ღამემ სოფელზე დაასვენა ზანტი სხეული... მხოლოდ მდინარის მდურვა ისმის გაუგებარი“ („მთვარეული“); „იორი მინდორს ეთათბირება“ („ირმის ნახტომი“); „მაგრამ ისროლეს მთებმა ანკესი და დამიჭირეს კალმახივითა“ („წიგნი თინა ოჩიაურს“); „ძილს ნატრულობდა მდინარე და ნამსა სვამდა დილა“ („საზღვარზე“); „რუს ვერცხლის დალალს იხვევს ბორბალი, ფითრდება ღამეც ფერშენაცვალი“ („ღამე წისქვილში“); „ცამ გადაიცვა საავდრო ჩოხა, ნაბადს იბურავს კლდეი ტიტველი“ („წვიმა“); „უცოდველად იცრემლება ამო მარტი“ („თისმარიანი“); „ნამით თვალმონართავებმა გაიცინეს თავთავებმა და სიოსთან სასიმღეროდ ააქანა ყველამ ღერო“ („თავთავების საუბარი“); „ბუ ხვაშიადს შეღაღადებს ცას“ („მწუხრი გულიდან“); ლექსები: „პაემანი“, „თენდება“, „ცისარტყელა“ და სხვა). ჯაბუშანურის პოეზიაში მრავლად გვხვდება შედარებები და მეტაფორები, რომლებშიც თვალნათლივ ჩანს პოეტის მიერ მოვლენათა ორიგინალური აღქმა. მისი შედარებები თუ მეტაფორები ძირითადად მთისთვის დამახასიათებელ მოვლენებსა თუ ბუნებაში იღებს სათავეს. ბუნების აღწერებში მეტაფორული მეტყველება განსაუთრებულ ორიგინალობას იძენს. ამის ნათელი მაგალითია ლექსი „მთების ზამთარი“, რომელიც თითქმის განუწყვეტელი მეტაფორული მეტყველების მთლიანობას წარმოადგენს: ნამქერების ნაღარა, ხრამნი – ხევთა წყლულები, მთიდან ჭალას ნახალი ზვავთა ათეულები, კლდენი – ჩამონაღვარნი, ჩრდილნი – ავი სულები, მდინარეთა ჯახანი და ყინულის ცულები, გრიგალების ძახილი, მწვერვალები – თულები, მთვარე – ზეცის მძახალი, ვარსკვლავები – მულები, ქედზე თოვლი ახალი – ბამბად დასაგულები, ნისლი – კვიცი საღარი, ფიჭვნი – უფლისწულები, ცაზე ღრუბლის ალალი, მასზეც ღრუბლის ქულები... ჩემი სევდა მაღალი, ნატვრა აუსრულები. აქვე მოვიყვანთ შედარების მაგალითებს: „ლაღნი არიან ქალები ჩვენი, ვლიან ჯიხვების მსგავსად ფრიალოს“ („ზემო­იმერული ესკიზები“); „თეთრი ნისლი ბამბა არის დანაპენტი, სიო მთების ზღაპარია – სათნო, გრილი“ („თისმარიანი“); „რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა, როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი“ („მიმწუხრის სიმღერა“); „მისცურავს მანგი გაბადრული – ლომის ბოკვერი“ („დაკარგული ლექსი“); „როგორც ხევსურის პერანგს მძივები, ცას ვარსკვლავები ისე აყრია“ („მიწა – კამეჩი“); „რიყის ქვებივით სიტყვები ყრია“ („მორყეული მიწური“); „სიჭაბუკე გაიპარა, როგორც კვამლი“ („განურჩევლობა“); „დაბერდა, – წვერი ისე თეთრი აქვს, როგორც არაგვის წყალვარდნილები“ („შუღლი“) და სხვა. პოეტის შემოქმედებაში გვხვდება მის მიერ ნაწარმოები ახალი სიტყვები, რომლბიც წარმოქმნისა და თხზვის გზითაა მიღებული („ესაკმარა“, „მესაოცრება“, „შევიშუღლეთ“, „მოიკვალა“ ეღიმილები“, „დევდება“, „თვალშეუდგამი“, „მუხლებმუხთალს“, ხატმზეობით“, „ხვითორეული“, „ოქროშუქნი“, „სიტ­ყვამზაკვრულობს“, „ცეცხლშენართავი“ და სხვა). გაბრიელ ჯაბუსანური დიდ ყურადღებას აქცევს რითმას, როგორც პოეტური ნაწარმოების სამკაულს. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა დისონანსური რითმა, რომელსაც პოეტი აშკარად პრიმატს ანიჭებს ზუსტ რითმასთან შედარებით. მოვიყვანთ მის პოეზიაში გამოყენებული დისონანსური რითმების ზოგიერთ ნიმუშს: „სიკამკამეში“-„მიწა-კამეჩი“; „სარაჯი“-„უდარაჯე“; „მეგულება“-„მიგალობე“; „არჩვი“-„გამოარჩია“; „საწილო“-„საწოლად“; „ზარნიშად“-ზარნაშო“; „მწირი“-„მწარე“; „ვიცინი“-„ვიცანი“; „გავწირე“-„არწივებს“-„ნარწევი“; წავშალე“-„თავშალი“-„ჯავშანი“-„ქალშავა“; „ვერხვები“-„ფერხდება“; „არწივთა“-„არწევდით“; „გომბორი“-„გეამბორა; „ფაცერს“-„ფიცარს“; „დაგვაძმარო“-„ძმა არიო“; „პოემას“-„პაემანს“; „ცხრა მილი“-„დაუცხრომელი“; „ოთახი“-„მოთაღა“; „ფირალი“-„ფარული“; „ქაფი“-ჯაფა“; „მკვნესარის“-„კესანე“; „მთვარეზე“-„არესი“; „მერანი“-„მირონი“; „გაუგონ“-„აუგი“; „ნაფლეთი“-დავფლე და“; „მუცალი“-„მოცელე“; „ბორკილი“-„მორკინალს“; „ლაფშაა“-„ლაფშია“ და სხვა. აღსანიშნავია გაბრიელ ჯაბუშანურის მიერ ნაწარმოებებში ალიტერაციის გამოყენება რომელიც ძირითადად სიტყვათა დაწყებით ბგერებზე აქცენტირდება (იხ. ლექსები: „აეშაგი“, „სამება – ერთი“, „პანთეონში ვაჟასთან“, „ნისლი“, „სიმღერა სანიაზო“, „ჩანჩქერთან“, „მგზავრის მონოლოგი“, „რიჟრაჟი აულში“, „სიმღერა შენთან ყოფნაზე“, „მეზობელ ქალწულს“, „კალმახი და აპრილი“ და მრავალი სხვა). პოეტი თავის ნაწარმოებებში ხშირად იყენებს საკუთარ სახელს, რაც ტრადიციული პოეტური ხერხია. გაბრიელ ჯაბუშანური 1930-იან წლებში სალიტერატურო ასპარეზზე გამოსულ პოეტთაგან ერთ-ერთი ძლიერი ხმის შემოქმედია. მის ნაწარმოებებში მკაფიოდ ვლინდება ავტორის შინაგანი სიღრმე, პოეტურ ხილვათა სიმძაფრე. რეალურისა და ირეალურის შერწყმით პოეტს მკითხველი უცხო, უჩვეულო სამყაროში შეჰყავს. ორიგინალურია მისი ლექსის ჟღერადობა და მხატვრული სახეები, Aძარღვიანი და ვაჟკაცურია მისი სიტყვა. „ძალიან მიყვარს გაბრიელ ჯაბუშანური, როგორც კაცი და როგორც პოეტი“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კონსტანტინე გამსახურდიამ. ჯაბუშანურის პოეზია დღესაც აღაფრთ­ოვანებს ერუდირებულ მკითხველს.