ალექსანდრე საჯაია
ალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელის 31 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში (ძველად – ლედგებიე). იგი დედისერთა იყო და მშობლები, გამრჯე მეგრელი გლეხები, განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდნენ. სასოფლო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1940 წელს დაამთავრა. „ბევრს კითხულობდა და ძალიან ბევრს ეძიებდა. მშვენივრად ფლობდა სალიტერატურო ქართულს, შესანიშნავად იცოდა ჩვენი მწერლობა დასაბამიდან თანამედროვეობამდე. განსაკუთრეულად ჩვენი ერის ისტორიით იყო გატაცებული“ (29).
ალექსანდრე საჯაიას პირველი ნაწარმოებები 1934 წელს გამოქვეყნდა „ახალგაზრდა მწერალში“, ხოლო შემდგომ სისტემურად ქვეყნდებოდა პერიოდულ გამოცემებში, ძირითადად „ჩვენ თაობაში“.
1940 წელს გამოვიდა ალექსანდრე საჯაიას პირველი პოეტური კრებული: „ლექსები“ (თბ., საბლიტგამი, რედ. ა. მაშაშვილი), რომელმაც დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ლიტერატურულ წრეებში და რომელშიც თვალნათლივ წარმოჩინდა პოეტის შემოქმედებითი მიდრეკილებანი. 1944 წელს დაისტამბა ლადო გუდიაშვილის მიერ გაფორმებული წიგნი – „ჩემი ზღაპრები“ (თბ., საბლიტგამი, რედ. დ. ჭოლოკავა), რომელიც მოიწონა იმდროინდელმა კრიტიკამ და რომლის გამოქვეყნება საინტერესო ლიტერატურულ ფაქტად მიიჩნია.
თავისი თაობის პოეტთა შორის „სხვებთან შედარებით ალიოშა საჯაია უფრო მშვიდი და თავდაჭერილი ჩანდა, მაგრამ ყოველთვის მზად ჰქონდა ცეცხლი დასაკვესად, ეს, ერთი შეხედვით არ შეიმჩნეოდა, იმდენად თავაზიანი და გულისხმიერი იყო იგი. ამაში ხელს უწყობდა საკმაო კულტურა და აღზრდა, იცოდა რაღაც ღუღუნ-ღუღუნით და მოკრძლებით მუსაიფი. როცა ესაუბრებოდა მეგობრებს: ვახტანგ ჭელიძეს, ლადო ავალიანს, გიორგი კალანდაძეს, სიტყვები თითქოს იქვე იქმნებოდნენ მის ტუჩებთან“, – აღნიშნავს მწერალი ნიკა აგიაშვილი წიგნში „ჭაბუკები დარჩნენ მარად“ (თბ., 1980, გვ. 186-187), რომელშიც მან უკვდავყო ამ თაობის წარმომადგენელთა სახეები და ამით უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული კულტურის ისტორიას.
„ალექსანდრე საჯაია არა მარტო თავის ტოლ პოეტებში გამოირჩეოდა თვალტანადობითა და პირადი მომხიბლაობით, სიდარბაისლით და სიმშვიდით, მაღალი გემოვნებით, დახვეწილი მანერებითა და შინაგანი არისტოკრატიზმით, – აღნიშნავს გრ. აბაშიძე, – მას სიჭაბუკეშივე მიეღწია თავისებური ჰარმონიისათვის, მითვის უცხო იყო უეცარი აფექტაცია, წონასწორობიდან გამოსვლა და უფრო იმ იდეალურ ზომიერებას იჩენდა, რომელიც თუ თანდაყოლილი არ გაქვს, ესოდენ ძნელი მისაღწევია ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც“ (1). ზომიერების ეს თანდაყოლილი გრძნობა ნათლად ვლინდება მის შემოქმედებაში.
ერთხელ, თურმე, გალაკტიონ ტაბიძეს ღიმილით უთქვამს ალიოშა საჯაიასთვის:
ერთ დროს მეც ვიყავ შენებრ ლამაზი,
მაგრამ არ ვიყავ შენსავით ნაზი (4, გვ. 184).
პოეტის მეგობართა გადმოცემით, ეს სინაზე ვაჟკაცურ ბუნებასა და დახვეწილ არისტოკრატიზმთან იყო შერწყმული.
„ალექსანდრე საჯაია ყველა თაობის მწარალთაგან განებივრებული იყო, – იგონებს ვახტანგ ჭელიძე, – ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი. შეუძლებელი იყო, იგი გაეცნო ადამიანს და ერთბაშად არ მოხიბლულიყო. ჯერ გარეგნობა განაწყობდა განსაკუთრებული სიმპათიით... პოეტის გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნის ერთ-ერთ საღამოზე სიმონ ჩიქოვანი შენიშნავდა: „მე იგი მესამე-მეოთხე თაობის ინტელიგენტი მეგონა, და განცვიფრებული დავრჩი, როცა მის სოფელში ჩავედი და მშობლები გავიცანი“ (62, გვ. 180).
ზემოთ ნახსენებ თვისებებთან ერთად ალექსანდრე საჯაია იყო პირდაპირი, მოსიყვარულე, სამართლიანი, ფრიად განათლებული და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ასეთი პიროვნება, რომელიც ამავე დროს შემოქმედად იყო დაბადებული, მძლავრ სიტყვას იტყოდა ქართულ პოეზიაში; მაგრამ მასაც, ისევე როგორც ამ პოეტური თაობის ბევრ წარმომადგენელს, არ ეწერა დიდხანს სიცოცხლე. „1943 წლის ივნისის მიწურულს იგი მუხლებზე დაემხო ლადო ასათიანის კუბოსთან და მოთქმით ატირდა“ (38); მეგობრის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით შესანიშნავი წერილი გამოაქვეყნა; ხოლო სულ მცირე ხნის შემდეგ, 1944 წლის 17 სექტემბერს თვით გარდაიცვალა 28 წლის ასაკში და მშობლიური სოფლის – ოდიშის საგვარეულო სასაფლაოზე დაიდო სამუდამო ბინა.
მისთვის კათალიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს სიონის ტაძარში გადაუხდია პანაშვიდი და ქადაგება ასე დაუწყია: „თქვენ ყველას გახსოვთ, დიდმა ილიამ როგორ მიმართა ბარათაშვილს, უღვთო იყო შენი სიკვდილიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ ერია ამ სიკვდილში. ეს ისე მოხდა, უღვთოდ, უღმერთოდ. ასეთი სიკვდილიც არის ხოლმე. იგივე შეიძლება მე გავიმეორო ამ ახალგაზრდა კაცზე, რომლის ლექსებმა და ზღაპრებმა დიდი სიამოვნება მომანიჭეს და დამაფიქრეს“ (62).
როგორც მისი თანამედროვენი ადასტურებენ, ალექსანდრე საჯაია არ ჩქარობდა. იგი ემზადებოდა დიდი სიმღერისათვის, „შინაგან ცეცხლსა და სიფიცხეს ეპიკური სიმშვიდით უთავსებდა საოცარ გულმოდგინებასა და შორიდან დასახულ დიდ მიზნებს. მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წელს იგრძნო მან მოახლოებული კატასტროფა, სიკვდილის აჩრდილი მართლაც აჩქარებს ადამიანს. მის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ეს უკანასკნელი წელი იყო“ (61). ამ მოახლოებულ კატასტროფას ეტყობა რეალურად გრძნობდა პოეტი. ვ. ჭელიძის გადმოცემით, იგი მატარებელში შეხვედრია შოთა გაბელიას და თურმე მთელი გზა – თბილისიდან ზუგდიდამდე – ეუბნებოდა, სიკვდილის წინათგრძნობა მაქვსო.
სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელი სვანეთში, რევაზ მარგიანთან ერთად გაუტარებია. მურმან ჯგუბურიას ცნობით, მას დაუჟინია, ენგურში უნდა ვიბანავოო. ბევრი უშალეს თურმე, მაგრამ მაინც თავისი გაუტანია. მარტო წასულა და უბანავია ენგურში. სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ცუდად (69, გვ. 145). ამ შემთხვევას საოცრად ეხმაურება პოეტის მიერ გარდაცვალების წინა პერიოდში შექმნილი უსათურო ლექსი, რომელშიც იგი ენგურს მიმართავს:
სად მიიჩქარი
ზათქით და ზარით,
მო ჩემთან შმაგო, კისკისით მოდი.
მეც ერთხელ ასე,
გიჟი და სავსე,
ჩემ გზაზე შენებრ მოვიჩქაროდი.
მე ვიცი, ჩქარა
შენაც ჩემგვარად,
ცელქი ოცნების ნათელ ქარებით
დაცხრები, კრულო,
მშფოთვარე სულო,
დაილევი და დაიკარგები.
ცუდად გახდომის შემდეგ იგი ჯერ სახლში, ხოლო შემდგომ მესტიის საავადმყოფიოში მოუთავსებიათ, სადაც თავზე რევაზ მარგიანის დედა და მეუღლე ადგნენ. აქვე გარდაცვლილა იგი. ვ. ჭელიძის ცნობით, ექიმებმა ტუბერკულოზური მენინგიტი დაუდგინეს და მაშინდელ პირობებში მისი გადარჩენა შეულებლად ჩათვალეს (62, გვ. 205-206).
ასეთი იყო ცხოვრება ამ ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცისა, რომლისგანაც არავის ახსოვს რაიმე, გარდა სიკეთისა, სიყვარულისა და ერთგულებისა.
ვხედავ, ვმაღლდები, როგორც ტაძარი,
და სიყვარულის წკრიალებს ზარი.
ჩვენი წარსული უდაბნოს ჰგავდა.
დღეს შევძელ მზესთან თვალის სწორება.
არარა იყო ძველი ცხოვრება
დუმილისა და წუხილის გარდა.
დღეს სხვა საუნჯეს ავხადე ფარდა,
კმარა სიმშვიდე და მყუდროება.
...გასაოცარი მესმის სიმღერა,
მზე და სინათლე ამოცისკარდა,
მხარზე დამაჯდა ოქროს ნისკარტა
ჩიტი და ყელი გადმოიღერა,
რა საოცარი მესმის სიმღერა,
ეს რა სინათლე ამოცისკარდა!
დღეს სიყვარულის წკრიალებს ზარი,
განათლდა სული, როგორც ტაძარი.
ასე წერდა პოეტი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს შექმნილ ლექსში „ისევ მომესმა გულის ხმაური“. „ალექსანდრე საჯაია იყო ნამდვილი პოეტური ბუნებისა და იშვიათი ადამიანური სისპეტაკის განსახიერება, – აღნიშნავს ლადი ავალიანი, – ერთ თავის ლექსში რომ ამბობს: „ძმებო, გული მაქვს ცამდე მართალი და მთის წყაროზე ათასჯერ სუფთაო („წყარო“. დაწერილი აქვს ჯერ კიდევ შემოქმედების დასაწყისში), სრული ჭეშმარიტებაა და არა პოეტური ჰიპერბოლა“.
დასანანია, რომ ეს შესანიშნავი პოეტი და პიროვნება ჯეროვნად არ იყო და სათანადოდ არც დღეს არის დაფასებული. მხოლოდ 1990 წელს გაიხსნა ოდიშში მისი სახლ-მუზეუმი და გამოიცა მისი ბეჭდური მასალის ბიბლიოგრაფია. თუმცა ალექსანდრე საჯაიას ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვილვ გამოქვეყნებულია რვა ათეულამდე ლიტერატურული წერილი, თუ რეცენზია, ამ პუბლიკაციებში წინა პლანზე წამოწეულია პოეტის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თვისებები და ცალკეულ ნაწარმოებთა შესახებ მოსაზრებანი. მისი შემოქმედება მთლიანობაში ჯერაც არ არის შესწავლილი.
დღემდე გამოცემულია ალექსანდრე საჯაიას ნაწარმოებთა 12 კრებული. მათ შორის ყველაზე სრულია 1987 წელს გამ-ბა „მერანის“ მიერ დასტამბული წიგნი: „ნაადრევი ვარდები“, რომელიც მოიცავს: ლექსებს, ზღაპრებს, თარგმანებსა და პირად წერილებს. არც მასში და არც რომელიმე სხვა გამოცემაში არ შედის პოეტის ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები.
ალექსანდრე საჯაია დაინტერესებული იყო ყოველდღიური ლიტერატურული ცხოვრებით და ინტერესით ადევნებდა თვალს მისი განვითარების პროცესს. იგი ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, „ორი თუ სამი წლის განმავლობაში „ახალგაზრდა კომუნისტის“ თანამშრომელი იყო (29). აღსანიშნავია მისი ლიტერატურული წერილები: ლადო ასათანის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავის გამო (24); რევაზ მარგიანის პირველ წიგნზე – „ლექსები“ (26); გაბრიელ ჯაბუშანურის პირველ პოეტურ კრებულზე – „არაგვიანი“ (25). ხსენებული წერილები, რომლებიც მისი მეგობრების შემოქმედებას ეხება, დღესაც საინტერესოა ამ პოეტთა ნაწარმოებების მეცნიერული კვლევისას.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ალექსანდრე საჯაიას ზღაპრები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ ზემოქმედეის ძალას; მათ დღესაც ინტერესით წაიკითხავს მოზარდი თაობა. საჭიროა მათი ილუსტრირება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქართველი ბავშვები არ არიან განებივრებულნი მათთვის მიზანშეწონილი ფასოვანი ლიტერატურით.
ეს ზღაპრებია: 1) „უთავო მეფე და დიდთავა მეფე“, რომელიც პატარებს გონებრივი და ფიზიკური შრომის გაშუალედებას, ზომიერებას შთააგონებს; მიუთითებს, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა, ზედმეტი არც ფიზიკური წვრთნაა სასურველი და არც გონებრივი, საურველია ადამიანის ჰარმონიული განვითარება; 2) „უდღეური ბატკანი“, რომელიც პატარებს თავმდაბლობისაკენ მოუწოდებს; 3) „ორი ყანჩა“, რომელიც მოზარდს შთააგონებს სხვისი იმედით კი არ იცხოვროს, არამედ თვით შეისწავლოს ყოველივე, რაც ცხოვრების მანძილზე გამოადგება, რადგან სხვის იმედზე მყოფი ყოველთვის განწირულია; 4) „როგორ იქცა კაცი ხედ“, რომელიც მოზარდის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვისაა გამიზნული. ცხრა ძმამ გმირულად დადო თავი სამშობლოსათვის. მეათე კი, რომელიც ლაჩარი აღმოჩნდა, ხედ იქცა. საბოლოოდ კვლავ ცოცხლდება ცხრა თავდადებული ძმა, ხოლო მეათე ხედ რჩება. ეს გარემოება მოზარდს მიანიშნებს, რომ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი მარად უკვდავია.
ერთი შეხედვით, ხსენებული ნაწარმოებები მკითხველს შეიძლება ნიჭიერი ავტორის მიერ სტილიზებული ხალხური შემოქმედების ნიმუშად მოეჩვენოს, მაგრამ ისინი თემატურადაც და სიუჟეტის მხრივაც ორიგინალურნი არიან. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ზღაპრები ხალხური მემკვიდრეობის ტრადიციათა საფუძველზეა შექმნილი: გათვალისიწნებულია ხალხური ზღაპრისათვის დამახასიათებელი მძაფრი სიუჟეტი, მოულოდნელობანი, სტილი – ნათელი, განწყობა – უშუალო. ამავე დროს ისინი პოეტური აღმაფრენითაა დაწერილი. პროზაულ ტექსტში ჩართული ლექსები მათ კეთილხმოვანებას მატებს. ისინი თემატური თუ სტილისტური თვალსაზრისით ორგანულადაა შერწყმული პროზაულ ტექსტთან და ზღაპრებს მეტ ემოციურობას და უშუალობას სძენს.
ეს ნაწარმოებები თანამედროვე ორიგინალური ქართული ზღაპრის შექმნის წარმატებული მცდელობაა. დასანანია, რომ ალექსანდრე საჯაიამ ვერ მოასწრო ამ ხასიათის სხვა ნაწარმოებთა შექმნა. ვახტანგ ჭელიძის გადმოცემით, მას მეხუთე ზღაპარი დაუმთავრებელი დარჩენია სამუშაო მაგიდაზე.
ალექსანდრე საჯაია მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, ძირითადად ინგლისური ენიდან თარგმნიდა. „მან შესანიშნავად იცოდა ინგლისური პოეზია და საერთოდ პოეზია, – აღნიშნავს გრიგოლ აბაშიძე, – ამგვარი ცოდნა სრულიად ხაზგასმულად მჟღავნდებოდა მის ლექსებსა და საუბრებში“ (1).
ალექსანდრე საჯაიას მიერ თარგმნილი ნაწარმოებებიდან გამოირჩევა: უილიამ შექსპირის ორი სონეტი (***„მიყვარს თვალები...“ და ***„დე, კვლავ იღვწოდნენ“), პერსი ბიში შელის – „ღრუბელი“ და „სიყვარულის ფილოსოფია“; ედგარ პოს „ანაბელ ლი“; ლონგფელოს „წვიმიანი დღე“; ლორდ რენდალის – „ინგლისური ხალხური ბალადა“. ხსენებულ თარგმანთა ძირითადი ნაწილი პოეტის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა. ისინი პიველად უნივერსიტეტში, შემოქმედებით საღამოზე წაუკითხავს (62, გვ. 195). ამ ნაწარმოებებით პოეტი წარმოგვიდგა, როგორც ნიჭიერი, დაკვირვებული და ერუდირებული მთარგმნელი. მათში შინაარსობივ მხარესთან ერთად კარგადაა დაცული ლექსთა საზომი და თავისებურებანი.
ამ თარგმანებიდან ო. ჩხეიძე განსაკუთრებულად გამოყოფს შელის ნაწარმოებს „ღრუბელი“, რომელიც ალიტერაციითაა დაწერილი და აღნიშნავს: „ალიტერაციულმა ლექსმა, რაც ინგლისურ პოეზიაში არასოდეს მიმქრალა, ქართულ პოეზიაში საშუალო საუკუნეების შემდეგ ვეღარ მოიდგა ფეხი. პოეტმა ბრწყინვალედ აღადგნა დიდი ხნის წინათ შემწყდარი ტრადიცია და არ გავაზვიადებთ თუ ვიტყვით, ამ თარგმანით შექმნა თანამედროვე ქართული ალიტერაციული ლექსის ნიმუში (57).
საჯაიამ ვერც მთარგმნელობით სფეროში მოასწრო მიზნების განხორციელება. ვ. ჭელიძის ცნობით, მას განზრახული ჰქონდა შელის მრავალი ნაწარმოებისა და ბაირონის რჩეული ნაწაროებების თარგმნა, რომელთაგან ზოგიერთი დაუწყია კიდეც, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩენია.
როგორც ვხედავთ, ალექსანდრე საჯაია მრავალმხრივი შემოქმედია, მაგრამ იგი უპირველეს ყოვლისა პოეტი-ლირიკოსია. დასანანია, რომ მას ბევრი ოცნება განუხორციელებელი დარჩა, ბევრი ნაწარმოები – დაუსრულებელი (63).
პოეტს გამიზნული ჰქონია ლირიკული ციკლი შეექმნა სვანურ მოტივებზე (62, გვ. 172), რაც ნაწილობრივ აასრულა. მან მხოლოდ რამოდენიმე ლექსის დაწერა მოასწრო სვანურ მოტივებზე სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს. მათში მძაფრადაა გამოვლენილი პოეტის შინაგანი განცდები:
საღამოთი შველი გადამეღობა,
ას წელიწადს მაძებნინა კვალი;
მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,
მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.
სალოცავად ქართველობა მეყოფა,
საფიცავად – შენი თაფლის თვალი.
...დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,
მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი.
შენი შუქი ბნელში გადამეღობა,
ღრუბლებზედაც ვნახე შენი კვალი.
საამაყოდ ქართველობა მეყოფა,
საფიცარად – შენი თაფლის თვალი.
ამ სტიქონებში მძლავრი პატრიოტიზმი ტრფიალების ნაზ გრძნობასთანაა გადაჯაჭვული, რაც არაა უცხო ალექსანდრე საჯაიას პოეზიისათვის.
სვანურ მოტიებზე პოეტს შექმნილი აქვს შესანიშნავი სტრფიალო ლექსი, რომელიც ხალხური პოეზიისათვის დამახასიათებელი სასიმღერო ჟღერადობით გამოირჩევა. თვით ნაწარმოების სიუჟეტიც ხალხური წყაროებიდან იღებს სათავეს:
ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და,
დაბრუნდება იქნებ როდის.
შენ ღრუბელი ყოფილიყავ და,
მენაც ქარი ვიქნებოდი.
შენ უშბაზე დაიძინებ და,
მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით,
თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და,
ანდა სეტყვად დავიშლებით.
სვანურ მოტვებზე შემნილი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებულად გამოირჩევა მცირე მოცულობის უსათაურო ლექსი, რომელშიც ბუნების სურათთან ერთად დედის სახეა დახატული. ამ ლექსის ქვეტექსტში მოახლოებული გარდაცვალების განცდა იგრძნობა:
მზე მთის საფარს ეფარება,
ეზოს მწუხრი ეპარება
და ჩრდილები ხეთა,
ფერად ნისლში იძირება,
აივნიდან იმზირება
მოწყენილი დედა.
„ყველაზე მეტად, ალბათ, გამზრდელი დედის ხატი ჰქონდა აკვიატებული სიკვდილის წინ“, – აღნიშნავს მურმან ჯგუბურია (69, გვ. 145). რევაზ მარგიანი თავისებურ ნათესაობას ხედავს ამ ლექსსა და დავით კაკაბაძის სახელგანთქმულ ფერწერულ ტილოს: „დედას“-ს შორის (29).
ალექსანდრე საჯაიას დაუმთავრებელი დარჩა ერთადერთი პოემაც – „უტუ მიქავა“, რომლის ნაწილი – ცხრა სიმღერა „ჩვენ თაობაში“ (1938, #12) გამოქვეყნდა და რომელშიც ნათლად ჩანს ახლებური გამომსახველობითი საშუალებების ძიების ცდები.
რ. ჩხარტიშვილი მას ისტორიულ პოემად მიიჩნევს და აქვე დასძენს: „უტუ მიქავას თემა ასე თუ ისე ნაცნობი და ახლობელი თემაა ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ნაცნობობის ერთ-ერთი საწყისი ისევ ალ. საჯაიას სახელს უნდა დაუკავშირდეს“ (56, გვ 29). ლ. სულაბერიძე თვლის, რომ ეს ნაწარმოები ლირიკულ-ეპიკური პოემაა და დასძენს: ამ ნაწარმოებში „ჩანს, რომ პოეტს აინტერესებს ცხოვრების უფრო აქტიური, მჩქეფარე საზოგადო მოვლენები... იგი დააინტერესა ხალხისა და მისი საყვარელი გმირის ურთიერთობამ. ფოლკლორული წყარო ალ. საჯაიამ თავისი ხელით გამოძერწილი თასით მიაწოდა მკითხველს“ (52, გვ. 118-119).
იქნებ არც იყოს მიზანშეწონილი დაუმთავრებელ ნაწარმოებზე ასეთი კატეგორიული მსჯელობა და მხოლოდ მოკრძალებული ვარაუდი სჯობდეს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: პოემაში ალექსანდრე საჯაია ცდილობს, გამოიყენოს მეგრული ფოლკორისათვის ნიშანდობლივი ტონალობანი. ამის ნათელი მაგალითია „ნანინას“ მოტივი, რომლიც პატრიოტული სულისკვეთებითაა ნაწარმოებში გამოყენებული.
პოემაში გადმოცემულია ამბავი, თუ როგორ გადაწყვიტა მეფემ დედამიწის მიტოვება და ზეცაში ასვლა, რისთვისაც ხის უზარმაზარი კიბე აუშენეს. მეფე წლების მანძილზე სულ ზემოთ მიიწევდა, მაგრამ საიდანღაც კიბეს ნაპერწკალი მოედო და იგი ცეცხლმა გაანადგურა. ამ მოტივის საფუძველიც მეგრულ ფოლკლორულ ძირებშია საძიებელი, თუმცა იგი შორეულად ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ისტორიას ეხმაურება.
პოემა პატრიოტული სულისკვეთებითაა დაწერილი. მასში ვხვდებით რამოდენიმე ისეთ ადგილსაც, რომელშიც ავტორის პოლიტიკური მიზანსწრაფვა, სამშობლოს ბედზე მისი ფიქრია გაცხადებული:
ჩვენი ბედი სხვათა ტყვეა,
ვატყობ: გაწყრა, დაგვივიწყა.
ეს ტყეები ჩვენი ტყეა,
ჩვენი ზეცა, ჩვენი მიწა.
და შემგომ:
სიზმრად ნახა ბალღი ჩვილი,
სისხლიანი არწივის ტყვე...
და მეგრელი ქალი დილით
აბოდებდა რუსულ სიტყვებს.
რა თქმა უნდა, ძნელია იმის მტკიცება, თუ რა გეზით სურდა ავტორს განევითარებინა პოემა, რა შინაარსით დაეტვირთა იგი, რა იყო ჩაფიქრებული ამ პოემის დედააზრად. ჩვენი ვარაუდით, იგი სწორედ პატრიოტული მოტივის მხრივ განვითარდებოდა. მასში აისახებოდა პოეტის პოლიტიკური შეხედულებანი, მიზანსწრაფვა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ. ამას გვაფიქრებინებს მისი არსებული ნაწილის სულისკვეთება და შემდეგი გარემოებაც: ნაწარმოების არსებული ცხრა სიმღერა 1938 წელსაა შექმნილი. პოეტი თავის ნაწარმოებებს დაწერისთანავე, ყოველ შემთხვევაში – დაწერიდან უახლოეს პერიოდში აქვეყნებდა; ხოლო ამ პოემაზე მუშაობა მან არსებული ნაწილის გამოქვეყნებისთანავე შეწყვიტა. სავარაუდოა, ეს ცენზურის წინააღმდეგობით, უარეს შემთხვევაში – მუქარით იყო გამოწვეული.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ისევე, როგორც ამ თაობის სხვა პოეტები, ალექსანდრე საჯაიაც ვერ გადარჩა კომუნისტური ფანატიზმით გაბოროტებულ პირთა დიქტატს, კრიტიკაში კი – იმ მენტორულ ტონს, რომელიც ხშირად დაპატიმრების მიზეზიც კი ხდებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შ. აფხაიძის წერილი: „ლიტერატურის ახალი კადრები“ (54, გვ. 58-59), რომელშიც იგი, სხვა შენიშვნებთან ერთად, აკრიტიკებს ალექსანდრე საჯაიას ერთ-ერთ შესანიშნავ ლექსს „წერილი“. „მიუხედავად გაკვრით ჩართულ დღევანდელობის შეგრძნებით გამოწვეულ სახეებისა, – აღნიშნავს იგი ალ. საჯაიას შესახებ, – მისი ლექსი ნეიტრალური წმინდა ლირიკის პოზიციებზე დგას, უფრო მეტი – ცრემლების ერთგვარი მუსიკაც ისმის, ჩვენთვის უცხო განწყობილებათა გამოვლენასთან გვაქვს საქმე: ეს არის რაღაც მოთენთილობის, დაღლილობის განწყობილება“, – და ამ მიმართებით განიხილავს ლექსს „წერილი“.
რ. ჩხარტიშვილი მართებულად აკრიტიკებს შ. აფხაიძის ასეთ მიდგომას პოეზიისა და ხსენებული ლექსისადმი. იგი აღნიშნავს: „1930-იანი წლების ქართული სალიტერატურო კრიტიკა, სამწუხაროდ, ტენდენციურად უდგებოდა მოვლენების იმგვარ გამოხატვას, როცა „დარდი“ და „ნაღველი“ გაერეოდა ადამიანურ გრძნობებს. ამის მაგალითად შ. აფხაიძის წერილი გამოდგება... კონკრეტულ შენიშვნებს ამგვარი ფრომით გამოთქვამს: „თითქოს გუგული მიყეფდა გუშინ, მსდევდა ენგურის ბუტბუტი ცალკე; დედის წერილი ჩავიკარ გულში და დასავლეთით მივეყრდენ სარკმელს“. პოეტმა მიიღო დედის წერილი, – გამოთქვამს თავს მოსაზრებას კრიტიკოსი, იმოწმებს რა ზემოთ მოტანილ ციტატას, – უნდა ვიფიქროთ, ახალი სოფლიდან გამოგზავნილი, საბჭოთა წესდებაზე აგებულ კოლმეურნეობიდან თუ არა, მშრომელ ერთპიროვნულ მეურნეობიდან. რას მოელის მკითხველი ასეთი სოფლიდან გამოგზავნილ წერილში? რა თქმა უნდა ახალი, ბედნიერი ცხოვრებით გამოწვეულ საამურ განწყობილებათა გაზიარებას. შემდეგ კრიტიკოსი ისევ ციტატას იშველიებს: „ის ჩიტისგულა, ცრემლით მიგონებს, ვერ მალავს დარდებს, მშობლიურ სურვილს“. და განაგრძობს: რა დარდები შეიძლება აწუხებდეს დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის დედებს, სოფლად რომ მუშაობენ კოლემურნეობაში? ალბათ პოეტს მხედველობაში აქვს შვილის ნახვის სურვილით გამოწვეული სევდა. ნუთუ ეს დარდი ისეთი ღრმაა, სოციალური უკუღმართობითაა გამოწვეული (56, გვ. 26-28).
რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა პოეზიისადმი აფსურდია და იმდროინდელი იდეოლოგების მოთხოვნითაა ნაკარნახევი. თუ პოეტი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას, როგორც წესი, რისხვა დაატყდებოდა თავს. ამის მაგალითები მრავლად არსებობს. ალბათ ამის შედეგია (თავის გადარჩენის აუცილებლობითაა განპირობებული) ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებაში რამდენიმე ისეთი ლექსის არსებობა, რომელსაც დისონანსი შეაქვს მის პოეზიაში. მხედველობაში გვაქვს: „ბორის ძნელაძის ძეგლთან“, „ოლეგ კოშევოი“ და ზიგიერთი სხვა, რომლებიც სხვა ლექსებთან შედარებით გაცილებით სუსტია, მათში იგრძნობა ნაძალადევი ტონი. შეიძლება ნაწილობრივ იგივე ითქვას ლექსების ციკლზე „სომხეთში“, მაგრამ მასში გვხვდება მეზობელი ერისადმი მეგობრული გრძნობით გამსჭვალული, პოეტური ოსტატობით აღბეჭდილი სტრიქონებიც:
შემიყვარდა მე შრიალი როგორღაც,
აბრეშუმის სიყვარული მეც დამყვა.
ყელსახვევი მომიქსოვე, გოგონავ,
ო, ცისფერი ყელსახვევი, გეთაყვა!
ოღონდ იყოს ვარსკვლავების არშია,
მთვარის შუქიც, დასახული ვერცხლად,
რომ ოდესმე მოფარფატემ ქარშიაც
გამახსენოს მე სომხეთის ზეცა.
იმ დროს, როდესაც ალექსანდრე საჯაია ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სავალდებულოდ ითვლებოდა ომის თემაზე ნაწარმოებების შექმნა. პოეტს რამოდენიმე ასეთი ნაწარმოები ეკუთვნის. მათგან მხოლოდ ლექსები: „სამშობლო ჩვენია“, „დაჭრილი მეომრის წერილი“, „მამული“ და „მჭედელი“ შუტანია შემდგენელს პოეტის ნაწარმოებთა ყველაზე სრულ კრებულში „ნაადრევი ვარდები“ და ეს მართებულიცაა, რადგან პოეტური ოსტატობის მხრივ მხოლოდ ისინი გამოირჩევიან ამ ხასიათის ლექსებიდან.
აქვე უნდა აღინიშნოს: თუმცა ამ ლექსებში თანამედროვე ბრძოლის სურათებიცაა წარმოსახული, მათში არსადაა მინიშნებული, რომ ისინი მეორე მსოფლიო ომის თემას ეხება. ამიტომ ამ ლექსებიდან ძნელია მეორე მსოფლიო ომისადმი პოეტ-ლირიკოსის მიმართების დადგენა. მათში ზოგადად ომის წარმოსახვა და ამასთან საქართველოს გულმხურვალე სიყვარული, მგზნებარე პატრიოტული გრძნობაა გადმოცემული.
ლექსში „მჭედელი“ პოეტი ხატავს შუბლშეკრულ, მკლავძარღვიან, ძვალმაგარ ვაჟკაცს, რომელიც იარაღს ამზადებს და ამასთანავე ბრძოლის წყურვილითაა ანთებული. მას თითქოს ესმის თავისივე ნაკეთი „ჯავშნის ჯახანი“, როგორ „რეკს გრიგალის ხმაში მისი ნაწრთობი ფოლადი“. იგი კვლავ გრდემლს ეცემა და ებრძვის ვარვარა რკინას, რათა იარაღი დაამზადოს.
პოეტი თვლის, რომ სამშობლოს დაცვისათვის გმირობის ჩადენა ადამიანის საუკეთესო ქმედებაა:
რომ ჟამი გმირობის დღისთანა
არ არის სხვა, ენით უთქმელი...
რომ ბევრი წუთები ითვალა
და არსად ასეთი წუთები;
რომ მარად, დღეა თუ ღამეა,
წამი წამს გაბმული არ იცდის,
რომ ერთი ძვირფასი წამია
სიკვდილი სამშობლო მხარისთვის...
(„სამშობლო ჩვენია“)
ალექსანდრე საჯაიას მიერ ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ლექსი: „დაჭრილი მეომრის წერილი“. მასში ნაზ, ლირიკულ ჟღერადობასთან ერთად, მძლავრი, ვაჟკაცური ხმა ისმის, რითაც ავტორი ღრმა პოეტური მგრძნობელობის ნახატს ქმნის:
მჯერა, ბნელი დამღუპველი
მოშორდება მზეს ღრუბელი,
ცეცხლიც, ქარიც დამშვიდდება,
დამშვენდება ცას სინაზე,
ვაჟკაცობის ნასისხლარზე,
ყვავილები გახშირდება.
შენი მესმის ხმა დიადი,
შენი მზერის განთიადი
ლაჟვარდ ცაზე დავინახე.
შენს წამწამებს, ლამაზ თვალებს
ვიცი სიზმრად გააწვალებს
სისხლიანი ჩემი სახე.
ამ სტრიქონებში პატრიტიზმსა და ოპტიმისტურ განწყობილებებთან ერთად ტრფიალების განცდაა გადმოცემული. თვით ლექსის ფორმაც კარგად მიესადაგება ამ განწყობლებათა სინთეზს.
ალექსანდრე საჯაიას ომისდროინდელი ნაწარმოებებიდან ორი ლექსი: „სიმღერა მურზაყანზე“ და „სიკვდილი“ ეხმაურება პოეტის მიერ ომის თემაზე შექმნილ ზემოთხსენებულ ნაწარმოებებს და მათ შესახებ ჩვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს. ამ ნაწარმოებებში ვლინდება პოეტის აზრი იმის შესახებ, რომ სამშობლოს დაცვა სჭირდება და ამავე დროს, უძლეველი მებრძოლები. ასეთ მებრძოლს ხატავს პოეტი ლექსში „სიმღერა მურზაყანზე“, რომელიც სვანურ ხალხურ მოტივზეა დაწერილი:
მთას მოადგა ურდო, უნდა გზების გაგნება;
მთების ძარღვებს ეძებს, კორდზე ღვარი დასძრა.
გზა მთის მკერდზე ბუდობს, ტყეში მიიკლაკნება,
გზა ფრიალოს ფეხზე ებლანდება ბაწრად.
ბნელ ხევს ჩახვევია ნათელ კორდზე გასული,
ხან ნაპრალი იცავს, ხან ჩანჩქერი ჩქარი,
ჩვენთვის მუდამ ღია, მტრისთვის გადარაზული,
ჩვენი ცა და მიწა, ჩვენი გზა და კარი.
სვანის ფართო მხრები მთებს გალავნად ეყოფა,
ციხე-კოშკად სვანის მოუხრელი ქედი.
კლდესთან ვერაგ ურდოს მკერდით გადაეღობა
და კლდე იყო მაშინ მურზაყანის მკერდი.
მუზაყანი ბუნების შვილია. ბუნება მისი გრძნობების თანაზიარია და, ამასთანავე, მზრუნველობს მას. მურზაყანი არასოდეს დაუშვებს სამშობლოში, მის ბუნებაში მტრის ფარფაშს. ამაში თვით ბუნებაც უწყობს მას ხელს. პატრიოტული განცდა ნათელი, კაშკაშა გრძნობაა. „ვერ გაუძლებს ბნელი მოძალებულ კაშკაშს“. ამ მოძალებული გრძნობითაა ანთებული მურზაყანი.
პატრიოტული გრძნობის ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს ლექსი „სიკვდილი“. ომში, გმირულად დაღუპული ადამიანი მარად ცოცხალი იქნება მისი ერის, მისი სამშობლოსათვის. ნამდვილი სიკვდილი კი ისაა, როდესაც ვაჟკაცი „მტრის უღელს მიათრევს“.
მაგრამ ჩვენ უქრობი ცეცხლი გვწვავს მამათა,
ბრძოლაში მოგვესმის წინაპართ ძახილი:
დაჭრილმა ქართველმა მკლავი თუ გამართა,
ფოლადსაც გაჰკვეთავს იმისი მახვილი.
მაგრამ თუ შეშინდა, ომი და ჭიდილი
დაჰგმო და დახარა მახვილი თავისი,
ეს არის ქართველის ნამდვილი სიკვდილი,
ასე საშინელი და შესაზარისი.
„დაჭრილი ქართველი“ პოეტს შესაძლოა ქართველთა იმდროინდელ მდგომარეობად ჰქონდეს გაარზებული. ზემოთ მოყვანილი სტრიქონები შეიძლება გადატანითი მნივნელობითაც გავიაზროთ: ერმა და მისმა ვაჟკაცებმა დაუღალავად უნდა იშრომონ, იბრძოლონ ყოველ დროს, ყოველ სფეროში თავისი სამშობლოს სიმძლავრისა და სიკეთისათვის, ხოლო საბძოლო იარაღი მშვიდობიან დროში ხმლის მაგივრად ადამიანის ცოდნა, განათლება, გამჭრიახობაა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე საჯაიას მთელ შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს პატროტიზმი. „დავხუჭავ თვალებს: ტრფობით დამთვრალი, მე ჩემს სამშობლოს მივიკრავ გულთან“ („წყარო“), – ამბობს პოეტი. ასეთი სათუთი და წმინდაა მისი გრძნობა სამშობლოსადმი. სიცოცხლის ბოლო პეროდში შქმნილ ნაწარმოებებშიც კი, რომლებშიც სიკვდილის შეგრძნება და ტრაგიზმია გამოხატული, ეს გრძნობა ნათლად ჩანს.
ალექსანდრე საჯაიას პარტიოტული ლირიკიდან ყურადღებას იპყრობს ლექსი „წყარო“, რომელშიც ეს მოტივი მშობლიური ბუნების სიყვარულთან ერთადაა გადმოცემული:
შევდივარ მწვანით დაბურულ ტყეში,
წყარო კისკისებს, ტყე კი წყნარია...
კრიალა წყალით ავივსე პეშვი
და ვთქვი: ესეც ხომ ჩვენი წყალია!
ჩვენია! მკერდზე გადამასხურეთ,
რომ უკვდავების ვიგრძნო გენია...
ჩემთვის ენძელებს, ქერა ასულებს,
ბილიკზე მწვანე გაუფენიათ.
საქართველოს ბუნება პოეტისათვის განუყოფელია სამშობლოს სიყვარულისაგან. ლექსში: „ზამთარი“ ნატიფი ფერებითაა დახატული საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის – კახეთის პეიზაჟი:
ღამე არ ტირის ქარი ობოლი,
ბაკურციხეში ღამე არ ცივა,
გვიან დაჰბერს და დიდი გომბორი
დაიგუგუნებს: „ბერიკაცი ვარ“.
ამ სტრიქონებით მკითხველს თვალნათლივ წარმოუდგება კახეთის ბუნების სიდიადე. სამშობლოს აღქმისას პოეტისათვის საქართველოს კუთხეები განუყოფწელია ერთმანეთისაგან, მისთვის ყველა კუთხე საყვარელია და მშობლიური. ლექსს „ზამთარი“ ეხმაურება „ახალი წელი კახელებთან“, რომელშიც ამ კუთხის მშობლიურობის შეგრძნებაა გამოხატული.
პატარა კახელ ბავშვს პოეტი „პატარა კახს“ უწოდებს. მას აოცებს ბავშვის ნატიფი იერი, მისი თვალების კვესება და კისკისი და ოცნება პოეტს ამგვარ სურათებს წარმოუსახავს გონების თვალწინ:
რომ გაიზარდოს იგი უეცრად,
ახდეს ზღაპარი გასაკვირველი –
ან რკინის ფრთებით დალეწავს ზეცას,
ანდა მთვარეზე ავა პირველი:
ან დაწერს ახალ „ვეფხისტყაოსანს“,
თავს დახრის შოთა მის წინ მუდარით...
ლექსი აცოცხლებს ბედნიერ მგოსანს,
მზის ფერადებით ნასათუთარი.
ამ სტრიქონებში თავლნათლივ ჩანს ოპტიმისტური განწყობილება, რომელიც პოეტს სამშობლოს მომავალში ესახებოდა.
ღრმა პარტიოტული განწყობილებაა გამოხატული ალექსანდრე საჯაიას იმ ლექსებში, რომლებშიც მშობლიური კუთხის სიყვარულს გამოხატავს. ლექსებში: „წერილი“ და „ჩემი სოფელი“ სამეგრელოს ყოფა და წარმტაცი პეიზაჟებია გაცოცხლებული. მამის ნაწერ სტრიქონებს „ახლად გამარგლილი სიმინდის სუნი დაჰყვება“, რაც ათას მოგონებასთან ერთად პოეტში შემოქმედებითი აღფრთოვანების შეგრძნებასაც ბადებს.
ალექსანდრე საჯაიას მიერ მშობლიური კუთხისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული ჟღერადობით გამოირჩევა ლექსი „მშობლიური სიმღერა“.
ეს კედლები ძველისძველი,
მრავალ წელთა წვიმით სველი,
მრავალ ქართა წერა,
ათას მზეზე აორთქლილი.
ასე თბილი, ასე ტკბილი
მამა-პაპის კერა.
პოეტისათვის ეს კერა, ეს ბინა მისი სულიერი სამყოფელია, რომელსაც „ხან ნიავი უმღერს ლექსებს, ხან მაისი უალერსებს“, რომელის კედლებს ვაზი შემორტყმია, რომლის კართან „ყვავილების რძით დამტკბარი“ ფუტკარი ტრიალებს. იგი „გაზაფხულის სანავარდოა“: მარადიული განახლების, სიკეთის მომცემია. პოეტი ამ ბინის „ჭერქვეშ იმალება“. აქ არის მისი სულიერი ნავთსაყუდელი. მაგრამ სილამაზესა და სიკეთეს წინ აღუდგება ხოლმე ბოროტი ძალა, რომელიც მის განადგურებას ცდილობს:
რომ მოგვაწყდა მტერი შავად,
ჩემი აკვნის დასაწვავად,
სეტყვად ჩვენი ბაღის, –
შურისგებით დავიდაგე,
ქარიშხლებად გადვიკარგე,
და ვუმზერდი მაღლით –
მუგუზლებით მაქეზებდა,
ცეცხლის თვალებს აკვესებდა
ჩემი მშვიდი სახლიც.
ანთებული მუგუზლები მშობლიური კერის სითბო, ამ ბინის მკვიდრის გამათბობელია. ეს მყუდრო ბინა „ბრძოლის ქარში გვერდით ახლდა“ პოეტს. ბოროტების სიბნელე ნათელმა მზემ გაჰკვეთა და ფუტკარიც, თითქოს ხოტბას ასხამს მზეს, „ბზუის, მზეო, მზეო, მზეო“. ეს მზე სამშობლოს სიყვარულის მზეა, „უჩრდილო ნათელია“. ალექსანდრე საჯაიას აზრით, სწორედ ასეთი უჩრდილო და ნათელი უნდა იყოს ქათული ლექსიც:
მიყვარს ეს ხმა, ეს ფერები,
მარტო ამ მზეს ვეფერები,
ამ უჩრდილო ნათელს,
სიტყვაც ბინდით დაფარული,
მძულს სამშობლოს სიყვარულითY
გალაღებულ ქართველს.
ლექსიც ქროდეს ნიავადა,
მოეფინოს ია-ვარდად
გულებს ჩრდილუკარებს;
აზრის სხივი, სიტყვის სხივი
მივაჩვიოთ მერცხალივით
მშობელ ჭერს და კარებს.
ჩრდილუკარები გულები ქართველთა გულებია, რომლებიც თავისი კერიის მუგუზლებზე თბებიან. ზემოთ მოყვანილ სტრიქონებში ვლინდება პოეტის აზრი იმის შესახებაც, რომ ყველა ქართველისათვის აუცილებელია განათლება და სულიერად გასპეტაკება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ლექსი მელოდიური ჟღერადობით, მსუბუქი რითმით, უშუალობით, სტრიქონის ლაკონურობით, შინაარსობრივი და ემოციური მხარისათვის მისადაგებული ფორმით ქართული პატრიოტული ლირიკის ერთ-ერთ შესანიშნავ ნუმუშს წარმოაგდენს. ლექსი იმდენად ტევადია, იმდენად ლაკონურადაა დაწერილი, რომ მასში მთელი ლირიკული პოემის სიუჟეტია დატეული.
ალექსანდრე საჯაიას ნაწარმოებებში ბუნების სურათებს პოეტის შინაგანი განცდები ეხამება, რაც ძირითადად ბუნების ამა თუ იმ მოვლენის ასოცირებით ხდება. ასეთი ლექსები ძირითადად ოპტიმისტური ჟღერადობისაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პოეტის მიერ სიცოცხლის უკანასკნელ დროს შექმნილ ნაწარმოებებს. ასეთი ნაწარმოებებიდან ოპტიმისტური ჟღერადობით გამოირჩევა ლექსები, რომელიც გაზაფხულს ეძღვნება. გაზაფხული, რასაც პოეტი მოვლენათა დინამიურობაში აღიქვამს, მას მხოლოდ ბუნების აღორძინებად, მის გაცოცხლებად როდი წარმოუდგენია. ამ დროს ხდება ენერგიის მოზღვავება ადამიანშიც, იგი განახლებულ ცხოვრებას იწყებს.
მოდის ჩქრიალა ნაკადულები
და გაზაფხულის დღეთა დიდება,
მზიურ სიცოცხლის ძალა ულევი
ძარღვიან მიწის მკერდში ღვივდება.
მოდის დიადი მხნე გაზაფხული
ახალ ცხოვრების აქოჩრილ გზაზე
გაბრწყინვებული და არნახული
მოდის ვაჟკაცი ფერ-სისხლით სავსე.
გარდა გაზაფხულის დინამიური სურათისა, ზემოთ მოყვანილ სტრიქონებში პოეტი ქართველი კაცის მისთვის მისაღებ, იდეალურ ტიპს ხატავს. ალექსანდრე საჯაია ლადო ასათიანსაც სწერს ერთ პირად წერილში: „მეჯავრება მახინჯი და გაიძვერა, მიყვარს ამაყი და ჯიშიანი კაცი“ (48, გვ. 149), რითაც მეგობარს ამ მხრივ თავის განწყობილებას უზიარებს.
პოეტის გრძნობა ბუნების მიმართ სათუთია. იგი ისე მიმართავს ყვავილებსა და ხეებს, როგორც ცოცხალ არსებებს. ბუნების მშვენიერების აღწერაში იგი ხშირად სატრფიალო მოტივს რთავს, ამ გრძნობის მშვენიერებას ბუნების სილამაზეში აქსოვს. ეს გძნობა პოეტისათვის ისეთივე სათუთია, როგორც ბუნების და თუნდაც სამშობლოს სიყვარული.
სიყვარულის მძლავრი განცდაა გადმოცემული ალექსანდრე საჯაიას ლექსებში: „თბილისის ღამე“, „ნაადრევი ვარდები“, „მოგონება“, „ავდარი“, „ცისარტყელა“ და სხვა. მათ შორის გამოირჩევა ლექსი: „ავდარი“.
თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანი,
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში...
ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.
პოეტისათვის სიყვარული ამაღლებული განცდაა და არა მხოლოდ ვნებათა ღელვა. იგი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანიცაა. „გაგიჟებამდე მიყვარს ერთი თავადის ქალი“, – წერს პოეტი ლადო ასათიანს (48, გვ. 148). ასეთი მხურვალე გრძნობაა დატეული ლექსში „ცისარტყელა“, რომელშიც სატრფოსთან განშორებით გამოწვეული სევდიანი განწყობილებაა გამოხატული:
განა იმისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგები ალუბლებს ჰგავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო.
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა ქალო.
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდი და საოცარი
მეც ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.
ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან...
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.
ეს ლექსი დახვეწილი ფორმით, გრძნობათა სიმძაფრითა და უშუალობით შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესო სატრფიალო ნაწარმოებად ჩაითვალოს ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებაში.
სატრფიალო მოტივი პოეტის გარდაცვალების წინა პერიოდის ლექსებშიც ჟღერს.
ალექსანდრე საჯაიას ერთადერთი ლექსი აქვს მიძღვნილი მეგობრისადმი, რომლის სათაურია „კაფია“ და რომელიც ვახტანგ ჭელიძეს ეძღვნება. ამ ნაწარმოებში ისე მკაფიოდაა გამოხატული მეგობრობის ტრადიციული გაგება, არსი, მისი აუცილებლობა, რომ იგი აღიქმება, როგორც პოეტის მიერ მეგობრობის საერთო, განზოგადებული ტრადიციული გაგების რეალიზაცია.
ის რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, როდესაც ალექსანდრე საჯაიას თაობნის პოეტებს მოუხდათ ცხოვრება და მოღვაწეობა ხშირად საზოგადოებიდან, ყოველდღური ცხოვრებიდან განდგომისაკენ უბიძგებდა მათ. მართალია ალექსანდრე საჯაია არ განრიდებია ყოველდღიური მოვლენებით დატვითულ ცხოვებას, მაგრამ ამ გარიდების რომანტიკული განცდა უსათუოდ ჰქონდა, რაც აისახა კიდეც მის შემოქმედებაში.
როგორც ცნობილია, ინგლისელმა პოეტებმა: კოლრიჯმა, უორდსუორთმა და სოუთიმ გადაწყვიტეს განმარტოებით ეცხოვრათ, რაც გამოწვეული იყო მათი მეგობრობით, ცხოვრების შესახებ ერთნაირი იდეალებითა და ლიტერატურაზე მათი შეხედულების იდენტურობით. ისინი დედაქალაქიდან მოშორებით, ტბების რაიონში დასახლდნენ, საიდანაც სახელწოდებაც მიიღო მათმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ. ორ მათგანს დები შეუყვარდათ და ერთმანეთის ქვისლებიც კი გახდნენ.
„ჩვენთვის, რომანტიკულად განწყობილი სრულიად ახალგაზრდა ხალხისათვის, რომელთაც მეგობრობა და ერთმანეთისთვის უყოყმანო თავდადება ცხოვრების უმაღლეს იდეალად დავსახეთ, – აღნიშნავს ვ. ჭელიძე, – სამი თანაზიარი ინგლისელი პოეტის ცალკეული ეპიზოდები გამამხნევებელი და წამქეზებელი გამოდგა... ერთი „პატარა კოშკის“ აღმართვა სამდე არაგვის ხეობაში, თითქოს რეალური გახდა... საინტერესო ის იყო, რომ მალე დებიც გამოჩდნენ ჰორიზონტზე, ახალსკოლადამთავრებული ორი მშვენიერი გოგონა, რომელთაც ჩვენ წავიყვანდით, ან გავიტაცებდით ჩვენს კოშკში და მაშინ ნამდვილი, ძმური ოჯახი გვექნებოდა“.
სწორედ ამ მოვლენას ეხმაურება ალექსანდრე საჯაიას ლექსი: „კოშკები“:
ქარები, ქარები, ქარები იცოდა,
და ყოველ გაფრენას მოსდევდა ახალი...
მე მისთვის ავაგე, ეს მისთვის მინდოდა,
ასეთი ძვირფასი, ასეთი მაღალი.
მაგრამ კვლავ მარტო ვარ და ზეცას დაღვრემილს
ვარსკვლავი ბრწყინვალე მეასედ მოსწყდება.
მხოლოდ ეს კოშკები, თეთრი და მაღლები,
მხოლოდ ის უმანკო პოეტის ოცნება.
ამ ლექსს მოჰყვება დებისადმი მიძღვნილი ლექსებიც: „ორი და“, „დები“ და ***(„ვერისაკენ, დებისაკენ“).
რა თქმა უნდა, მიამიტობა იქნებოდა, ეს ლექსები აღგვექვა, როგორც მხოლოდ იმ ახალგაზრდული, რომანტიკული განწყობილების შედეგი, რომლის შესახებაც ვ. ჭელიძე იგონებს. ეს ცხოვრებისეული და ამავე დროს რომანტიკული განწყობილება გახდა ყალიბი ამ ლექსებში პოეტის ვნებათა ღელვის, იმ ძნელი დროის ტარგიკული განცდის გადმოცემისათვის. ეს კოშკები მხოლოდ „პოეტის უმანკო ოცნებაა“, რადგან ვერავითარი კოშკი ვერ განარიდებდა ადამიანს იმდროინდელი ცხოვრების მარწუხებს.
ტრაგიკული დროის განცდა უფრო მძაფრად გამოხატა პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში შექმნილ უსათაურო ლექსში:
სხივი სხივს მისდევს, ქარს ვეძმობილე,
გადავიქროლეთ კლდის გალავანი;
სხივებს ვკითხავდი ფრთაშეწყობილებს –
სად მიიჩქარის ეს ქარავანი.
სად შეჩერდება მზე მოისარი,
ვინ იცის ქარის გზა და სავალი,
თუ დილის შუქმა გახსნა ცისკარი,
რად ენატრება ცის დასავალი.
ღრუბლებს ვკითხავდი, ზღვაურის ფრთებზე
ეკიდა შავი და დამღუპველი,
მე დავდიოდი მთებიდან მთებზე
დამძიმებული, როგორც ღრუბელი.
იგივე განწყობილებითაა დაწერილი ლექსი: ***(„დღეს ცოტა წვიმა და უფრო ქარია“). „ჩვენ ყველას გვიხდება შავი მოსასხამი“, – ამბობს პოეტი ამ ლექსის დასასრულს და მკითხველს ქვეტექსტით მიანიშნებს, დღევანდელ დროს გლოვა უფრო უხდებაო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ლექსში გალატიონ ტაბიძის პოეტური ხმის კეთილმყოფელი გავლენა იგრძნობა.
გალაკტიონის გავლენა, საერთოდ, დიდი იყო იმდროინდელ ქართულ პოეზიაზე. ალექსანდრე საჯაიას თაობის შემოქმედნი კი მას პოეზიის მეფედ მიიჩნევდნენ და თაყვანს სცემდნენ, როგორც ცოცხალ კლასიკოსს.
„სხვა პოეტებთან განსხვავებით, – აღნიშნავს რევაზ მარგიანი, – ალ. საჯაიას ლექსი ყოველთვის გამოირჩეოდა მელოდიურობით. იგი უახლოეს დიდ წინაპრად გალაკტიონ ტაბიძეს თვლიდა და დიდი მოკრძალებით წარმოსთქვამდა ხოლმე მის სახელს“ (29). გარდა მეგობრისადმი მიძღვნილი ერთი ლექსისა ალექსანდრე საჯაიას მხოლოდ ერთი მიძღვნითი ხასიათი ლექსი აქვს: „გალაკტიონს“. მასში ავტორი ქედს იხრის ბუმბერაზი ქართველი პოეტის წინაშე და მის შემოქმედებას სასწაულად მიიჩნევს.
პოეტის უკანასნელ ლექსებში ნათლად იკვეთება მოახლოებული სიკვდილის აჩრდილი. მაგრამ, ამავე დროს მართებულად აღნიშნავს ვ. ჭელიძე: მის იმდროინდელ ლექსებში „იმდენად ძლიერია შინაგანი ოპტიზმის პათოსი, რომ მკითხველს განწირული პესიმიზმის განწყობილებას როდი უქმნის“ (61). ამ მხრივ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ლექსი: *** („წელს უთუოდ წერწეტა ლერწამს შევუყვარდები“):
ნეტავ კიდევ მაღირსა ხოშკაკალას კაკანი,
აგერ კუბო ფერადი, აი, ჩემი აკვანი.
ო, სათქმელო სიმღერავ, ნუკი დამიოკდები,
კიდევ ცოტა და, უცხო ყვავილივით მოვკვდები.
სასიკვდილოდ მოვედი, მაგრამ დამენანება
ურითმებოდ დავტოვო წყვილი ქრიზანთემები,
სიყვარული უმანკო, ცრემლით მინატოვები.
ეს მეტყველი ტყეები ცვარით დაინამება.
სასიკვდილოდ მოვედი, მაგრამ დამენანება,
უსიტყვებოდ დავტოვო ეს მეტყველი ტყეები.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში ალექსანდრე საჯაია ბევრს მუშაობდა; სურდა მეტი მოესწრო, მაქსიმალურად გამოეხატა თავისი გულისნადები. და თუმცა პოეტი მეტად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მან დატოვა მრავალმხრივი შემოქმედება, რომელსაც 1930-1940-იანი წლების ქართულ პოეზიაში საპატიო ადგილი უკავია. პოეზიის მოყვარულ ქართველ კაცს არ შეიძლება არ ახსოვდეს ამ უსათუთესი შემოქმედის ნაწარმოებები. ამის რწმენითაა დაწერილი საჯაიას მიერ გარდაცვალების წინა პერიოდში შექმნილი სტრიქონები:
ზამთარი ძლიერი ბუნების მკლავებით,
თეთრი საფლავებით,
თეთრი საფლავებით,
ფარავდა სინანულს, მარხავდა იმედებს,
მათ ვერ გაიმეტეს,
ვეღარ გაიმეტეს
პოეტის ოცნება მარად უმწვანესი.
სიცივის ალერსით,
ისრების ალერსით
ის უფრო აენთო, უფრო აყვავილდა,
ზამთრის საფლავიდან,
ცივი საფლავიდან.
თუმცა ალექსანდრე საჯაიას ლექსები არ გამოირჩევა ნოვატორობის მხრივ, იქნება ეს ლექსის ფორმა თუ შინაარსი, გადაჭრით შეიძლება ითქვს: მისი პოეზია მრავალხრივია და აზრობრივად დატვირთული. პოეტი გაურბის ბუნდოვანებას, მისი ლექსი ნათელია: მისი შემოქმედება ქართული კლასიკური და ხალხური მწერლობის წიაღიდანაა ნასაზრდოები. მართებულად აღნიშნავს თ. მირიანაშვილი: „მისი ლექსები ხალხურივით სადა და თავისებურად ტკბილი, ხალხურს მოგვაგონებენ ფორმითაც, მუსიკითაც: ჩვეულებრივი, ყოფითი სიტყვებითაა ნათქვამი ისინი და ყოველ მათგანში გამოსჭვივის პასტორალური უბრალოება. ხალხური ლირიკის დამატყვევებელი ძალა არის არა იმდენად ნათქვამის სილამაზეში, რამდენადაც მთქმელის გრძნობათა სიმძაფრესა და სიწმინდეში. იგივე შეიძლება გავიმეოროთ ალექსანდრე საჯაიას ლირიკის შესახებაც“ (38, გვ. 5).
საჯაია დიდ ყურადღებას აქცევს რითმას, როგორც ლექსის აუცილებელ ატრიბუტს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იყენებს ასონანსურ რითმას, რაც კარგად შეესაბამება მისი ლექსების საერთო ჟღერადობას.
ალექსანდრე საჯაიას მეგობარმა, მისივე პოეტური თაობის წარმომადგენელმა გიორგი კალანდაძემ, რომელმაც შუა აზიაში გადასახლებისას გულმხურვალედ დაიტირა მეგობარი (18, გვ. 51), ასე დახატა მისი პორტრეტი: „თვალებში ლურჯი რიჟრაჟის კრთომა და შთაგონების უშრეტი ცეცხლი“ („ალექსანდრე საჯაიას“, 21, გვ. 168).
ჩვენი ღრმა რწმენით, ალექსანდრე საჯაიას პოეტური ცეცხლი უშრეტი, ზემოქმედების შეუნელებელი ძალის მქონე იქნება მუდამ.