მირზა გელოვანი

რევაზ აკაკის ძე მარგიანი დაიბადა 1916 წლის 24 ნოემბერს ზემო სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ მულახში. „მულახი დიდი სოფელია, მას თავზე დასცქერის თეთრი თეთნულდი და ორთავა უშბა... მგონი ქვეყნიერებაზე ვერსად ნახავ ამდენ კოშკსა და ციხე-სიმაგრეს, რამდენიც ჩემს სოფელშია აღმართული. მათ შორის ახლაც დგას ჩვენი პატარა სახლი, რომლის უფროსიც, როგორც ამბობდნენ მაშინ, „განათლებული მახვში“ პაპაჩემი დარისპან მარგიანი გახლდათ“, – წერს რევაზ მარგიანი თავის ნაწარმოებების ერთტომეულის წინასიტყვაობაში (თბ., 1970, გვ. 5). დარისპან (დავით) მარგიანს დამთავრებული ჰქონდა ხონის საოსტატო სემინარია. მცირე ხანს მუშაობდა ცაგერში, ხოლო შემდეგ – მშობლიურ სოფელში დაწყებითი სკოლის პედაგოგად. იგი აგროვებდა სვანეთის მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალებს და იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა. პოეტის მამას აკაკი მარგიანს ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია. თბილისის სასულიერო სემინარიიდან კი რევოლუციური მოღვაწეობის გამო გაურიცხავთ. აკაკი მარგიანი დაინტერესებული ყოფილა სვანური ფოლკლორით. არის ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილების ავტორი. გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნარკვევი სვანეთის ცხოვრებიდან. იგი პოეტიც იყო. ლექსებს აქვეყნებდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში: „კოლხიდაში“, „განათლებაში“, „თემში“, „სახახლო გაზეთში“, „იმერეთში“ და სხვა. მისი ლექსები შეტანილია „ქართული პოეზიის თხუთმეტტომეულში (ტ. XI, თბ., 1980, გვ. 454.). იგი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. თარგმნიდა რუსი პოეტების ნაწარმოებებს. აკაკი მარგიანი ლექსებსა და ნაშრომებს აქვეყნებდა „აკაკი სვანის“ და „სვანელის“ ფსევდონიმებით. მას პირადი მეობრობა აკავშირებდა ქართველ მწერლებ­თან. გამოუქვეყნებელი დარჩა მოგონებები აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე და იროდიონ ევროშვილზე. 1942 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ქუთაისში“ გამოქვეყნებულია ფოტო, სადაც იგი გადაღებულია აკაკი წერეთელთან, დავით კლდიაშვილთან, იროდიონ ევდოშვილთან, გალაკტიონ ტაბიძესთან, ტიციან ტაბიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და სხვა გამოჩენილ პირებთან ერთად. მისი გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგი ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშა­შვილმა დაწერა. რევაზ მარგიანის დედა – ნინო დევდარიანი წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ კლდეეთიდან იყო. მას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის ქალთა გიმნაზია და თბილისის სამეანო ინსტიტუტი. რ. მარგანმა შვიდწლიანი სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, სადაც ერთ ხანს მისი მშობლები მუშაობდნენ. შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლდა და მან სწავლა თბილისის VIII საშუალო სკოლაში განაგრძო. ამ სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ გამოაქვეყნა პირველი მექსი: „მირანგულა“ („ლიტერატურული გაზეთი, 1934, 30 დეკ.). 1935 წელს რ. მარგიანმა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1940 წელს დაამთავრა. სწავლის პარალელურად, 1938 წელს მუ­შაობა დაიწყო გაზ. „ნორჩ ლენინელში“ ხელოვნების განყოფილების გამგედ, ხოლო შემდგომ – პასუხისმგებელ მდივნად, სადაც გაზეთის დროებით დახურვამდე (ომის დაწყებასთან დაკავშირებით) მუშაობდა. 1939 წელს რ. მარგიანი მიიღეს სსრკ მწერალთა კავშირის წევრად. 1940 წელს გამოქვეყნდა მისი პოეტური ნაწარმოებების პირველი კრებული - „ლექსები“. ამავე წლის 29 ივნისს პოე­ტების სექციამ მწერალთა კლუბში მოაწყო მისი შემო­ქმედებითი საღამო (44), რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ: გ. ნატროშვილი, ლ. უბილავა, გ. ჯაბუშანური, ალ. საჯაია და ს. ჩიქოვანი. 1941 წელის სექტემბრიდან რ. მარგიანმა მუშაობა დაიწყო გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში. 1941 წლის ბოლოს იგი მოხალისედ წავიდა ომში. 1942 წელს რ. მარგიანი საქართველოში დაბრუნდა. 1942 წლიდან ზემო სვანეთის რაიონში, მუშაობდა განათლების განყოფილების კაბინეტის გამგედ. 1943 წლიდან – რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, 1944 წლიდან დანიშნეს იუმორისტული ჟურნალის – „ნიანგი“ რედაქტორის მოადგილედ. ამ დროიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე მუშაობდა: 1945 წლიდან – ახლად აღდგენილ საბავშვო ჟურნალ „პიონერის“ რედაქტორად; 1963 წლიდან – გამომცემლობა „ლიტე­რატურა და ხელოვნებას“ დირექტორად; 1968 წლიდან – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორად; 1972 წლიდან – ჟურნალ „დროშას“ მთავარ რედაქტორად; 1979 წლიდან – გამომცემლობა „მერანის“ დირექტორად. 1947 წელს რ. მარგიანი მონაწილეობდა ახალგაზრდა მწე­რალთა პირველ საკავშირო თათბირში (71, გვ. 9). ამვე წელს მოეწყო მისი შემოქმედებითი საღამო მოსკოვში (47). 1958 წელს დააჯილდოვეს შრომის წითელი დროშის ორდენით. 1971 წელს სსრკ მწერალთა მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად (75). 1975 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით ომის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებებისათვის (ლირიკული პოემა – „თოვაში შე­ხვედრა გაზაფხულთან“ და ლექსების ციკლი – „1942“) საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა პრემია მიანიჭა. 1976 წელს საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში დამსახურებისათვის და დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვეს. 1977 წელს მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუ­ბლიკური კომიტეტის საიუბილეო პლენუმზე ხალხთა შორის მშვი­დობის განსამტკიცებლად აქტიური მოღვაწეობისათის მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომტეტმა დააჯილდოვა საპატიო ოქროს მედლით – „მშვიდობისათვის მებრძოლს“. იგი სხვადასხვა დროს იყო: საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის პარტიული ორგანიზაციის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის პოეტების სექციის ხელმძღვანელი. რევაზ მარგიანი გარდაიცვალა 1983 წლის 15 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. რ. მარგიანს თარგმნილი აქვს მრავალი ავტორის პოე­ტური ნაწარმოები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ლიტვის ლიტერატურის ფუძემდებლისა და კლასიკოსის, ქრისტიონას დონელაიტისის პოემის „წელიწადის დრონი“ (თბ., 1967) ორი თავის – „შემოდგომის ბარაქა“ და „ზამთრის ზრუნვანი“ – თარგმანი. რევაზ მარგიანის ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები 1943 წლიდან სისტემურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. მათ შორის გამოირჩევა წერილები: თავისივე ლიტე­რატურული თაობის წარმომადგენლებზე – მ. გელოვანზე, ლ. ასათიანზე, ა. საჯაიაზე, ვ. უბილავაზე და მისი წინა ლიტე­რატურული თაობის გამოჩენილ შემოქმედებზე – გ. ტაბიძეზე, გ. ლეონიძეზე, პ. იაშვილზე, ტ. ტაბიძეზე, ვ. გაფრინდაშვილზე და სხვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ იმ თემებზე, რომლებზედაც პოეტი ლიტერატურულ წერილს წერდა, იგი ხშირად ქმნიდა ლირიკული ნაწარმოებს. რევაზ მარგიანის ლექსები 1934 წლიდან სისტემურად ქვეყნდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მას გამოცემული აქვს ოთხ ათეულამდე პოეტური კრებული. მათ შორის რამდენიმე რჩეული და ერთტომეული. მისი ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრ კავშირში შემავალ ხალხთა (რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ, ოსურ), აგრეთვე ფრანგულ, გერმანულ, ებრაულ და პოლონურ ენებზე. ისინი გამოქვეყნებულია პერიოდულ პრესაში. სხვადასხვა პოეტთა ნაწარმოებების ერთობილვ კრებულებში და ცალკე წიგნებად. რევაზ მარგიანი არაერთი საბავშვო ლექსის ავტორია. 1945 წლიდან მოყოლებული, მისი საბავშვო ლექსები იბეჭდება მოზარდთათვის განკუთვნილ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს რამდენიმე საბავშვო წიგნი. მის პოეზიაში, რომელიც მოზარდთათვისაა განკუთვნილი, მთავარი ადგილი თანადროულ თემატიკაზე დაწერილ ლექსებს უჭირავთ. მხატვრული ღირებულებით ეს ლექსები ვერ დგანან იმ ლიტერატურულ სიმაღლეზე, როგორც მისი ლირიკული ხასიათის სხვა ნაწარმოებები. რევაზ მარგიანის ცალკეულ ლექსებზე თუ პოეტურ კრებულებზე დაწერილია სამ ასეულამდე რეცენზია და ლიტე­რატურული წერილი, რომლებშიც იგი წარმოჩენილია, როგორც 1930-იან წლებში გამოსული ლიტერატურული თაობის ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელი. „შენ გინახავს სვანეთი?“ ასეთია რევაზ მარგიანის ერთ-ერთი ლექსის სათაური. ლექსების რკალი, რომელიც საქართველოს ამ კუთხეს ეძღვნება, ყველაზე უხვი და მრავალფეროვანია მის შემოქმედებაში. რევაზ მარგიანის მთელი პოეტური ცხოვრება ღრმადაა განმსჭვალული მშობლიური კუთხის სიყვარულით. იგი გატაცებით ხატავს ზვიად, თოვლიან მთებს, მთებიდან გადმომ­სკდარ მჩქეფარე მდინარეებს და ნაკადულებს, სვანური კოშკების სიდიადეს, ამ კუთხის წინაპრებს და მეზობელ ხალხებს; იგი იყენებს ძველ სვანურ ლეგენდებს, თქმულებებსა და გადმოცემებს, ამუშავებს მათ საკუთარი გემოვნების და ესთეტიკური მრწამსის შესაბამისად; იყენებს სვანური ხალხური სიმღერების მელოდიებსა და რიტმს, ლექსის კომპოზიციაში რთავს სვანურ სიტყვებსა და მისამღერებს; ისტორიზმის ელემენტებს უხამებს თანამედროვეობის წარმოსახვას. მშობლიური კუთხის ინტიმი შემოიტანა პოეტმა პირველივე ნაწარმოებით, – „მირანგულა“. ნიკა აგიაშვილის ცნობით, „პოეტებმა ზეპირად იცოდნენ ამ ბალადის სევდიანი სტრიქონები“ (3, გვ. 94). „მირანგულა“ ხალხური შემოქმედების საუნჯიდანაა აღებული. იგი ამავე სახელწოდების ძველი სვანური ხალ­ხური ნაწარმოების გამოძახილია (50, გვ. 6; 53, ## 335, 346, 8144, 8172, 8295). მაგრამ თუ ხალხური „მირანგულა“ ეპიკური ნაწარმოებია, რევაზ მარგიანისეული „მირანგულა“ ტიპური ბალადაა, შემკული ორიგინალური, მეტყველი სახეებით. „და ცა საკინძდაგლეჯილი, ჰყრის ვერცხლისფერ უზალთუნებს“, „ქარს გადმოაქვს კავკასიის ნისლიანი ჩაბალახი“. ასეთი მეტყველი მეტაფორები უცხოა ხალხური „მირანგულასა­თვის“. მართებულია ალექსანდრე საჯაიას აზრი: „პოეტს ხალ­ხური თქმულებისათვის ფანტასტიკური სამოსელი ჩამოუშორებია და გაუბედურებული დედის მოთქმისათვის რაციონალური აზრი მიუცია“ (49). ამ შემთხვევაში მარგიანისეულ „მირანგულასა“ და მის ხალხურ წყაროს შორის დიდი განსხვავებაა. „მიმატოვე კოშკში ობლად, უბედობას გული ჩივის; გზა არ არის, უგზოობამ დამიკარგა ჩემი შვილი“. ამ სტრიქონებში უგზოობის გამო სვანი ხალხის წუხილია განზოგადებული. ლექსის რიტმულ-მუსიკალურ ორგანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ როლს რითმა ასრულებს. ბალადაში გვხვდება ორიგინალური რითემბი: „მირანგულა“ – „გათანგულა“, „კერას“ – „შემიკერავს“, „რიჟრაჟს“ – „ჟინჟღლავს“, „მიწკმუტუნებს“ – „უზალთუნებს“, „მოვალ“ – „თოვა“ და სხვ. ბალადის საინტერესოდ გააზრებულმა შინაარსმა და ფორმამ განსაზღვრა მისი პოპულარობა. „რ. მარგიანის პირველმა ლექსმა, – აღნიშნავს სერგი ჭილაია, – გაოცება და უჩვეულო აღტაცება გამოიწვია. მკითხველმა მასში უმალ აღმოაჩინა მანამდე უცნობი – სვანეთის მთებიდან მონაბერი ახალი ინტონაცია. სვანეთთან პირისპირ შეყრის ნამდვილი სიხარული მოუტანა მკითხველს რევაზ მარგიანის პირველმა ლექსმა. ამ მიგნებულმა პოეტურმა ინტონაციამ პოეტს საკუთარი, ორიგინალური ადგილი დაუმკვიდრა“ (64, გვ. 96). ეს ახალი ინტონაცია გაჰყვა მას შემდგომ ნაწარმოებე­ბშიც. მირანგულას ხმა კი, – მართებულად აღნიშნავს გაბრიელ ჯაბუშანური, პოეტში „ისეთი სიძლიერითაა გამჯდარი, რომ მის სხვა ლექსებშიც (იგულისხმება პირველ პოეტურ კრებულში შემავალი ლექსები – ზ. კ.) უსათუოდ ისმის ამ ლექსის გამოძახილი: ...სად ხარ, ნეტავ, მირანგულა? დედა კვნესის ანათრთოლი, მთებზე თოვლი გათანგულა, დღევანდელი დანათოვი. („მირანგულა“) ...ნეტავ სად ხარ, შერვაშიძევ, დასეტყვილი მთები გიცქერს, იქნებ გულში ბოღმა გიძევს განწირული ძმების სისხლზე. („ყასბულათ“) ...შვილო ჩემო იმერეთით მოიტანდი პურს და მარილს. („მირანგულა“) ...მეთაურო! მულახიდან მოიტანდი ტყვია-წამალს... („ყასბულათ“) (68, გვ. 73) რევაზ მარგიანის არქივში, რომელიც მის ოჯახში ინახება, დაცულია პაოლო იაშვლის უთარიღო ხელნაწერი (#70): „საჭიროა მარგიანთან მუშაობის ჩატარება. მისი ლექსების დაბეჭდვა ჯერ-ჯერობით აჩქარება იქნება. მას აქვს ნიჭის „ნაპერწკალი“ და რაც უფრო გვიან (3-4 თვე) დავბეჭდავთ მის ლექსებს, ავტორისათვის სასარგებლო იქნება, თუ ჩავკიდებთ ხელს და დავეხმარებით“. რევაზ მარგიანის გადმოცემით, ეს ხელნაწერი 1935 წელსაა დაწერილი. 1937-1939 წლებში გამოქვეყნდა რ. მარგიანის ლირიკული ნაწარმოებები: „ყვარელში“, „დევეთგერის ნასახლარი“, „ყასბულათ“, „სვანები ძველ იმერეთში“, „მეწყერი“, „ბალადა რუსთაველის სვანეთში მისვლისა“ და რამოდენიმე სხვა; 1940 წელს კი დაიბეჭდა პოეტური ნაწარმოებების პირველი კრებული. მასში შემავალ ნაწარმოებთა უმრავლესობა სვანეთის ბუნების, მისი ისტორიული წარსულის თუ თანამედროვეობის ფონზეა გადაშლილი. აკვნის სიმღერებს, რომელთა მრავალმხრივობა მათი სხვა­დასხვა დროს, სხვადასხვა სოციალურ გარემოში შექნითაა განპირობებული, მნიშნველოვანი ადგილი უკავიათ ხალხურ პოეზიაში. ნანას მოტივის დამუშავებას ადრიდანვე მოჰკიდეს ხელი ქართველმა პოეტებმა, რომელთა ინტერესი ამ ტიპის ლექსებისადმი მათი ხალხური წყაროების ემოციურობამ და იმპროვიზირების დიდმა საშუალებებმა განსაზღვრა. ლექსში „სვანური ნანა“ რევაზ მარგიანმა გამოიყენა ძველი სააკვნო სიმღერის კილო და მისამღერი, ოღონდ იგი რეალისტური სულისკვეთებით აამეტყველა. კრებულში შემავალი ორი ნაწარმოები: „ბალადა რუსთაველის სვანეთში მისვლისა“ და „ბალადა რუსთაველის სანადიროდ წასვლისა“ სვანეთის ბუნების და ყოფა-ცხოვრების ფონზე გენიალური პოეტის პორტრეტის შექმნის ცდაა. ძველი სვანური გადმოცემებით, თამარ მეფე არაერთხელ ყოფილა სვანეთში და იქ ეკლესიებიც აუშენებია. ზოგიერთი თქმულება იმასაც კი გადმოგვცემს, თითქოს თამარი უშგულში გარდაიცვალა და სვანეთშია დაკრძალული. თამარ მეფისა და რუსთაველის სახეები ხალხურ წყაროებში ხშირად გვერდიგვერდ გვხვდება. ყოველივე ამის შემდეგ სავსებით ბუნებრივად გვეჩვენება გააზრება თამარ მეფესთან ერთად რუსთაველის სვანეთში ყოფნისა: „თამარს ახლდი თვალგიშერას, წამწამები ჰქონდა დალის“. მაგრამ, პოეტის წარმოსახვით, იგი სვანეთში მიუღიათ არა როგორც მეფის მხლებელი, არამედ როგროც დიდი მგოსანი და ამავე დროს – რაინდი. ნაწარმოებში „ბალადა რუსთაველის სვანეთში მისვლისა“ გამოყენებულია უძველესი სვანური შეძახილები, რომლებიც მას ორიგინალურ ჟღერადობას, რიტმსა და მუსიკალობას ანიჭებს. – შაი ოდი შამორირა, შემოაგდე არაბული და ეჟვნები აჟღარუნე, ცხენი, ვერცხლით დარახტული, კლდეზე შემოათქარუნე, – შაი ოდი შამორირა! ბალადის ამ დასაწყის სტრიქონებში ისეა შეხამებული „შაი ოდი შამორირა“ მის აზრთან, რომ ეს შეძახილი, როგორც აღნიშნავს გაბრიელ ჯაბუშანური, მართლაც „ჰქმნის ცხენის ფერხთა ხმაურის რიტმს“ (68, გვ. 82). კრებულში შემავალ ორ ლექსზე: „სვანები ძაველ იმე­რეთში“ და „მეწყერი“ სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმდროინდელ პრსაში. ალექსანდრე საჯაიას აზრით, ლექსში „სვანები ძველ იმერეთში“ ავტორს აუღია სასაცილო ამბავი და უცდია მისი უფრო მეტად გაშარჟება. სვანებისა და იმერლების სტრუმართმოყვარეობას სოციალური ან რაიმე პრობლემატიკური მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია, მით უფრო ჩვენს ეპოქაში. თვითონ ამბავიც იმდენად ანეკდოტურია, რომ არ შეიძლება მას მხატვრული ღირებულება მიეცეს“ (49). ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს გაბრიელ ჯაბუშანური: „დიდ შთაბეჭდილებას სტოვებენ მკითხველზე ლექსები „სვანები ძველ იმერეთში“ და „მეწყერი“. ამ ლექსებზე ზოგიერთები უსაყვედურებენ რევაზ მარგიანს... საქმე იმაშია, რომ ეს ხალხში გავრცელებული ორივე ამბავი მარგიანმა აიყვანა პოეტურ სიმაღლეზე და განაზოგადა“ (68, გვ. 81). ლექსის „სვანები ძველ იმერეთში“ სიუჟეტი ასეთია: ქუთაისში შემოდიან მგზავრობით გადაღლილი და დამშეული „ბრგე ვაჟკაცები – დაღალული ხუთი მთიელი, თან აქვთ გუდები, დამშეული სიცარიელით“. მათ მედუქნე შეიპატიჟებს „იმერულ რიდით, მოკრძალებით, ხელის ფათურით, ჩუმად შეუ­ძღვა, შეანელა ხმა ქუთათური და სუფრის გაშლა მოისურვეს დუქნის ბიჭებმა“. სვანები სვამენ სადღეგრძელოებს და ილ­ხენენ: „ყელიც მღეროდა: მო, სვირულით ჩამაგრილეო, და ულვაშები წითელ ღვინით გაუფერულდა“. მაგრამ როდესაც მედუქნემ „ყველაფერი ჩოთქში ჩარეკა“ და „სვანებს დაადო შეუჩვევი გადასახადი“, ისინი „დიდხანს უცქეროდნენ მთვრალი თვალებით, უკვირდათ: სუფრა გახდა უცხო და უფერული, სვანს უსათუოდ მასპინძლობა სწამს იმერული, არა ასეთი მასპინძლობა გადასარევი!“ გაოცებული სვანების ასეთი აღწერა მკითხველში იწვევს სიმპათიას სვანი გლეხისადმი, აგრეთვე იმ სტუმართმოყვარეობისადმი, რომელიც ოდითგანვე ჩვევია ქართველ კაცს. ოტია ჩიქოვანის სახლ-კარი მეწყერს მელოია ახვლედიანის ეზოში ჩაუტანია („მეწყერი“). ჩიქოვანი უნებლიედ ახვლედიანის მამულში ჩასახლებულა. სოფლის მკვიდრნი, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ ამ ორს შორის რომელია მართალი, ლეჩ­ხუმში მიმავალ სვანებს თხოვენ განსაჯონ, ვინ არის დამნაშავე. მაგრამ ეს სადაო საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება, რადგან სვანები მეწყერს ადანაშაულებენ. ლექსებში: „სვანები ძველ იმერეთში“ და „მეწყერი“ ნათლად ჩანს, რომ მათ ავტორს კარგად ეხერხება თხრობა, რაიმე ამბის პოეტური ენით გადმოცემა. პირველი პოეტური კრებულის შემდეგ გაიზარდა რევაზ მარგიანის შემოქმედებითი ინტერესები. მაგრამ შემდგომაც, როცა მრავალმხრივი გახდა მისი ლექსების თემატიკა, პოეტმა არაერთი ნაწარმოები უძღვნა მშობლიურ კუთხეს, მის ბუნებას, აქაური ხალხის ყოფას. გაფართოვდა თვით სვანურ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოებების თემატიკაც. მასში იჭრება: პატრიოტული, სატრფიალო, შრომის, მშვიდობის და სხვა მოტივები. ომის დროს, სამშობლოს და ახლობლებს დანატრებული პოეტი ფიქრით მშობლიურ სანახებს შეჰხარის („კავკასიის ლურჯო მთებო“, „მშობლიურ მთებს“, „თენდება“). როდესაც იგი სამშობლოს წარმოიდგენს, უპირველეს ყოვლისა გონების თვალწინ სვანეთის თოვლიანი მთები აღიმართებიან („გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია“). ომისშემდგომი პერიოდის ლექსი „არწივები“, რომელშიც ომიდან ახლადდაბრუნებული მეო­მრების სამშვიდობო განწყობილებაა გადმოცემული, სვანურ სასიმღერო მოტივზეა აგებული. სვანეთიდან პოეტისათვის მოუწყვეტელია ბავშვობის, მშობლიურ კუთხეში გატარებული წლების მოგონება („ჩემი კერა“, „ჩემი აკვანი“, „მოგონება“, „დამრჩა მოსაგონებლად“ და სხვა). ეს უდიდესი ძალა მშობლიურ სოფელში იზიდავს მას („წელს უსათუოდ“). ლექსში: „მულახი ჩემი სოფელი“ დახატულია მშობლიური სოფლის ბუნება, მისი ძველი ყოფის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შეპირისპირებული სურათები, გადმოცემულია მისი მცხოვრებლების თავისებურებები. მაგრამ მშობლიურ სოფელთან და ზოგადად სვანეთთან პოეტს მხოლოდ ბავშვობის დღეები როდი აკავშირებს. იგი ამ კუთხიდან იღებს შემოქმედებით ენერგიას: „სვანეთში, მთებში მიმელის ვიღაც, თეთნულდთან მიცდის ელვა და დალი, უკან დაცლილი ხურჯინი მიმაქვს და შუა გზაზე გამწყდარი ბწკარი“ („სვანეთში, მთებში მიმელის ვიღაც“). მშობლიური კუთხისადმი სიყვარული და შემოქმედებითი მისწრაფება კარგადაა გამოხატული ლექსში: „მთის კალთაზე სახლი მედგას“. თუმცა მასში არ გვხვდება პოეტური სახე­ების მრავალფეროვნება, მელოდიურობისა და უშუალობის გამო მაინც სასიამოვნოდ იკითხება: მთის კალთაზე სახლი მედგას, ხეც ხარობდეს ათიოდე, იისფერად, განუწყვეტლად ცაში კვამლი ადიოდეს... ბუხარივით გუზგუზებდეს – მხიარული მქონდეს გული, ჩემს ბავშვობას მაგონებდეს ცოლის ტკბილი ჩონგურული. გასაზრდელი ბიჭი მყავდეს, გოგო მყავდეს თაფლისთვალი, შავგვრემანი მამას ჰგავდეს, დედას – მისი თეთრი ქალი. დამეზარდონ სანაქებოდ და მათ დაჰყვეთ დედის გული, მამასავით იოცნებონ საქართველოს სიყვარული. ამ ლექსში ბუნების წიაღში გახიზვნის, უდარდელი, იდილიური ცხოვრების ნატვრა როდია. მასში გამოხატულია მშობლიური კუთხის მიწაწყლისადმი უდიდესი სიყვარული. საინტერესოა ლექსის ქვეტექსტიც, რომელზედაც მიანიშნებს ზურაბ ჭუმბურიძე: „შეიძლება თამამად ითქვას, რომ რევაზ მარგიანის კარმიდამო დიდი ხანია ამშვენებს ქართული პოეზიის მთის კალთას“ (65). „უსვანეთოდ გავძლებ განა? ჩირაღდანად როგორ ვენთო? რა იქნება ეს ქვეყანა უთეთნულდოდ, უსვანეთოდ“ *** („უენგუროდ გავძლებ განა?“), – ასეთ კითხვას სვამს პოეტი. მაგრამ სვანეთი ხომ მხოლოდ საქართველოს ერთი ნაწილია და იგი დასძენს: „ჩემი მამულის მზეში, ღმერთმა დამბადა სვანად. მე ვარ ერთგული მოყმე, საქართველოზე ვფიქრობ“ („შენ, მზეს და ლილეს“). ასე ხდება სვანეთი პატრიოტული გრძნობების სათავე. რევაზ მარგიანის წარმოდგენით, სვანეთში, სადაც ზოგიერთ ადგილას ძნელიც კი არის გავლა, ქართველები ოდითგანვე იმიტომ დასახლებულან, რომ მათი უდრეკი ხასიათი ამგვარ ბუნებას ეხამება. იგი ფიქრით წარსულში გადადის, ამ ადამიანთა ცხოვრების ისტორიას მიჰყვება. აი, „პირველი ცეცხლის კვამლი“, პირველი საცხოვრებელი, რომელშიც კერა ღვივის, ადამიანები, რომლებიც მკიან პირველ მოსავალს. აი, უკვე გამაგრებულა ეს ოჯახი, გამრავლებულა მისი მო­დგმა და დღემდე მოსულა. პოეტიც ხომ მათი შთამომავალია და იგი მადლიერების გრძნობით უმღერის თავის წინაპრებს. („ჩემს წინაპრებს“). მარგიანის მიერ სვანურ მოტივებზე შექმნილ ნაწარმოებებში იჭრება შრომის თემა. ამ ხასიათის ლექსებს შორის გამოირჩევა „ახანახა-თიბვის დღესასწაული“, რომელიც ხალხურ მელოდიაზეა აგებული. ეს ლექსი, რომლის ფოლ­კლორული წყაროც შემონახულია (50, გვ. 118), მკითხველს ცხადად წარმოუდგენს თიბვას სვანეთში. რ. მარგიანს სვანურ მოტივებზე აქვს შექმნილი სატრფიალო ლირიკაც („იავ-ქალთი“, „დიო“, „თიბათვე ვინატრე“, „შენ, მზეს და ლილეს“ და სხვ.), მათ შორის გამოირჩევა ლექსი „იავ-ქალთი“, რომლის ფოლკლორული წყარო ამავე სახელწოდების უძველესი საფერხულო სიმღერაა. ამ სიმღერის ორი ვარიანტი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტე­რატურის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივშია დაცული: # 335, გვ. 23 და # 8039. უკანასკნელი ნომრით დაცული ტექსტი ჩამწერისა­თვის დ. ონიანს უკარნახია. „ლექსს სიმღერით ვიხსენებო“, – უთქვამს მას. სავსებით გასაგებია მისი სიტყვები. მომხიბლავ მელოდიას ადვილად იმახსოვრებს ადამიანი და მასთან ერთად სამუდამოდ რჩება მახსოვრობაში მისი ტექსტიც. რ. მარგიანისეულ „იავ-ქალთიში“ გამოყენებულია მისი ხალხური წყაროს მისამღერი, შენარჩუნებულია მისი მელოდია და რიტმი, რაც ლექსს კოლორიტს და ხალხური პოეზიისათვის დამახასიათებელ სასიმღერო ჟღერადობას სძენს. მშობლიური ბუნების სილამაზე ქართველ პოეტთა შემოქმედების ერთ-ერთი შთამაგონებელი ძალაა. ჯერ კიდევ პირველივე ლექსში – „მირანგულაში“ ნათლად გამოჩნდა, რომ რევაზ მარგიანს ეხერხება ბუნების მოვლენათა ცოცხლად წარმოსა­ხვა. „მარგიანი ჩვენს პოეზიაში ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად უნდა მივიჩნიოთ“ (70, გვ. 147), – აღნიშნავს გ. ჯიბლაძე. „მთის ბუნების მხატვრობა, – აღნიშნავს ბ. ჟღენტი, – მარგიანის პოეტური შემოქმედების ერთ-ერთ ძირითადი სფეროა“ (42). მთა ქართულ პოეზიაში განსაკუთრებული სიდიადით ვაჟა-ფშაველამ დაამკვიდრა. არაერთმა ქართველმა პოეტმა მიმართა ამ თემას მას შემდეგ. „ზოგი წინაპარს უწოდებს ვაჟას, მის შვილობილად თავს თვლის მრავალი. რას იტყვის ჩემი სვანური მაჯა, მეც ხომ ვარ ვაჟას შთამომავაილ?! („მეც ხომ ვარ“). ასეთი აზრი არაერთ სხვა ლექსშიც აქვს გამოთქმული რევაზ მარგიანს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი ვაჟას შთამომავლად თვლის თავს უპირველეს ყოვლისა, როგორც მთის ბუნების მხატვარი. მისთვის მთა სამშობლოს გადმოსახედია, შეუდრე­კელობის, უძლეველობის სიმბოლოა („მთებში“); პირველი ლექსის აკვანია („გახსოვს მწვანე გვალდას მთაო!“); სალოცავია, რომელზედაც სიყვარულის და სიკეთისათვის ლოცულობენ („ისევ გვალდა, გვალდა“). მთები – ზვიადად აღმართულნი, შეურყეველნი. მათზე ვერ იმოქმედებს ვერავითარი ძალა, რომ შეუცვალოს ბრწყინვალება და სისპეტაკე. ისინი სიმართლისა და სიკეთის აღმძვრელნი არიან, რაც ყოველთვის თან უნდა დაჰყვებოდეს ჭეშმარიტ პოეზიას. რევაზ მარგიანი ამ მხრივ თავს მთების მემკვიდრედ თვლის („მსურს ერთხელ მაინც“). ამ ზვიადი მთების გარემოცვაშია სვანეთი. თითქოს მათი მადლი სცხია მთლიანად ამ კუთხის ბუნებას, რომელიც ათას ოცნებას აღძრავს პოეტში (***„თოვლის სასთუმალზე“). იგი აღფთოვანებით გადაჰყურებს აქაურ სანახებს, როგორც ცოცხლებს ეალერსება ყვავილებსა და ხეებს („სათიბში“); თითქოს მანაც მინდიასავით ამოიცნო მცენარეთა და ცხოველთა ენა; იგი წუხს, რომ ადრე მათი ენა არ ესმოდა, არ ჰქონდა ბუნების ხმათა საიდუმლო შეცნობილი („მივაგენ“). ლექსის ასეთი გააზრებით პოეტი მიგვანიშნებს, რომ მისთვის ბუნება შთაგონების დაუშრეტელი წყაროა, რომელშიც მუდამ ახალ-ახალ საიდუმლოებებს ხსნის. საქართველოს მთიან რაიონებს მართლაც აქვთ რაღაც განუმეორებელი მიზიდულობის ძალა. „სვანეთში, მთებში მიმელის ვიღაც“, – ამ სტრიქონის კითხვისას მაგონდება ვაჟა-ფშაველას სტრიქონები: „გულიც იქ იწევს, სულიცა, სადაც მაღალი მთებია“. რ. მარგიანი მშფოთვარე ენგურს ადარებს შემოქმედის გულს, რომელსაც ბრძოლით გაუკვალავს კალაპოტი, რომელიც არასოდეს მშვიდდება, არ უშინდება კლდე-ღრეს და „წყაროს და წვიმას, თოვლს შარშანდელს თავის ენაზე ალაპარაკებს“. იგი მუდამ ლაღია და თავნება. ერთადერთი რამ გაუჭირდება მხოლოდ – თავის კალაპოტთან გამოსალმება, „რადგან მან ეს გზა ბრძოლით გაკვალა და გზა უვალი ძლევით გაჰკვეთა, არ შეუშინდა მისი ჭაღარა ტანჯვას, ვაებას, სასოწაკვეთას“. მარამ ენგური კვლავ ენგურად დარჩა. იგი ძველებურად, დაუმშვიდებლად მორბის თავისივე გაკვალულ კალაპოტში („ენგური“). ლექსში: „მულახში ერთი წყალია“ მთავარი მოტივი სწორედ პოეტის დაუშრეტელობაა. მულახში მოედინება პატარა ნაკადული – ხერაში. ზაფხულში, როდესაც მთის მცხუნვარე მზემ ირგვლივ ყოველივე გაახმო, ხერაში ისე დაიწრიტა, სათამაშო წისქვილიც კი ვეღარ დაატრიალა. პოეტის სიტყვით, „მთას ძუძუ ჰქონდა დამშრალი“. მაგრამ დროებითი იყო ნაკადულის დაწრეტა. მალე იგი ისევ ადიდდა, ისევ აქაფდა და ამღერდა „დაუდგრომელი ტალღებით“. ამ ნაკადულს ჰგავს ჭეშმარიტი ხელოვანის ბედი, პოეტური ნაწარმოებიც ხომ ისეთივე წმინდა და ხალხასი უნდა იყოს, როგორც ნაკადული და თუ ოდესმე დაიწრიტება ხელოვანის შთაგონება, ეს დროებითია; იგი უმალ აღზევდება, ისევე, როგორც მთის პატარა ნაკადული ხერაში. მაგრამ პოეტი აქვე სვამს კითხვას: „ნეტავ ვიცოდე, თუ ისმის მისი ხმა ჩემს სიმღერაში?!“ დაეჭვება საკუთარ შესაძებლობებში საერთოდაა დამახასიათებელი შემოქმედისთვის. ეს ეჭვი როდი ნიშნავს, თითქოს ხელოვანს არ უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რასაც ქმნის. მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი ნაწარმოებისადმი, დაეჭვება საუთარ შესაძლებლობებში შემოქმედის წინსვლის საწინდარია. სწორედ ასეთ ეჭვს შეუპყრია პოეტი: იქნებ აკლია ჩემს ლექსს მარილი და სვანეთივით სხვას ვესესხები, ალბათ ამიტომ ქარიშხალივით არ მქუხარებენ ჩემი ლექსები! იქნებ აკლია ჩემს ლექსს მარილი, არ არის მყარი და ძვალმაგარი, თუმც წინ მინთია კელაპტარივით, ჩემი სამშობლოს ლურჯი მთა-ბარი. („მარილი“) სიტვა – „მარილი“ ამაღლებული პოეტური შთაგონების, ჭეშმარიტი პოეზიის აღმნიშვნელია; იმის, რაც ლექსს მაღალპოეტურობას, მომხიბვლელობას ანიჭებს. უახლოეს წარსულშიც კი უმარილობას მძაფრად განიცდიდა მიუვალ მთებში მცხოვრები სვანი ხალხი. ამიტომ ლექსის ასეთი გააზრება უბრალო მხატვრული ხერხი კი არ არის, არამედ მაში გადმოცემულია პოეტის განცდათა სიმწვავე. მაგრამ, ვაი თუ აქაც მიწია ჩემმა ჯილაგმა, ჩემმა სვანობამ? ვერ დავიჯერებ, არ შემიძლია... უმარილობა თუ მიწყალობა. წავალ აღზევანს, ცხრა მთას, ცხრა წყაროს და ურმულივით გზებს გადავივლი, რომ საქართველოს შემდეგ ვახარო, როგორ ვიშოვე სვანმა მარილი. აღზევანს წასვლა მარილზე ქართული ხალხური შემოქმედების წიაღიდანაა მომდინარე. ზემოთმოყვანილი ლექსი ორიგინალური გააზრებით და მხატვრულობით ერთ-ერთ საუკეთესოდ შეილება ჩაითვალოს რ. მარგიანის პოეზიაში. „მე მღვიძავს ფუტკრის ზუზუნში, ნანას მიმღერენ ფუტკრები, ბევრი სიმღერა ამოვთქვი და ბევრი დამრჩა უთქმელი“ („სიმღერა“), – ასე შემოდის რევაზ მარგიანის შემოქმედებაში „ფუტკრების“ სახე, ერთ-ერთი მუდმივი სახე მის პოეზიაში. იგი ჯერ კიდევ პირველ პოეტურ კრებულში შემავალ, და შემდგომ სხვადასხვა დროის სამ ათეულამდე ლირიკულ ნაწარმოებში გვხვდება. «Художественная правда создается писателем так же, как пчелою создается мед: от всех цветов понемножку берет пчела, но берет самое нужное» (73, გვ. 310), – აღნიშნავდა მაქსიმ გორკი. მიახლოებით ასეთია რევაზ მარგიანის მიერ „ფუტკრების“ სახის ერთ-ერთი გააზრება: ჩახედე სკაში ფიჭის რვეულებს – სიტკბოებისთვის ნაშენ სართულებს, სანთლის ჩუქურთმებს გადახვეულებს და ერთმანეთზე გადახლართულებს... მინდვრის სურნელი სკაში ტრიალებს, სკაში ყვავილთა დიდი ბუღია, ფუტკრებს სიტკბო, ვით ადამიანებს, ბუნებისაგან წამოუღიათ. შენც გამოსტაცე, ნუ შეშინდები, მამულს ახალი სიტყვა უთხარი, სიტყვას რომ ახლდეს სიტკბო იმდენი, რასაც სკას აძლევს ერთი ფუტკარი... („საფუტკრესთან“) გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს ვარაუდს: „ამ ტროპის საკუთრივ ლიტერატურული ფესვები აკაკის „ფუტკართან“ თუა დაკავშირებული“ (28). მაგრამ აქვე მართებულად აღ­ნიშნავს მკვლევარი, რომ: „არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მისი უშუალო, ცხოვრებისეული, თუნდაც ყოფითი და ეთნოგრაფიული პირველწყარო, რომელიც სვანეთში უნდა ვეძიოთ“. სვანეთი ძველთაგანვე განთქმულია მეფუტკრეობით. აქ თაფლოვანი მცენარეების აყვავება ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. აქაური ფუტკარი საუკეთესოდაა ცნობილი. პოეტი – ფუტარია, ლექსი – თაფლია, ფიჭა – ლექსების რვეულია. სკაში მოჩანს აივნები, ტრიალებს მინდვრის სურნელი. სკაში მოჩანს ყველაფერი, რაც პოეტს აღელვებს. „მოგვიანებით მუშა ფუტკარი ჩემს მიტოვებულ სკას ვუბრუნდები“ (წელს უსათუოდ“), – ამბობს პოეტი. ეს სკა მშობლიური მხა­რეა („ჩვენი სკაც იყრის“). „ფუტკრების“ სახეს რევაზ მარგიანის პოეზიაში სხვა აზრობრივი დატვირთვაც აქვს. მართებულად აღმნიშნავს ვლადიმერ ოგნევი, რომ რ. მარგიანის პოეზიაში «Пчела – капелька солнца, начало жизнедающее и соборное. Она «безимянна», она несет мед «в общий улей» (80, გვ. 195). ამიტომ არის, რომ „ფუტრების“ სახე გვხვდება როგორც სატრფიალო ლირიკაში („თიბათვე ვინატრე“), ასევე ბუნების აღწერებში („მულახი – ჩემი სოფელი“, „მიწა“, „ასეთია ლატფარი“, „თიბათვე მოდის“), ომის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში („ფუტკარი როცა დაეძებს ფუტკარს“, „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“, „აჯიმუშკაი“), აგრეთვე სტრიქონებში, სადაც ბარაქიანი რთველით გამოწვეული სიხარულია გადმოცემული („რთველი ორბელში“). მართებულია გ. მარგველაშვილის მოსაზრება: „ფუტკართა პოეტური სახე აკავშირებს თავისებურად ომსა და მშვიდობას, ფრონტს და სახლს, ბრძოლასა და ყოფას. და ვინაიდან ეს სახლთან შემაერთი „ხიდიც“ გადებულია, აღვნიშნოთ რევაზ მარგიანის პოეზიის კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება. სვანეთი, რომელიც არა მარტო რუსულ და უცხურ, არამედ ხშირად თვით ქართულ პოეზიაშიც კი დანახული იყო აღტაცებულ-გაკვირვებული თვალით, გარეშე მნახველის თვალით, რომელიც განცვიფრებულა და სახტად დაჩენილა სვანეთის განუმეორებელი მშვენიერების ბუმბერაზული ძალის წინაშე. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისეთი ადამიანისა და პოეტის თვალით, რომელიც ასულა სვანეთში, – ეს სვანეთი რევაზ მარგიანის ლექსებში დანახულია „შიგნიდან“, ისეთი ადამიანისა და პოეტის მიერ, რომელიც ჩამოსულა თუ გამოსულა ამ ცადაწვდენილი და ვარსკვლავებთან მოთამაშე მხარიდან, რომლისთვისაც იგი საკუთარი კერაა, სამკვიდროა, მშობლიური ოჯახია – არა საკვირველებისა და გაოცების მომგვრელი, არამედ სანუკვარი, თვისტომი და საყვარელი“ (28). რევაზ მარგიანს ნაწარმოებების ერთ-ერთი რჩეულისა­თვის „ლილე“ დაურქმევია (თბ., 1865). ლილე მზის ჰიმნია. მას დღესაც ისევე გატაცებით მღერიან სვანები, როგორც ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა. ლილეს მოტივი მძლავრად გაისმის რ. მარგიანის პოეზიაში. მზე სიკეთის და სიცოცხლის წყაროა, სვანური ბუნებაც ხომ მასთანაა შეზრდილი. ფუტკარი საზრდოს მისგან იღებს („გავედი, გავხედე“). ის ენანავება სვანეთის მაღალ მწვერვალებს, ეხმარება ენგურს ყინულების ლეწვაში. მზის ამოსვლას შეჰხარის ადამიანი, ცხოველი თუ მცენარე; თითქოს მისკენ მიმართულან ხელაწვდენილი მაღალი მთები. ის შთააგონებს ადამიანს, თავისი გონება და გარჯა სიკეთეს ამსახუროს. სიკეთის ქმნა კი უდიდესი ბედიერებაა ადამიანისათვის. მზის შუქში სიამოვნებით, ღიმილით ეხვევა ადამიანი („თიბათვე ვინატრე“). მზე ხვალინდელი დღის იმედია, მარად უჭკნობი, მარად მოკაშკაშე. როდესაც ის ჩადის, სითბოს ტოვებს დედამიწაზე. მალე დაღამდება და მზის სხივთა მაგივრად გამოანათებს მთვარისა და ვარსკვლავების ცივი შუქი. ჩვენ კი უნდა გავუძლოთ ღამეს. უნდა „ძილში ჩავიყოლოთ გაღიმება მზისა“. მან დიდხანს იკაშკაშა. ახლა კი გვტოვებს, ჩადის ჩუმად და მშვიდად, რადგან იცის – ისევ, ოქროდ მოგიზგიზე მოფრინდება დილად“ („საგალობელი მზის ჩასვლისა“). ლექსში „ბილება“ ნათელი, როგორც სიკეთე, როგორც საერთო სიხარულია განდიდებული. იგი თითქოს გზამკვლევია ლექსის – „რიჰა“, რომელიც სინათლის უძველესი საგალობელია. სინათლეს ბედნიერება მოაქვს, ხოლო „იქ, სადაც იქნება სინათლე, იქნება ჩვენი სამყოფელი“. ამიტომ შესთხოვს პოეტი რიჰას: უქრობელ სინათლედ მოდი, რიჰა, აანთე ჩვენი მდელო და კორდი, რიჰა, ხალხს გამოუწოდე სინათლის ტოტი, რიჰა. რიჰა გადიდდი, განათდი, განათდი, რიჰა. შენ ხარ სინათლე მარადი, მარადი, რიჰა. ჯურღმულშიც იარე უქრობი სანათით, რიჰა. რიჰა – გზა მიეც კეთილს და ღვთისნიერს, რიჰა. სინათლე გვაფრქვიე, გვაფრქვიე, რიჰა! ეს ოცნება მარადიულია ყოველი ეპოქის ადამიანისათვის, სანატრელია სინათლე, სიკეთე, ბედნიერება. ლექსებს „რიჰა“ და „ბილება“ ხალხური წყაროც აქვთ (50, გვ. 41, 251). მაგრამ ისინი, ისევე როგოც „მირანგულა“ და ხალხურ მოტივებზე შექმნილი სხვა ნაწარმოებები ორიგინალურად ჟღერს. რევაზ მარგიანის სვანურ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოებები ხალხურ ნიადაგზეა დაფუძნებული. მისი აზრით, პოეტმა სიტყვა ხალხში, ფოლკორულ ძირებში უნდა ეძიოს, რადგან სწორედ მასშია ის ელვარე ფერები, რომელიც თავისებურ, განუმეორებელ ელფერს ანიჭებს ლექსს. „გლეხკაცს ეწვიე კეთილ ფიქრთა გასამხნევებლად, ნახე უბრალო მისი ფუძე წელგამართული, ნაპერწკლებს დაჰყრის შენს ქარალდზე უცხო ფერებად გლეხკაცის ბაგეს მოწყვეტილი სიტყვა ქართული“ („კეთილი ფიქრი“). ამ მოსაზრებას რ. მარგიანი იყენებს როგორც შემოქმედებით პრინციპს. რ. მარგიანის სტრიქონების – „მეც მთიელი ვარ, ვცოცხლობ იმედით, იქნებ გამოდგეს ჩემი ქართულიც“ („ზამთრის ოცნება“) კითხვისას გვაგონდება ვაჟა-ფშაველას ცნობილი სტრიქონები: „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა“. რ. მარგიანის ზემოთმოყვანილ სტრიქონებში გამ­ხელილია მისწრაფება თავის პოეზიაში სვანური სიტყვებისა და სასიმღერო ჰანგების შემოტანისა. პოეტი ხშირად იყენებს უძველეს სვანურ სიტყვებს, ხალხის გულის სიღრმიდან ამოსულ სასიმღერო ჰანგებს („ნანილა, ნანულო, ნანაილა“, „შაი, შაი შამორირა შაირა“, „იავ-ქალთი“, „ოია ოიალე“, „ოიდა ნანაილა“, „ვორუდილა რაშა“, „რერადი“, „შგარი დო, შგარი, ლაშგარი დო, რისვოდა“, „რერაშა“„შაი, ოდი შეი“ და სხვ.). „მთებში არა აქვს ძველ სიმღერებს ძუძუ დამშრალი“ („ხალდეს დაი­ძრა ლაშქარი ჭაბუკთა“), – ამბობს პოეტი. ძველი სვანური სიტყვების და მოტივების გამოიყენება მუსიკალობას, უშუალობას ანიჭებს მის პოეტურ ნაწარმოებებს, ზრდის მათი მხატვრული ზემოქმედების ძალას. რევაზ მარგიანის ლექსების უმრავლესობა, რომლებშიც იგი ძველ სვანურ სიტყვებს, ხალხურ მოტივებს და მისა­მღერებს იყე­ნებს, ერთნაირი პოეტური პრინციპითაა დაწერილი. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთY „ოია ოიალე“ და „ბედან“. ოია ოიალე, გული მხიარული, ვაზი მსხმოიარე, ყანა თავდახრილი, მიიარ-მოიარე. ოია-ოიალე. ბედან, ბედან, ცასა ზედა ვარსკვლავები უხვად სხედან! ბედან, ხედავ საჯიხვედან გაანათა დალის ელდამ. ამ ლექსების მუსიკალური მხარე სიტყვებზე „ოია ოიალე“ და „ბედან“ აწყობილ რიტმზეა დაფუძნებული. ამგვარ პოეტურ პრინციპს იყენებს რ. მარგიანი ლექსებში: „იოდა ნანაილა“, „საგალობელი მზის ჩასვლისა“ „რერადი“, „ბილება“, „აილამა“ და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილ ლექსებს ერთი საერთო თავისებურებაც ახასიათებთ. მათ პირველ სტრიქონს – სვანურ მისამღერს – ერითმება ავტორისეული სტრიქონი („ოიდა ნანაილა, მზე მწვავს სხვანაირად“, „ვორუდილა, რაშა, დიდიხანს იკაშკაშა“, „რერადი ჩემი სიტყვა ფერადი“ და სხვა). სვანური ხალხური პოეზიისათვის უჩვეულოა რითმა. მისი მუსიკალური ჟღერადობა ალიტეაციებსა და რეფრენებს ემყარება. რევაზ მარგიანი სვანური ხალხური პოეზიის კილოზე დაწერილ ნაწარმოებეში იყენებს რითმას, რაც მათ ორიგინალურ ხმოვანებას ანიჭებს. რევაზ მარგიანის „სვანურ მოტივებზე დაწერილ ლექსებში ორიგინალურად არის ჩაწნული მზის, მთების საგალობლები, – აღნიშნავს ს. ჭილაია, – ამ საგალობლების სვანური რიტმი, მისი განუმეორებელი მუსიკა ორგანულად ერწყმის პოეტის თვითმყოფად ხმას, მისი ლექსების ქსოვილს, და ჩვენ აქ ნამდვილად ქართული პოეზიის ინტონაციური მოტივებით გამდიდრებასთან გვაქვს საქმე“ (64, ვ. 99). 1941 წლის 23 და 24 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ომის თემაზე შექმნილი პირველი ქართული ლექსები, ხოლო ივლისში დაისტამბა ქართველი პოეტების ნაწარმოებთა ერთობლივი კრებულები: „სიმღერა გამარჯვებისა“ და „ჩვენ გავიმარჯვებთ“. ქართველ მწერალთა შორის ბევრი (კ. ლორთქიფანიძე, გ. ნატროშვილი, ა. გომიაშვილი, ნ. აგიაშვილი, მ. გელოვანი, ს. ისიანი, ვ. უბილავა, ი. ნონეშვილი, შ. ამისულაშვილი, ლ. სულაბერიძე, დ. ქავთარაძე, დ. კვიცარიძე, ი. ურჯუმელაშვლი და სხვ.), მათ შორის რევაზ მარგიანი, თვით იყო ომის უშუალო მონაწილე. ომის თემაზე რ. მარგიანს არაერთი ნაწარმოები აქვს შექმნილი. 1945 წელს გამოვიდა მისი პოეტური კრებული „ახალი ლექსები“. „ამ წიგნში მოთავსებული ლექსების უმრავლესობა დაწერილია ბრძოლის ველზე, ყოველ სტრიქონში იგრძნობა ბრძოლის ველის ნამდვილი განცდა, ჭეშმარიტი შთაგონებითაა გადმოცემული მებრძოლის სულიერი ცხოვრება“ (55), – ასეთ აზრს გამოთქვამს ხსენებული წიგნის შესახებ სიმონ ჩიქოვანი. 1946 წელს სახელწოდებით „მუმლი მუხასა“ გამოვიდა მარგიანის ლექსებისა და ბალადების კრებული, რომელშიც თით­ქმის ყველა ომისდროინდელი ნაწარმოებია გაერთიანებული. რაოდენ სასიხარულოა ჯარისკაცისთვის სატრფოსაგან ფრონტზე მოსული, სითბოთი და სიყვარულთ ავსილი ბარათი. პოეტი უბით ატარებს საყვარელ ბარათს, ისევე როგორც სატრფოს სიყვარულს: მე უბით ვატარებ პატარა ბარათს, შენგან რომ მივიღე წუხელ, ისე, ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს, რატომღაც ვერავის ვუმხელ... არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით, ჭაბუკი ოცნებად ვიქეც, უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი, დავხედე ბარათს და ვიგრძენ. („მე უბით ვატარებ პატარა ბარათს“) წერილიდან მშვიდი, თითქოს სასიხარულო ტონიც კი გამოსჭვივის. მაშინ რითაა გამოწვეული ეს გულისტკივილი? ბარათს სატრფოს ცრემლის კვალი ამჩნევია, რომელიც მისი გულის სწორის საფრთხეში ყოფნითაა გამოწვეული. პოეტი ამხნევებს მას: „ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი, ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად“. ომში გამარჯვების რწმენა მისი დაწყებიდანვე ჰქონდა პოეტს („ცხრა მაისი“), მაგრამ წარუშლელია კვალი, რომელსაც ომი ტოვებს მახსოვრობაში. ომში ნამყოფი ყველა ადამიანის გულსთქმასავით გაისმის სტრიქონები: „ტყვიით შერუჯულ გადასულ დღეთა გადავიწყება არ შეგვიძლია“ („გადავიწყება არ შეგვიძლია“). სამამულო ომის თემაზე რ. მარგიანს ომისშემდგომაც აქვს ნაწარმოებები შექნილი. მათგან გამოირჩევა ლირიკული პოემა „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“ და ლექსების ციკლი „1942“, რომელიც ომიდან ათეული წლების შემდეგაა (1966-1976 წწ) დაწერილი და რომელიც ცალკე წიგნად 1976 წელს გამოიცა. კრებულის შესავალში პოეტი აღნიშავს: „ლექსების ციკლი „1942“ თუმცა ომის დროს არ დაწერილა, მაგრამ იმ მრისხანე ჟამს ეკუთვნის და სავსებით გამოხატავს ჩემს იმდროინდელ განწყობილებას... ლირიკული პოემა „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“ თავისებური რექვიემია ომში დაღუპულ ამხანაგებზე. მე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი შინმოუსვლელ ტოლ-მეგობრებზე და მსურდა, გამეცოც­ხლებინა ბევრი მოგონება, ვცადე ჩემი მათდამი სიყვარული და გულისტკივილი პოეტური სიტყვით გამომეხატა“. რ. მარგიანი, ომის დროს ქერჩში ქართული საფრონტო გაზეთის რედაქციაში მუშაობდა. ლექსებში: „ომის პირველი გაკვეთილი“, „ერთი ღამის გახსენება“, „ღამე აკმონაიში“ ამ გაზეთის გამომცემელთა ცხოვრებაა აღწერილი. სარდაფში, სადაც გაზეთის რედაქცია და სტამბა იყო, რამოდენიმე სასკოლო მერხი აღმოუჩენიათ, რომლებიც „სადღაც კუთხეში, ბნელით მოცულ სიმწუხარეში მიყუჟულიყვნენ ბავშვებივით“. მათ თითქოს კვლავაც შერჩენოდათ პატარების სითბო. ამ მერხებზე ჩამომსხდარი რედაქციის მუშაკებიც თითქოს ბავშვები არიან და ომის პირველ გაკვეთილს ესწრებიან: გარედან სარდაფს ასკდებოდნენ ბომბის ტალღები, იდაყვის საყრდენს ემჩეოდა მელნის შხეფები – და ომის პირველ გაკვეთილზე, როგორც ბალღები ერთად ვისხედით მესტამბენი და პოეტები. ბალღების სითბო შერჩენოდათ მერხებს – პატარებს, ბავშვების ხმები ხმიანობდნენ მერხის უჯრებში, მეჩვენებოდა, რომ აქ ჩემი ყრმობის სათავე დატყვევებული იყო ომის აბლაბუდაში. („ომის პირველი გაკვეთილი“) ამ სტრიქონებში დატეულია სევდა, რომელსაც ომი იწვევს ახალგაზრდობაში, როდესაც ჯერ კიდევ ცხოვრების გარიჟრაჟზე წამოეწევა და მისთვის ამოუხსნელი რჩება „ომის ძნელი ამოცანა თუ განტოლება“. გარდა ამისა, მისი ქვეტექსტი ­მკი­­­­­­თ­ხველს აგრძნობინებს იმ ტრაგედიას, შიშს, შიმშილს, რომელიც ომმა ბავშვებს მოუტანა. შთაბეჭდილებას ახდენს ლექსი „ქართული შრიფტის სასაფლაო“. როცა გერმანელები მოადგნენ იმ მიდამოებს, სადაც სტამბა და რედაქცია იყო, გაზეთის მუშაკებს უბრძანეს ქართული შრიფტი დაემარხათ. თვით ეს ფაქტი შთამბეჭდავია და განზოგადების საფუძველს იძლევა. რ. მარგანის მიერ შექმნილ ომიდროინდელ ბუნების სურათებში უფრო მეტად ზამთრის პეიზაჟები გვხვდება. თითქოს ომს სიცივე, ზამთარი უფრიო ესადაგება. ავდარი – ომის ქარიშხალია, დარი – გამარჯვებაა. პოეტი ელის დარს, ელის გამარჯვებას („დარის მოლოდინში“). სიბნელე ცუდის, ბორტების, ომის სიმბოლოა, სინათლე – მშიდობის, სიკეთის, იმედის. ახლა ომია, ახლა სიბნელეა, მაგრამ ამ სიბნელეში ცასა და ღრუბელს შუა განათებული ადგილი მოჩანს. ეს გაანთებული ადგილი – იმედია („მონადირული“). გაზაფხული – გამარჯვების სიმბოლოა, რომელიც, პოეტის წარმოსახვით, ისეთივე ლამაზია, როგორც თვით გამარჯვება. მისი წარმოსახვით, ომის დროს გზაფხულის მოსვლა შეუფე­რხებელია. გაზაფხულს სილამაზე მოაქვს და ხომ შეიძლება ეს სილამაზე ომმა მოსპოს?! პოეტის აზრით, გაზაფხულის მოსვლა გამარჯვებას დაამშვენებდა („მგონი ადრეა“). ბრძოლის დროს ცეცხლმა ერთ ადგილას თოვლი გაალღო. „ველს გადახედა მეზენიტემ“ და თქვა: „ამ სატიალემ გაზაფხული მოგვიახლოვა!“ მაგრამ ეს ნაადრევი, ცრუ გაზაფხულია („ცეცხლი, თოვლი და ნაადრევი გაზაფხული“). ნამდვილი გაზა­ფხულის მოსვლა კი გამარჯვებას უკავშირდება: „ეს გამარჯვეიბის გაზაფხულიც მწვანეთ აენთო... მოედინება ნაკადულად თოვლი დამდნარი... მე და სიმწვანე როგორ ვძლებდით ურთმანეთოდ, უერთმანეთოდ როგორ ვძლებდით მთელი ზამთარი.“ („ბოლოთქმის მაგიერ“). მიუედავად ომში მონაწილეობისა რ. მარგიანის მეორე მსოფლი ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებები (გამონაკლისების გარდა), ვერ დგას იმ ლიტერატურულ სიმაღლეზე, როგორც მის მიერ სხვა თემებზე შექმნილი პოეტური ნიმუშები. შეიძლება ზოგადადაც ითქვას, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში მეორე მსოფლიო ომის თემაზე ყველაზე ბუნებრივი და გულახდილი (მათ შორის სიმღერაც) ალბათ რუსეთშია შექმნილი. ისეთმა პიროვნებებმაც კი, რომლებსაც დისიდენტებადაც კი მიიჩნევდნენ (თუნდაც ოკუჯავა და ვისოცკი) ომის თემაზე არაერთი ძლიერი ემოციური მუხტის მქონე ნაწარმოები შექმნეს. აღარაფერს ვამბობთ ოფიციალურად აღიარებულ „საბჭოთა პოეტებზე“. ეს გასაგებიცაა და ბევრის მთქმელიც. ომისშემდგომ პერიოდში დაისტამბა რევაზ მარგიანის კრებული – „აქა მშიდობა“ (თბ., 1948). მშვიდობისათვის ბრძოლა აქტუალური გახდა ომის შემ­დგომ, როდესაც შექმნეს უდიდესი დამანგრეველი ძალის მქონე საშუალებები. დღეს, როდესაც ასეა გადატვირთული დედამიწა ატომური იარაღით, როგორც მწარე გაკვეთილს, ისე იხსენებენ მსოფლოს ხალხები ხიროსიმას ტრაგედიას. რევაზ მარგიანი მოუწოდეს მსოფლიოს ხალხებს, ფხიზლად უდრაჯონ მშვიდობას, რათა აღარ განმეორდეს ხიროსიმასებური ტრაგედია („ხიროსიმა“).. მშვიდობის დაცვა, რ. მარგიანის გააზრებით, ყველას ვალია, ხოლო ამისთვის ზრუნვის პირველი დასტური თავდადებულ შრომაშია („დედის თვალები“). „ალალ შრომას შეუძლია სასწაული მოახდინოს. ჩვენ ამის მომსწრენი ბევრჯერ ვიყავით და მომავალშიც ბევრჯერ ვიქნებით“ (36), – ასეთია პოეტის მრწამსი. ვერ ნახავთ მარგიანის ვერცერთ პოეტურ კრებულს, რომელშიც ამ თემას ადგილი არ ეთმობოდეს. «Трудовое начало, – აღნიშავს ვლადიმერ ოგნევი, – у Р. Маргиани так естественно, так недекларативно, что воспринимается как нечто само собой разумеющееся» (80, გვ. 195). ომისშედგომი პერიოდიდან მოყოლებული რევაზ მარგიანის პოეზიაში უკვე შეინიშნება თემატიკის მრავალფეროვნება: დაინტერესება საკუთარი პოეტური „მე“-თი, სიკვდილ-სიცო­ცხლის პრობლემებით; ღრმავდება სვანური, სატრფიალო მოტივები; მკაფიოდ იკვეთება პატრიოზმის თემა, იხვეწება მისი ლექსის ფორმა. ამ პერიოდიდან ახალი ეტაპი იწყება მის შემო­ქმედებაში. პატრიოტიზმი ყოველი ეპოქის პროგრესული მწერლობის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივია. ეს გრძნობა მუდამ ახალ-­ახალ ძალას და ენერგიას აძლევს შემოქმედს. „დიდად საჭიროა მწერ­ლისათვის პატრიოტიზმი, თავის ენის და ერის სიყვარული... ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა“ (15, გვ. 297), – აღნიშნავდა ვაჟა-ფშაველა. პატრიოტულ მოტივს ქართულ პოეზიაში უდიდესი ტრადიცია აქვს. დავით გურამიშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ვაჟა-ფშაველამ, გალა­კტიონ ტაბიძემ, გიორგი ლეონიძემ და ბევრმა სხვა პოეტმა მძლავრად გამოხატა თავის შემოქმედებაში ეს გრძნობა. მწერლობისათვის „საბჭოთა პატრიოტიზმი“ თვისობრივად ახალი მოვლენა იყო, დაფუძნებული როგორც ეროვნულ, ასევე „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ ნიშან-თვისებებზე. პატრიოტიზმის თემა ძირითად ნაკადს ქმნის რევაზ მარგიანის შემოქმედებაში. რა თემაზედაც არ უნდა წერდეს პოეტი, მისი ფიქრი სამშობლოსადმია მიპყრობილი; სხვა თემაზე შექმნილ ბევრ ნაწარმოებში პატრიოტული მოტივი პარალელური თემის, ან ერთ-ერთი მოტივის სახით შემოაქვს და ნაწარმოების ძირითადი იდეის განუყოფელ ნაწლად აქცევს. „მაშ, მომეც სიტყვა, რომ სათქმელი ავაფერადო, ეს შენეული სიმღერები ჩემი ფრთებია! შენ ჩემო ტკბილო საქართველოვ – ჩემო ბელადო, ცხადში გეხილოს, რაც ოდესმე დამსიზმრებია!“ („შენ ჩემო ტკბილო“). ეს ოცნება მუდამ სდევს პოეტს შემოქმედების გზაზე. ყველა ადამიანს აქვს საასპარეზო, სადაც იბრძვის, შრომობს. რევაზ მარგიანისთვის ეს საასპარეზო სამშობლოა (*** „ვიცი, რომ ბევრი გაფრინდა წელი“). მისი სიყვარული სამშო­ბლოსადმი შეუნელებელია. თვით სიტყვაც კი: „მამული“ მასში პატრიოტულ განწყობილებას აღძრავს („უპირველესად“). მასში მამულის სიყვარული იმდენად მყარადაა გამჯდარი, თითქოს დაბადებიდან დაჰყოლოდეს და ამ გრძნობის გაქრობა მისთვის გარდაცვალებას ნიშნავს („ცისა ფერს ვეტრფი“). უფრო მეტიც: მისი აზრით, პატრიოტული გრძნობა მარადიულია. „სიკვდილის მერეც საქართველოს ვერ მივატოვებ“, – ამბობს იგი ომის დროს დაწერილ ლექსში: „მადროვე, ტყვიავ!“ მარგიანის აზრით, მწერალმა დღევანდელი სათქმელი დღეს უნდა თქვას, რადგან ქვეყანა მისგან დროულ და შე­საფერ სიტყვას ელის. აქეთკენ მოუწოდებს იგი თანამოკალმეთაც („დროა“). მას ღრმად სჯერა, რომ პოეტს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის აწმყოს და მომავლის გამოჭედვაში. ამიტომ იგი პოეტის მისიად თვლის ხალხთან ერთად, ხალხის სურვილისამებრ ააშენოს მომავალი („სადღეისო“). რევაზ მარგიანი ხატავს არა მარტო საქართველოს აწმყოს, არამედ მის წარსულსაც. „ჯარივით მიჯრილ სტრიქონებში ბოლავს ხანძარი, კუპრსა და კვამლში ჩაძირულა თეთრი ტა­ძარი... ო, ღმერთო ჩემო, ეს რა ძალამ გადაგარჩინა!“ („ქარ­თლის ცხოვრების კითხვისას“), – ასეთი ასოციაციები აღეძვრის პოეტს „ქართლის ცხოვრების“ კითხვის დროს. იგი ფიქრობს სამშობლოს ბედზე. რამდენი ტრაგედია გადაუტანია საქართველოს, რამდენჯერ გახვეულა ცეცხლში მისი წარმტაცი მხარეები, რამდენჯერ შემოსევიან მას „ვიღაც ყაენი, თემურ ლენგი, ჯალალ-ედინი“ („ქართლის ცხოვრების მემატიანე“). მაგრამ პოეტი თავისი ქვეყნის ისტორიაში ქართველთა სიმამაცით განათებულ ფერებსაც ხედავს, რადგან „გვყავდა გმირთა-გმირი აურაცხელი და უთვალავი, ოფლით ნაშენი მათი ქვითკირი ყოველთვის იყო შეუბღალავი“ („უპირველესად“). სამშობლოს დამცველებს გმირობას შთააგონებდა მამულის სიყვარული, გრძნობა, რომელიც „ორგულს ზარავდა, მტერს ბზარავდა, ჩვენ გვიფარავდა“ („მარად და ყველგან“). რ. მარგიანი აღფრთოვანებულია ძველი ქართული ტა­ძრების სიდიადით, კედლის მხატვრობის სინატიფით („კვირიკეს ტაძარი“, „მაცხვარიშის ფრესკის ხილვისას“, „წვიმაში“, „აგერ ხალდეს მთა, რკინის კოშკი...“, „დაგვიანებული ლექსი მამას“ და სხვა) მათში პოეტი უფრო მეტად ისმენს „გუგუნს ძველთა საუკუნეთა“ („წვიმაში“). წერილში: „პოეზიის იდეური აქტუალობისათვის“ (43) ბ. ჟღენტი წერს: „ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს, რევაზ მარგიანს, რომელმაც სამამულო ომის წლებში წითელი არმიის რიგებში ბრძოლის საამაყო სკოლა განვლო და რამდენიმე კარგი ლექსიც დასწერა ამ დიდი ბძოლების თემაზე, ახლა, განუზრახავს არ ჩამორჩეს, გაუსწროს კიდეც თავის უფროს კოლეგებს. თუ საქმე წარსულის გადმონაშთების იდეალიზირებულ ხატვაზე, ხატობათა, წირვა-ლოცვათა და ტაძარ-მონასტერთა მეხოტბეობაზე მიდგა, რატომ ისიც ვერ გამონახავს საამისო მასალას? და აი, „მნათობის“ უკანასკნელ (#7-8) წიგნში იგი გვაწვდის ლექსს „წმინდა კვირიკეს ტაძარი“. ეს „წმინდა კვირიკე“ პოეტს ხიბლავს როგორც ხელოვნების ძეგლი, როგორც ჩვენი წინაპრების შემოქმედებითი გენიის მეტყველი ნიმუში? არა! პოეტი ამ ლექსში სავსებით შეუფერებლად უმღერის „წმინდა კვირიკეს“ სახებას და დიდი მოწიწებით და სიყვარულით აღადგენს ამ ტაძარში ოდესღაც ყოფილი რელიგიური რიტუალების სურათს: გინახავს? გათენებისას, როცა აჰყვები ბილიკებს, როცა მაღლიდან დაგცქერის გარინდებული კვირიკე, გინახავს? დაგავიწყდება? ჩამქრალი კერის ნაცარი, აფეთქებული კვარებით განათებული ტაძარი, ან კურთხეული სენაკი, შავი, მღვრიე და უკუნი, ხატის წინ მოყმის ჩურჩული და წინაპრების გუგუნი“. კრიტიკოსის ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ. რევაზ მარგიანს კვირიკეს ტაძარი იზიდავს როგორც ხუროთმო­ძღვრების ძეგლი, როგორც თავისი ერის წარსულის ერთ-ერთი ნაშთი. მასში გადმოცემულია აღფრთოვანება ძველი ქართული კულტურით და არა რელიგიური რიტუალებით. ეს თვალსაჩინო ხდება ლექსის მომდევნო სტრიქონებით: გინახავს? თავდავიწყება, როცა აჰყვები ბილიკებს, როცა მაღლიდან დაგცქერის გარინდებული კვირიკე. ოსტატის მადლით ნაშენი – მაღლა, ზეცისკენ წასული, ზეცაში გარინდებული – მოსაგონარი წარსული. რევაზ მარგიანის თვალთახედვა წვდება სამშობლოს მომავალსაც. იგი ოპტიმისტურად ჭვრეტს მომავალს. რ. მარგიანის პოეტურ წარმოსახვაში ბავშვი მომავლის სიმბოლოა, უმანკოებაა. ბავშვები მხოლოდ სიკეთის ფერებში ხედავენ სამყაროს, უმწიკვლოა მათი ღიმილი. სძინავთ ბავ­შვებს. ირგვლივ სიმშვიდე სუფევს. თითქოს ბუნებაც კრძალვით ეპყრობა მათ: გაჩუმებულან ვერხვები, ჩიტებიც აღარ ჟივჟივებენ. მათ ხელშია ჩვენი სამშობლოს მომავალი, ბედ-იღბალი და არა მარტო ჩვენი სამშობლოსი, მთელი დედამიწისა. ჩუმად, არ დავუფრთხოთ მათ ტკბილი ძილი, „ჩუმად! არავინ დაარღვიოს ეს მყუდროება, მომავალს სძინავს, ჩვენს უბიწო მამულიშვილებს!“ („ჩუმად“). დიდია პოეტის კრძალვა მომავალი თაობისადმი, იმედი, რომ ბავშვები შეძლებენ ცხოვრებას ისე, რომ დედამიწაზე მხოლოდ მშვიდობა და სიკეთე სუფევდეს. მარგიანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სვანეთის პეიზაჟებს, მაგრამ იგი გატაცებით ხატავს ქართლის, კახეთის თუ საქართველოს სხვა კუთხეთა პეიზაჟე­ბსაც („რთველი ორბელში“, „ატენში“, „ამ პატარა სოფელივით“, „მკათათვის კართან“, „ლეჩხუმის მოგონება“ და სხვა) ლექსში „განა რამე შეედრება“ საქართველოს მჩქეფარე ნაკადულები ერთ მთლიან პოეტურ სურათშია შერწყმული. მიისწრაფიან ნაკადულები დაბლა, ბარისაკენ. მათ „გუგუნით აცილებენ საქართველოს ლურჯი მთები“. ისინი უერთდებიან ერთმანეთს და „ერთ სიმღერას აგუგუნებს უკვე ასი ნაკადული“. შემდეგ ასე ერთად, შეკავშირებულნი, ზღვაში ჩაედინებიან. ეს ლექსი საინტერესოა, როგორც ბუნების მომხიბლავი, დინამიური სურათის შექმნით, ასევე აზრობრივი დატვირთულობითაც. ზღვა პოეტს საქართველოდ აქვს გააზრებული, ნაკადულები მის კუთხეებად. საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა მკვიდრნი, შეხმატკბილებულნი ერთ სიმღერას მღერიან. ესაა ზღვის სიმღერაც, რომელიც მარადიული ენერგიით აღსავსე მუდამ სცემს ტალღას ტალღაზე. ბუნების ამ პლასტიკურ სურათში პატრიოტული აზრია ჩადებული. პატრიოტული გრძნობა ლაიტმოტივად გასდევს მარგიანის მიერ დახატულ საქართველოს ბუნების სურათებს. მშობლიური ბუნება მისთვის განუყოფელია სამშობლოს სიყვარულისაგან. პოეტისთვის საქართველოს ბუნება შთაგონების ერთ-ერთი წყაროა. ამიტომ მის მიერ დახატული პეიზაჟი გვიჩვენებს ლირიკული გმირის სულიერი სამყაროს დამოკიდებულებას ბუნებისადმი. რ. მარგიანი, როგორც მოქალაქე, ხმას იმაღლეს, რომ ბუნებას თუ ცხოველთა სამყაროს მოვლა-პატრონობა, დაცვა სჭირდება („რაც შთამაგონა ჩვენმა ბუნებამ“). არაერთმა ქართველმა პოეტმა უმღერა მშობლიურ მხარეს თუ თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, მაგრამ ქართველ პოეტთა ოცნებები და ფიქრები ძირითადად მაინც თბილისში იყრის თავს. თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ი. გრიშაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. ნონე­შვილის და სხვა ქართველ პოეტთა შემოქმედებაში. ამ თემის მრავალხმოვან ანსამბლში რ. მარგიანის ხმაც მოისმის („თოვს“, „ჩითილი“, „თბილისს“ და სხვა). ნაამაგარ, ღვაწლმოსილ წინაპართა თუ თანამედროვეთა პატივისცემა პარტიოტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რ. მარგიანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წინაპართა სახეებს, რომლებიც სიტყვით თუ საქმით ემსა­ხურებიან მამულს. ქართველი პოეტები ყოველთვის პროგრესული იდე­ების გამავრცელებელნი, თავისი ერის ფიქრისა და სწრაფვის გამომხატველნი იყვნენ. საქართველო მგოსნების ქვეყანაა, მაგ­რამ ვინ იცის, რამდენი ქართველი პოეტის სახელი დაფარა დროთა ბურუსმა, ბევრის სახელი კი დღესაც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში. ლექსში: „ძველ მგოსნებს“ კარგადაა გაზრებული ძველი ქართველი პოეტების მისწრაფება ბედნიერი მომავლისაკენ, დანახულია ისტორიული როლი, რომელიც მათ მიუძღვით ქართული კულტურის განვითარებაში. 1966 წელს მსოფლიო მასშტაბით აღნიშნეს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით მრავალმა პოეტმა უძღვნა მას დიდების ჰიმნი, მათ შორის რევაზ მარგიანმაც. ლექსში: „უმღერე“ არა მარტო ხოტბაა შესხმული რუსთაველისადმი, არა მარტო აღტაცებაა გადმოცემული მისი გენიით, არამედ კარგადაცაა დანახული მისი როლი ეროვნული კულტურის განვითარებაში. რ. მარგიანი მოწიწებით და მადლიერების გრძნობით ხა­ტავს ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის სახეებს. ზამთრის საღამოა. პოეტი სვანეთშია. იგი შუაცეცხლთან ზის. „დადუმებული დგას საკარცხული და ცეცხლზე ლოყას ითბობს ჭუნირი“. „შუაცეცხლს თურმე უყვარს ფიქრები“. პოეტი ოცნებების კვამლში ეხვევა. მას თვალწინ ეხატება ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას მშობლიური სოფელი. იგი თითოს ვაჟას აჩდილსაც ხედავს. თითქოს ისიც ცეცხლის პირას ზის. „გუზგუზებს მისი ძველი ბუხარი ირგვლივ ნაპერწკლებმიმოფანტული, მღერის ჩარგლურა მარად მქუხარი, მღერის მღელვარე ვაჟას ფანდური“. გარეთ კი თოვს. თეთრად შემოსილან ცისკენ აზიდული მთები. მაგრამ პოეტი მირაჟიდან ერკვევა. ვაჟას ხომ „დედაქალაქის წმინდა კალთაში“ სძინავს და იქაც ახლა ფანტელი ცვივა. ის კი თვლემს, „თვლემს ერის სუნთქვა და ჟრუანტელი“, მაგრამ თითქოს ძილშიც „მამულზე ფიქრით არის გართული“ („ზამთრის ოცნება“). ლექსში: „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით“ პოეტს კარგად აქვს დანახული და გააზრებული ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის როლი საქართველოს მომავლისა­თვის ბრძოლაში. სტრიქონებში: „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით, რა იქნებოდა ჩვენი მამული?“ – თვალნათლივ ჩანს პოეტის შეხედულება იმის შესახებ, რომ სამშობლო მხოლოდ გეოგრაფიული ცნება არ არის. სიტყვა მამული მოიცავს იმ თანამემამულეთაც, რომლებმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურს მოახმარეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ლექსი „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით“ გიორგი ლეო­ნიძის ცნობილი ნაწარმოების: „ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა...“ გამოძახილია (კერძოდ, სტრიქონების – („ჩემო სამშობლოვ, ჩემო მთა-ველო, რა იქნებოდი ურუსთაველოდ?!“) მარგანის ნაწარმოებებიდან, რომლებიც მისი თანამედროვე პოეტებისადმია მიძღვნილი, აღსანიშნავია ლექსები გიორგი ლეონიძისადმი. „...ძნელია დაიჯერო, რომ ამ ქვეყნად აღარ არის გიორგი ლეონიძე, ლექსად და სიმღერად ქცეული დიდი ადამიანი. მე ვხედავ, როგორ დაგტირის შენი საქართველო, არა მხოლოდ შენი მამული, არამედ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული პოეზია“ (34), – ასე წერდა რ. მარგიანი გიორგი ლეონიძის გარდაცვალების გამო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ გ. ლეონიძესთან გარკვეული სულიერი ნათესაობა აკავშირებს რ. მარგიანს. მისი ლექსები: ***(„სიჭაბუკე და სიხარული...“), „ძველ მგოსნებს“, „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით“ და ზოგიერთი სხვა ენათესავება გ. ლეონიძის პოეზიას. ლექსი „გიორგი ლეონიძის მონატრება“ ამ სულიერი ნათესაობის ნათელი მაგალითია. ლექსში – „მოდის ლეონიძე“ პლასტიურ ხაზებშია გადმოცემული გიორგი ლეონიძის ენერგიული ხასიათი. თვით ნაწარმოების ფორმაც ავტორს საშუალებას აძლევს, დახატოს მეოცე საუკუნის ამ ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტის პორტრეტი. მოდის ლეონიძე, პოეტების თვალი, მცხეთელების სიძე, ლექსის ფალავანი... მოდის ენამჭევრი, მკვრივზე მკვრივი ტანი, დევის ხელის მტევნით ძველი გალავანი. შეგაგებებს ღიმილს ოდნავ დახრილ მხარით, ბეჭზე არწივივით უზის ვაჟას პწკარი... მოდის ხელგაშლილი და პოეტებს შეგვყრის, ვაჟას შვილობილი და ძე ჩემი ქვეყნის. ამ ნაწარმოებში კარგადაა პოეტური მინიშნებებით გადმოცემული, რომ გიორგი ლეონიძე, როგორც პოეტი, ვაჟა-ფშაველამ აღმოაჩინა და მას დიდი შემოქმედებითი გზა უწინასწარმეტყველა (იხ. ვაჟა-ფშაველას ლექსი – „გიორგი ლეონიძეს“). რ. მარგიანს არაერთი ლექსი აქვს მიძღვნილი თავისი თანამედროვე ადამიანებისადმი: პოეტებისადმი, ისტორიკოსებისადმი, მთამსვლელებისადმი და ა. შ., რომლებშიც გამოხატულია პატივისცემა მის თანამედროვე ქართველ გამოჩენილ პირთადმი, რომელთაც მცირე თუ დიდი ღვაწლი მიუძღვით სამშობლოს წინაშე, ან გამოხატულია გულისტკივილი და სინანული ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების გამო. ყოველი ერისთვის აუცილებელია იცოდეს, როდის გაჩნდა მისი ჯიში, როგორ გამოიარა საუკუნეები და როგორ მოაღწია დღემდე. ყოველი ადამიანი თავისი ერის წარსულში პოულობს იმ საამაყოს და მისაბაძს, რომლის მეშვეობითაც შემონა­ხულა მათი ჯიში, მათი კულტურა. საქართველოს ისტორიას მისი ტკივილებით და ბრძოლებით დეტალური კვლევა­-ძიება სჭირდება. და აი, ზის ღვაწლმოსილი ადამიანი და იძიებს ძველი სიგელ-გუჯრებიდან თუ სხვა წყაროებიდან ისტორიულ ფაქტებს. „სადღაც ბურუსში მტვერმიყრილი, მან ბევრი კარი სიგელ-გუჯრის გახსნა დიდების. ქართლის ცხოვრების მატიანეს წერენ დაღლილი, სანთლადქცეული და მთრთოლვარე მისი თითები“ („ქართლის ცხოვრების მემატიანე“). ეს ღვაწლმოსილი პიროვნება ივანე ჯავახიშვილია. წერს იგი და ფურცელზე მოჩანს საქართველოს ცხოვრება, მისი ხალ­ხის ცრემლი და სისსხლი, მოისმის წინაპართა მოთქმა „და ოხრავს გადაღლილი ჩვენი სინდისი“, „შევერცხლილი პატიოსნება“, „ქართლის ცხოვრების მემატიანე“. ზოგჯერ კი მის „კალამს გაანათებს წლები ნათელი“. იგი ხედავს, თუ როგორ გადალახა ბრძოლით ქართველმა კაცმა საუკუნეები და მისი სულიც ცისკროვნდება. რევაზ მარგიანი ჯავახიშვილის პიროვნებას, მის საქმიანობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ლექსი „მესტიდან ოდიშამდე“ სიჭაბუკის ასაკში გარდაცლილ ერთ-ერთ ნიჭიერ პოეტს, ალექსანდრე საჯაიას ეძღვნება. ჯერ კიდევ შემოქმედების დასაწყისში უძღვნა მარგიანმა მას ლექსი – „ოდა-მასპინძელი“, სადაც საჯაია წარმოჩენილია, როგორც მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. „კვლავ მესტიაში ვარ. სექტემბრის ისეთივე მზიანი და ნათელი დღეა, ძალიან დიდი ხნის წინათ რომ იგდა. საავადმყოფოსთან შორიახლოს ჩავლილს მახსენდება ოცდათხუთმეტი წლის წინანდელი 17 სექტემბერი, რომელმაც დიდი მწუხარება მომგვარა. ამ დღის მიწურულს, საავადმყოფოს პალატაში, დედაჩემის ხელზე დალია სული ჩემი სიჭაბუკის მეგობარმა, პოეტმა ალექსანდრე საჯაიამ... მარტოობის ჟამს გადმოვიღებ ალიოშას წიგნს, გადავფურცლავ, ვკითხულობ უხმოდ, ჩუმად ჩემთვის და ლექსის ყოველი სტრიქონიდან მესმის მისი თბილი, გულშიჩამწვდომი ხმა: „ხომ არაფერი გიჭირს, ბიჭო!“ (29), – წერს რ. მარგიანი. სწორედ ამ განწყობილების გამომხატველია ლექსი „მესტიიდან ოდიშამდე“. რევაზ მარგიანმა საქართველოდან მოშორებით შექმნა ლექსთა ციკლები, რომლებიდანაც თვალნათლივ გამოსჭვივის პატრიოტული გრძნობა. რომელ მხარეშიც არ უნდა იყოს პოეტი, სამშობლო, როგორც სულის ნაწილი მუდამ მასთანაა („საყვარელო ჩემო“). პოეტისთვის მისი მამულ-დედული „ერთადერთი სიყვარულია“. მის გულში ჩაბუდებულა „ლილე“ და „მგზავრული“. მას უცხოეთის გზებზე ელანდებიან ქართული ოდები, ვენახები, ცამდე აზიდული მთები. საქართველოდან მიმავალს უკან იზიდავს სამშობლო („ჩემი მამულ-დედული“). პოეტი ფრანგ მეგობრებთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს სვამს („ფრანგებთან“). იგი უცხოეთში განსაკუთრე­ბულად აღიქვამს თანამემამულეებს, წინაპრებს. ტიურინგიის ზაზე მიმავალს აკაკის ტკბილხმოვანი ლექსები ახსენდება და უფრო მეტად შეიგრძნობს მის სიდიადეს („აკაკი“). სა­ზღვარგარეთ იგი ლექსებს უძღვნის სიმონ ჩიქოვანს და უჩა ჯაფარიძეს. უცხოეთში შექმნილი მიძღვნითი ხასიათის ნაწარმოებებიდან გამოირჩევა „მირზა გელოვანი“, რომელიც კომპოზიციურად დახვეწილი ლირიკული პოემაა. ბერლინისაკენ მიმავალ გზაზე მრუმე ღამე ჩამოწოლილა. წვიმს. გზის პირას მოჩანს ომისგან დაზიანებული სახლი, რომელსაც „თვალები დათხრია და ძლივსღა იმაგრებს შელეწილ ფრთებს“. მარგიანს აგონდება ომში გადაცვლილი ახალგაზრობის მეგობარი, პოეტი მირზა გელოვანი. „წვიმს, მირზა, წვიმს,“ – ეს სიტყვები ერთგვარ რეფრენად გასდევს მთელ ნაწარმოებს, რაც მკითხველში ცრემლის, სევდის ასოციაციას იწვევს, პოემის დასასურულს მარგიანი ისე მიმართავს გარდაცვლილ მეგობარს, თითქოს დიდი ხნის უნახავს კვლავ შეხვედროდეს და თავის ამბებს უყვებოდეს: „დიდი დრო გასულა, მე ისევ ვწერ. თებერვლის ქარები თბილისში ქრის. მგოსნების სავანე – მთაწმინდა თვლემს და შემოძარცვული ჭადები თრთის“. აქ მთაწმინდის ხსენება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. მთაწმინდა დიდ ქართველ პოეტთა სავანეა. ვინ იცის, მირზას რომ ეცოცხლა, როგორ გაიფურჩქნებოდა მისი ნიჭი. ასეთი აზრია ამ სტრიქონების ქვეტექსტში ჩადებული. პოეტს საზღვარგარეთ ენატრება ქართველი ხალხი, მშობლიური კუთხე. იგი ყანების შრიალს ქართულ სიმღერას ააყო­ლებს. განსაკუთრებით ძნელია მისთვის მშობლიური ენისგან მოწყვეტა. მას, როგორც მწყურვალს წყალი, ისე სჭირდება მშობლიური ენა: მომწყურდა ჩვენი ქართული ენა – ბულბულის სტვენა, ჭახჭახი შაშვის, ხან ჩუმი, როგორც ფოთლების ცვენა, ხან როგორც მეხის გავარდნა მთაში. მომწყურდა ჩვენი ქართული ენა – ნაზი თივთიკი თბილი და ლბილი, ხან უხილავი ნიავის ფრენა, ხან ბალახივით მსუყე და ტკბილი. („მომწყურდა“) ლექსი – „მომწყურდა“ შემკულია ეპითეტებითა და შედარებებით. მასში ქართული ენისადმი დიდი სიყვარულია გამოხატული. პოეტი ხომ მშობლიურ ენაში ეძებს იმ მარგალიტებს, რომლებიდანაც შემდეგ ქმნის, ამკობს თავის შემოქმედებას. „აქ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება“, – ამბობს შოთა რუსთაველი. „ ...ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ“ (60, გვ. 29), – აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე. ენა ერის სიწმინდეა. იგი განუყოფეილა ერის ფსიქოლოგიიდან. ადამიანი სწორედ მშობლიურ ენაში ჰპოვებს თავისი ქვეყნის განვითარების ყველაზე სრულყოფილ ნიადაგს. ქართული ენა აკავშირებდა საქართველოს მკვიდრთ შემოსულ დამპყრობლებთან საბრძოლველად. ენა ერთ-ერთი იმ ფენომენთაგანია, რომელიც ქმნის ეროვნულ სახეს. ამიტომ ამბობდა გრიგოლ ორბელიანი: „რა ენა წახდეს ერიც დაეცეს... წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..“ არაერთმა პოეტმა უძღვნა ქართულ ენას დიდების ჰიმნი. ჯერ კიდევ X საუკუნის პოეტმა – ჰიმნოგრაფმა უმღერა მას „ქება და დიდება ქართულისა ენისა“. ლექსის – „მივაგენ“ ლირიკულ გმირს აქამდე უცნობი რაიმესთვის მიუგნია. მას, თითქოს ისევე, როგორც მინდიას, ესმის მცენარეთა და ცხოველთა ენა და იგი გაოცებულია მისი სინაზით, სისპეტაკით. შეიძლება კი სხვას გადასცე, აღუწერო როგორია ეს ენა? დიახ, ეს ენა „დაახლოებით ისეთია, როგორც ქართული“. როგორც ვხედავთ, რევაზ მარგიანს ქართული ენა ბუნების ენად აქვს გამოცხადებული. იგივე აზრი აქვს პოეტს გამოთქმული ლექსებში: „ბლობაზე“ და „კვირიკეს ტაძარი“. ხალხთა მეგობრობის იდეას მდიდარი ტრადიცია აქვს ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში. XII საუკუნის უდიდესი პოეტის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ხალხთა მეგობრობა ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა დამეგობრებაში და მათ ერთობლივ ბრძოლაში ბოროტების მოსასპობად. XIX საუკუნის გენიალური პოეტი აკაკი წერეთელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხთა შორის მეგობრობას: „მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: „ძმობა, ერთობა და სიყვარული“. საბჭოთა კავშირის ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი მასში შემავალი რესპუბლიკების ხალხთა მეგობრობა უნდა ყოფილიყო. ამიტომ საბჭოთა ლიტერატურა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ თემას თავისი ჩასახვის დღიდან. «У нас любовь к человеку должна возникнуть – и возникает – из чувства удивления перед его творческой энергией, из взаимного уважения людей к их безграничной коллективной силе, создающей социалистические формы жизни, из любви к партии, которая является вождем трудового народа всей страны и учителем пролетариев всех стран» (72, გვ. 13), – ასე წარმოაჩინა საბჭოთა ხალხის ჰუმა­ნიზმისა და მეგობრული სიყვარულის მიზეზი მაქსიმ გორკიმ. ქართულმა „საბჭოთა ლიტერატურამ“ თავისი იდეოლოგიური მრწამსის შესაბამიად განავრცო ამ მხრივ წარსულის მემკვიდრეობა. რევაზ მარგიანის რწმენით: «Тема дружбы народов была, есть и будет одной из главных для советских литераторов» (77). ამ თემას მის პირველ პოეტურ კრებულშივე განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი. კასპიის მხარის თავისებური, კოლორიტული სილამაზე აქვს დახატული პოეტს ლექსში: „აზერბაიჯანელ მეგობრებს“. მასში წარმოჩენილია გულთბუილი და მეგობრული გრძნობა, რომლითაც შეხვედრიან მას აზერბაიჯანში. ლექსში პირადი მეგობრობის გრძნობა ორ ხალხთა – აზერბაიჯანელების და ქართველების მეგობრობის მაგალითზეა ნაჩვენები. აზერბაიჯანში ყოფნის დროს პოეტს აგონდება დიდი თანამემამულე ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს ბუნებრივიცაა. ბარათაშვილის ბედი სამუდამოდ დაუკავშირდა ამ მხარეს. ეს გახსენება თვით მარგიანის მიერ სამშობლოს მონატრებითაცაა გამოწვეული. მას აზრობრივი პარალელი აქვს გატარე­ბული: ბარათაშვილი ტრაგიკულად განიცდიდა სამშობლოდან შორს ყოფნას. რ. მარგიანის მიერ სამშობლოს მონატრება კი სრულებითაც არ არის სევდიანი, რადგან, როგორც თვით ამბნობს, „ამ ქვეყანაში ძმურად მახარეს თვოთონ კასპიის ზღვების კარამდის, რომ სამშობლოა ჩემთვის სხვა მხარეც და მეგობრობა სუფევს მარადი“ („ბარათაშვილის გახსენება“). ქართულ პოეზიაში ხშირად გვხვდება უკრაინელი პოე­ტების: ტარას შევჩენკოს და ლესია უკრაინკას სახეები. ლესია უკრაინკამ საქართველოში, ქალაქ სურამში გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი. ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას უძღვნა მარგიანმა ლექსი „უკრაინელ პოეტებს“, რომელიც მან სურამში, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე წაიკითხა. მისი აზრით, უკრაინკას პიროვნება ქართველთა და უკრაინელთა მეობრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. დავით გურამიშვილმა ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა. მარგიანს ეს გარემოება ქართველ და უკრაინელ ხალხთა მეგობრობის კიდევ ერთ ფაქტორად მიაჩნია. სომეხ პოეტს ავეტიკ ისააკიანს ეძღვნება ლექსი „ვარპეტი“. სიტყვა „ვარპეტი“ ქართულად დიდოსტატს ნიშნავს. ეს სახელი მისთვის მეორე სომეხ პეტს – ედიშე ჩერენეცს შეურქმევია. რ. მარგიანი ჭაბუკობის ასაკში შეხვედრია ისა­აკიანს და მოგონებად დარჩენია მისი თუმცა ჭირგამოვლილი, მაინც მშვი­დი სახე: რა მშვიდად იჯდა, ჭირგავლილი და ხანდაზმული, თითქოს მის სახეს ორი ერის აჩნდა ნაჭდევი, ძველი ვარამი ულმობელი ჩვენი წარსულის, ჩვენთა მრავალთა ვარამთაგან გამოსარჩევი. კაცი უკეთესს მოსაუბრეს ვერ ინატრებდი, გიმორჩილებდა, გიზიდავდა სული ფაქიზი და ფიქრიანი არარატი – შუბლი ვარპეტის, ზვარტნოცი, მზე და არაგეწი, მზე და მაისი. ამ სტრიქონებში იგრძნობა რ. მარგიანის პატივისცემა არა მარტო ისააკიანის პიროვნებისა და მისი პოეზიისადმი, არამედ მთელი სომეხი ხალხისადმი, მისი კულტურისადმი, მისი ბუნებისადმი. ავეტიკ ისააკიანის პიროვნებას აცნობს პოეტი მკითხველს აგრეთვე ლექსით „წარწერა ავეტიკ ისააკიანის წიგნზე“. სომეხი ფერმწერის, მარტიროს სარიანისადმია მიძღვნილი ლექსი „მარტიროს სარიანთან“. პოეტი ლექსში გვევლინება, როგორც მარტიროსის სტუმარი; ესაუბრება მხატვარს, თან მისი ნამუშევრების სამყაროში შედის. გარეთ თოვლი და ქარია, კედელზე კი იგი არარატის სიცხიან ზაფხულს ხედავს; აქვე, მის გვერდით კი მოჩანს გაზაფხული სომხეთში. და პოეტი უფრო მძაფრად აღიქვამს სომხეთის ისტორიულ ხვედრს, მის ყოფას. «Поэзия любит, очен любит дружбу, без которой нет и поэзии, как нет и жизни без любви» (78), – აღნიშნავს რევაზ მარგიანი. მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხთა პოეტებთან და კრიტიკოსებთან. რ. მარგიანს სამეგობრო ლექსებს უძღვნიან: ვლადიმერ სოკოლოვი (81) და ბაგრატ შინკუბა (82). მის მეუღლეს, ნინო ჟღენტს უძღვნის ლექსს ივანე თარბა (16). ყაისინ ყულიევი უძღვნის ლექსს რ. მარგიანის დედის ხსოვნას (74), რომელშიც გამოხატავს გულის­ტკივილს მეგობრის დედის გარდაცვალების გამო. რევაზ მარგიანს ახლო მეგობრობა აკავშირებდა მიხეილ ლუკონინთან. «Принято почему-то считать неудобным говорить или писать о товарище. Признаюсь сразу, что грузинский поэт Реваз Маргиани мой товарищ, я люблю его поэзию, и его самого. Люблю его поэзию не потому, что он мой друг, а дорожу его дружбой, потому что поэзия его близка мне и сопредельна по духу» (76), – აღნი­შნავს ლუკონინი. რევაზ მარგიანი გულისტკივილით განიცდის ლუკონინის გარდაცვალებას. იგი დანაღვლიანებული ფურცლავს ლუკონინის წერილებს, იხსენებს განვლილ წლებს. „კიდევ ერთი მეგობრით გავხდი ღარიბი“ („დამშვიდობების ლექსი – მიხეილ ლიკონინს“), – ამბობს პოეტი და ეთხოვება მეგობარს. რასულ გამნზათოვს უძღვნის რ. მარგიანი ლექსებს: „ჩვენი კავასიონი“, „აული წადა“, „შენთან ვიყავი ჩემი ფიქრით“. „საქართველოდან დაღესტანამდე არცთუ შორია. მხოლოდ საერთო კავკასიონი გვყოფს. ახლა მეჩვენება, თითქოს მისცურავს ეს ქედი ცის სილურჯეში და თან მიაქვს ხურჯინივით გადაკიდული ჩვენი სოფლები. ჩვენს მდინარეებსა და ნაკადულებს ხომ ერთი სათავე აქვთ, ერთი ძუძუ ჰკვებავთ – თოვლიანი მწვერვალები კავკასიონისა“ (35), – მიმართავს რ. მარგიანი გამზათოვს. ლექსში „ჩვენი კავკასიონი“ იგი ერთმანეთს ადარებს თავიანთი მშობლიური მხარეების ბუნებას, რომლებიც ასე ჰგვანან ერთმანეთს ცამდე აწვდილი ყინულოვანი მთებით და დაუდეგარი მდინარეებით. მაგრამ, პოეტის აზრით, მარტო მეზობლობა და მსგავსი ბუნება როდია საკმარისი ურთიერთშორის პატივისცემისთვის. ამ ორი მხარის ყველაზე დიდ სილამაზედ პოეტს მათი ურთიერთკავშირი, მათი მეგობრობა მიაჩნია. ფიქრი მარადიულობასა და წარმავლობაზე, ისტორიის მსვლე­ლობაზე, რა არის ადამიანის სიცოცხლის აზრი და საბო­ლოო მიზანი ხშირადდ ხდება მხატვრული ინტერპრეტაციის საგანი. რევაზ მარგიანის შემოქმედებაში ვხვდებით ნაწარმოებებს, რომლებშიც ამ საკითხებზე დაფიქრების და მათი ახსნის ცდა შეინიშნება. „გუშინ არ ვიყავ დედისშობილა, ბიჭი პატარა, ნუკრის­თვალება? თურმე სიცოცხლე მოკლე ყოფილა, – წამწამის ერთი დახამხამება“ („გუშინ არ ვიყავ...“). ამ სტრიქონებში თვალნათლივაა გამოხატული სევდა სიცოცხლის წარმავლობაზე, რომ დრო მიჰქრის, მიაქვს ბავშვობა და ახალგაზრდობა. ამ გარბენილი წლების მანძილზე პოეტს ორი რამ წამოუწევია წინ – სიყვარული და პოეტური შთაგონება: „გუშინ არ იყო? – მაღლა ვფრინავდი, რომ ვარსკვლავებთან სიმი გამება? ცის სამყაროში ვერ დავბინავდი ჩემივე სულის დასაამებლად! გუშინ არ იყო? ძალა მერჩოდა, გულს წარმართივით მზეს რომ ვწირავდი, ავფრინდი მარად მწვანე ბეჩოდან უშბის დამეხილ უნაგირამდე“ და „გუშინ არ ვიყავ სატრფოს მძებნელი ჟინჟღილიანი, მწველი მაშხალა?“ ასე უკავშირდება რ. მარგიანის პოეზიაში ერთმანეთს ფიქრი წარმავლობაზე, სიყვარულსა და ხელოვნებაზე, როცა იგი წარმავლობაზე იწყებს ფიქრს, მის გონებაში ამოტივტივდებიან: სატრფო და ლექსი, როგორც მისი სიცოცხლის აუცლებელი ატრიბუტები. ეს ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ლექსებში: ***(„ადრეა მაგრამ“), „ჩემი ერთი უფერული დღის გამო“, „ოღონდ მადროვე“, „რა საოცარი ვნახე სიზმარი“. იგივე აზრი რ. მარგიანის არაერთ სხვა ნაწარმოებსაც გასდევს ლაიტმოტივად. ტკივილი სიცოცხლის წარმავლობის გამო, ეჭვი რომ ადამიანის ყოველი საქმიანობა და თვით პიროვნებაც დავიწყებას მიეცემა, აწუხებს პოეტს. „ბევრი წელი გაფრინდა, ნიავივით გამექცა! ვიცი, ვერ დავიბრუნებ...“, – ამბობს იგი („მუდამ ჩემთან იქნები“). გაფრენილი წლები უკვე წარსულია. ასე იქცევა წარსულად ყოველივე ადამიანის მიერ ნანახი თუ განცდილი და თვით ადამიანიც („და უნატრელი“). თუ ყოველივე წარსული ხდება, მაშინ წარსულად იქცევა პოეტური ნაწარმოებიც: „თვით დაუვიწყარ ლექსის ყვავილებს იხსენიებენ უკვე წარსულად“. მაგრამ ხელოვნების ნაწარმოებში წარსული როდია მივიწყებული ან გაფერმკრთალებული. ამიტომ პოეტმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად აღბეჭდოს ლექსში ყოველი ფიქრი, ნანახი თუ განცდილი: „რაც გულში ფიქრი გაივლე, აღბეჭდე, ვიდრე არ გარდასულა“. რევაზ მარგიანის ტკივილს სიცოცხლის წარმავლობის გამო თან სიცოცხლის ტრფიალი, სიცოცხლის რწმენა და იმედი ახლავს („სხვათაშორის“). მისი აზრით, სევდა დამღუპველია ადამიანისათვის, იმედი კი ის ძალაა, რომელიც მას სიცოცხლისკენ უბიძგებს. პოეტი ფიქრობს, რომ ადამიანს შეუძლია წარმართოს თავისი გულის მიმოხვრები. ამიტომ მან თვით უნდა უკუაგდოს სევდა. ამ მხრივ მას საკუთარი გულის სიმტკიცის იმედიც უნდა ჰქონდეს („თუკი იმედი არ მაქვს გულისა“). რ. მარგიანის აზრით, სევდა, დარდი სწრაფად მიაქროლებს ადამიანს არარაობისაკენ და თუკი ნუგეში, „თუნდაც რაღაცის მცირე იმედი“ არ აქვს, მას „შავი ფიქრი“ დაიმარტოხელებს. დრო მიჰქრის, „წამი-წამს, წუთი-წუთს ენაცვლება“, გაივლის დრო და მოვა სიბერეც და თუ იმედი ადამიაანის თანამგზავია, მისი შუქი სიბერესაც გაანათებს და „გახანგრძლივდება წუთი ყოველი“ („არ ყოფილიყო შენთვის ნუგეში“). უკვე ჭაღარაშე­რეულ პოეტს არ აშინებს ნახევარი საუკუნის განვლილი გზა. იგი იმედით შეჰყურებს ხვალინდელ დღესაც, ოპტიმისტურად ესაუბრება საკუთარ თავს. დასვენება? დამშვიდება? არა და არა. მან კვლავ უნდა აკეთოს თავისი საკეთებელი საქმე; არ უნდა დაკარგოს, ლექსად უნდა აქციოს ფიქრი, ოცნება: „სიბერე სადღაც თვალს ახამხამებს, მაგრამ გზა მაინც მზით მიშუქდება. ნუ დაახანებ, ნუ დაახანებ, შენ დაყოვნების არ გაქვს უფლება“. ხოლო მუშაობა შეუძლებელია იმედის გარეშე, რადგან იმედი თვით სიჭაბუკეცაა. ამიტომ მიმართავს პოეტი თავის ტოლ-მეგობრებს: „დავუბრუნდეთ იმედს – ყრმობას დავუბრუნდეთ. სიჭაბუკის სიმებს“ („ჩემს ტოლ-მეგობრებს“). გარდა მომავლის იმედისა, შემოქმედისათვის აუცილებელია საკუთარი პოეტური ხმის იმედი: „წამი-წამს, წუთი-წუთს ენაცვლება, მალე სიბერის დაგკრავს სიცივე, მაგრამ მაშინაც ცისფერ ტაძრებთან იმედის შუქი გაიციმციმებს“ (***„არ ყოფილიყო შენთვის ნუგეში“). ეს ცისფერი ტაძარი მარგიანის წარმოსახვით, პოეზიის ადგილსამყოფელია და მასთან გაციმციმებული იმედის შუქი საკუთარი პოეტური ხმის, შთაგონების დაუშრეტელობის იმედის შუქია. ამ შუქის გარეშე, მისი აზრით, შეუძლებელია ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების შექმნა: „იმედი რომ არ ჰქონოდა ვაჟას, საკუთარ გულის და თქმის იმედი, ვერ უმღერებდა კაშკაშა ლაჟვარს, ვერ იჟღერებდა ჩანგის სიმებით“ („ვაჟა და არაგვი“). რ. მარგიანი სიცოცხლის ტრფიალია. მას უნდა მკით­ხველს სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიჭაბუკეზე ესაუბროს: „კვლავ სიცოცხლეზე მინდა გიამბო და სიყვარულზე გაგესაუბრო... სიჭაბუკეზე მინდა, გიამბო, მასზე, განვლილ გზას რაც მილამაზებს“ („კვლავ სიცოცხლეზე“). პოეტს სწამს, რომ თუმცა ბევრმა ქარიშხალმა გადაიარა მის თავზე, ბევრი ჭრილობა გაუჩინა და მოუშუშა, ბევრი ოცნება დათრგუნა. მისი სიმღერა ყოველთვის იყო „რწმენის და იმედისა“ და ასე იქნება სიცოცხლის დასასრულამდე („სიმღერა რწმენის და იმედისა“). ლექსში: „მესიზმრა“ დაბერების გამო განცდილი მძაფრი ტრაგიკული გრძნობაა გამოხატული. ნაწარმოების ლირიკულ გმირს ესიზმრა, რომ იგი დაბერდა, რომ „მოძახილს ვერ ამბობს... და სოფლად არავის სჭირდება ბებერი მაყარი“. სიცოცხლე წარმავალია, გარდაუვალია ბუნების ეს კანონი. მაგრამ მაშინ რა საჭიროა სიცოცხლე? აქვს თუ არა და კერძოდ რაა ადამიანის ცხოვრების დანიშნულება? მარგიანის ზრით, ცხოვრების ერთ-ერთი დანიშნულება მამულისთვის ზრუნვაა, თვით მისი დანიშნულება კი სიმღერაა, რომელიც თანამოძმეთ სასიცოცხლო ენერგიეს შემატებს, სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებს. პოეტს სწამს რომ მისი სიმღერა მარად იცოცხლებს, რადგან იგი სიცოცხლის, რწმენისა და იმედის მომღერალია. ყოველ ადამიანს თავისი მისწრაფება, თავისი საკეთებელი საქმე აქვს. ადამიანის ერთ-ერთი მისია ამ საქმის ერთგულად სამსახურია. მან უნდა შესძლოს, ყოველი დღე რაიმე შემატოს თავის საკეთებელ საქმეს. რ. მარგიანითვის ულექსოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. „მე ჯერჯერობით ვცხოვრობ ლექსებით და ხვალინდელი დღის მაქვს იმედი“ („მე ჯერჯერობით“), – ამბობს პოეტი და მისთვის უფერულია დღე, როდესაც ვერაფერს შესძენს თავის საკეთებელ საქმეს („ჩემი ერთი უფერული დღის გამო“). ალბათ, ყოველ შემოქმედს განუცდია გრძნობა, რიოდესაც იგი ცდილობს რაღაც შექნას, მაგრამ ვერ იმორჩილებს საკუთარ ფიქრს, არ შესწევს ძალა ერთ ყალიბში ჩამოასხას იგი. ასეთი გრძნობა არც მარგიანისთვისაა უცხო: სიტყვებს და ბგერებს თმააქოჩრილებს კალამს და მელანს, საკუთარ ფიქრებს ვერ ვიმორჩილებ, ვწუხვარ და ვღელავ. რაც უნდა მეთქვა – ვეღარ ვიგონებ, თუ განგებ ვმალავ? ამ გაურანდავ და ნედლ სტრიქონებს არ შესწევთ ძალა შეიკრან ერთად – ვით ამას წინად, შეიკრან ერთად, მზე, ქარი, თოვლი, დარდი და წვიმა მდუღარე ლექსად. („ეს უნდა მეთქვა“) რ. მარგიანს ეუფლება შიში, ასეთი რამ კვლავ არ განმეორდეს. პოეტური აღმაფრენის დაკარგვის შიში საშინელებაა შემოქმედისთვის. პოეტმა არ უნდა გადაღობოს „ფიქრის სა­თავე“. მას მუდამ უნდა „იმედის შუქი ედგას თვალებში“. მაგრამ თუ მან დაკარგა შთაგონება, მაშინ ეს დაღუპვას უდრის: „მაგრამ თუ ხმაში ბზარი გამოჩნდა, კალმის სიმძიმე იგრძნეს ხელებმა! მაშინ არ ვიცი... ეს რა წამომცდა... მაშინ არ ვიცი... რა მეშველება!“ („მაშინ არ ვიცი“). ამ სტრიქონების კით­ხვისას უნებლიედ გვაგონდება პაოლო იაშვილის სტრიქონი: „გაგიჟება სჯობს თუ გათავდა ლექსის მადანი“. რევაზ მარგიანი ამ მხრივ ოპტიმისტურად ჭვრეტს მომავალს; სწამს, რომ მისი შთაგონება მარად დაუშრეტელი იქნება და თუ სიბერეს მიაღწია, მაშინაც არ დატოვებს იგი: „ჩემს სიბერეში, თუ მოვესწარი, ალბათ ისევე ლექსი ვიქნები“ („ჩემს სიბერეში“). პოეტი იგონებს გაფრენილ წლებს, ტკბილ, უზურუნველ, „ჩიტის ფრთებით ნაფრენ“, მუდამ დაუვიწყარ ბავშვობას („დამრჩა მოსაგონებლად“) და უკვე სამოც წელს მიტანებულს აფიქრებს თმაში ჭაღარის გაჩენა. ჭაღარა პოეტისათვის ამ შემთხვევაში გარეგნული ნიშანია, გარეგნული ცვლილებაა. მისთვის მთავარია, შინაგანად არ მობერდეს, ფერიცვალება მის სულში არ მოხდეს. „მაგრამ სიბერე ვინ სთქვა იმისი, დაბერებულა განა მთის წყარო“ („ჭაღარა“), – ამბობს რ. მარგიანი. თუ პოეტს მუდამ აქვს შემოქმედებითი შთაგონება, იგი მარად ახალგაზრდაა, მარად დაუშრეტელია, ისევე, როგორც მთის წყარო. რ. მარგიანი ჯერ კიდევ შემოქმედების დასაწყისში წერდა: სიჭაბუკე და სიხარული ერთად მიდიან, მეც მათთან ერთად ჩემს ბედნიერ მხარეს მოვიარ, – რომ მიმატოვონ სიბერეში, – არც ადვილია, თუმცა მარადჟამს რომ ვიცოცხლო, არ მითხოვია... კიდევ შორსაა დაბერების ჟამი და ხანი, ჩვენს თვალებს ცეცხლი არასოდეს არ ჩაუქრება, ხანდაზმულობაც ხომ იქნება ისე მართალი, როგორიც იყო ბავშვობა და დაჭაბუკება. (*** „სიჭაბუკე და სიხარული“) სიჭაბუკეს თან ახლავს მომავლის იმედი, ხალისი, სიხარული, სიყვარულის ცეცხლი დაუშრეტელი ენერგია და სიცოცხლისადმი ლტოლვა. დიდია მისი ძალა. მაგრამ ადამიანი მარად ჭაბუკი ვერ იქნება. მაშინ როგორ გავიგოთ სტრიქონი: „რომ მიმატოვონ სიბერეში – არც ადვილია?“ ბ. ჟღენტი ზემოთმოყვანილი ლექსის შესახებ აღნიშნავს: „რატომღაც ნაადრევად შეუპყრია ახალგაზრდა პოეტი სიბერეზე, სიცოცხლის დასასრულზე, სიჭაბუკესა და სიხარულის წარმავლობაზე ფიქრს (41). იგი ყურადღებას ლექსის არა­ძირითად მხარეზე ამახვილებს. გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის სტრიქონები, რომელიც დაწერილია 1931 წელს: „სიჭაბუკე და ლექსი ერთია, ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი“. ამ სტრიქონების შესახებ მართებულად აღნიშნავს გიორგი კალანდაძე: „სიჭაბუკე, როგორც პოეტური, ესთეტიკური კა­ტეგორია მარადიულია, უკვდავი, პოეზია სიჭაბუკის ბუნების განუყრელი თვისებაა. მეტიც, ლექსი თვითონ სიჭაბუკეა. სიბერე ბიოლოგიური მოვლენაა. პოეზია არ ბერდება. ასე უნდა გავიგოთ გიორგი ლეონიძის მრწამსი, რომელიც მან შესანიშნავად გამოხატა თანამედროვე ქართული პოეტური ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშში: „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ (20, გვ. 67). ასეთივეა რევაზ მარგიანის პოეტური მრწამსიც. რ. მარგიანის ზემოთმოყვანიოლ ლექსში ავტორი არ გულისხმობს მხოლოდ ასაკობრივ სიჭაბუკეს. მისი ქვეტექსტი სავსებით გასაგებია: ხანში შესული ჭაბუკად უნდა დარჩეს აღმაფრენით. სტრიქონში – „სიჭაბუკე და სიხარული ერთად მიდიან“ „სიხარული“, ერთი შეხედვით, მრავლისმეტყველად შეიძლება ისმოდეს. მაგრამ პოეტისთვის ყველაზე დიდი სიხარული შემოქმედებითი სიხარულია. ეს სიხარული მუდამ თან სდევს იმ სიჭაბუკეს, რომელზედაც ამ ლექსშია ლაპარაკი. პოეტისთვის სიხარული და სიჭაბუკე განუყრელია ერთმანეთისგან. თუ ზემოთმოყვანილ ლექსს ამგვარად გავიაზრებთ და გავიხსენებთ სტრიქონს: „რომ მიმატოვონ სიბერეში, – არც ადვილია“, სავსებით ნათელი გახდება, რომ ამ ლექსში მარგიანი როდია შეპყრობილი სიცოცხლის დასასრულზე ფიქრით. პირიქით, ლექსი ოპტიმისტური ჟღეტადობისაა. ამ ლექსის შექმნიდან დიდი ხნის შემდეგ, უკვე ჭაბუკური ასაკიდან გამოსული პოეტი წერს: „ამბობ: „ჭაღარა შემოგეპარა და სიჭაბუკის აფრა დაუშვი, ამდენი ჰანგი მაშ ვინ შეჰყარა დაუბერებელ ჩემს სალამურში? ეს სიჭაბუკის მწველი ხმებია, რომ არ მასვენებს, ყურში მიწივის“ („ამბობ“). ცხადია, აქ ავტორს სიჭაბუკე პოეტურ შთაგონებად აქვს გააზრებული. სიჭაბუკის ასეთივე გააზრება გვხვდება ლექსებში: „დიდ­ხანს თუ გასტანს“, „ჭაღარა“, „ავტოპორტრეტი ღრმა სიბერეში“, „საავადმყოფო, ჩემი პალატა“, *** („ვიცი, რომ ბევრი გაფრინდა წელი“), „წლების სახსოვრად“ და სხვა. რევაზ მარგიანის პოეტურ წარმოსახვაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიჭაბუკე – პოეტური შთაგონებაა, ზამთარი – პოეტური შთაგონების დაშრეტაა; სიჭაბუკე – გაზაფხულია, სიბერე – ზამთარია (ასეთ პოეტურ წარმოსახვას ვხვდებით ლექსებში: „მე მინდა ვიყო შემოდგომა“, „მესტიიდან ოდიშამდე. ალექსანდრე საჯაიას ხსოვნას“, „ჯამბული“ და სხვა.). ამიტომ მას ეძნელება „ზამთრისთვის ფიქრის განდობა“, წელიწადის დრო – გაზაფხული, როდესაც იღვიძებს, ცოცხლდება ბუნება, მისთვის შთაგონების ტოლფასია და თაყვანისცემის საგანი: „როცა ქოჩორი სიჭაბუკის ქარით ბიბინებს, ბულბულის ფრთებით დაფრინავენ ჩემი ფიქრები. ვიდრე ჩემს თვალზე სიჭაბუკის ცრემლი ციმციმებს, მე გაზაფხულის მუხლმოყრილი მონა ვიქნები“ („მე გაზაფხულის მონა ვიქნები“). თუმცა პოეტს სჯერა, რომ ახალგაზრდული შემართება, პოეტური შთაგონება არასოდეს მიატოვებს, მეორე მხრივ, კარგად იცის, რომ ბუნებას თავისი წესი აქვს – როგორც იტყვიან: „არავინ შებერებია ამ ცხოვებას“. აქ პოეტს ახსენდება ის აკვანი, რომელშიც თვითონ იზრდებოდა და რომელიც, მისი რწმენით, გაზრდის მის შთამომავლობასაც. ალბათ ბევრი ღამე წავა, ბევრი დილა გათენდება, სამარეში ისე ჩავალ, რძე ტუჩზე არ შემაშრება, მე წავალ და აქ დარჩება მამ-პაპის სახსოვარი. ჩემს შვილიშვილს ეტყვის ნანას მე რომ მზარდა, ის აკვანი. („ჩემი აკვანი“) ამ ლექსს რამოდენიმე აზრობრივი წახნაგი აქვს: აკვანი – ტრადიციაა. ეს ტრადიცია, პოეტის რწმენით, შთამომავლობას უნდა გადაეცეს. ამავე დროს, მასში გადმოცემულია აზრი, რომ ადამიანის მოვალეობა ამ ქვეყნად შთამომავლობის გაზრდაა, მისთვის იმ საუკეთესო ტრადიციების შემონახვაა, რაც ყოველთვის ასულდგმულებდა ქართველ ერს. ეს ლექსი მომავლისადმი რწმენითაა გამსჭვალული. რ. მარგიანს ღრმად სწამს, რომ ადამიანის ერთ-ერთი დანიშნულება მოძმის თანადგომაა, რომ „ძმა ძმისთვის უნდა იყოს მალამო“ („წლების სახსოვრად“). რევაზ მარგიანის შემოქმედებაში გვხვდება არაერთი პოეტური ნაწარმოები, რომელშიც მოჩანს მისი შემოქმედებითი მრწამსი, ფიქრები თვით ხელოვნების თუ ხელოვნების როლის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლექსში „ჩემი სიმღერა“ თვალნათლივაა გადმოცემული აზრი, რომ პოეტის ერთ-ერთი მისიაა მხატვრული სიტყვით ასახოს ეპოქა, გრძნობდეს ეპოქის მაჯისცემას. ამასვე ითხოვს იგი საკუთარი თავისაგან. მსურს, რომ ყოველთვის ვუმღერო ახალს და არ ვაკლებდე სტრიქონებს მარილს. თუ ჩემს სიმღერას ნექტარიც ახლავს, მეც ფუტკარივით მოვტაცე ყვავილს. ხან კი ქვასავით მაგარი სიტყვა გასაცოცხლებლად მიპყრია ხელთა, მე ვაკვირდები, ვოცნებობ დიდხანს, ვაზით მოხატულ ჩუქურთმებს ვხედავ. „ჩემს სიმღერაში“, – აღნიშნავს გ. მერკვილაძე, – ჩვენ ვხედავთ... იდეურობისა და ოსტატობის შერწყმის მაღალი პროცესის გადმოცემის ცდას. პოეტი თავმდაბლად ლაპარაკობს თავისი საპატიო, მიმზიდველი და რთული შემოქმედებითი შრომის სიხარულზე“ (37, გვ. 485). პოეტი ხალხის სამსახურში უნდა იდგეს. მისი სიტყვა გა­საგები, „ხალხის გულისათვის ხმატკბილი“ უნდა იყოს. მომავალი თაობა სამშობლოს იმედია. მის აღზრდაში პოეტს დიდი მისია ეკისრება. ამიტომ ლექსი ახალგაზრდობისათვის ხელმისაწვდომი, გასაგები უნდა იყოს: „კარგია პოეტის გული, სიმღერად გადაქცეული, თუ უსმენს ახალგაზრდობა“ („სიმღერა“). როცა მოვა გაზაფხული, როცა კვლავ გაცოცხლდება ბუნება და ადამიანის თვალწინ გაიშლება მისი სილამაზე, როცა მზე „ყინვარებზე ბრიალებს ალად“, დადგება ხვნა-თესვის დრო. ამ დროს გულიც ისევე მღელვარეა, როგორ ბუნება. პოეტი არ უნდა ჩამორჩეს „გაზაფხულის ამ ამღერებას“. ისიც უნდა განახლდეს, შეეხმიანოს მხვნელ-მთესველთ და, ამავე დროს, ახალი, ახლებური სიტყვა თქვას („საქართველოს ამ ამღერებას“). პოეტმა სიკეთე უნდა თესოს. იგი ხალხს თავისი შემოქმედებით ემსახურება. ამიტომ ნაწარმოებში გადმოცემული ფიქრი რაგინდ კეთილი არ უნდა იყოს, ვერ მიაღწევს მკი­თხველის გულამდე, ვერ შეარხევს მასში სათუთ სიმებს, თუ ეს ნაწარმოები ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს არ წარმოადგენს. ამიტომ ამბობს პოეტი: „კეთილ ფიქრს უნდა უსათუოდ მიალერსება, რომ ცხელზე-ცხელი სიტყვა შეჰკრა ხელეურივით. თუ მგოსანი ხარ, უნდა გქონდეს იმის შეძლება, ააბრიალო სტრიქონებში შენი სურვილი“ („კეთილი ფიქრი“). ლექსი რა­გინდ დატვირთული არ უნდა იყოს აზრით, არ ჩაითვლება ხელოვნების ნიმუშად, თუ მასში ავტორის ჩანაფიქრი ჭეშმარიტ პოეტურ პრიზმაში არ არის გარდატეხილი: „ისე არა აქვს ლექსს ძალა, თუ ნაპერწკლები არ ჰყარა, ცეცხლად დაფანტოს, რაც სურდეს“ („სიმღერა“). «Великое счастье для поэта всего себя выразить в стихе» (79), – აღნიშნავს რევაზ მარგიანი. ამისთვის კი საჭიროა განუწყვეტელი, ენერგიული შრომა. მისი აზრით, პოეტი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას უნდა ეწეოდეს. იგი ისეთივე ბარა­ქიანი, „მსუყე და მწიფე“ უნდა იყოს, როგორც შემოდგომა („მე მინდა ვიყო შემოდგომა“). რ. მარგიანმა იცის, რომ „ხალხია უზენაესი მსაჯული პოეზიისა, მარად შეუცდომელი და ჰაერივით მაცოცხლებელია მისგან განუყრელობის შეგრძნება. ცხოვრებაში ეს მკით­ხველთან კონტაქტით ხორციელდება, მკითხველი კი წრფელად, ღრმაადამიანურად განიცდის ჩვენს გამარჯვებასაც და მარცხსაც“ (32). და მის წინაშე აღიმართებიან კითხვის ნიშნები: შესწევს კი მის პოეზიას მკითხველს სიხარული მოჰგვაროს, ბედნიერება მოუტანოს? შეძლო კი მან ნათლად ეთქვა სიტყვა? შეძლო ხალხამდე მიეტანა სათქმელი? ო, რა ძნელია, ო, რა ძნელია, როცა აღმართზე მისდევ ბილიკებს, იქ ახვალ, სადაც ჯერ არ გელიან და უცებ ვიღაც გაგაქილიკებს. არა, არ მინდა, როგორც საწყალი უხმოდ წავიდე სირცხვილნაჭამი, თუ დაღვინება ვერ მოვასწარი, ვინმეს ხსოვნაში ჩავრჩე მაჭარი. („როდის მექნება ამის უფლება“) პოეტი ხომ ლექსით ემსახურება თავის მამულს და მისი სამსახური მაშინ აღწევს მიზანს, თუ იგი ჭეშმარიტი ხელოვანია. თუ მისი ნაწარმოებები ხელიდან-ხელში საგოგმანებელი ხდება. ლექსში – „დარდი“ შემოქმედებითი დაუკმაყოფილებლობის გამო გამოწვეული სევდაა გამოხატული. მაგრამ ეს ნაწარმოები გამოირჩევა იმით, რომ მასში ამ დაუკმაყოფილებლობის გამო განსაკუთრებული კრძალვაა გამოხატული სამშობლოს წინაშე: „როგორ შევხედო მამულს თვალებში, ვით გაუსწორო თვალი დამწველი? ჩიტებს ნისკარტით ყველა მხარეში ლექსი არ დააქვთ ჩემი ნაწერი“. ჭეშმარიტ ხელოვნებას სულის დაუოკებელი ლტოლვა, მხა­ტვრული სრულყოფისაკენ სწრაფვა ასულდგმულებს. მარგიანმა იცის, რომ ხელოვნებისთვის თვითკმაყოფილება დამღუპველია, რომ მისი სიტყვა გახუნდება, თუ დაკმაყოფილდა მიღწეულით, თუ მუდმივ ძიებაში არ იქნა: როცა თავს სიბრძნით მოვიმძინარებ, საკუთარ თავში არ დავეჭვდები, სჯობს გაატანო მაშინ მდინარეს ჩემგან მოძღვნილი ოქროს ბეჭდები. როცა მედიდურს მნახავ სხვასავით, შემოფრინდება სულში დიდება, სთქვი: – ჩაესვენა ჩემი ვარსკვლავი და არასოდეს ამობრწყინდება. („როცა დავმშვიდდე“) ცხოვრების გზაზე ადამიანის ნაბიჯები ზოგჯერ მცდარია. იქნებ ამის შიშით პოეტმა დუმილი უნდა აირჩიოს? მარგიანი უარყოფითად პასუხობს ამ კითხვას („წუთისოფლის გზაზე“). მისი აზრით, პოეტი უნდა შეეცადოს, სიმართლის გზით იაროს. მან გაქანება უნდა მისცეს შთაგონებას, უნდა გაიზიაროს ხალ­ხის გაჭირვებაც და დალხინებაც. ქედზე „საამქვეყნო უღელი“ უნდა ედგას და მაშინ მცდარი ნაბიჯები, რომელიც ცხოვრების გზაზე გადაუდგამს, ვერ დაჩრდილავს მის პიროვნებას. არ არსებობს ალბათ პოეტი, რომელსაც საკუთარი თავის­თვის არ დაესვას ამგვარი კითხვა: „ლექსი რა არის ბოლოს და ბოლოს, რომ მისით არსად არ მესვენება?“ (***„ლექსი რა არის...“) და თვითვე არ ცდილიყო ამ კითხვაზე გაეცა პასუხი. რევაზ მარგიანიც თავისებურად სცემს პასუხს ამ კითხვას. მისთვის ლექსი, უპირველეს ყოვლისა, „მივიწყებული დღის გახსენებაა“, მაგრამ ამავე დროს „ოცნების წმინდა ცრემლიცაა“, ფიქრიცაა მომავალზე, იმაზე, „რაც შორეულ შუქში ლივილვებს“. რასაც პოეტი განიცდის, რაც მის მეხსიერებაშია აღბეჭდილი თუ ოცნებებშია წარმოსახული შთაგონების ალი უნდა მოედოს. მხოლოდ ის ჩამოქნის სიტყვებს ლექსად, მხოლოდ ის აქცევს ოცნებებსა და წარსულის ნამსხვრევებს ხელოვნებად. მაღალპოეტური ნაწარმოები კი მკითხველში ამაღლებულ განცდას იწვევს. ამიტომ, პოეტის თქმით, ლექსი ისიცაა, „რაც მალამოდ გადაგფენია, რაც გაგიყუჩებს დარდს და ტკივილებს“. ლექსი, მარგიანის თქმით, „მივიწყებული დღის გახსენებაა“. ხსოვნაში ბევრი რამ ქრება. ბევრი ფერმკრთალდება, მაგრამ მივიწყებული, რაც თითქოს ხსოვნაში აღარ არის ჩარჩენილი, ზოგჯერ თავისთავად ამოცურდება მახსოვრობიდან და გადაიშლება გონების თვალწინ. ასე ამოტივტივდება მახსოვრობაში ზოგიერთი ისეთი რამ, რისი გახსენებაც არ გინდა, რაც „გეგონა მიეც დავიწყებას“ და მაშინ „ხელმეორედ ძაბავ გო­ნებას ავზე და შავზე გასამარჯვებლად“. ცხოვრების გზაზე განცდილი ტკივილი ბოლომდე მიჰყვება ადამიანს. რ. მარგიანის აზრით, იგი სიბერეშიც იჩენს თავს, ამ დროსაც დაეტყობა მის ლექსს: „რაც არ გსურს, გული მას გაგახსენებს, მუქს ამოარჩევ მზიან ფერებში და ტკივილების ნაცნობ ნამსხვრევებს მოგაყრის ალბათ შენს სიბერეში“ („ხსოვნა გულისა“). ადამიანის მახსოვრობაში ფიქრიც მეორდება. თითქოს ძველი წუთები აღდგება და მას ეუფლება ნაცნობი ფიქრი, ეჩვენება, რომ ასეთივე წუთი უკვე იყო წარსულში. წელთა მდინარება ვერ აქრობს ისეთ ფიქრს, რომელსაც როგორც Aძველად, ახლაც თან ახლავს იმედი და პოეტური შთაგონება. პოეტი კვლავაც ელის ამგვარ განცდას, ამგვარი ფიქრის გამეორებას („გამეორება“). რ. მარგიანის აზრით, „ქართულმა სიტყვამ უპირველესად ლექსში ჰპოვა ნავსაყუდარი და საასპარეზო. ყველაზე უფრო ლექსში გახდა სიტყვა რბილი და მოქნილი, ამო და ტკბილ­მოსასმენი. ყველაზე უფრო ადრე ლექსში გამოვლინდა ჩვენი ეროვნული ენერგია და ლექსში იფეთქა ხალხის გენიამ... პოეზიის სიყვარული ქართველ კაცს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, ლექსი მისი სულიერი ცხოვრების მარადიული თანამგზავრია. უპოეზიოდ ვერ წარმოუდგენია შეგნებულ და გათვითცნობიერებულ ქართველ ადამიანს სიცოცხლე და არსებობა. ძნელი სათქმელია, ვინ, სად და როდის შეთხზა პირველი ქართული ლექსი, ერთი კი ცხადია, – იგი ქართულ ენასთან ერთად დაიბადა, მასთან ერთად იზრდებოდა, ჭირსა და ლხინში მასთან იყო განუყოფელი“ (33). რევაზ მარგიანის ნაწარმოები „ეს პირველ ქართულ ­ლექსს“ ქართული ლექსის და მისი მთქმელის სადიდებელია. მასში მიახლოებით იგივე აზრია გამოთქმული, რაც მარგიანის ზემოთმოყვანილ წერილში. პოეტის თქმით, ლექსი იყო ქარ­თველთათვის „ხმალი, ურო და გრდემლი, ჭირთა მოთმენა და ჭირთა ძლევა“. სატრფიალო ლირიკას ქართულ პოეზიაში დიდი ტრადიცია აქვს. მართებულად აღნიშნავს გრიგოლ ხერხეულიძე, რომ „სატრფიალო კოდექსის კანონმდებელი ქართულ ლიტე­რატურაში არის რუსთაველი; მისი ვაჟკაცური სიყვარულის ესთეტიკა ნათელ სხივად გასდევს მთელ შემდგომ პოეზიას: „სიყვარული აღგვამაღლებს“, – არის მისი ძირითადი სატრფიალო მრწამსი. ეს რწმენა თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს ანდერძად გადმოჰყვა და ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი წყარო შეიქმნა“ (66, გვ. 67). ამ ესთეტიკურ პრინციპზეა დაყრდნობილი რევაზ მარგიანის სატრფიალო ლირიკაც. ლექსში „იავ ქალთი“ თვალნათლივ მოჩანს პოეტის დამოკიდებულება ამ თემისადმი. მას სატრფოს სახე იასთან აქვს შედარებული, სილამაზის, სისპეტაკის სიმბოლოდ აქვს დასახული. სატრფოს ხატება მუდამ წინ უდგას პოეტს. ესა თუ ის მოვლენა მის სახეს ახსენებს: „ბაღში ჩავედი, ყვავილები იღიმებოდნენ, ფოთლები თრთოდნენ დილის ცვარით ნამტირალევი, მე მოვიგონე სათის დარი შენი თვალები და ფორთო­ხლებიც, ფორთოხლებიც მაგონდებოდნენ“ (***„ბაღში ჩავედი“). რ. მარგიანის პირველ პოეტურ კრებულში სატრფიალო მოტივს დიდი ადგილი ეთმობა: „შენ და ტყემლის ხე“, ***(„აქ ყველას სძინავს“), ***(„რა მშვიდი იყო“), ***(„საღამოს ბინდით და ეშხით სავსე“), „გზაში“. ეს მოტივი განსაკუთრებით მძლავრად აჟღერდა ომისდროინდელ ლექსებში. „შენ შორს ხარ ახლა, ორი ზღვის იქით, მთაგრეხილების გადაღმა მხარეს, საქართველოზე და შენზე ფიქრით – ასე ილევა ყოველი ღამე“ („შენ შორს ხარ ახლა“), – მიმართავს პოეტი გულის სწორს ქერჩიდან. ეს გრძნობა არაა უბრალო ვლებათაღელვა, არამედ ის კეთილშობილური ძალაა, რომელიც დიდ გაჭირვებასაც კი გადაგატანინებს ადამიანს. ეს ძალა თან სდევს პოეტ-მეომარს. იგი იხსენებს სატრფოსთან გატარებულ წამებს და შორიდან ეხმაურება მას: ამ სიყვარულს, ამ სინანულს მე აქამდე ვინახავდი. ორღობესთან ვიგრძენ სევდა, როცა უხმოდ გაფერმკრთალდი. იავ-ქალთი, იას ჰგავდი... იავ-ქალთი, ჩემი დარდი განა აღწევს, გოგოვ, შენთან, არ მეგონა, თუ ის ია გულში ხანძარს გამიჩენდა. იას ჰგავდი, იავ ქალთი. სატრფოს შედარება იასთან ქართული ფოლკლორული ძირებიდან მომდინარეობს. ქართულ ხალხურ პოეზიაში ყვავილების სახე ლამაზი ქალის, სატრფოს ან სიყვარულის წარმოდგენასთანაა დაკავშირებული. ფრონტის ხაზზე, სანგრის ახლოს პატარა ია ამოსულა, რაც პოეტის შთაგონების წყარო ხდება: მე ერთხელ დუმილის დროსა, როცა არ წიოდა ტყვია, ვიგრძენი აპრილის მოსვლა, შევნიშნე პატარა ია. ღიმილით შევეხე ნაზად, მოვწყვიტე მთრთოლვარე ხელით, მას მასრა დაუდგი ვაზად და გახდა საუჯე ჩემი. („ია“) პოეტს ია გულის სწორს აგონებს. მას ახსენდება სატრფოსთან ერთად გატარებული დღეები: „იყო დრო... ვცხოვრობდით ერთად, გვიყვარდა ვარდი და ია – და ტირში ვერაგის სახეს სიცილით ვესროდით ტყვიას“. ტირში სროლა მშვიდობიან დროს გართობაა, მაგრამ აქ ომის ქარიშხალია და მალე ისევ დაიწყება ტყვიის წივილი. პოეტი კი დაჰყურებს იას, რომელსაც მასრა აქვს ლარნაკად (გადმოცემით, ის მასრა-ლარნაკი რ. მარგიანს საწერ მაგიდაზე ედო. მასში მხოლოდ იებს აწყობდნენ). აი, პოეტი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. მას სჯერა, რომ ერთ-ერთი რამ, რაც სიკვდილისაგან იცავდა, სიყვარული, სატრფოს „თვალების ცეცხლი“ იყო („მუდამ ჩემთან იქნები“). ეს ცეცხლი, პოეტის წარმოდგენით, სიცოცხლის ბოლომდე ანთებული იქნება. რ. მარგიანის აზრით, სიყვარულის ძალაა ის, რაც ადამიანს დაულოცავს გზას მრავალი სიძნელის გადასალახად („ძვირფასო, გზა თუ არ დამილოცე!“). სწორედ ეს გრძნობაა ადამიანს სიცოცხლის ხალისს და შემოქმედებით ენეგიას რომ მატებს („ჯერ ადრეა“). ეს ის ძალაა, რომელიც ახალგაზრდულ გულს იმედის ცეცხლით აღანთებს, ურომლისოდ სიჭაბუკეც რომ არაფერია („რა იქნებოდა ეს ისჭაბუკე“). პოეტისთვის სატრფოს სახე განუყოფელია მშობლიური სვანეთიდან თუ ბუნების სილამაზით ტკბობიდან: მოდიხარ, ფრიალებს თავშალი, თივაში ვეფლები, მოდიხარ, მე გული გავშალე, მოგდევენ პეპლები... მომწყურდა თიბათვე, გინატრეთ, სათიბი, მდელო და ხავერდი. მომწყურდა მაგ თვალთა სინათლე, უშენოდ არა მწამს სვანეთი. („თიბათვე ვინატრე“) რ. მარგიანის ბევრ ნაწარმოებში სატრფიალო მოტივი მჭიდროდაა დაკავშირებული სვანეთის ბუნების აღწერებ­თან. „მთებმა მოისხეს ნისლების ჯუბა, ღრუბლებმა შთანთქა ყველა ყინვარი, უნისლოდ დარჩა უშბა და ბუბა წელგამართული და მომღიმარი“ („უშბა და ბუბა“). პოეტს ორი უნისლო მწვერვალი თავის თავთან და სატრფოსთან შეუდარებია. მისი ნატვრაა, ამ მწვერვალებივით უნისლოდ შესცქეროდნენ ისინი მუდამ ერთამანეთს. რევაზ მარგიანის სატრფიალო ლირიკიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ლექსი „ეს გაუმარჯოს“, რომელშიც თვალნათლივ მჟღავნდება პოეტის მიმართება სიყვარულის გრძნობისადმი. ეს გაუმარჯოს ვისის და რამინს! სიყვარულს ძლიერს, ძელქვაზე მაგარს! ეს გაუმარჯოს მთვარიან ღამეს, სიყვარულისთვის გაჩენილ მთა-ბარს. ეს გაუმარჯოს სიყვარულს, რომლის უძლეველ ძალას საზღვარი არ აქვს! რისთვისაც ცაში ციმციმებს ხომლი, რისთვისაც მტკვარი იხუტებს არაგვს! ეს გაუმარჯოს სიყვარულს, რომლის ალზე ყოველი სულდგმული იწვის. ეს გაუმარჯოს ზეცაზე ხომლის მიწაზე – ჩვენი თვალების ციმციმს. პოეტის აზრით, სიყვარული თვით სიკეთის დასაბამია, რომლის გარეშე პოეზიის არსებობაც წარმოუდგენელია: უჭკნობი სიყვარულია ის ძალა, რომელიც ადამიანის წინაშე ცხოვრების ობიექტურ აზრს წარმოსახავს. ყველა ხელოვანს აუცილებლად აქვს ის ნიადაგი, რაშიც მისი შემოქმედებაა ფესვგადგმული. ასეთი ნიადაგი რევაზ მარგიანისთვის ქართული კლასიკური და ხალხური პოეზიაა. „მწერლობიდან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მიმაჩნია ერის სულიერ მამებად, – აღნიშნავს მარგიანი, – მათთან ერთად, ჩემი საყვარელი პოეტები არიან: გურამიშვილი, ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა. აი, ის პოეტური სამყარო, რომლის წიაღში ავიდგი ფეხი...“ (31, გვ. 5). რ. მარგიანი ზოგიერთ ნაწარმოებში იყენებს კიდეც სტრიქონებს ცნობილი ქართველი პოეტების ნაწარმოებებიდან. მათ საკუთარი ლექსის კომპოზიციაში რთავს, ახალ ხმიერებას, ახალ ელფერს ანიჭებს; იყენებს მათ გარკვეული აზრის ან ემოცური ტევადობის გასაძლიერებლად. ეს პოეტური ხერხი ხშირად დადებით შედეგს აღწევს, რადგან მის მიერ ცნობილი პოეტური ნაწარმოებებიდან გამოყენებული სტრიქონები ხალხშია გასული, ხალხმა ზეპირად იცის, მისთვის ნაცნობი, ახლობელი, საყვარელია და მათი გამოყენება თვით მარგიანის ლექსს ახლობელს ხდის მკითხველისთვის. მხატვრული სახის ციტირებას მიმართავს რ. მარგიანი ლექსში: „მარად და ყველგან...“, რომელიც ილია ჭავჭავაძისადმია მიძღვნილი. ამ ლექსში მარგიანი რთავს XIX საუკუნის ამ უდიდესი საზოგადო მოღვაწის და პოეტის სტრიქონებს პოემიდან „აჩრდილი“ – „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“. ამ სტრიქონის ჩართვა ლექსში ავტორს სჭირდება ილია ჭავჭავაძის პიროვნების დახასიათების­თვის, მისი სულისკვეთების გამოსახატად, გასააშკარავებლად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მისი გამოყენების სხვა მიზეზიც. ილია ჭავჭავაძის ზემოთმოყვანილ ტაეპს მოსდევს შემდეგი სტრიქონები: მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. ამ სტრიქონებში სამშობლოს სიყვარული მუდმივობაში, მარადიულობაშია წარმოსახული. რ. მარგიანის ზემოხსეებულ ლექსში ამ აზრის ქვეცნობიერი გარდასახვა მჟღავნდება. მარგიანი თვით ამ აზრის მქონე პიროვნებას აღიქვამს მუდმივობაში, მარადიულობაში. იგი ასე მიმართავს ილიას: მამული შენ ხარ, საქართველო, შენ ხარ მარადი, ჩვენი სინდისი, რწმენა, თრთოლვა, ფარ-მუზარადი! ოდესღაც მტრისგან აჩეხილი და დაშანთული, მხნე და ჯანმრთელი შეგწკრიალებს შენი ქართული. ძარღვიდან – ძარღვში შენი წმინდა სისხლი გადადის, გულიდან – გულში უწმინდესი შენი ღაღადი! ხელიდან – ხელში სიტყვა შენი საგოგმანები და ცისარტყელად გაჭიმულად შენი პწკარები: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“. ლამპარი იყავ, შენს სინათლეს ვერ დანისლავდნენ და ლამპრად რჩები უკუნითი უკუნისამდე! როგორც ვხედავთ, რ. მარგიანის მიერ ილია ჭავჭავაძის ზემოთმოყვანილი სტრიქონების გამოყენება საკუთარ ლექსში უბრალო, მექანიკური კი არ არის, არამედ იგი პოეტს სჭირდება თვით ილია ჭავჭავაძის პიროვნებისა და მისი ისტორიული როლის წარმოჩენისათვის. რა თქმა უნდა, ამ ლექსის დაწერის დროს პოეტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ილია ჭავჭავაძეს წმინდანად შერაცხავდნენ, მაგრამ ეს ლექსი კვლავ ერთი ფაქტია იმისა, რომ გულის სიღრმიდან ამოსულ პოეზიას ახასიათებს ობიექტური ჭეშმარიტების სპონტანურად შეგრძნების უნარი. ზოგჯერ მარგიანის ლექსში სხვა პოეტთა სტრიქონები შემოდის მოვლენათა ან განწყობათა შესაბამისად, ცნობილ პოეტთა სტრიქოების ასოცირების გზით. ლექსში: „ჩემს ძველ ბინაში“ მას გამოყენებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: „მამული“ სტრიქონი – „დავდივარ... ვწუხვარ და მენანება“. ამ სტრიქონის გამოყენება პოეტისთვის საჭირო ხდება გ. ტაბიძის ლექსში გამოხატული განწყობილების და საკუთარი განწყობილების ანალოგიურად გააზრების, პარალელის გავლების გამო. იგივე მიზეზის გამო შემოაქვს ლექსში: „ჯერ ადრეა“ იეთიმ გურჯის სტრიქონი: „შენი სიყვარული მშივა“ ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან. ლექსში: „მერცხლები ჰიდენზეეში“ რ. მარგიანს შემოაქვს სტრიქონები შიო მღვიმელის ცნობილი ლექსიდან: „პაწია მერცხლები“ – „ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი ბიჭო სესე“. ამ სტრიქონების გამოყენებით პოეტს კარგად აქვს გამოხატული საქართველოდან მოშორებით სამშობლოს მონატრება. ზოგჯერ მარგიანი ცვლის კიდეც ცნობილ პოეტთა სტრიქონებს და ისე რთავს ლექსში გარკვეული მიზნისათვის, გარკვეული განწყობილების გამოსახატად (შდრ. „დაბნელდა. დასხდნენ ვარკვლავნი ცაზე“ („შენ შორს ხარ ახლა. ნინო ჟღენტს“) – ვაჟა-ფშაველა: „დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა“ („ღამე მთაში“); „არაგვო ჩემო, არაგვიანო“ („არაგვთან“) – ბარათაშვილი: „მორბის არაგვი, არაგვიანი“ („ბედი ქართლისა“); „ცისა ფერს ვეტრფი“ („ცისა ფერს ვეტრფი“) – ბარათაშვილი: „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდან ვეტრფოდი“ (***„ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“). რევაზ მარგიანის შემოქმედება მჭიდრო კავშირშია ხალ­ხური პოეზიის ტრადიციებთან. იგი ხშირად იყენებს ხალხური ლექსის ფორმას. მას ეხერხება ხალხური სახეების შემოქმედებითი გააზრება და მის საფუძველზე ისეთი სახეების შექმნა, რომლებიც თითქოს რჩებიან ხალხური, მაგრამ ახალ შინაარსს გამოხატავენ. მარგიანის კავშირი ხალხურ პოეზიასთან ყველაზე მეტად სვანურ მოტივებზე დაწერილ ლექსებში საჩინოვდება, რაც გარკვეულად უკვე შევეცადეთ წარმოგვეჩინა. რევაზ მარგიანის ბევრი ლექსის სათავე თვით ხალხურ კილოსა და სინამდვილეშიც უნდა ვეძიოთ. აკი თვითონაც ამბობს პოეტი: „მე კი დავეძებ მას, რაც კარგია და სიტყვას ხშირად ხალხს ვესესხები“ („ახალს რას ვიტყვით“). ამ სტრიქონებიდან თვალნათლივ ჩანს მისი მისწრაფება არა მარტო ხალხური პოეზიიდან, თვით ხალხიდანაც აიღოს საუკეთესო და მისაღები. ხალხში გავრცელებულია ბევრი ანდაზა, გადმოცემა, ხატოვანი სიტყვა-გამოთქმა, იდიომატური ფრაზეოლოგიის ნიმუში, რომლებშიც მჟღავნდება ქართველი ადამიანის შეხედულება ამ თუ იმ საკითხზე, მოვლენაზე,. მათი გამოყენება პერსონაჟის ენას ხალხურ კოლორიტს ანიჭებს და, ამავე დროს, ზრდ­ის ნაწარმოების მხატვრული ზემოქმედების ძალას. ასეთ გამოთქმებს პოეტი ზოგჯერ თვით ამუშავებს, სასურველ ფორმას აძლევს („ქატო იქა, ფქვილი აქა“, „წამლად რომ ეძებ“, „ხომ არ გინახავს ავლილ-ჩავილი“, „ცეცხლს შეუკეთეთ, ავმა სულებმა რომ არ იპოვნონ თავშესაფარი“, „იყო და თითქოს არა იყო რა“, „დიდი გზა გამოვიარეთ მე და შენ გუდა-ნაბადო“, „აქა-მშვიდობა“ და სხვა). რევაზ მარგიანის მიერ მოვლენათა აღქმა და გამო­მსახველობითი ხერხები რეალისტურია. მისი ნაწარმოებები კონკრეტულ თემებზეა დაწერილი. იგი გაურბის მხატვრული სახეების გართულებას. ამ მხრივ ის მართლაც „მიწის შვი­ლია“. ასე შეიძლება გავიგოთ პოეტის სტრიქონები: „მე მიწის ძე ვარ, მიწაზე ვდგავარ, მამულის ზეცა ქუდად მახურავს, მე მინდა ვიდგე წარბშეუხრელად და მინდა მცნობდნენ ხალხის მსახურად“ („ცისა ფერს ვეტრფი“). იგივე აზრს გამოთქვამს პოეტი ლექსში: „მე მიწის ძე ვარ...“ რ. მარგიანი ლირიკულ საუბარს არასოდეს იწყებს გასაოცარიდან, უცნაურიდან; ცდილობს აზრი და ემოცია ერთ პოეტურ მთლიანობაში შეკრას. „ჭეშმარიტი პოეზია მოგონებაა შენს მიერ ნახულისა და განცდილისა, ტკივილისა და სიხარულისა, რაც შენი სიცოცხლის მანძილზე გიგემნია, – წერს რ. მარგიანი ნაწარმოებების „ერთტომეულის“ (თბ., 1970) შესავალში, – არა მწამს და არც წარმომიდგენია იგი დიდი ემოციის გარეშე. თუ შენ თვით არ გაღელვებს, არ გტკივა, არ გაწუხებს – ისე სხვას ვერაფერს განაცდევინებ. ფიქრის, აზრის და განცდის გარეშე პოეზია არ არსებობს“. რ. მარგიანის ზოგიერთი ადრინდელი ნაწარმოები დაუხვეწავია, აკი თვითონაც ამბობს: „ვწერდი ქარბუქში ვინმე ყარიბი და სტრიქონებზე ვთრთოდი ბავშვივით. მყარი არ ჰქონდა ჩემს ლექს ყალიბი, აკლდა დახვეწა და შალაშინი“ („რა ძნელი იყო“). პოეტის ზოგიერთ ნაწარმოებში გვხვდება დეკლარაციულობა, ემპირიულობა, მოჭარბებული ყოველდღიურობა. იგი თვით აღნიშნავს 1970 წელს გამოცემული „ერთტომეულის“ წინასიტყვაობაში: „სხვადასხვა გარემოებათა გამო მეც გამიღია საკმაო ხარკი დასტანდარტებული პათეტიკისადმი. შემდეგ ეს მიგრძვნია. სიჭაბუკის ზოგიერთ ცდუნებაზე დღესაც ვწუხვარ, მაგრამ ფაქტს სად გაექცევი“. „რევაზ მარგიანმა რთული გზა გაიარა, აღნიშნავს ს. ჭილაია, – მოჭარბებული ოპტიმიზმი, აღტაცებული პანეგირიკული ტონი და განწყობილება ისე ძლიერად იყო მოძალებული ჩვენს პოეზიაში, რომ მის ცდუნებას არც რევაზ მარგიანი აცდენია. მაგრამ ეს ცალკეული ნაკლია...“ (64, გვ. 114). რევაზ მარგიანის ბოლოდროინდელი ლექსები ფორმით თუ შინაარსით უფრო დახვეწილია, ვიდრე მისი ადრინდელი ნაწარმოებები. თუ მის შემოქმედებას ამ თვალსაზრისით გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ პოეტის შემოქმედებითი მომწიფების, მხატვრული დაოსტატების ტენდენციას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევაზ მარგიანს ეხერ­ხება პოეტური თხრობა, იგი ბუნებით ლირიკოსი პოეტია. მის შემოქმეებაში ვერ ვხვდებით ვრცელ, ფართო ეპიკურ ტილოებს; გვხვდება რამდენიმე პოემა, მაგრამ ისინი ლირიკული პოემებია. პოეტი, გამონაკლისი შეთხვევების გარდა, არ არღვევს ქართული მეტყველების ნორმებს. იშვიათად მიმართავს არქაიზმებს, ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს, დიალექტიზმებს. მისი პოეტური ლექსიკა ძირითადად თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ამოუწურავი მარაგიდან იღებს მასალას. რევაზ მარგიანის შემოქმედება ხასიათდება სადა, ძალდაუტანებელი სტილით. მისი პოეზია არ არის მაღალფარდოვანი, რაც ერთგვარად გამოწვეულია ეპითეტების ზომიერი გამოყენებით. მის ლექსებში იშვიათად გვხვდება ტრადიციული ეპითეტები. ეს გარემოება საინტერესოს ხდის მწერლის მხატვრულ ენას. ისინი შესრულებულია როგორც თანამედროვე სალი­ტერატურო ენისთვის დამახასიათებელი ნორმებით, ასევე ინვერსიული წყობითაც; ხშირია ამ ორი ფორმის ერთდროულად გამოყენების მაგალითებიც რ. მარგიანის პოეზიაში ჭარბად ვხვდებით შედარებებს. მათ ახასიათებთ ბუნებრიობა და ზღვრული სინათლე. მის პოეზიაში ძირითადად გვხვდება მარტივი შედარებები, იშვიათად – რთული, როგორიცაა მაგალითად: „პერგამენტივით დახვეული ფიქრის ღრუბელი“, რომელიც პოეტს ივანე ჯავახიშვილის ღრმა აზროვნებასთან აქვს მისადაგებული. ლექსი „მომწყურდა“ მთლიანად ვრცელი შედარებაა. მასში შე­სადარებელი საგანია ქართული ენა. რევაზ მარგიანის ტროპები ისე ეხამება ლექსის მთლიან შინაარსს, რომ არ იგრძნობა ტროპული მეტყველების სირთულე. ტროპის ესა თუ ის სახე თანაბარი რაოდენობითაა გამოყენებული მის სხვადასხვა წლების ლექსებში. თუმცა რ. მარგიანის პოეზია, საერთოდ, არ ხასიათდება მეტაფორული სახეების განსაუკთრებული სიჭარბით, მან შექმნა არაერთი ორიგინალური მეტაფორა მისი ზოგიერთი მეტაფო­რული სახე ნიუანსური განსხვავებით მეორდება მის სხვადასხვა დროს დაწერილ ლექსებში. მაგალითად, ასე მეორდება ცის და ღრუბლის შედარება თავსაფართან: „ქართლის უღრუბლო ლეჩაქი ჩითებით გადაჩითული“, „ალპანასთან ჩამოვლილი, მექვენასთან ჩავლილი, იმერეთის ვაკე გზაზე გაფრენილი მანდილი“, „საპატარძლოს თავშალი კლდეზე გადახეული“. რ. მარგიანის პოეზიაში უხვადაა ბუნების სახეების თუ მოვლენების გაპიროვნება. ძირითადად ვხვდებით უსულო საგნის გაპიროვნების შემთხვევებს, იშვიათად – სულიერისას; ძალზე მცირეა პერიფრაზის, მით უფრო ალეგორიის მაგალითები. იგი ხშირად იყენებს განმეორებას, როგორც პოეტურ ხერხს – არა სტიქიურად, არამედ გრძნობის, აზრის გასაძლიერებლად; ზოგჯერ იყენებს: პოეტურ დაეჭვებას. საკუთარი სახელის ხსენება ლირიკულ ნაწარმოებში საკმაოდ გავრცელებული სტილისტური ხერხია. ამ ხერხს, რომელიც აღმოსავლური პოეზიისათვისაა ნიშანდობლივი, ვხვდებით როგორც ქართულ კლასიკურ (რუსთაველი, გურამიშვილი), ასეთი XX სკ-ის (გ. ტაბიძე, ი გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე) პოეზიაში. ამ სტილისტურ ხერხს არაერთელ მიმართავს რ. მარგიანი (იხ. „მე უბით ვატარებ პატარა ბარათს“, „დაგვიანებული ბარათი ყაისინ ყულიევს“, „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“, „ახალს რას ვიტყვით?“, „კაფიად. ნოდარ დუმბაძეს“ და სხვა.). რევაზ მარგიანი დიდ ყურადღებას უთმობს ნაწარმოების მხატვრულ ფორმას, იყენებს ქართული ლექსის მეტრულ და რიტმულ სიმდიდრეს. იგი ძირითადად მიმართავს იზომეტრულ სტროფს, გამონაკლის შემთხვევებში – ჰეტერომეტრულს. მის შემოქმედებაში უმთავრესად ვხვდებით 8, 10 და 14 მარცვლიან ტაეპს, იშვიათად 6, 7 და 12 მარცვლიანს. მისი შემოქმედების დასაწყისში ძირითადად ვხვდებით 8 მარცვლიან, ხალხური შაირის ზომით დაწერილ ლექსებს; მათთან ერთად პოეტი იყენებს 10 მარცვლიან ლექსსაც, ხოლო შემოქმედების მეორე ნახევარში მის პოეზიაში ვხვდებით უმთავრესად 14 მარ­ცვლიან ლექსს. პოეტი არცთუ იშვიათად იყენებს რეფრენს, რომელიც უმთა­ვრესად გვხვდება მის მიერ სვანურ ხალხურ სასიმღერო მოტივებზე შექმნილ ნაწარმოებებში რევაზ მაგიანი რითმას ლექსის პირველხარისხოვან, აუცილებელ ატრიბუტად თვის. იგი არ მიმართავს თეთრ, ან თავისუფალ ლექსს. შემოქმედების დასაწყისში ძირითადად იყენებს ინტერვალიან (абсб), ხოლო შემდგომ – ჯვარედინ (абаб) რითმას, იშვიათად მიმართავს მოსაზღვრე და რკალურ რითმებს. მის ლექსებში უმთავრესად ვხვდებით ასონანსურ რითმას, იშვიათად – დისონანსურს, რამოდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა არ გვხვდება ტავტოლოგიური რითმის მაგალითები. ასთია ძირითადად იდეურ-თემატური პრობლემატიკა და ძირითადი მხატვრული ნიშნები, რომელიც შეინიშნება რევაზ მარგიანის პოეზიაში.