ბეჭედი

ღმრთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების „სამოთხისა ყუავილი“; მით, რამეთუ წიგნისა მისგან მამათასა, რომელ არს „სამოთხე“ რჩევით აღმოწერილ არს და დატკბობილ სამღთოთა სიტყვებითა და განათლებულ სარგებელად სულთა ღმრთისმოყვარეთა. ვითარ იგი კაცი ბრძენი შერავალნ მტილსა წალკო­ტთასა და მოარჩევნ ყუავილთა შვენიერთა და შეჰკრავნ ერთად კეთილსუნნელთა, საყნოსელად მოსურნეთა. და ვითარცა ნერგნი შვენიერნი ვარჯოვანნი, სამოთხისა შორის მზისა შარავანდედისა მოფენითა გამოიღებენ ჰაეროვანსა: 1. ყუავილსა, 2. ფურცელსა და 3. ნაყოფსა. ეგრეთვე სიმართლის მზისა ბრწყინვალებისა მოფენითა ამის წიგნის სურვილით მკითხველნი: 1. გონებით გამოიღებენ ყუავილსა სათნოებათასა; 2. და რომელნი სხუათაცა ახარებენ სიტყვით წარმოაჩენენ ფურცელსა მადლთა შეძინებისათა; 3. ხოლო საქმით აღმასრულებელნი, შესწირვენ ღმერთსა ნაყოფსა სულისასა ცხოვრებად საუკუნოდ. რომელსა ჰქონან თვის შორის თავნი ათნი მსგავსად ათთა მცნებათა მოსეანურთა პირგანბრწყინვებულისა. და თვითოეულსა თავსა შორის ათი თხრობაჲ, მებრ ათთა ნაყოფთა სულისათა პავლესთა სამ ცამდე აღწევნილისა. და ვინათგან ათგზის ათი შეკრბების ასად, მათ მიემსგავსების, რომელთა ნაყოფი გამოიღონ: 1. ოცდაათეული მკითხველთა, 2. სამოცეული სხუათაცა მეტყველთა და 3. ასეული საქმით აღმასრულებელთა. 1. ხოლო ასეულნი განბრწყინდებიან დიდებისაებრ მზისა, 2. სამოცეულნი განშვენდებიან დიდებისაებრ მთუარისა და 3. ოცდაათეულნი განათლდებიან დიდებისაებრ მთიებისა. და ყოველნივე თვითოეულისა წილ მიიღებენ ასსა, ღმრთისა მიერ მადლსა და ცხოვრებასა საუკუნოსა დაიმკვიდრებენ, სადიდებელად ძისა ღმრთისა ცხოველისა. ამინ.