თხრობა სულიერი რ [100]. სრულისა სიყვარულისათვის ღმრთისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ისმინე, ისრაილ, უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“[2 რჯ. 6,4]; (მრკ. 12,29) და შეყვარებად იგი ყოვლითა სულითა, გულითა, ძალითა და გონებითა შენითა [მთ. 22,37; მრკ. 12,30].
საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა ღმრთივ სწავლულთა სათნოებისათა, სრულიად შეყვარება ღმრთისა და არარაჲსა შიშისათვის დაყენებად სათნოყოფასა მისსა, ვითარცა იტყვის საყვარელი მოწაფე, უსაყვარლესისა მოძღვრისა, ვითარმედ: „სრულმან სიყვარულმან გარე განსდევნის შიში“(1 იო. 4,18). და უკეთუ მოვიგოთ ნამდვილ-ჭეშმარიტი სიყვარული, ღმერთი ჩვენთანა დაადგრების და ჩვენ ღმრთისათანა.
ეჰა, უფსკრული სახიერება და კაცთმოყვარება ღმრთისა, რომელ დამბადებელი დაბადებულთა თვისთა თანა მეინახეობად სათნო იჩენს. და რაჲმცა იყო უზესთაეს ამის სათნოებისა, რომელი ესე იქმნების სრულითა ღმრთისა სიყვარულითა. და ესევითარისა სიყვარულისა მომგებელსა კაცსა ღმრთისასა არარაჲ ამის სოფლისაგანი სურის, არამედ მარადის ღმრთისა თანა იქცევის უმთავრესითა გონებითა და განათლდების სამღთოჲთა ხედვითა.
რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, წრფელი, უმანკო, უზაკველი და ღმრთისმოყვარე, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „აჰა, ისრაიტელი რომლისა თანა ზაკვა არა არს“[იო. 1,47]. ესევითარსა უზაკველსა და სანატრელსა კაცსა ესმა წმიდისაგან სახარებისა, ვითარმედ: „უკეთუ გნებავს სრულ ყოფა ერთიღა გაკლს შენ, წარვედ, განჰყიდე ყოველივე და მიეც გლახაკთა. მოვედ და შემომიდეგ მე“[მთ. 19,21].
ხოლო ესერა ესმა წმიდისაგან სახარებისა, მან საქმით აღასრულა მცნება ღმრთისა: ყოველივე დაუტევა და მხოლოდ მხოლოჲ ღმერთი შეიყვარა სრულის გულით. და მადლითა მისითა წარემატა სათნოებითა და აღვიდა თავსა სრულებისასა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“(მთ. 5,48).
და ოდეს ილოცის მრავალგზის გონება მიეტაცის სამღთოთა ხედვათა მიმართ. და განიცდინ შვენიერებასა ზეცისასა, სავანეობასა წმიდათასა, გალობასა ანგელოსთასა, დიდებასა მთავარანგელოსთასა, ელვარებასა უსხეულოთა ძალთასა და ღმრთივშვენიერსა და ყოვლადბრწყინვალესა ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელი ჰსუფევს საყდართა ზედა ხერუვიმთასა, და სამწმიდაარსობით იგალობების სერაჶიმთა მიერ, რომლისაგან გამომკრთოლვარე ნათელი ბრწყინვალე განანათლებს და განაბრწყინვებს ყოველთავე გარემოს მისთა.
ამით ესევითარითა საცნაურებისა ხედვითა განათლებულ იყო სანატრელი იგი და მარადის ამათ იგონებდა, რამეთუ განფენილ იყო გულსა შინა მისსა სიყვარული ღმრთისა.
და მცირედ ოდენ საზრდელსა მიიღებდა მეცხრესა ჟამსა განსამტკიცებელად სხეულისა და სადიდებელად ღმრთისა. დღესა ერთსა მოწაფემან მისმან დააგო ტაბლაჲ მეცხრესა ჟამსა ჩვეულებისაებრ. იწყეს რა ლოცვად, მიეცა სანატრელი იგი მამა განკვირვებასა. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად და იქმნა კვალად მეცხრე ჟამი და მაშინღა მოეგო თავსა თვისსა განკვირვებისა მისგან, რამეთუ შეექცა სამღთოთა ხედვათა.
და მსგავსად პავლესა სუროდა განსლვად ჴორცთაგან და მისლვად უფლისა ნამდვილ საყვარელისა ღმრთისა. და ოდეს ინება სახიერმან ღმერთმან მიცვალება მისი, ლოცვასა და მაღალხედვასა შინა, სული თვისი განწმედილი ჴელთა ღმრთისათა შევედრა. და იხარებს დაუსრულებელად წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, ბრწყინვალებითა მისითა განათლებული და დიდებული, რამეთუ რომელსა იგი აქაჲთ ხედვიდა სარკითა და სახითა გონებისათა, ხოლო აწ პირისპირ განცხადებულად განიცდის დიდებასა ღმრთისასა.
გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, ესე ყოველნი მაცხოვრისა მიერ სიყვარულით ბრძანებულნი მცნებანი, წმიდათა მამათაგან საქმით აღსრულებულნი, და ჩვენდა სიტკბოებით მოხსენებულნი და წინადადებულნი სათნოებანი.
ვინაცა, ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიმართ მორწმუნენო, საყვარელნო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, სარწმუნოებით ვისმინოთ იესო ტკბილისა მოძღვრება, სასოებით შეუდგეთ საქმეთა მამათა ჩვენთასა და სიყვარულით აღვასრულოთ სათნოებითი ცხოვრება. და სათნო ვეყვნეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა სარწმუნოებით შეწყნარებისათვის ღმრთისა მცნებათა, მამამან შეგვიწყნაროს და სასოებით წმიდათა მიბაძვისათვის, ძემან შეგვიყვაროს, და სიყვარულით სათნოებისა აღსრულებისათვის, სულმან წმიდამან გვირგვინითა გვადიდოს.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო!
1. პირველად დავსდვათ, ვითარცა საფუძველი მტკიცე, ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე და სიმშვიდე;
2. და შევიტკბოთ იესოს ტკბილი უღელი მორჩილებისა;
3. განვსწმდეთ აღსაარებითა და განვამხიარულნეთ ანგელოსნი სინანულითა ჩვენითა;
4. ვაცხოვნოთ სული ჩვენი მოთმინებითა;
5. სათნოებათა ყვავილი გამოვიღოთ უვნებელითა მარხვითა, და ნაყოფი სულისა წარმოვაჩინოთ წმიდითა ლოცვითა;
6. ღმერთსა მივემსგავსნეთ კეთილის გულით მოწყალებითა;
7. სათნოება შევიკრიბოთ სიმართლისა მოქმედებითა;
8. ანგელოსთ მივემსგავსნეთ სიწმიდის ცხოვრებითა;
9. უფალი შევიწყნაროთ ჭეშმარიტისა სარწმუნოებითა და
10. ღმერთსა შევეთვისნეთ სამღთოსა სიყვარულითა, რომელისათვის წერილ არს: „შეიყვარნა თვისნი იგი... და სრულიად შეიყვარნა იგინი“(იო. 13,1).
ესრეთ სათნოებითი სათნოებად წარმატებულნი და დიდებითი დიდებად ამაღლებულნი, ვითარცა იაკობის კიბითა, თავსა სრულებისასა მიწევნილნი, შევერთნეთ სრულსა სიყვარულსა, რომელ არს ღმერთი და მისთანა ვჰსუფევდეთ დიდებითა და ბრწყინვალებითა დაუსრულებელად, მადლობად, გალობად და ქებად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა
ჵ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, ბრწყინვალებაო დიდებისაო, მზეო სიმართლისაო! რომელი გამოგვიბრწყინდი კაცთა ნათესავსა მაცხოვრად და განანათლენ გულნი მორწმუნეთა და ნაყოფიერ ჰყვენ სულნი მოყვარეთა შენთანი.
შენ შეგივრდებით და გევედრებით, სახიერო მეუფეო, მოგვფინე ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი სიყვარულისა შენისა წმიდისა და მოგვმადლე გულსმოდგინება აღსრულებად ღმრთივშვენიერთა მცნებათა შენთა. და მივემსგავსნეთ ძალისაებრ ჩვენისა წმიდათა მამათა სათნოებასა, რათა უვნებელად წარვლოთ ცხოვრება ჩვენი და ჟამსა აღსრულებისა ჩვენისასა ანგელოსი მშვიდობისა მოგვივლინე. ხოლო მოსლვასა შენსა დიდებით, მარჯვენით, მართალთა თანა აღგვადგინე და ღრუბლითა აღტაცებულნი, სასუფეველსა, ვითარცა მზე განგვაბრწყინვე. და ყოველთა წმიდათა თანა გვირგვინითა, პატივითა და დიდებითა განგვისვენე, რათა მადლობასა, გალობასა და კურთხევასა აღვავლენდეთ სამარადისოდ, რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ პირველ საუკუნეთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დასასრuლი მეათისა თავისა