თხრობა სულიერი ჟბ [92]. ძმათ მოყვარებისათვის კეთილისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე შორის მათსა“(მთ. 18,20). და სულითა წმიდითა მეფსალმუნე გალობს: „რამე კეთილ, ანუ რამე შვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად სიყვარულითა სულიერითა“[ფს. 132,1]. საყვარელნო ღმრთისანო, არარაჲ არს უპატიოსნეს ურთიერთას სიყვარულისა და ღმერთი დაემკვიდრების ჭეშმარიტსა სიყვარულსა შორის და ანგელოსნი იხარებენ, პატიოსანსა ამას სათნოებასა ზედა სიყვარულისასა და კაცნი წმიდანი ადიდებენ და აქებენ ყოვლადსანატრელსა სიყვარულსა. რამეთუ იყვნეს სამნი სულიერნი ძმანი: მართალნი, წრფელნი და ურთიერთას შეყვარებულნი, ერთსულად და ერთგულად შეერთებულნი, ლოცვითაცა და ყოვლითა სათნოებითა კეთილითა და ქველისსაქმითა. წარვიდენ სანატრელნი იგი ზოგად და აღიღეს სამოცი ორნატეული ყანაჲ სამკალად, რათა ერთბამად აღიღონ სასყიდელი მისი და ჰყონ თავისა მათისა საზრდელი და მით ჰყოფდენ მოწყალებასაცა. ხოლო პირველსავე დღესა დასნეულდა ერთი მათგანი, გარნა ორთა მათ სთქუჱს ურთიერთას: „ძმაო საყვარელო, ჯერ არს ჩვენდა უმეტესი შრომაჲ, რათა ძმისა მის ჩვენისა სნეულისა, ნაწილიცა ჩვენ მოვმკოთ და ფასი სამთავე ზოგად იყოს, რამეთუ სახიერი ღმერთი, ლოცვითა და მოთმინებითა მის უძლურისათა, უმეტესად შემწე გვექმნების, ვითარცა წერილ არს: „თავს იდებდით ურთიერთას სიყვარულითა“(ეფეს. 4,2). და ადრე სრულ ჰყვეს სამუშაკო იგი მადლითა ღმრთისათა, მიიღეს სასყიდელი და მიართვეს ძმასა მას სნეულსა. ხოლო იგი იჯმნიდა სიმდაბლით და იტყოდა: „მე არა მიმკიეს, საყვარელნო ძმანო, და არა მაქვს ნაწილი მაგისი“, და იცილობოდეს ურთიერთას სიყვარულითა. წარვიდენ დიდისა ვისმე ბერისა წმიდათაგანისა და განუცხადეს სამღთო იგი ცილობა მათი. რამეთუ ერთი იგი იტყოდა: „არა მიმკიეს და ვითარ მივიღო სასყიდელი, პატიოსანო მამაო?“ ხოლო ორნი იგი იტყოდეს, ვითარმედ: „ლოცვითა და მოთმინებითა უძლურისათა შეგვეწია ჩვენ ღმერთი, თუ არა, ჩვენ ორთა ვერ ძალგვედვა ესრეთ ადრე სრულყოფად საქმე იგი, ღმერთშემოსილო მამაო“. ესერა ესმა წმიდასა მას კაცსა, განკვირვებულ იყო სიყვარულსა და სათნოებასა ზედა მათ ნეტართასა. და ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს საქმე მათი. და ანგელოსისა მიერ მოიღო უწყება, ვითარმედ: ჭეშმარიტი სიყვარული არს მათ შორის. და სამთავე სიტყვაცა სიყვარულით არს და სათნო უფლისა და მიიღონ სამთავე სწორად, რამეთუ უძლურისა მის წილ შეეწია ღმერთი სიყვარულისათვის მათისა. ესე ვითარცა გამოუცხადა ძმათა მათ წმიდამან ბერმან, სარწმუნო იქმნეს და ადიდებდეს ღმერთსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, შევიტკბოთ ურთიერთას სამღთო სიყვარული. და ერთსულ და ერთზრახვა ვიყვნეთ ზეცისა მოქალაქობისათვის, ვითარცა ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება და ერთ არს ღმერთი, მამა ჩვენ ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ჩვენ ყოველთა შორის, ვითარ იგი ბრძანებს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელსა უყვარდე მე, მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მე და მამა და მისთანა სავანე ვჰყოთ“[იო. 14,23]. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ყოვლადვე შევიყვაროთ ღმერთი და მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი თვისი, რამეთუ ქრისტემანცა ფრიად შემიყვარნა ჩვენ: უძლურებანი ჩვენნი იტვირთნა და სნეულებანი განჰკურნნა და მხართა თვისთა ზედა აღისუა ბუნება ჩვენი და მამასა მიგუარა. და კაცთ­მოყვარებით გვექმნა ძმა სულიერი, მეგობარ სარწმუნო, სიძე უხრწნელებისა. „და ყოველთა გვექმნა ყოვლადვე, რათა ყოველნი გვაცხოვნნეს“[1 კორ. 9,22]. აწ უკუჱ ჩვენცა შევიყვაროთ იგი და ძმანი მისნი, რომელ არიან: გლახაკნი, უძლურნი, უცხონი, მშიარნი, შიშველნი და ვაჩვენოთ მათ ზედა წყალობა და სიყვარული ჭეშმარიტი, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, რომელსა ღირს­მცა ვართ ყოველნი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.