თხრობა სულიერი ჟგ [93]. ძმათ მოყვარებისათვის პატიოსნისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ამას გამცნებ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას“[იო. 13,34].
საყვარელნო, ურთიერთას სიყვარულსა შორის წმიდასა ღმერთი დაემკვიდრების. ძმათმოყვარება უბიწოჲ ანგელოსთა მსგავსება არს და კაცთაგან ბრძენთა ფრიად სანატრელ, რომელიცა სამღთოსა სჯულსა აღასრულებს კეთილად და ღმრთივშვენიერად. და ძმათმოყვარებისა მიერ, ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ შეიწირვის და სათხოველი კეთილი მსწრაფლ აღუსრულდების.
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ახოვნებით მოღვაწე, ძლიერებით მმარხველი, სიმხნით მლოცველი, ღმრთის სიყვარულით განათლებული და ძმათმოყვარებით განშვენებული, სახელით მოსე, მსგავსად ღმრთის მხილველისა მოსეს პირისა, გონებით განბრწყინვებული. რომელიცა წარვიდა უშინაგანესსა უდაბნოსა, რათა მყუდროებით ჰმსახურებდეს ღმერთსა. და იხილა ნაპრალი კლდისა და სათნო უჩნდა დამკვიდრებად მას შინა. გარნა საჭირველ იყო წყლისა მოღება და ვითარ იგი ზრუნვიდა თუ სადათ მოიღოს წყალი, მოიწია მისა ჴმაჲ ზეგარდამო: „მოსე, შევედ და ნუ ზრუნავ“. ხოლო იგი სარწმუნო ექმნა ჴმასა მას სამღთოსა და დაემკვიდრა მას შინა ანგელოსებრივისა მოქალაქობითა, და უმეტესად განბრწყინდა გონება მისი ღმრთისა სიყვარულითა.
დღესა ერთსა მოვიდნენ მის ნეტარისა ორნი ძმანი სულიერნი და პატიოსანნი. ხოლო მან სიყვარულითა სულისათა და სიხარულითა გულისათა შეიწყნარნა იგინი, თაფლისა უტკბილესითა სიტყვითა და სამოთხისა უშვენიერესითა თხრობითა განაპოხნა ძვალნი მათნი და დაუგო ტაბლაცა სიყვარულისა. გარნა ერთი ოდენ მცირე სარწყული წყალი აქუნდა და იგიცა დაელია. ხოლო მამა მოსე შევიდოდა და გამოვიდოდა მრავალგზის და ილოცვიდა დუმილით. და აჰა, ესერა ღრუბელი სავსე წყლითა მოვიდა კლდესა მას ზედა და აღავსნა ჭურჭელნი მისნი ყოველნი.
შემდგომად ამისა, ვითარცა სჭამეს სიყვარული, ჰკითხეს ძმათა მათ სულიერთა: „ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, რაჲსათვის ზედას ზედა შეხვიდოდი და გამოხვიდოდი?“ მიუგო წმიდამან ბერმან: „ამისთვის, საყვარელნო შვილნო, რომელ ლოცვასა ვჰყოფდი ღმრთისა მიმართ, ვითარმედ: „მოვედ სიყვარულითა შენითა, უფალო, ადგილსა ამას და აწ წყალი არა მაქვს, რათა ჰსუან მონათა შენთა, ძმათა ჩემთა სულიერთა, რომელნი მოსრულ არიან ჩემდა სიყვარულისათვის შენისა“. ამას ვევედრებოდი უფალსა, ვიდრემდის მომცა ჩვენ წყალი, ტკბილმან მეუფემან და კაცთმოყვარემან სახიერმან, რომელი აღაღებს ჴელსა თვისსა, და ყოველსავე განაძღებს სიტკბოებითა, და კურთხეულ არს ყოვლადწმიდა სახელი მისი უკუნისამდე“.
იხილეთ, საყვარელნო ძმანო, თუ ვითარ ყოვლადსახიერი ღმერთი ჩვენი მოშიშთა მისთა და მოყვარეთა სახელისა მისისათა, ვედრებასა მსწრაფლ შეისმენს და თხოვათა აღუსრულებს. ვითარცა იტყვის მგალობელი: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს უფალმან და ვედრებისა მათისა ისმინოს“[ფს. 144,19].
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა ძმათმოყვარება და სათნო ვეყვნეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა, რომელსა ჰნებავს ჩვენი ურთიერთას ჭეშმარიტი სიყვარული და ურთიერთას სათნოყოფა კეთილისა აღსაშენებელად, და არა თავთა თვისთა ოდენ სათნოყოფად, არამედ მოყვასთა სულთაცა სარგებელისა შეძინებად, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი და სათნო უფლისა სიყვარული, რათა მოყვასთა სულთათვის ვზრუნვიდეთ და სარგებელსა მათსა ვეძიებდეთ, ყოვლით კერძო, ვითარცა სულთა ჩვენთათვის.
აწ უკუჱ, საყვარელნო ძმანო ჩემნო, ყოვლისა უპირატესად შევიყვაროთ სრულის სიყვარულითა, ყოვლადსაყვარელი ღმერთი და შევიყვაროთ მოყვასიცა ჭეშმარიტითა სიყვარულითა, ვითარცა თავი თვისი. „და გვიყვარდენ მტერნიცა და ულოცვიდეთ მოძულეთა ჩვენთა“[მთ. 5,44], მცნებისაებრ უფლისა, „რათა ვიყვნეთ შვილ მამისა ზეცათასა“[მთ. 5,45]. და არავინ არს ჩვენ მიერ საძულველ, თვინიერ ბოროტი ეშმაკი და ნაყოფი მისი ცოდვაჲ.
ჰე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, სრულიად მოვიძულოთ უკეთური ეშმაკი ცოდვითურთ, სულისა ჩვენისა წარმწყმედელი. და ყოვლადვე შევიყვაროთ ჭეშმარიტი ღმერთი და კეთილი მცნება მისი, რომელ არს ძმათ სიყვარული პატიოსანი, რომელი აცხოვნებს სულსა ჩვენსა და საუკუნო ნეტარებასა შინა განგვაბრწყინვებს და ღმრთივშვენიერად განგვანათლებს მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.