თხრობა სულიერი ჟე [95]. ღმრთისა ტრფიალებისათვის სათნოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“(ლკ. 10,42). საყვარელნო, კეთილი ნაწილი ესე არს, რათა ყოვლადის სიყვარულით გვიყვარდეს ყოვლადსახიერი ღმერთი და სიყვარულითა მისითა ცეცხლებრ აღგზებულნი სათნოებათა ტრფიალ ვიყვნეთ. და უკეთუ ვნება რაჲმე სულისა გვებრძოლოს, ვითარცა ცეცხლისაგან ცვილი დადნეს და ჩვენ უვნებელნი წარვემატნეთ და დღითი დღე ამაღლდეს ჩვენ შორის სიყვარულისა ალი და შეერთოს სამღთოსა ცეცხლსა, რომლისათვის იტყვის: „ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს ვნებათა“[ებრ. 12,29]. რომლისაგან სერაჶიმმან მოიღო მარწუხითა და შეახო ბაგეთა ისაიასთა, მოსპოლვად მისგან ყოველთა ვნებათა. და ესე არს კეთილი ნაწილი, რომელი არასადა მიეღოს მომგებელთა მისთაგან. რამეთუ ესევითარი იყო ვინმე ქალწული, ჭაბუკი ჰასაკითა, მხცოვანი გონებითა, განათლებული სიბრძნითა, დაცული სიწმიდითა, აღტრფობილი ღმრთისა სიყვარულითა, კეთილშვენიერი სახითა და ფრიად უშვენიერესი სულისა ბრწყინვალებითა. რომელიცა არაოდეს დააკლდებოდა ეკ­კლესიისა ლოცვასა და ტრფიალებით ისმენდა სამღთოსა წირვასა. ხოლო ესე სანატრელი ქალწული დასნეულდა ოდესმე ძლიერად და ვერ შემძლებელ იყო მისლვად ეკკლესიასა. და მოიწია დღესასწული ეკ­კლესიისა დიდი და საუფლო. ყოველნი წარვიდენ სამღთოსა წირვისა სმენად და იგი მარტო დაშთა სახლსა შინა უძლური მდებარე. ლმობიერ იქმნა გულითა და ილოცვიდა გონებითა მხურვალითა და განათლდა ღმრთისა სიყვარულითა და ამაღლდა სული მისი და მიეცა სამღთოსა განკვირვებასა. და იხილა ეკკლესია ფრიად მაღალი და ყოვლადშვენიერი და უბრწყინვალეს მზისა განათლებული, და მას შინა ურიცხვნი წმიდანი და უმრავლესნი ანგელოსნი. და შორის მათსა საყდარი მაღალი და საყდარსა მას ზედა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემოსილი გვირგვინითა და სამღვდელ­მთავრო სამკაულითა. ჭეშმარიტად დიდი იგი მღუდელმთავარი, რომელმან განვლნა ცანი და დასჯდა საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა. რომლისა ბრწყინვალება თუალთშეუდგამ იყო, და მისგან გამომკრთოლვარე ნათელი ბრწყინვალე მოეფინებოდა ყოველთავე მუნ მყოფთა და განანათლებდა. და მას ქალწულსაცა მოეფინა ნათელი, ვითარცა სანთლისა სხივი და განათლდა გული მისი უმეტესის სიხარულითა. ესე ყოველი რა იხილა, მოეგო კვალად თავსავე თვისსა განკვირვებისა მისგან და ჰპოვა თავი თვისი ყოვლითურთ მრთელი და უვნებელი. და მოვიდენ რა მოყვასნი მისი ეკ­კლესიით და მან ნეტარმან ესე ყოველი მოუთხრა. და ყოვლნივე ადიდებდეს ღმრთისა კაცთმოყვარებასა. იხილეთ, საყვარელნო, თუ ღმრთისა ტრფიალებით მოყვარენი ვითარ ზესთა საზომსა მიიწევიან, სურვილით წადიერნი. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, ჩვენცა სრულის გულით შევიყვაროთ პირველითგანვე შემყვარებელი ჩვენი ქრისტე და ტრფიალებითა მისითა სათნოყოფასა მისსა ვიქმოდეთ მარადის, რამეთუ იგი ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). ხოლო მცნებანი მისნი მძიმე არა არიან, ძმანო, არამედ „სუბუქ ტვირთი და ტკბილი უღელი“[მთ. 11,30] მისი და სურვილით საწადელ არს მოყვარეთა მისთათვის ჭეშმარიტებით. ჰე, გევედრები, პატიოსანნო უფალნო, სურვილით შევიყვაროთ იესო ტკბილი და სათნოყოფასა მისსა ვიქმოდეთ ყოველნივე – მამანიცა და დედანიცა: „რამეთუ არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ წმიდის ნათლისღებისა მიერ შვილ ღმრთისა ყოფილნი“[გალ. 3,28]. ყოველთა შევიყვაროთ ქრისტე მეუფე ჩვენი, რათა მანცა სახიერმან და კაცთმოყვარემან შეგვიყვაროს და შეგვიტკბოს. და ჩვენ ზედა დასხნეს ყოვლადწმიდანი ჴელნი მისნი ჩვენთვის სამსჭვლისა მიერ განწონილნი და ჰსთქუას მამისა მიმართ: „მამაო წმიდაო და მართალო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე. მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა საუკუნოდ“[იო. 17,23-24]. ჵ, ძმანო სასურველნო, გულსმოდგინე ვიქმნეთ, რათა ვიხილოთ ესე სანატრელი დიდება ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.