თხრობა სულიერი ჟვ [96]. ღმრთის სიყვარულისათვის დიდებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და მოვიდეთ მე და მამა და მისთანა დავადგრეთ“[იო. 14,23]. ეჰა, საყვარელნო ღმრთისანო, რაჲმცა იყო უზესთაეს ამის სათნოებისა და უპატიოსნეს ამის დიდებულებისა, რამეთუ რომელმან ღმერთი შეიყვაროს, ვითარცა ჯერ არს ნამდვილვე იგი, წარმართებს ყოველსავე სათნოებასა კეთილად და სათნოდ უფლისა. ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ღმრთისმოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად“(რომ. 8,28). რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელსა დიდის სურვილით და ფრიადის ტრფიალით უყვარდა ღმერთი. და სიყვარულითა მისითა ყოველსავე სათნოებასა იქმოდა კეთილად და ღმრთივშვენიერად სიწმიდითა გულისათა და სურვილითა სულისათა და უმეტესად მარხვასა და ლოცვასა განკრძალულ იყო. და მრავალგზის აღიტაცებოდა გონებითა და საკვირველებასა ღმრთისასა იხილვიდა. ესე ყოვლადსანატრელი მამა დღესა ერთსა, განთიად დასდგა ლოცვად სენაკსა შინა. და მესამესა ჟამსა შევიდა მოწაფე მისი და იხილა იგი, რამეთუ აღეპყრნეს ჴელნი და გონება ზეცად და იყო განკვირვებასა შინა. დაუტევა და დახშა კარი. კვალად შევიდა მეექვსესა ჟამსა და მეცხრესა და იხილა ეგრეთვე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა მივიდა და იხილა იგი მწოლარე ჭილობსა ზედა და ჰრქუა მას: „რაჲ გჭირს, მამაო ყოვლადპატიოსანო?“ ხოლო მან მიუგო: „უძლურ ვარ, შვილო საყვარელო“. და მოწაფე იგი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ეტყოდა: „გევედრები, ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო, მაუწყე თუ რაჲ იხილე განკვირვებასა მას შინა?“ მიუგო წმიდამან ბერმან და ჰრქუა: „ღმრთივსულიერო შვილო, მე ზეცას აღვიტაცე გონებითა და ვიხილე სულიერითა თუალითა დიდება ღმრთისა. რამეთუ ანგელოსნი ჰგალობდენ ჴმითა ტკბილითა და ყოვლადსაწადელითა, და მუნ ვიხილენ ყოველნი წმიდანი მიუთხრობელითა და თუალთშეუდგამითა ბრწყინვალებითა განათლებულნი. და მეცა მათ თანა მდგომარე ვიყავ ვიდრე აქა ჟამადმდე და აწღა განტევებულ ვიქმენ“. ესერა სთქუა სანატრელმან და ყოვლადღირსმან ბერმან, გამოისახა ნიში პატიოსნისა ჯვარისა და განწმედილი სული თვისი უფალსა შევედრა, რომლისადა სურვიელ იყო. და შეერთო ბანაკსა მას წმიდათასა და ღმრთივბრწყინვალედ იხარებს მათ თანა საუკუნოდ. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ღმრთისმოყვარენო, ყოვლითა გულითა და სულითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა, შევიყვაროთ ღმერთი და მცნებათა მისთა აღვასრულებდეთ, რამეთუ თვით ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). და ესე არს მცნება მისი, ძმანო, რათა „ვიყვარებოდეთ ურთიერთას“[1 პეტ. 1,22]. ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული იოანე, სიყვარულისა მახარებელი, ვითარმედ: „ესე მცნება მოვიღეთ მისგან, რათა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაცა თვისი“(1 იო. 4,21). რამეთუ ყოველი სჯული ორთა ამათ მცნებათა დამოკიდებულ არიან, რომელ არს: „სრული სიყვარული ღმრთისა და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვსისა, ვითარცა თავი თვისი“[მთ. 22,37-40]. რამეთუ ამათ მცნებათა მოასწავებდენ წმიდანი წინასწარმეტყველნი, ამათ ჰქადაგებდენ ყოვლადქებულნი მოციქულნი, ამით გვირგვინოსან იქმნნეს ღვაწლისა მძლენი მოწამენი და ამით გამობრწყინდეს ღმერთშემოსილი მამანი და ყოველნი წმიდანი. და უფროსღა სიყვარულითა გამოსჩნდა ღმერთი კაცთა შორის და სიყვარულითავე იქმნების კაცთა ზეცად აღსლვა დიდებად ღმრთისა და დამკვიდრებად ყოველთა წმიდათა შორის. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ თავი და ბეჭედი ყოველთა სათნოებათა – სიყვარული ჭეშმარიტი და ამის მიერ განბრწყინვებულნი ავმაღლდეთ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა წმიდათა თანა ნათლით შემოსილნი, ვხედვიდეთ დიდებასა ღმრთისასა და ვიშვებდეთ საუკუნოდ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.