თხრობა სულიერი ჟჱ [98]. ღმრთის სიყვარულით მცნებათა დამარხვისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყვარ მე“(იო. 14,21).
საყვარელნო, ამით სრულ იქმნების სიყვარული ღმრთისა ჩვენ მიერ, რომელ მცნებანი მისნი ღმრთივშვენიერნი აღვასრულნეთ კეთილად და პატიოსნად, სიბრძნითა და გონიერებითა, ვითარცა იტყვის იაკობ, ძმა უფლისა, ვითარმედ: „ზეგარდამო სიბრძნე პირველად სიწმიდე არს, მშვიდობა, სახიერება, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილთა საქმეთათა“[იაკ. 3,17].
აწ უკუჱ, ძმანო, შევიყვაროთ ღმერთი სიბრძნითა და მცნებათა მისთა აღსრულებითა. ხოლო სამღთო მცნება ესე არს, რათა კეთილითა გონებითა ვმუშაკობდეთ ჴელითა ჩვენითა და ნაშრომთაგან ჩვენთა ნაყოფიერ ვჰყოფდეთ სულსა ჩვენსა, რომელ არს: მიხედვა ქვრივთა და ობოლთა ჭირთა შინა მათთა და შეწევნა ნაკლულევანთა და შეწყნარება გლახაკთა.
რამეთუ იყო ნამდვილვე ესევითარი ვინმე კაცი ღმრთისა: მმარხველი, მლოცველი, ღმრთის სიყვარულითა განათლებული, მცნებათა მისთა მოსურნე და გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე, სახელით ჶილორომოს, ხოლო ჴელოვნებით კეთილი, და სათნო მწერალი, რომელიცა ღმრთის სიყვარულითა აღტრფობილ იყო და სათნოებითა წარმატებულ. და ესევითარი აქუნდა განწესება, რომელ ღამე უმრავლესსა ილოცვიდა და დღე ყოველ სწერდა წმიდათა წერილთა, ხოლო მარადღე სმენითა მათითა განათლებული აქუნდა გონება და საქმითაცა მოსწრაფე იყო აღსრულებად. და რაჲსაცა მოირეწდა ჴელთსაქმრისა მიერ თვისისა, გლახაკთა, უცხოთა, უძლურთა, ქვრივთა და ობოლთა განუყოფდა და თვით ნაკლულევანი იმარხვიდა სასოებითა და ითმენდა ღმრთისა მადლობითა.
ესევითარსა სანატრელსა მოქალაქობასა შინა იქმნა იგი ოთხმეოცის წლისა და არაოდეს განეშორა ჴელითა თვისითა წერასა. და ჟამსა მიცვალებისა მისისასა კითხულ იქმნა სარგებელად სულისა თუ: ესოდენთა წელთა რაჲ სათნოება წარუმართებიეს სანატრელსა მას. ხოლო მან არა დაჰფარა ძმათ სიყვარულისათვის და ჰრქუა: „არა ოდეს დაუტევე კანონი ლოცვისა ჩემისა და არცა გონება ჩემი ღმრთისა ხედვისაგან. და ჴელთსაქმრისა ჩემისა მიერ მივეც ორასორმოცდაათი დრაჰკანი უძლურთა და გლახაკთა“. ხოლო მსმენელნი ჰნატრიდეს სათნოებასა მისსა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ესრეთ განაძლიერა მონა თვისი მცნებათა მისთა აღსრულებად.
იხილეთ, საყვარელნო, გულსმოდგინებით და სურვილით მცნებათა ღმრთისათა აღსრულებითა, თუ რაოდენნი კეთილნი დაიუნჯნა ზეცისა სასუფეველსა, რომელთა ზედა აწ განისვენებს და იხარებს ოქროჲსა უბრწყინვალესითა გვირგვინითა საუკუნოდ.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მსგავსად სამოთხისა ღმრთივშვენიერნი ყუავილნი სათნოებათანი აღმოვაცენოთ და ნაყოფი სულისა ვაჩვენოთ სიმართლისა მზესა, უფალსა ჩვენსა იესოს. და მან სახიერმან და ტკბილმან შეიწიროს საყნოსელად სუნად სუნნელად და განგვიმზადოს გვირგვინი ყუავილოვანი დაუჭნობელი, სამოთხისა უშვენიერესი.
რამეთუ ვითარცა ხილულისა ამის მზისა მცხინვარებისა მოფენითა იქმნებიან ფერად-ფერადნი ჰაერკეთილოვანი ყვავილოვნება ნერგთა სამოთხისათა და კეთილსუნნელნი შროშანნი ველისანი და ნაყოფ დამატკბობელ მგემებელთანი. ეგრეთვე მზისა მის სიმართლისა შარავანდედისა მოფენითა იქმნებიან სულსა შინა ჩვენსა პირად პირადნი ყუავილოვნება სათნოებათა. და მსგავსად საკმეველისა კეთილსუნნელება სამღთოსა მადლისა და სულისა ნაყოფიერება უტკბილეს მანანაჲსა და სათნო მსხვერპლად სულისა წმიდისა.
ჰე, გევედრები, საყვარელნო, ორ ფერჴად მოვიგოთ სიმდაბლე და მორჩილება, ორ ჴელად – სიმართლე და მოწყალება, ორ თუალად – სიწმიდე და სარწმუნოება, ხოლო სულად მაცოცხლებელად – სამღთო სიყვარული და ენად – ლოცვა წმიდა, რომლითა ღაღად ვჰყოთ: „ილი სავაოთ, ადონაჲ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ“.
ხოლო იგი სახიერი მეტყვის: „რაჲსა ღაღადებთ ჩემდა მომართ, უკეთუ შეწყნარებასა ითხოვთ, მე უმჯობესი თქვენთვის წინასწარ განვიგულე და სასუფეველი განგიმზადე, თქვენ შეიწყალეთ მოყვასი თქვენი და შეიწყნარებით სასუფეველსა და მაშვრალნი მცნებისათვის განისვენებთ საუკუნოდ“.
ჵ, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ მცნება მაცხოვრისა და აღვასრულოთ ნება მისი. და აღვსდგეთ აღდგომასა მას მართალთასა და ღრუბლითა აღტაცებულნი, ავმაღლდეთ სასუფეველად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.